სოციალური მედიის ტრენდები 2026
რა უნდა ვიცოდეთ?
Social media trends 2026 – დარწმუნებული ვარ, უკვე ბევრმა დაგუგლეთ და ფიქრობთ გლობალური ტენდენციებიდან რომელი მათგანი გამოჩნდება ჩვენთან და, შესაბამისად, რას უნდა მიჰყვეთ, რომ არ ჩამორჩეთ. რომელ AI ტრენდების გამოყენებას გვირჩევენ? რამე ახალი პლატფორმა ხომ არ გამოჩნდა, რომელზეც წელს უნდა ვიყოთ? სოციალური მედიის ბიუჯეტი უნდა გავზარდოთ? სრულად ვიდეო კონტენტზე გადავიდეთ?.. ბევრი შეკითხვაა.
საქმე ისაა, რომ გლობალური ტრენდები ყოველთვის ვერ განსაზღვრავს ადგილობრივს, შესაბამისად, მხოლოდ საერთაშორისო მედიის რეკომენდაციები ვერ იქნება ჩვენთვის რელევანტური, სწორედ ამიტომ მიმდინარე წლის ტრენდების შესახებ ქართველ ციფრული მარკეტინგის მენეჯერებს ვკითხეთ.
რა მოხდა 2025 წელს?
სანამ 2026 წლის ტრენდებზე გადავალთ, მანამდე მოკლედ მიმოვიხილოთ, რა მოხდა 2025 წელს, რა ტრენდები დასრულდა და რომელი შენარჩუნდება მიმდინარე წელს.
ნატალი ოქროპირიძე, Digital Marketing Officer, Adjarabet
„ბევრი მიმართულებით გარდამტეხი წელი იყო, კარგად გამოიკვეთა, რომელი პლატფორმები ეწევიან მიმდინარე ტრენდებს და ითვალისწინებენ ახალი თაობის ინტერესებს. ყველაზე მნიშვნელოვან სიახლედ AI-ის მასობრივად გავრცელება შეიძლება დავასახელოთ, მართალია მანამდეც არსებობდა, მაგრამ 2025 წელს თითქოს მის შესახებ ყველამ გაიგო, რაშიც დიდი როლი TikTok-ს მიუძღვის, სწორედ ის იყო AI-ის შესახებ იუზერების მთავარი ინფორმატორი.
2025 წელს ძალიან აქტუალური გახდა UGC (user-generated content), თუმცა საქართველოში უფრო მეტად კრეატორების გავლით ქმნიან ბრენდები მსგავს კონტენტს. სოციალური ქსელების მომხმარებლები ძირითადად რამდენიმე კრეატორს უყურებენ, ყველას ჰყავს მინიმუმ ერთი ინფლუენსერი, ვისაც ენდობა. ამ ეტაპზე ბრენდები ცდილობენ ინფლუენსერების გავლით მოიპოვონ ნდობა. თუკი დაიჭერენ სწორ ნიშას, ისე რომ გამოჩნდეს, ამ პროდუქტის გამოყენება კარგი ტონია, მაშინ WOM (word of mouth) ჩაირთვება და პროდუქტი ბუნებრივად გავრცელდება. ესეც ციფრული სამყაროს ერთ-ერთი დამახასიათებელია – ადამიანებს რაღაცები „ექულებათ“, სთორებში დებენ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ყოველდღიურ ცხოვრებაში რთავენ და ა. შ. ქართულ ბაზარზე ეს ქცევა ჯერჯერობით საკმაოდ ქაოსურია, მაგრამ, ვფიქრობ, 2026 წელს უფრო თანმიმდევრული გახდება, UGC – უფრო სანდო და ბრენდებიც სწორად გამოიყენებენ.“
გიგი მახარაძე, Head of Digital Marketing & Growth, ProCredit
„მოკლე ვიდეოს ფორმატი, რომლის ბუმი მსოფლიოში 2020 წლიდანაა, ჩვენთან წელს გახდა განსაკუთრებით პოპულარული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გრძელი ფორმატის ვიდეოები ქრება, ისინი უბრალოდ შესაბამის პლატფორმებზე დარჩებიან, მაგალითად, Youtube-ზე, რომლის ბუმიც არის ახლა. მაგალითად, თუკი ადრე იუთუბი იყო ვიდეოების არქივი, ერთგვარი საწყობი, ახლა იქ ძალიან ძლიერი ქომუნითი ყალიბდება, ეს ბრენდებმაც შეამჩნიეს და სპონსორების რაოდენობაც გაიზარდა.

წელს განსაკუთრებით გამოიკვეთა ისიც, რომ კრეატორებს აღარ უყურებენ, როგორც მხოლოდ ინფლუენსერებს, არამედ აღიქვამენ, როგორც ცალკე არხს, შესაბამისად, უპირატესობას ანიჭებენ ხანგრძლივ და არა ერთჯერად თანამშრომლობას. გარდა ამისა, გამომწერების რაოდენობაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბრენდთან რელევანტურობას და ძლიერ ქომუნითის, რაც სტრატეგიული მიდგომის გაძლიერებაზე მეტყველებს.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც გასულ წელს გამოიკვეთა და წელს კიდევ უფრო გაძლიერდება, სოციალური ქსელების ძიების ფუნქციით გამოყენებაა. თუკი აქამდე მომხმარებლის ქცევა ინფორმაციისა თუ პროდუქტის მოძებნის მიზნით პირდაპირ Google-ს უკავშირდებოდა, ახლა ძიების ფუნქცია სოციალურ ქსელებსა და AI ხელსაწყოებზე განაწილდა.“
2026 წლის ტრენდები
1. მოკლე ფორმატის ვიდეოები დაპრიორიტეტდება და უნიკალურ კონტენტზე მოთხოვნა გაიზრდება
მოკლე ფორმატის ვიდეოები კვლავ აქტუალური რჩება და უფრო მეტადაც გაძლიერდება. ინსტაგრამი და ტიკტოკი, ასევე იუთუბის Shorts ამისთვის საუკეთესო ადგილია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გრძელ ვიდეოებზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ, უბრალოდ სწორად უნდა განვსაზღვროთ პლატფორმები – Youtube იდეალურია გრძელი ვიდეოებისთვის, მათი დაჭრა და სხვა პლატფორმებზე მოკლე ფორმატით გავრცელება აპრობირებული მეთოდია და კვლავ აქტუალური დარჩება. თუმცა, ამის პარალელურად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეულ პლატფორმას შესაბამისი ასაკისა და ინტერესების აუდიტორია ჰყავს.

როგორც ნატალი ოქროპირიძემ გვითხრა, დასაწყისშივე უნდა იყოს განსაზღვრული პლატფორმები და შესაბამისი კონტენტი. მიდგომა „ყველა პლატფორმაზე უნდა ვიყო“ არ ამართლებს და ერთი და იგივე კონტენტი ყველა პლატფორმაზე არ მუშაობს, შესაბამისად, ბრენდები შესაძლოა არჩევანის წინაშე დადგნენ: ან კონკრეტული პლატფორმა აირჩიონ, ან თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად მიუდგნენ:
„ყველა პლატფორმაზე უნიკალური კონტენტი, ერთი მხრივ, ბრენდის იმიჯზე დადებითად მოქმედებს – აჩვენებს, რომ ბევრს შრომობ, სერიოზულად უყურებ სოციალურ ქსელებს და ინდივიდუალური მიდგომა გაქვს. გარდა ამისა, ყველა პლატფორმას სხვადასხვა ალგორითმი აქვს, სწორედ ამ ალგორითმს უნდა მოერგო პირველ რიგში, შემდეგ – აუდიტორიის ინტერესებს და სტრუქტურირებულად იცოდე, რა როგორ განათავსო. ინდივიდუალური მიდგომა გულისხმობს როგორც განთავსების დროს, ისე ქოფის, ემოჯებს და სხვ.“
2. UGC კონტენტი დაიხვეწება და უფრო სანდო გახდება
რადგან საქართველოში WOM კარგად მუშაობს და ქცევა მარტივად ხდება გადამდები, UGC კონტენტის გაძლიერება ბრენდებისთვის წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. მოსალოდნელია, რომ საქართველოში UGC კონტენტის ძირითადი ნაწილი მაინც ინფლუენსერებზე მოვა, თუმცა ბრენდის სწორი სტრატეგიით შესაძლებელი იქნება რიგითი მომხმარებლების დაინტერესებაც. როგორც ბოლოს გიყვებოდით, მარკეტერების დიდი ნაწილი წელს სწორედ ბრენდის გაძლიერებას ისახავს მიზნად, UGC კონტენტის წილის ზრდაში ძლიერი ბრენდი გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
UGC კონტენტის გაძლიერების მიზნით მოსალოდნელია, რომ ბრენდები მიკრო ინფლუენსერებით იმაზე მეტად დაინტერესდებიან, ვიდრე აქამდე. 2025 წელს ამისთვის კარგი საფუძველი მომზადდა, როცა რამდენიმე ბრენდმა კრეატორების კონკურსი ჩაატარა და პირდაპირ თუ ირიბად ბევრ დამწყებ კრეატორთან ითანამშრომლა. ასე რომ, 2026 წელს მიკრო ინფლუენსერების რესურსი შესაძლებელი იქნება საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენონ ბრენდებმა.
3. AI-ის სტრატეგიული გამოყენება გაძლიერდება
AI-ის აქტუალობა კიდევ უფრო გაიზრდება, ოღონდ არა ისე ქაოსურად, როგორც გასულ წელს, რომელიც ძირითადად უფრო მეტად ტესტირების პერიოდი იყო, ვიდრე რეალური შედეგებისა. ასე რომ, 2026 წელი განსაკუთრებით წარმატებული იქნება ბრენდებისთვის, რომლებმაც AI-ის ფეხი აუწყვეს და მისი სწორად გამოყენება ისწავლეს.
თუკი გასულ წელს AI-ის უბრალოდ გამოყენება უკვე რაღაცას ნიშნავდა, 2026 წელს მისი სტრატეგიული გამოყენება გადამწყვეტია. ამიტომ კომპანიებმა უნდა განსაზღვრონ, რა მიზნით იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს. გიგი მახარაძის თქმით, AI კონტენტის წილი უფრო გაიზრდება, ასევე AI-ის დამხმარებით ბაზების დამუშავება და სხვა ოპერაციული სისტემების მენეჯმენტი გამარტივდება, რაც მარკეტერებს საშუალებას მისცემთ, სტრატეგიაზე მუშაობას მეტი დრო დაუთმონ.
რა მოხდება AI კრეატორების შემთხვევაში?
გასულ წელს ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებული კრეატორის მონაწილეობით ძალიან ბევრი ვიდეო ვნახეთ. ბრენდები მათ ფინანსური რესურსის დაზოგვისა და ინოვაციების დანერგვის მოტივით რეალური ადამიანების ნაცვლად იყენებდნენ, ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას სკანდალიც მოჰყვა. ქართულ ენაზე გენერირებული AI ვიდეოები ჯერჯერობით მარტივი გასარჩევია ნამდვილისგან, მომხმარებლები კი უფრო მეტად აფასებენ ავთენტურობას, ასე რომ AI კონტენტი UGC კონტენტს ვერ „აჯობებს“, თუმცა ბრენდებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ბევრად უფრო ჭკვიანურად, ფონური სამუშაოსთვის შეუძლიათ, როგორიცაა კვლევა, მონტაჟი, გრაფიკა და სხვ.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შესაძლოა 2026 წელს საქართველოში ბევრმა კრეატორმა (და არამხოლოდ) გამოიყენოს, Digital Twins ტექნოლოგიაა, იგი თქვენს ციფრულ კლონს შექმნის, რომელიც სასურველ ტექსტს თქვენივე ჟესტ-მიმიკის გამოყენებით იტყვის. მსგავს ტექნოლოგიებში მთავარი გამოწვევად კვლავ ქართული ენა რჩება, თუმცა მაინც საგრძნობლად უმჯობესდება და წელს შესაძლოა ისე დაიხვეწოს, რეალურისგან გარჩევა შეუძლებელიც კი გახდეს.
4. სოციალური ქსელები და AI პლატფორმები ძლიერ საძიებო სისტემებად იქცევა
ინტერნეტში ძიების ტენდენციები მნიშვნელოვნად იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ Google კვლავ დომინანტია, სოციალური ქსელები და AI პლატფორმები ნელ-ნელა უახლოვდებიან ტრადიციულ საძიებო სისტემებს.
მსოფლიო მასშტაბით Google ტრადიციული საძიებო სისტემების ბაზარზე ლიდერია, 18-24 წლის ახალგაზრდების თითქმის ნახევარი ძიებისთვის TikTok-სა და Instagram-ს იყენებს. მზარდია ChatGPT-ისა და სხვა AI პლატფორმების წილი. საქართველოშიც თითქმის ისეთივე მდგომარეობაა, გუგლის მეტი უპირატესობით (StatCounter Global Stats).
როგორც გიგი მახარაძე ამბობს, საძიებო სისტემაში მიმდინარე ცვლილებები ნიშანია ბრენდებისთვის, რომ SEO (Search Engine Optimization)-ის ნაწილში AEO (Answer Engine Optimization) გააძლიერონ, რათა AI პლატფორმებისთვის (შესაბამისად, მომხმარებლებისთვის) მარტივად მისაწვდომი გახდნენ. ამისათვის საჭიროა ბევრ ადგილას გამოჩენა და სწორი სიტყვებით წერა, მოსალოდნელ შეკითხვებზე მზა პასუხების გამზადება, რასაც ლოგიკურად მივყავართ შემდეგ ტრენდამდე.
5. სთორითელინგის მნიშვნელობა გაიზრდება
ვიდეოკონტენტი ბეჭდურ ტექსტზე დომინირებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სთორითელინგი მნიშვნელობას კარგავს, პირიქით – 2026 წელს კარგი თხრობა არამხოლოდ სასურველი იქნება, არამედ აუცილებელიც.
რაც უფრო იზრდება AI გენერირებული კონტენტის წილი, უფრო მეტად ფასდება რეალური, ავთენტური კონტენტი – პირადი გამოცდილების, რეალური ემოციების გაზიარება რეალური ადამიანებისგან. მით უმეტეს მაშინ, როცა მაყურებლის ყურადღების მოსაპოვებლად სულ რამდენიმე წამი გაქვს და ასევე მცირე დრო მისი ყურადღების შესანარჩუნებლად. უფრო მეტიც, მოკლე ვიდეოფორმატების ალგორითმები 2026 წელს პრიორიტეტს ანიჭებენ ნახვის ხანგრძლივობას (Retention Rate-ს). ასე რომ, რაც უფრო ეფექტური იქნება სთორითელინგი, შესაბამისად, რაც უფრო დიდი ხნით შეინარჩუნებთ მაყურებელს, მით უფრო წარმატებული იქნება თქვენი კონტენტი.
რომელი პლატფორმები იქნება პოპულარული 2026 წელს?
საქართველოში ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელად Facebook რჩება, მას მოჰყვება YouTube, Instagram, TikTok და LinkedIn.
Facebook აღარ არის მხოლოდ სოციალური ქსელი, ჩვენს ქვეყანაში ის მთავარ საინფორმაციო არხად იქცა, რაც, ერთი მხრივ, განაპირობებს მის მასშტაბს, მეორე მხრივ, ნაკლებად მიმზიდველად აქცევს ბიზნესისა და კრეატორებისთვის. მართლაც, რთულია გასართობი, თუნდაც შემეცნებითი, კონტენტის განთავსება პლატფორმაზე, სადაც ყოველი მეორე პოსტი სერიოზულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხს ეხება. გარდა ამისა, ბოლო დროს ალგორითმი გაჩვენებს არა მხოლოდ შენი მეგობრებისა და გამოწერილი გვერდების კონტენტს, არამედ შემთხვევით პოსტებს, რომლებსაც დიდი გამოხმაურება აქვს, რაც შეიძლება სრულიად უინტერესო იყოს მომხმარებლისთვის (იგივე ინსტაგრამზეც შეიძლება მოხდეს, მაგრამ უფრო ნაკლები დოზით).
Instagram განსაკუთრებით პოპულარულია 18-34 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ის ძირითადი პლატფორმაა ინფლუენსერ-მარკეტინგისა და ვიზუალური ბრენდინგისთვის. აღსანიშნავია, რომ Reels-ის ფუნქციის გააქტიურების შემდეგ, Instagram-ზე გატარებული დრო საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რითაც TikTok-ს სერიოზულ კონკურენციას უწევს. როგორც ნატალი ოქროპირიძე ამბობს, ტიკტოკი და ინსტაგრამი ძალიან დაემსგავსა ერთმანეთს:
„დაკვირვების გარეშეც ადვილი შესამჩნევია, რა კონტენტიცაა ტიკტოკზე, იგივე გხვდება ინსტაგრამზე. აქედან გამომდინარე, მომხმარებლის ნაწილმა ტიკტოკი საერთოდ წაშალა და ინსტაგრამი დაიტოვა, რადგან აქ ვიდეოკონტენტის გარდა სხვა ბენეფიტებიც დახვდა. სხვათა შორის, ეს უფრო მილენიალების ქცევაა, რადგან ბევრი მილენიალისთვის ტიკტოკი არაა სასურველი პლატფორმა. თუმცა ვირუსული გავრცელებისა და სწრაფი აღმოჩენებისათვის საუკეთესო პლატფორმად TikTok რჩება.“
TikTok საქართველოში ყველაზე მზარდი პლატფორმაა, განსაკუთრებით პოპულარულია Gen Z-ისთვის, რადგან მის ინტერესებს იდეალურად ერგება, აქ ყველაფერია, რაც უნდა: მოკლე ვიდეო ფორმატი, ინფორმაციის სწრაფი მიწოდება, ძიების სიმარტივე, კრეატორები, რომლებიც ხშირად Role Model-ებად იქცევიან, ტექნიკურად ერთ-ერთი საუკეთესო ალგორითმი და სხვ. TikTok და Instagram რომ შევადაროთ ერთმანეთს, თუ TikTok-ზე გართობა და ვირუსული გავრცელების შესაძლებლობაა, Instagram არის ადგილი, სადაც ბრენდები და კრეატორები საკუთარ ბრენდსა და ქომუნითის აშენებენ. ასე რომ, თუკი ამ ორ პლატფორმას შორის გიწევთ არჩევანის გაკეთება, თქვენი პრიორიტეტების მიხედვით უნდა აირჩიოთ.
YouTube-ის მნიშვნელობის ზრდაზე ახლო წარსულში გიყვებოდით. პლატფორმა მზარდია და უკვე საქართველოშიც შეიძლება ვთქვათ, YouTube – ეს არის ახალი ტელევიზია. აქვე, მნიშვნელოვანი დეტალი: YouTube-ს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი „გატარებული დროის“ მაჩვენებელი აქვს. დღეს იუთუბზე იმაზე მეტი აქტიური არხია, ვიდრე ოდესმე, ამიტომ კონკურენციაც საკმაოდ დიდია. ჯერ მხოლოდ პოდკასტი რამდენია? თუმცა ამ თემაზე მომავალში მოგიყვებით.
რამდენიმე თვის წინ გიყვებოდით, რატომ არის LinkedIn საქართველოში ნაკლებად პოპულარული. თუმცა 2025 წლის მეორე ნახევარში ქართულ ლინკდინზე აუდიტორიის ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა, იუთუბერებიც კი გამოჩნდნენ და ტექსტური კონტენტის შექმნა დაიწყეს. მოულოდნელი ზრდა ქაოსს იწვევს ხოლმე და ლინკდინის შემთხვევაშიც ასეა. დიდი ალბათობით, ქაოსური მდგომარეობა 2026 წელსაც გაგრძელდება, თუმცა დროთა განმავლობაში აუცილებლად მოწესრიგდება. ასე რომ, ბრენდებს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ლინკდინზე შემოსვლაზე დაფიქრდეთ.
ასე რომ,
2026 წელს მეტი ავთენტურობა, AI სტრატეგიული მიდგომა და სწრაფი ადაპტაციის უნარი იქნება გადამწყვეტი. წარმატებები ციფრულ მარკეტერებს ტრენდების დაწევასა და განხორციელებაში!