რა ვიცით ლინკდინის შესახებ საქართველოში?
LinkedIn ქართულად
მიმდინარე წლის გაზაფხულზე Favikon-ზე (AI-ზე დაფუძნებული ინფლუენსერ მარკეტინგის პლატფორმა) პირველად გამოქვეყნდა ქართველი ლინკდინ ინფლუენსერების 20-ეული. ქართული ლინკდინის მომხმარებელთა უმეტესობამ სწორედ მაშინ გაიგო ამ პლატფორმის არსებობის შესახებ და შეკითხვები გაჩნდა: როგორ მოხვდნენ ეს ადამიანები რეიტინგში? საერთოდ რას ნიშნავს ეს?
მაგრამ მთავარი სხვა რამეა: პლატფორმის მიერ გამოცხადებულმა სიამ აჩვენა, რომ საქართველოში ლინკდინი ისეთივე სოციალური ქსელია, როგორიც ფეისბუქი, ტიკტოკი თუ ინსტაგრამი. აქაც არსებობენ opinion leader-ები და ინფლუენსერები, უბრალოდ აქ პროცესები გაცილებით ნელა მიდის.
რატომ? რა აკლია ლინკდინს სრულფასოვანი სოციალური ქსელობისთვის, რომელიც ერთდროულად საინტერესო იქნება როგორც კრეატორების, ისე ბრენდებისთვის? განვითარების რა ეტაპზეა ახლა ქართული ლინკდინი და ღირს თუ არა აქ დროისა და ფინანსების დახარჯვა? – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს იქნება ჩვენი სტატიის ფოკუსი.
რა ვიცით ლინკდინის შესახებ?
ლინკდინი 2003 წლიდან არსებობს, 2024 წლის მონაცემებით მისი წევრების რაოდენობა 1 მილიარდს აჭარბებს.
ლინკდინი თავდაპირველად იყო ერთგვარი პროფესიული ქსელი, რომელიც ადამიანებს რეზიუმეს ონლაინ ფორმატით განთავსების, საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და ახალი კარიერული შესაძლებლობების პოვნის საშუალებას აძლევდა. თუმცა დღეს ლინკდინი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ციფრული CV ან/და დასაქმების პლატფორმა.
მას მსოფლიო მასშტაბით ყველაზე წარმატებული სტატისტიკა აქვს ლიდების გენერირების თვალსაზრისით, ამიტომ საუკეთესო პლატფორმაა B2B მარკეტერებისთვის.
ყოველწლიურად იზრდება ლინკდინის მომხმარებელთა ჩართულობა. Buffer-ის კვლევის მიხედვით, 2024 წლის იანვრის მონაცემებით, LinkedIn-ის ჩართულობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია სხვა პლატფორმებთან (Facebook, Tiktok, Youtube, Threads, Pinterest, Twitter, Instagram) შედარებით და 6.5%-ს შეადგენდა, ხოლო 2025 წლის იანვრისთვის 8.01%-მდე გაიზარდა.
მაღალი ჩართულობის მიზეზი, ერთი მხრივ, კონტენტის ნაკლები კონკურენციაა (პლატფორმის მომხმარებელთა მხოლოდ 1% აქვეყნებს პოსტებს რეგულარულად), რაც მაღალ ხილვადობას იწვევს, მეორე მხრივ კი თავად ლინკდინის ალგორითმი, რომელიც თავდაპირველი ჩართულობის მიხედვით ზრდის პოსტის ცნობადობასაც.
მაგრამ:
რა ხდება „ქართულ ლინკდინზე“?
Worldpopulationreview-ს მიხედვით, მიმდინარე წლის მონაცემებით, საქართველოში 772 ათასი ლინკდინიუზერია (მოსახლეობის დაახლ. 20%), რომელთა ნახევარზე მეტი 25-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაშია. სხვა სოცქსელებთან შედარებით (Facebook – 3.7 მლნ, Tiktok – 2.3 მლნ, Instagram – 1.8 მლნ) ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ვეცადეთ აქტიურ მომხმარებლებთან ერთად დავფიქრებულიყავით, რატომ არ არის ლინკდინი მიმზიდველი პლატფორმა სხვა სოცქსელებთან შედარებით (როგორც მომხმარებლების, ისე ბრენდებისთვის).
რატომ არ ვაქცევთ საკმარის ყურადღებას ლინკდინს?
როდესაც ბრენდებს კონტენტის არხებისა და ინფლუენსერების შესახებ ვეკითხებოდი, ერთ-ერთმა მარკეტერმა მითხრა: „ლინკდინი მაგონებს ფრიადოსანი მოსწავლის ოთახს, სადაც კედლებზე მხოლოდ სერტიფიკატები და დიპლომებია.“
ამიტომ, ერთ-ერთი პირველი შეკითხვა, რომელიც ჩემს რესპონდენტებს დავუსვი, ეს იყო:
ლინკდინი ყალბია?
სალომე სულაბერიძე, Career Mentor, 26.5K
LinkedIn ყალბია იმდენად, რამდენადაც ჩვენ თვითონ ვქმნით ასეთ სივრცეს. თუ ადამიანები მხოლოდ მიღწევებს აჩვენებენ და სირთულეებზე არ საუბრობენ,ის სივრცე ბუნებრივად კარგავს რეალურობას. მე ვხედავ, რომ LinkedIn აუდიტორია ძალიან სწრაფად ცნობს, ვინ არის ნამდვილი და ვინ არა. რეალობის ჩვენება არ არის სისუსტე. პირიქით, ის ქმნის სწორედ ნდობას.
3-4 წლის წინ LinkedIn უფრო Digital CV-ის ვერსია იყო – ფორმალური, „კორპორაციული“ და მშრალი. დღეს ის უკვე ცოცხალი მედიაა, სადაც ადამიანები აზრს, გამოცდილებას და ემოციას უზიარებენ ერთმანეთს.“
ბექა ეჯიბიშვილი, HR Professional, 33.5K
„დაახლოებით 4-5 წლის წინ, როცა ლინკდინზე აქტიურად შემოვედი, ყველა ერთმანეთს ესიყვარულებოდა, აქებდა და ადიდებდა. მე თავიდანვე ხისტი პოსტებით შემოვედი, იმ პრობლემებზე დავიწყე ლაპარაკი, რაზეც უმეტესობა თვალს ხუჭავდა. ამის გამო ხშირად მაკრიტიკებდნენ კიდეც და მომიწოდებდნენ, მეტი კოლეგიალურობა გამომეჩინა. რა თქმა უნდა, ისეთი სტერილური გარემო აღარ არის, მაგრამ დღემდე გვიწევს რაღაცების მტკიცება, თუნდაც იმის, რომ გარკვეულ თემებზე ლინკდინზე თამამად ლაპარაკი აუცილებელია. ამის პარალელურად, ვფიქრობ აუცილებელია შინაარსობრივი თუ ფორმობრივი ჩარჩოები, რათა ლინკდინმა თავისი სტილი შეინარჩუნოს და რაც მთავარია, ხარისხიანი, ღირებული კონტენტი შეიქმნას.“
მარი გაიხარაშვილი, Digital Marketer, 17.5K
„პირველად 5 წლის წინ გამოვჩნდი პლატფორმაზე და დღემდე უსიამოვნოდ მახსენდება ის სიცივე, სიმკაცრე და „დაყენებული თავაზიანობა“, რაც აქ დამხვდა. ჩემი აზრით, გარკვეულმა ადამიანებმა ნელ-ნელა გავხადეთ იგი გაცილებით ადამიანური, ბევრად უფრო აზრიანი და იმედისმომცემი. დღე ლინკდინი აღარ არის მხოლოდ ადგილი, სადაც ადრე HR-ები კანდიდატებს ეძებდნენ და კანდიდატები – სამსახურს. ახლა მარკეტერები იკრებენ აუდიტორიას, მეწარმეები ყიდიან იდეებს, კონსულტანტები იზიდავენ კლიენტებს, ფრილანსერები საკუთარ შესაძლებლობებს აქცევენ შემოსავლის წყაროდ.“
ტენდენცია, რომელზეც ქართველი ლინკდინელები საუბრობენ, მხოლოდ საქართველოში არ არის გავრცელებული. ერთ-ერთი გლობალური პლატფორმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ წერდა, რომ მომხმარებლების ნაწილი ლინკდინს მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებებისთვის „არაავთენტურ ადგილად მიიჩნევდა“. თუმცა ტენდენცია ნელ-ნელა იცვლება და მხოლოდ 2022 წელს ორიგინალური კონტენტის გაზიარება 41%-ით გაიზარდა, ტრაექტორია მზარდია. ასე რომ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ლინკდინ ქომუნითი ფაქტობრივად მიჰყვება საერთაშორისო ქომუნითის ტენდენციებს.
თუკი ასეა, მაშინ მაინც...
რატომ არის ლინკდინი საქართველოში ნაკლებად პოპულარული?
Geostat-ის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლ. 47%-ია დასაქმებული. ამის გათვალისწინებით, ის ფაქტი, რომ მთლიანი მოსახლეობის დაახლ. 21% არის რეგისტრირებული ლინკდინზე, არც ისე ცუდი მაჩვენებელია, მაგრამ მაშინ მაინც რატომ ჩანს ქართული ლინკდინი პატარა?
ამ შეკითხვას მივყავართ ერთ-ერთ მთავარ აზრამდე: საკმარისი არ არის პროფილის შექმნა, საჭიროა მისი მართვა და ადეკვატური კონტენტის შექმნა.
სალომე სულაბერიძე, Career Mentor, 26.5K
„LinkedIn აღარ არის მხოლოდ დასაქმების პლატფორმა. დღეს ის არის B2B ქსელი, მედია და პერსონალური ბრენდის სივრცე ერთდროულად. ბევრი ვერ ხედავს მის ახალ ფორმატს, რადგან ჯერ კიდევ „დასაქმების საიტის“ ჩარჩოში უყურებენ. ვერ აცნობიერებენ, რადგან არ იყენებენ აქტიურად ამ პლატფორმას, არ აკვირდებიან ტენდენციების ცვლილებებს. საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 21%-ია დარეგისტრირებული ლინკდინზე და აქედან, ჩემი დაკვირვებით, 1%-ც კი ვერ იყენებს სათანადოდ.“
ბექა ეჯიბიშვილი, HR Professional, 33.5K
ბევრმა ადამიანმა ამ პლატფორმის შესაძლებლობების შესახებ ჯერ კიდევ არ იცის. მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა ხშირად და ბევრი ვილაპარაკოთ, რა სარგებლის გაცემა და მიღება შეუძლიათ ლინკდინზე. შედეგად, ნელ-ნელა ჩამოყალიბდება და განვითარდება ლინკდინის ეკოსისტემა.“
ვინ აქტიურობს ლინკდინზე?
შესამჩნევია, რომ ლინკდინზე მეტი ინდუსტრია და უფრო მრავალფეროვანი კონტენტი ჩნდება. მაგალითად, თუნდაც ორი წლის წინ ვინ წარმოიდგენდა ფიტნეს რჩევებს ან კოქტეილების შესახებ ინფორმაციას ლინკდინზე?
მოიგებს ის, ვინც თავის ნიშას პირველი დაიკავებს. ამის მიხედვით გამოიკვეთნენ ლინკდინ ინფლუენსერებიც – ადამიანები, რომელთა პოსტებს ყოველდღიურად ვეცნობით და ვენდობით. რესპონდენტებთან ერთად ვცადე ჩამომეყალიბებინა ის კრიტერიუმები, რომლებიც ლინკდინზე ინფლუენსერობას განსაზღვრავს. ასე რომ:
ვინ არის ლინკდინ ინფლუენსერი?
როდესაც Favikon-ის ინფლუენსერების სია გამოქვეყნდა, ბევრი დაიბნა, რადგან სიაში მოხვდნენ როგორც ბევრ, ასევე ცოტაგამომწერიანი მომხმარებლები. საქმე ისაა, რომ გამომწერების რაოდენობას რეალურ გავლენასთან ნაკლები კავშირი აქვს. მთავარია:
- ექსპერტიზა: შენს სფეროში გაქვს სიღრმისეული ცოდნა და სტაბილურად აზიარებ ღირებულ ინფორმაციას;
- აუდიტორიის ჩართულობა: შენი პოსტებით არამხოლოდ ინფორმაციას ავრცელებ, არამედ აზრს, რომელიც იწვევს დისკუსიას, აზრების გაცვლა-გამოცვლას. პარალელურად აზიარებენ შენს დაწერილს, გნიშნავენ სხვა ადამიანების პოსტებზე და ელოდებიან შენს მოსაზრებას;
- სანდოობა: აზრს გეკითხებიან და გენდობიან არამხოლოდ დამწყები, არამედ შენი ინდუსტრიის წარმომადგენლები;
- კონტენტის შინაარსი: ქმნი კონტენტს, რომელიც არამხოლოდ ასწავლის, არამედ შთააგონებს, დააფიქრებს, ზოგჯერ გააცინებს აუდიტორიას.
რატომ არ „ხმაურობენ“ ქართული ბრენდები ლინკდინზე?
ბრენდებისთვის სხვადასხვა პლატფორმაზე აქტიურობა დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსის გამოყოფას ნიშნავს. სხვა პლატფორმებზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ბიზნესები თავიდან უფრთხიან, თავს არიდებენ ახალ პოპულარულ პლატფორმას, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ხვდებიან, რომ სხვა გზა უბრალოდ აღარ დარჩა. სწორედ ახლო წარსულში იუთუბერებთან ერთად გიყვებოდით, რატომ დააგვიანდათ ქართულ კომპანიებს იუთუბში შესვლა.
კიდევ უფრო მანამდე ტიკტოკმა ჩაგვიტარა კარგი გაკვეთილი – კომპანიების უმეტესობა არასერიოზულად აღიქვამდა; ფიქრობდა, რომ ეს იყო მხოლოდ გასართობი პლატფორმა, რომელიც ბრენდის იმიჯს არ შეესაბამებოდა, მეტიც – აზიანებდა, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტი ბრენდი ცდილობს ავთენტური, პლატფორმის შესაბამისი კონტენტის შექმნას. ტიკტოკმა ქართველი „ბოსები“ მოარჯულა, მაგრამ როდის მოხდება იგივე ლინკდინზე?
მარი გაიხარაშვილი, Digital Marketer, 17.5K
„LinkedIn ქართულ ბიზნესებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვთ „აღმოჩენილი“ ამ პლატფორმის პოტენციალი და ზუსტად ამაშია მისი ყველაზე დიდი პოტენციალი. სხვა პლატფორმებზე დღეს უკვე ზედმეტი ხმაურია, ყველგან რაღაცის რეკლამაა და პოსტების უმეტესობა უბრალოდ იკარგება სქროლვაში. LinkedIn კი ამ მხრივ ჯერ კიდევ სუფთა სივრცეა, სადაც ბიზნესს შეუძლია მშვიდად, აუდიტორიის გადაღლის გარეშე ააგოს ნდობაზე დაფუძნებული კომუნიკაცია. პირველი, ვინც ამას გააცნობიერებს, მოიგებს. ეს პლატფორმა არ გთხოვს რამის გარეკლამებას. აქ საკმარისია სწორად გააცნო შენი ბრენდი, თან ყოველგვარი ზედმეტი ხარჯის გარეშე.“
ბექა ეჯიბიშვილი, HR Professional, 33.5K
„დღეისათვის კომპანიების მენეჯმენტი ვერ ხედავს ლინკდინის პოტენციალს და ფიქრობენ, რომ აქ რესურსიც ჩადება არ ღირს. მეორე მხრივ, თუკი პლატფორმას არ იყენებ, ვერც მის პოტენციალს დაინახავ. როგორც კი პრეცედენტი გაჩნდება და რამდენიმე ბრენდი აქტიურად დაიწყებს ლინკდინზე კომუნიკაციას დამოუკიდებლად თუ ინფლუენსერების დახმარებით, სხვა ბრენდებისთვისაც უფრო საინტერესო გახდება.“
სალომე სულაბერიძე, Career Mentor, 26.5K
ბევრ ქართულ კომპანიას ჯერ არ აქვს გაცნობიერებული LinkedIn-ის ძალა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ საერთაშორისო პლატფორმაა და ვერ ხედავენ, რომ საქართველოშიც უკვე ყალიბდება Opinion leader-ების თაობა/community, რომელიც ქმნის გავლენას ბიზნეს გადაწყვეტილებებზე.
პოტენციალი უზარმაზარია:
- B2B გაყიდვებისთვის;
- Employer branding-ისთვის;
- საერთაშორისო პარტნიორობებისთვის;
- ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის;
LinkedIn-ს შეუძლია გახდეს ყველაზე ძლიერი პროფესიული მედია ქართულ ბაზარზე. უბრალოდ უნდა შევხედოთ მას, როგორც სანდოობის წყაროს, არა მხოლოდ დასაქმების საიტს.
დასკვნისათვის
ქართული ლინკდინი ახლა იმ გზაზე დგას, სადაც სხვა სოციალური ქსელები წლების წინ იყვნენ – ჯერ კიდევ ძიების, ფორმირების და პოტენციალის გააზრების ეტაპზე. თუ ადრე ლინკდინი მხოლოდ ციფრული CV-ის როლს ასრულებდა, დღეს იქმნება სრულიად ახალი ეკოსისტემა, სადაც ადამიანები აზრსა და გამოცდილებას აზიარებენ, ქმნიან კავშირებსა და პროფესიულ გავლენას.
ჩნდებიან რეალური ლიდერები, რომლებიც განსაზღვრავენ პლატფორმის ტონს, შინაარსსა და მოლოდინს. ისინი გვიჩვენებენ, რომ ლინკდინი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ კარიერული, არამედ საკომუნიკაციო, მარკეტინგული და ბრენდინგის მთავარი სივრცე საქართველოში.
ხოლო ბრენდებისთვის ლინკდინი ახლა ზუსტად იმ ეტაპზეა, როცა შესაძლებელია „პირველის უპირატესობის“ გამოყენება, რათა კონკურენტებამდე დაიმკვიდრონ ადგილი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ააშენონ პლატფორმაზე, სადაც ყველაზე მეტი მსყიდველუნარიანი მომხმარებელია.
ადამიანი თუ ბრენდი, ვინც ამ ყველაფერს დღეს გაიაზრებს, სწორედ ის მოიპოვებს გავლენას ხვალ.
_______________________
მომავალ სტატიაში ჩავუღრმავდებით:
- რომელი ქართული ბრენდები და როგორ პოზიციონირებენ ლინკდინზე;
- როგორ უნდა შევქმნათ მაღალი ჩართულობის კონტენტი ლინკდინზე;
- მუშაობს თუ არა ქართულ ლინკდინზე ინფლუენსერ მარკეტინგი.