ვის მოვუსმენთ და რა გაიმარჯვებს Ad Black Sea-ზე?
adblacksea-peakers-and-cases

ვის მოვუსმენთ და რა გაიმარჯვებს Ad Black Sea-ზე?

სპიკერები და ქეისები

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

08.09.2026

რამდენიმე დღე რჩება Ad Black Sea-მდე ფესტივალამდე, სადაც მთელი ქართული შემოქმედებითი ინდუსტრია, საერთაშორისო სპიკერები და სტუმრები შეიკრიბებიან. როგორც წინა სტატიაში გიყვებოდით, ეს წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია, რადგან Ad Black Sea 10 წლის იუბილეს ზეიმობს.

მნიშვნელოვანი თარიღი შესაბამისად აღინიშნება და წელს საერთაშორისო სპიკერების ჩამონათვალი განსაკუთრებით შთამბეჭდავია: David Droga, Cindy Gallop, Mihnea Gheorghiu, Natasha Jen, Catalin Dobre და სხვები. ასევე შთამბეჭდავია კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრების რაოდენობაც, წელს რეკორდული, 14 ქვეყნიდან მიიღეს ნამუშევრები.



თუმცა ჩვენთვის საინტერესოა ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიიდან რა ქეისებია გაგზავნილი, ამიტომ მცირე შიდა მოკვლევა ჩავატარეთ და რამდენიმე მათგანს თქვენც გაგიზიარებთ. სპიკერებით დავიწყოთ.

 

პირველად Ad Black Sea-ის სცენაზე

David Droga, Cindy Gallop და Natasha Jen პირველად იქნებიან Ad Black Sea-ის სცენაზე. თითოეული მათგანს იმდენად შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს, მათი გამოსვლები დარწმუნებული ვარ, ძალიან შთამაგონებელი და ღირებული იქნება.

 

David Droga თანამედროვე სარეკლამო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა და Droga5-ის დამფუძნებელია. დროგას Cannes Lions-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ფესტივალის უმაღლესი საპატიო ჯილდო – Lion of St. Mark. მის მიერ დაფუძნებული Droga5 Adweek-მა და Ad Age-მა 2020 წელს ათწლეულის სააგენტოდ დაასახელეს.

 

Cindy Gallop სარეკლამო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პროვოკაციული ხმა, მეწარმე და საჯარო სპიკერია. კარიერის დიდი ნაწილი BBH-ში გაატარა, მოგვიანებით კი დააფუძნა პლატფორმები IfWeRanTheWorld და MakeLoveNotPorn. გალოპი განსაკუთრებით ცნობილია ინდუსტრიაში დამკვიდრებული წესების კრიტიკითა და ბიზნესში გენდერული თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ცვლილებების აქტიური მხარდაჭერით.

 

Natasha Jen მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული დიზაინერი, Pentagram-ის ნიუ-იორკის ოფისის პარტნიორი და დიზაინის სფეროს გავლენიანი ხმაა. მისი ნამუშევრები აერთიანებს ბრენდინგს, გრაფიკულ, ციფრულ და სივრცით დიზაინს. ჯენს უმუშავია Google-ის, Reddit-ის, Pfizer-ის, Waze-ისა და The Metropolitan Museum-ის მსგავს ორგანიზაციებთან; ის National Design Award-ის ექვსგზის ნომინანტი და Alliance Graphique Internationale-ის წევრია. წელს Ad Black Sea-ზე სპიკერობის გარდა ის Design Jury-ს პრეზიდენტიცაა.

 

ქართული ნამუშევრები Ad Black Sea 2026-ზე

მართალია ჯერ არ ვიცით, რომელი მათგანია შორთლისთში, თუმცა გიზიარებთ ნამუშევრებს, რომლებიც ზუსტად ვიცით, რომ გაგზავნილია და მათ შესახებ ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია.

 


სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს – თიბისი x playmakers

 

ახალი წლისთვის შექმნილი ამ კამპანიის შესახებ დეკემბრის ფოკუსში გიყვებოდით. შეგახსენებთ, რომ კამპანიის საფუძველი რეალური სტატისტიკა გახდა – 2025 წელს ემიგრანტებმა საქართველოში 7 მილიონამდე გზავნილი გამოგზავნეს. თიბისიმ და playmakers-მა ეს მონაცემი საახალწლო კამპანიად აქცია და ყურადღება ამჯერად საპირისპირო მიმართულებაზე გადაიტანა: ჩვენ რას ვუგზავნით ემიგრანტებს?

 

მთავარ ვიდეორგოლში ემიგრანტი ბებოსა და შვილიშვილის ისტორიაა მოთხრობილი – ბებო ოჯახისთვის ერთგვარი „თოვლის ბაბუაა“, რომელიც საბერძნეთიდან მუდმივად აგზავნის ამანათებს, ამჯერად კი საჩუქარს თავად შვილიშვილისგან იღებს. კამპანიის სხვა აქტივაციებში ემიგრაციაში მცხოვრები კრეატორებიც ჩაერთნენ.


 

საბოლოოდ, ემოციური ამბავი რეალურ ქმედებადაც იქცა – TBC-ისა და DHL-ის სპეციალური შეთავაზებით მომხმარებლებს ემიგრანტებისთვის საჩუქრების გაგზავნა შეეძლოთ. შედეგად, ფულადი გზავნილების შესახებ სტატისტიკა კამპანიამ სიყვარულისა და მადლიერების „უკან გაგზავნის“ იდეად გარდაქმნა.

 

იმავე კამპანიის გაგრძელებაა Who is Santa, რომელმაც კიევისა და ბაქოს კრეატიული ინდუსტრიის ფესტივალებზე ჯამურად უკვე მოიპოვა 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. კამპანიის ცენტრში არიან ქალები, რომელთა დამსახურებითაც დგება ახალი წელი ქართულ ოჯახებში.

 

„ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა“ – Batumelebi & Netgazeti x Supermarket

 

„ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა“ – ესაა supermarket-ის მიერ მედიებისთვის „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ შექმნილი მორიგი ვიდეორგოლი, ფაქტობრივად, მოკლემეტრაჟიანი ფილმი.


 

„სადაც დამოუკიდებელი მედია აღარაა, იმ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა“ – ეს არის სოციალურ-სატირული ფილმი, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს დამოუკიდებელი მედიის არსებობის აუცილებლობას; გვახსენებს, რა მოჰყვება მედიაცენზურას, პროპაგანდასა და დამოუკიდებელი აზრის ჩახშობას.

 

კონტრასტი პოზიტიურ ფრაზებსა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ გარემოს შორის; ღიმილი, რომელიც ამ ფონზე სრულიად აბსურდული ჩანს – ეს არის ფასი, რომელსაც იხდის ქვეყანა, სადაც დამოუკიდებელი მედია აღარაა.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ქართული სააგენტოები, და კონკრეტულად სუპერმარკეტი, აქტიურად დებენ თავის კრეატიულ რესურსს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიებში, რაც თავისთავად ძალიან დასაფასებელია.

 


ეს ვირუსია. თავისუფლება გადამდებია – PSP x Playmakers

 

წინა წლის Ad Black Sea-ზე „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კამპანიის ტრიუმფის და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მიღების შემდეგ PSP-ისა და Playmakers-ისგან წელს მოლოდინიც მაღალი იყო. შეგახსენებთ, „ჩიტები“ 2026 წლის კანის ლომების ფესტივალზე, Titanium Lion-ის კატეგორიის შორთლისთშიც მოხვდა, რაც ძალიან დიდი მიღწევაა.

 

წლევანდელ კამპანიაში PSP-მ და playmakers-მა თავისუფლება ვირუსის მეტაფორით გადმოსცეს, რაც ფარმაცევტულ ბრენდს ბუნებრივად უკავშირდება და, ამავდროულად, ამჟამინდელ კონტექსტსაც ეხმიანება „ჩიტების“მსგავსად.

 


ვიდეო ქუჩის სათვალთვალო კამერების კადრების ვიზუალითაა შექმნილი: სხვადასხვა ლოკაციაზე დაფიქსირებულ ადამიანებს წარწერა
Freedom Detected“ ახლავს. კამპანიის ხმა კი ამირან გამყრელიძეა, რომელიც პანდემიის დროს დისტანციისა და შეზღუდვების დაცვისკენ მოგვიწოდებდა, ახლა კი საპირისპირო გზავნილს გვიზიარებს – თავისუფლება ის „ვირუსია“, რომელსაც ვერც იზოლაცია, ვერც კარანტინი და ვერც ანტისხეულები ვერ ამარცხებს.

 

მეტაფორას LOUDspeakers-ის სიმღერა rogor gavdzlebt aq? კრავს და კამპანიის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტექსტს კიდევ უფრო მკაფიოს ხდის.

 

როგორც ვიცით, კამპანიის გარდა შესაბამის კატეგორიაში ასევე გაგზავნილია PSP-ს ბრენდის ტრანსფორმაცია და long-term creative.

 

მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის – საქართველოს ბანკი x Supermarket

 

ამ კამპანიაზე უკვე ვრცლად მოგიყევით ბრენდთან და სააგენტოსთან ერთად, მაგრამ შეგახსენებთ: საქართველოს ბანკის 26 მაისის კამპანიამ დამოუკიდებლობის დღის ტრადიციული, წარსულზე ორიენტირებული კომუნიკაცია მომავალზე გადაიტანა და მთავარ გმირებად ახალი თაობა აქცია. კამპანიის იდეა – „თავისუფლება ყოველდღე იბადება თავიდან“ – „არ გაჩერდე“ პლატფორმის გაგრძელებად იქცა.


დინამიკური
ვიდეო ათობით პერსონაჟსა და ლოკაციას აერთიანებს, ხოლო ვიზუალური გადაწყვეტებით ბავშვები სიმბოლურად არღვევენ კადრისა და ეკრანის საზღვრებს, როგორც თაობა, რომელსაც „ვერავინ და ვერაფერი აჩერებს“.

 

კამპანია 100 000 ზარით გაგრძელდა, როცა ბრენდმა ქართველ ემიგრანტებს დაურეკა, ახალი თაობის ხმებით დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა. კამპანიამ ციფრულ არხებში მილიონობით ნახვა, ათი ათასობით კომენტარი და გაზიარება დააგროვა.

 

 

ვასკას უსასრულო მარათონი – Supermarket

 

წელს ქართულმა შემოქმედებითმა ინდუსტრიამ ვასკა ჩუბინიძე დაკარგა, ბრენდის სტრატეგი და სააგენტო supermarket-ის თანადამფუძნებელი. მისი ხსოვნის პატივსაცემად სათიბეში „ვასკას უსასრულო მარათონი“ გაიმართა, რომელშიც ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მარათონის იდეა ვასკას ცხოვრებისეული ენერგიისა და მოძრაობის გაგრძელებაა – არა მხოლოდ ერთჯერადი ღონისძიების, არამედ ყოველწლიური ტრადიციის სახით.

 

ზუმერული ფასები ყველგან & Iphone XVII – Zoommer x Supermarket

 

ზუმერმა მიგვაჩვია იმ აზრს, რომ შავი პარასკევი არის დღე, როდესაც ყველგან ზუმერული ფასებია. ამ შინაარსის წარწერები გაჩნდა ქალაქის არაერთ წერტილში – „დრო, როდესაც ზუმერული ფასები არის ყველგან“, „ყველა მაღაზია ზუმერულ ფასებს მიაქვს“ და ა. შ.

 

აი, Iphone XVII-ის დაანონსებისთვის კი ტექნიკური განხილვის პარალელურად იუმორისტული ვიდეო შემოგვთავაზეს, სადაც აიფონს მისი უდიდებულესობა Iphone XVII-ად მოიხსენიებენ და მსოფლიო მხატვრობის შედევრების ფონზე სარკასტულად ყვებიან „ბოლო აიფონის“ ახლით ჩანაცვლებას. საფუძვლად აღებულია კულტურული (არამხოლოდ ქართული) კონტექსტი – „აიფონ ბოლო“ თუ გაქვს, შენი სტატუსი მაღალია, მაგრამ, როცა ახალი აიფონი გამოდის, შენი აიფონი ბოლო აღარაა. ეს ერთდროულად ქმნის როგორც იუმორისტულ, ისე სარკასტულ განწყობას.

 

Ad Black Sea-ზე ორივე კამპანია გაგზავნილია შესაბამის კატეგორიებში და ვნახოთ, რა მოხდება.

 

დასკვნისათვის

როგორც ვხედავთ, წელს Ad Black Sea-ის სცენაზე დაგვხვდებიან ადამიანები, რომლებმაც თავად შეცვალეს კრეატიული ინდუსტრიის წესები, კონკურსში კი ნამუშევრები, რომლებმაც მნიშვნელოვანი ადგილობრივი ამბები კრეატიულ იდეებად აქციეს.

 

რომელი ნამუშევრები მოხვდებიან შორთლისთში და საბოლოოდ გამარჯვებულებს შორის, ამას სულ რამდენიმე დღეში გავიგებთ და მერე უკვე ზუსტად შევძლებთ იმის თქმას, რამ გაიმარჯვა 2026 წლის Ad Black Sea-ზე.

 

შევხვდებით ბათუმში!

 

 

 

 

share: