თოფურია „ჯიუტად“, ალტას AI სკანდალი და „შავი პარასკევი“ გაზეთებში
ნოემბრის ფოკუსი
ნოემბერი მარკეტინგული სამყაროსთვის „შავ პარასკევთან“ ასოცირდება, შესაბამისად, თვის პირველი ნახევარი კამპანიის მზადებას ეთმობა ხოლმე, მეორე კი - უშუალოდ კამპანიას. ამის მიუხედავად, „შავი პარასკევის“ ათასობით შეთავაზებაში სხვა ამბებიც გამოჩნდა და აი, ნოემბრის ფოკუსს წარმოგიდგენთ.
თიბისი x ილია თოფურია – „მე ყოველთვის მოსაგებად მოვდივარ“

ოქტომბერში გავიგეთ, რომ UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია თიბისის ამბასადორი გახდა. აი, უკვე ნოემბერში კი კამპანია აქტიურ ფაზაში გადავიდა და ვიდეორგოლიც ვიხილეთ – „მე ყოველთვის მოსაგებად მოვდივარ“, „ჯიუტად, მთავარია გჯეროდეს.“ ასევე აუცილებლად შეგხდებოდათ პოსტერები და ბანერები ქუჩებში.
„ჯიუტად“ იმ კამპანიის გაგრძელება, რომელიც თიბისიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წარმოგვიდგინა – „ეს საქართველოა – ყველაზე ჯიუტი ადამიანების ქვეყანა“. მაშინ ვწერდით, რომ თიბისის ვიდეორგოლში ამ სიტყვამ თავის თავში ბრძოლისუნარიანობა, არდანებება, ასევე, სიამაყისა და ღირსების ცნებები გააერთიანა.
და ვინ იქნებოდა სიჯიუტის და არდანებების საუკეთესო მაგალითი, თუ არა UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი, რომელიც თავისი ისტორიით ამტკიცებს, რომ შეუძლებელი არაფერია, როცა გჯერა და ჯიუტად მიიწევ მიზნისკენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ახლო წარსულში გიყვებოდით თიბისისა და საქართველოს ბანკის ბრენდ პლატფორმების შესახებ. „ჯიუტად“, რომელიც „მთავარია გჯეროდეს“ ერთგვარ შემავსებელ ნაწილად იქცა გარკვეულწილად საქართველოს ბანკის „ჟინს“ უდგას პირისპირ. ასე რომ, კონკურენტული ომი გრძელდება და ვნახოთ, სიჯიუტე უფრო ძლიერი აღმოჩნდება თუ ჟინი.
ალტა VS სალომე კალანდაძე – AI-ის სკანდალი

სალომე კალანდაძე, რომელიც ცნობილი კონტენტ კრეატორია, მიმდინარე წლის დასაწყისში ალტასთვის ქმნიდა ვიდეოებს კომპანიის ფეიჯზე განსათავსებლად. კონტრაქტის დარღვევის გამო სალომემ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ისტორიის სრულად მოსასმენად შეგიძლიათ მისი ვიდეო ნახოთ ტიკტოკზე.
თანამშრომლობის გაწყვეტიდან მალევე ალტას სოციალური ქსელების გვერდებზე AI გოგო – ანო – გამოჩნდა, რომელიც, მარტივი შესამჩნევია, რომ საკმაოდ ჰგავს სალომეს. მან და მისმა მეგობრებმა მსგავსება მალევე შეამჩნიეს. თავად სალომე თავდაპირველად მხოლოდ კომენტარებითა და საკუთარ პროფილზე სთორებით გამოეხმაურა მსგავსებას.
ბოლო შემთხვევა 20 ნოემბერს მოხდა, როდესაც მორიგი AI გენერირებული ვიდეო დაიდო, სალომემ და მისმა მეგობრებმა თუ გამომწერებმა კომენტარების დაწერა დაიწყეს, თუმცა კომპანია სალომეს კომენტარებს მალევე შლიდა, რისი დამადასტურებელი სქრინებიც არსებობს.
ამის შემდეგ სალომემ ვიდეო ჩაწერა, სადაც მთლიან ამბავს ჰყვებოდა. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მხოლოდ ტიკტოკზე უკვე 822 ათასზე მეტი ნახვა და 500-მდე კომენტარი აქვს.
ალტას პასუხი
ალტას ორი გზა ჰქონდა: ან დუმილი, ან განცხადება. მათ მეორე აირჩიეს. განცხადებაშიც ორი გზა იყო: ან თავდაცვა, ან თავდასხმა. ფაქტობრივად, ორივე გადაწყდა და მათ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნეს. კომპანიამ სალომეს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარი უწოდა და აღნიშნა, რომ „AI კონტენტ კრეატორი „ანო“ შექმნილია პარტნიორი სააგენტოს მიერ“, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ „მოდელის შექმნის პროცესში არ გამოყენებულა არცერთი კონკრეტული პირის ფოტო, სახე, ხმა ან სხვა ბიომეტრიული მონაცემი.“
აღსანიშნავია, რომ მანამდე ვიდეო გაავრცელეს იმავე სააგენტოს წარმომადგენლებმა, სადაც ამბობდნენ, რომ კონკრეტული ადამიანის ვიზუალური მონაცემები გამოყენებული არ ჰქონდათ. განცხადების ბოლოს ალტა იმასაც წერდა, რომ ბრალდებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვებოდა.
მე ამ ამბავმა თავისი მასშტაბით PSP x Mizon დრამა გამახსენა, როდესაც კომპანია კორეაში მიზონის ახალი პროდუქტების პრეზენტაციაზე ინფლუენსერების წაყვანის გამო გააკრიტიკეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაშინ PSP-ის განცხადება არ გაუვრცელებია (მხოლოდ ინფლუენსერების ნაწილმა ისაუბრა ამ თემაზე), რაც, როგორც აღმოჩნდა, მათი მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო.
ალტას შემთხვევაში რა მოხდა?
ალტამ ბიზნესებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ – შავი პარასკევის კამპანიის – პერიოდში გამოაქვეყნა განცხადება, რომელმაც
1. ამბის შესახებ მათაც გააგებინა, ვინც მანამდე ამ თემაზე არაფერი იცოდა და
2. ბრალდების სრულად უარყოფამ შესაბამისი დასაბუთების გარეშე მომხმარებლების გაღიზიანება გამოიწვია. სხვათა შორის, არ ვიცი, ასე იყო დაგეგმილი თუ ამ ამბავმა გამოიწვია, მაგრამ ალტას ბოლო ვიდეოში AI-ის მოდელის ნაცვლად ნამდვილი ადამიანი საუბრობს.
მე ამ თემამ სამ მნიშვნელოვან რამეზე დამაფიქრა:
1. მართლა ჩაანაცვლებს თუ არა AI კონტენტ კრეატორებს და რა შედეგები მოჰყვება ამას როგორც სამუშაო ბაზრისთვის, ისე მარკეტინგისთვის ხარისხისა და შემოქმედებითობის თვალსაზრისით;
2. როგორ იქცევა კომპანია კრიზისის დროს და როგორ ებრძვის მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას, რომელიც ბრენდის იმიჯს აზიანებს;
3. როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ AI-ის ეპოქაში, როდესაც ჩვენი სახისა თუ სხეულის გამოყენება ციფრულ სამყაროში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია როგორც პერსონალური, ისე კომერციული მიზნებისთვის.
AI მარკეტინგში – ეთიკური და სამართლებრივი საზღვრები – ამ თემაზე მომავალში ვისაუბრებთ.
„შავი პარასკევი“ გაზეთებში – ტრენდი თუ მიბაძვა?

თუკი „შავი პარასკევის“ კამპანიებში თქვენც ძალიან ბევრი ერთნაირი სტილი – კერძოდ, გაზეთები – შეამჩნიეთ, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. დიახ, ეს ფრაზა მარკეტინგ განსაკუთრებულად უხდება.
„შავი პარასკევი“ – ნოემბრის ბოლო პარასკევი – ბიზნესებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი დღეა. ბოლო წლებში ის ზოგ ბრენდთან მთელი კვირა გრძელდება, ზოგთან – კვირის ჩათვლით, ზოგთან კი მხოლოდ პარასკევს. წლევანდელი „შავი პარასკევის“ ირგვლივ ყველაზე დასამახსოვრებელი სწორედ კამპანიების მსგავსება აღმოჩნდა. სოციალურ ქსელებში გაჩნდა კითხვები: რატომ არის ყველგან გაზეთები? უბრალოდ დამთხვევა თუ ერთნაირი AI დახმარება?
შეკითხვას მარტივი პასუხი აქვს – უბრალოდ ტრენდი.
„Newspaper aesthetic“ რეკლამის სფეროში 2022 წლიდან გააქტიურდა და დღემდე მნიშვნელოვან ტენდენციად რჩება. გაზეთების სტილს იყენებენ როგორც ახალი ბრენდის გაშვების, ისე სეზონური მარკეტინგის დროს, როგორც ახალი, ყველაზე ცხელი ამბის გავრცელების საშუალებას. ასე რომ, თუკი PSP-ს, ავერსისა და ისი პარის კამპანიებში გაზეთების დანახვამ მიმბაძველობაზე დაგაფიქრათ, არა, უბრალოდ ტრენდი.
თუმცა ტრენდსაც ხომ კარგად შეფუთვა სჭირდება. მაგალითად, გამორჩეული იყო foxy-eleniko-ს (ელენე რუხაძემ) PSP-ისთვის შექმნილი ვიდეო ვეს ანდერსონის ესთეტიკის სტილში (ფილმიდან The French Dispatch). ასე რომ, ნებისმიერი ტრენდი შეიძლება გახადო ან მოსაწყენი, ან გამორჩეული – მთავარია, როგორ მოირგებ და შეფუთავ.
შევაჯამოთ ნოემბერი:
რადგან ნოემბრის მთავარი ამბავი ყოველთვის „შავი პარასკევია“ და ასევე წინ საახალწლო ციებ-ცხელებაა, მარკეტერების ყურადღებაც ამ ორი მიმართულებითაა. ნოემბრისთვის შერჩეული თემები სამ შეკითხვას მიტოვებს:
1. ვინ იქნება თიბისის შემდეგი ამბასადორი და/ან როგორ განვითარდება სიჯიუტე ბრენდის კომუნიკაციაში;
2. ალტას შემთხვევა სოციალურ ქსელშივე დასრულდა თუ სამართლებრივი გაგრძელება მოჰყვება;
3. სად იყო წელს ნამდვილი „შავი პარასკევი“?
თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ მესამე შეკითხვაზე მიპასუხოთ. მე კი დეკემბრისთვის წლის შეჯამებაზე დავიწყებ მუშაობას.
ვიზუალებში გამოყენებული ფოტო მასალა ეკუთვნის დასახელებულ ბრენდებს და წარმოადგენს მათ ინტელექტუალურ საკუთრებას.