ნაპერწკლიდან ფეიერვერკამდე
Ad Black Sea 2025
ნაპერწკალი, ცეცხლი, ენერგია, ფეიერვერკი, წინააღმდეგობა, ემოცია, შეგრძნებები... – Ad Black Sea Festival 2025 კონცეფციითა და განხორციელებით იყო ის, რის გამოც შემოქმედებით ინდუსტრიას განსაკუთრებით უყვარს იგი.
წელს პირველად დავესწარი ფესტივალს როგორც მე, ისე minds&marketing, შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო ყველაფერს დავკვირვებოდით, არაფერი გამოგვრჩენოდა და რაც მთავარია, ფესტივალის მთავარი ამბები მოგვეყოლა არამხოლოდ მათთვის, ვინც აქ არ იყო, არამედ ჩვენებური ხედვა გაგვეზიარებინა მათთვისაც, ვისთან ერთადაც ეს სამი დღე გავატარეთ.
ამ სტატიაში Ad Black Sea Festival 2025-ს ვაჯამებთ: მოგიყვებით, როგორ განხორციელდა ფესტივალის კონცეფცია, როგორ გამოჩნდნენ ბრენდები, რა გავიგეთ სპიკერებისგან და ბოლოს, ვინ და რამ გაიმარჯვა წელს. მოდი ვილაპარაკოთ!
კონცეფცია – მხოლოდ სახელი თუ რეალური განხორციელება?
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, კრეატიული ინდუსტრიის ფესტივალის ჩატარება არ არის მხოლოდ გამოწვევა, არამედ არის პასუხისმგებლობაც და ერთგვარად რისკიც. მაგრამ Ad Black Sea-მ არათუ თავი აარიდა ამ თემას, არამედ წლევანდელი ფესტივალის კონცეფცია პირდაპირ წინააღმდეგობაზე ააგო.
როგორც წინა სტატიაში გიყვებოდით, ფესტივალის კონცეფცია – FireWorks in Creative Resistance – მიმდინარე მოვლენების გამოძახილი და ძლიერი გზავნილია. ფეიერვერკი, როგორც წინააღმდეგობის სიმბოლო; ნაპერწკალი, როგორც – შემოქმედებითობის, ცეცხლი – როგორც დინამიკური პროცესის.
აღსანიშნავია Fireworks-ის ორმაგი დატვირთვაც, რომელიც ფესტივალის ორგანიზატორების რეკომენდაციით, ბრენდების უმეტესობამაც გაითვალისწინა და წარმოაჩინა. Fireworks-ის დაშლის შედეგად მივიღეთ Fire works, რომელიც ბრენდებმა კომუნიკაციაში თავიანთი მიმართულებით გაშალეს, რაზეც ქვევით მოგიყვებით.
ფესტივალის კონცეფცია სამივე დღის განმავლობაში იგრძნობოდა როგორც მთავარი სპიკერების, ისე პანელების განმავლობაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფესტივალის გახსნაზე Ad Black Sea-ის პრეზიდენტ ვატო ქავთარაძის გამოსვლა, რომელმაც ისაუბრა შემოქმედებითობის როლზე კაცობრიობის გადარჩენისა და წინააღმდეგობის პროცესში. შესაბამისად, მისი მთავარი გზავნილი ასე ჟღერდა:
მომხმარებლურ სამყაროში ძალიან მარტივია კომპრომისზე წასვლა მორალური ღირებულებების საწინააღმდეგოდ, განსაკუთრებით ჩვენთვის – შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის, ეს არის ომი ღირებულებებისთვის და ჩვენი გადასაწყვეტია, რომელ მხარეს ვიდგებით.
იდეები და შთაგონება სცენიდან
სამი დღის განმავლობაში ციფრულ არხებში გიზიარებდით, რას გვიყვებოდნენ სპიკერები – გლობალური პროექტების ავტორები, რომელთაც კრეატიულ ინდუსტრიაში დიდი გამოცდილება აქვთ. ამიტომ დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით არა იმას, რა გვითხრეს, არამედ იმას, რაზე დაგვაფიქრეს.
Lewis Blackwell-მა (CEO, Lürzer's Archive. UK) შემახსენა, რომ სარეკლამო ინდუსტრია არ უნდა იყოს მიმართული მხოლოდ გაყიდვების ზრდისკენ, არამედ უნდა ეცადოს, დადებითი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე. ასევე დამარწმუნა, რომ დღეს რეკლამა გაცილებით მეტია, ვიდრე დარწმუნების ხელოვნება, ბრენდი სარეკლამო კამპანიით მომხმარებელთან ურთიერთობას უნდა აშენებდეს. ალბათ ეს უკანასკნელი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა იმ ქართული ბრენდებისთვის, რომლებიც გრძელვადიანი გავლენის მიზნით სტრატეგიის სწორად შემუშავების ნაცვლად, ზედაპირულ და ერთჯერად კამპანიებს ირჩევენ.
Ricardo Wolff-მა და Gabriel Mattar-მა (Innocean Berlin) კიდევ ერთხელ დამაფიქრეს, რამდენად ძლიერი ინსტრუმენტია იუმორი კრეატიული ინდუსტრიისთვის. მათ თქვეს: “Movement inspires ideas; humor is the best way to expose people in power”. მართლაც, თუკი გავიხსენებთ ქართული რეკლამის ბოლო რამდენიმე ათეული წლის ისტორიას, მივხვდებით, რომ რეკლამების უმეტესობა, რომლებიც გვახსოვს, სწორედ იუმორის ელემენტებს შეიცავს.
Rebecca Rowntree-ის (Founder, Get Sh*t Done! UK ) გამოსვლისგან ბევრი სამოტივაციო ფრაზის ამოღება შეიძლება, მაგრამ მე ყველაზე მეტად ეს მომეწონა: “Turn [fear, anger, anxiety, depression] into fuel”. ასევე შემახსენა, რომ ადამიანებს შეიძლება არ ახსოვდეთ, რა გააკეთე, მაგრამ აუცილებლად ემახსოვრებათ, თავი როგორ აგრძნობინე, შესაბამისად, პირადი თუ კარიერული, კერძო თუ საჯარო ურთიერთობებისთვის ინდივიდუალიზმი, ემპათია და მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია.
შიშის დაძლევის მნიშვნელობაზე დამაფიქრა Hugo Veiga-მაც (Creative Entrepreneur. Portugal). მან თქვა: Feer freezes you და ასეცაა. ასევე გვითხრა: “Freedom fuels the creative fire”. ისიც უნდა ვთქვა, რომ სტრუქტურის თვალსაზრისით ყველაზე მეტად მისი გამოსვლა მომეწონა – წლებთან და გამოცდილებასთან ერთად დაგროვილი ცხოვრებისეული გაკვეთილების ჩვენებით. ასევე შეუძლებელია არ ვახსენოთ საოცრად ეფექტური ფინალი, როცა Freed from desire-ს ფონზე გვაცეკვა და ეს სიმღერა, ფაქტობრივად, ფესტივალის ერთ-ერთ საუნდტრეკად იქცა.
ასევე ძალიან შთამაგონებელი იყო Tim Leake-ის (Founder, Letslightbulb.) გამოსვლა (PRESENTED BY TBC), რომელიც ფასილიტატორის როლზე გვესაუბრა – ადამიანზე, რომელიც გუნდებს სწორად მუშაობაში ეხმარება – ისე, რომ თითოეულმა წევრმა თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება შეძლოს, ყველაფერი იყოს მკაფიო და ნათელი, მათ შორის, მიზანი, საითაც მივდივართ. ფასილიტატორი აგრძნობინებს გუნდის თითოეულ წევრს, რომ მას უსმენენ და მისი მოსაზრებები ღირებულია.
ვფიქრობ, ყველა დიზაინერი აღფრთოვანებული იქნებოდა Samar Maakaroun-ის (Partner, Pentagram. UK/Lebanon) გამოსვლით, რომელმაც თავისი ნამუშევრების მაგალითზე გვიჩვენა, როგორ ,,თამაშობს" მნიშვნელობებით, ტიპოგრაფიითა და ანიმაციებით, რათა მულტიკულტურული დიზაინები შექმნას.
და ბოლოს, Fernando Machado-მ, (Operating Partner, Garnett Station Partners. USA/Brazil) რომელიც, ამავე დროს, წელს ფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი იყო, გაიხსენა Burger King-ში მუშაობის დაწყების პროცესი და შეგვახსენა, რომ დიდი მიღწევები შეუძლებელია გარისკვის გარეშე. კი, შეიძლება გეშინოდეს, სხეულის ყველა წერტილით გეშინოდეს, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც უნდა გააკეთო. ასევე, კიდევ ერთხელ ცხადად დავინახე, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი სტრატეგია ბრენდის სწორი აღქმისა და გაყიდვების ზრდისთვის. იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი უსმენდა და საკუთარ კომპანიებშიც დაიწყებენ ამაზე საუბარს (რაც თითქოს ისედაც ვიცით, მაგრამ არ ვაკეთებთ ხოლმე).
ცხადია, ყველა გამომსვლელს აქ ვერ მოვიყვან, მაგრამ თითოეულის გამოსვლას ჰქონდა ერთი გამაერთიანებელი თემა – შიშის დაძლევის მნიშვნელობა შემოქმედებით საქმიანობაში. სხვათა შორის, იქ ყოფნისას თავად გავხდი მოწმე, რამდენიმე ადამიანმა შიშის მიუხედავად როგორ სცადა რაღაც ახალი და არ მგონია, ეს უბრალოდ დამთხვევა ყოფილიყო.
პირველად Ad Black Sea-ზე – CREATORS STAGE
მთავარი სცენის გარდა წელს დატვირთული იყო მონოჰოლიც, სადაც დღის მეორე ნახევარში CREATORS STAGE-ზე არაერთი გამომსვლელი ვიხილეთ. მათი უმეტესობა თავად ქმნის კონტენტს, ზოგიერთი კი მათთან თანამშრომლობს, შესაბამისად, ამ დღეების განმავლობაში მოვისმინეთ არამხოლოდ კონტენტ კრეატორების, ასევე ბრენდების მოსაზრებებიც.
ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო პირველ დღეს კონტენტ კრეატორების – ელენიკო რუხაძის (Foxy Eleniko), იოანე რომანაძის (Iooane) და ნათია მეზვრიშვილის (Saintnacka) საუბარი, რომელსაც ნათია გვაზავამ (𝘕𝘢𝘵𝘪𝘢𝘛𝘢𝘭𝘬𝘴) გაუწია მოდერაცია. საუბრის ძირითადი თემა იყო კრიზისის დროს კონტენტის შექმნა და საკუთარი გავლენის გამოყენების მნიშვნელობა სასიკეთო ცვლილებებისთვის.
იმავე სცენაზე შედგა ახალი წიგნების – მინდია არაბულის კომიქსწიგნის „საუკუნო უკუნი“ და შოთა ჩინჩალაძის წიგნის „ჩამოყალიბდით“ პრეზენტაცია. ეს უკანასკნელი ბრენდის სტრატეგიის გზამკვლევს წარმოადგენს დამწყები მეწარმეებისა და მათთვის, ვისაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურს.
ფესტივალის მეორე დღეს Setanta Sport-ის გუნდს მოვუსმინეთ, რომლებმაც იმის შესახებ ისაუბრებს, თუ როგორ იმარჯვებს ბრენდი ტიკტოკზე. განსაკუთრებით ეს სამი რჩევა დამამახსოვრდა: 1. იყავი სწრაფი და კიდევ უფრო სწრაფი, 2. იყავი ბუნებრივი, შეინარჩუნე ინდივიდუალიზმი, 3. არ დაივიწყო, რომ დაპოსტვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია კომენტარებზე პასუხი. ვიცი, რომ ბრენდების ნაწილი კომენტარებში კომუნიკაციას არასერიოზულად აღიქვამს, მაგრამ, თუკი გინდა ტიკტოკზე წარმატებას მიაღწიო, მაშინ შესაბამისი კონტენტი უნდა შექმნა და კომენტარებშიც იაქტიურო. „სეტანტამ“ არამხოლოდ რჩევები მოგვცა, არამედ ვიდეო კონტენტის შექმნისკენაც გვიბიძგა, რადგან ფესტივალის სტუმრებს ჩანთაში ბრენდირებული პატარა მიკროფონიც დაგვხვდა მათგან.
ასევე საინტერესო იყო საბა ბახიასა და ნინო იმერლიშვილის საუბარი. საბამ თავისი კარიერის საწყისი ეტაპი გაიხსენა, გამოსვლის შემდეგ კი პირადადაც გაგვესაუბრა. სრულ ინტერვიუს ცალკე შემოგთავაზებთ, მანამდე კი მის მთავარ გზავნილს გაგიზიარებთ:
„საკუთარი ოცნებების გჯეროდეს, თუმცა იმისათვის, რომ ამ ოცნებებს მიაღწიო, უნდა იცოდე, რომ საჭიროა პასუხისმგებლობით მიუდგე შენს საქმეს და არ შეუშინდე გამოწვევებს. მინდა ახალგაზრდებმა დაინახონ, რომ საქართველოდანაც შესაძლებელია გლობალურ სცენაზე საკუთარი ხმა მიიტანო. და სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი: არ შეგეშინდეს გამოხატო საკუთარი თავი და არ დანებდე მიზნისკენ მიმავალ გზაზე.“ მადლობა ამ სიტყვებისთვის, საბა!
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვფიქრობ, CREATORS STAGE-მა ნამდვილად გაამართლა. სამი დღის განმავლობაში მონოჰოლი იყო არამხოლოდ გართობის, არამედ შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე აქტუალური თემის შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ადგილი.
რა გვითხრეს ბრენდებმა?
როგორც იცით, ჩვენი პლატფორმის ერთ-ერთი მიმართულება ღონისძიებების მიმდინარეობისას ბრენდებზე დაკვირვება და იმის გაგებაა, ვის შეუძლია აუდიტორიასთან საუბარი და ვის უნდა უბრალოდ ჩანდეს.
კონცეფციით დავიწყოთ: ჩემი აზრით, ფესტივალის კონცეფცია განსაკუთრებული წარმატებით რამდენიმე ბრენდმა განავითარა, მაგალითად:
თიბისის შთამბეჭდავი სივრცე ჰქონდა როგორც შერატონში, ისე მონოჰოლში. განსაკუთრებით მომეწონა შერატონში მოწყობილი ზონა, სადაც მთავარი გზავნილი ასე ჟღერდა: What works for you? წრეების თავზე კი ეწერა: Art, Strategy, Design, Youth, Experimentation, Craft, Storytelling და ა. შ. შესაბამის წრეებში ფერად სტიკერებს ვაკრავდით. ფაქტობრივად, ეს იყო ყველაზე მასშტაბური ინგეიჯმენთის ადგილი. სხვათა შორის, თიბისის მონოჰოლის ტერიტორიაზეც ეფექტური სივრცე ჰქონდა მოწყობილი დიდი ბურთულებიანი აუზით და მთელი დღის განმავლობაში ახალდაწურული ფორთოხლის წვენით გვიმასპინძლდებოდნენ.
განსაკუთრებით მომეწონა MINI-ს სთორითელინგი ნაპერწკლის შესახებ, რომელმაც იდეალურად განავითარა ფესტივალის კონცეფცია. ფესტივალის ჩანთაში ბრენდების ბევრ საჩუქარს შორის იყო MINI-ს ტომარა, რომელშიც წერილი, ნომერი და კაჟის ქვა იდო. თითოეულ ადამიანს გვქონდა ჩვენი პერსონალური ნომერი (ორ ადამიანს – ერთი და იგივე). წერილის მიხედვით, როცა ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ნახავდა და ორი კაჟის ქვა ერთად მოხვდებოდა, ნაპერწკალიც გაჩნდებოდა. ამისათვის მონოჰოლში მოწყობილ MINI-ის სივრცეში კედელზე ჩვენს ნომერსა და საკონტაქტო ინფორმაციას ვწერდით. როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ნახავდა, საჩუქრებს მიიღებდნენ. დოლურა პირველი დღის შემდეგ არავის უნახავს, თუმცა ამ იდეისა და ტექსტის ავტორს უპირობოდ ყოჩაღ: “Creativity is a team effort, and the spark that fuels the fire of creation is born between two or more people!”
PSP-მ წლევანდელ ფესტივალზე ბევრი რამით შეიძლება იამაყოს და ერთ-ერთი აუცილებლად იქნება ძალიან, ძალიან გრძელი რიგი, რომელიც სტენდთან (PSP x mizon) მუდმივად იდგა. QR კოდის დასკანერების შემდეგ ვინც მიზონის შესახებ რამდენიმე შეკითხვას უპასუხებდა, ბორბლის დატრიალებისას ისარი რაზეც გაჩერდებოდა, საჩუქრად მიიღებდა. არ ვიცი, ვინმე თუ წამოვიდა მიზონის საჩუქრის გარეშე, საოცარი გამოხმაურება ჰქონდა. იქვე შესაბამისად დაბრენდილი ფოტოჯიხური ჰქონდათ, სადაც ასევე ბევრი სტუმარი იღებდა ფოტოებს.
გათამაშება ჰქონდა ბაკურიანსაც, რომელმაც წელს გვითხრა, რომ hydration works და სამივე დღის განმავლობაში ჩვენს ჰიდრატაციაზე გულუხვად ზრუნავდა. სტენდთან არამხოლოდ ფოტოს გვიღებდნენ და გვიბეჭდავდნენ, არამედ შემთხვევითობის პრინციპით მაისურებსაც გვჩუქნიდნენ. ფოტო და მაისური – ვინ არ შეინახავს, არა?
მონოჰოლის სტენდებიდან განსაკუთრებით მომეწონა Setanta Sports-ის ჯიხური – შედიხარ, ირგებ ყურსასმენებს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ხდები რომელიმე სპორტის ან სპორტული რეკლამის კომენტატორ-გამხმოვანებელი. ბრენდის იდენტობაც გათვალისწინებულია და თან სახალისოა!
კიდევ ერთი ადგილი, სადაც ხალხი თავს იყრიდა, SmartSoft-ის შაფლბორდის სათამაშო მაგიდა იყო, თუმცა მე მაინც იმ მათარით დამამახსოვრდნენ, რომელიც „ედბლექსის“ ჩანთაში აღმოვაჩინე და სამი დღის განმავლობაში არაერთი ადამიანის ხელში დავინახე. აბა, რა, საჩუქარი პრაქტიკული უნდა იყოს!
აქვე, რა თქმა უნდა, ჩვენზეც უნდა დავწერო: როგორც გითხარით, წელს minds&marketing-ისთვის პირველი „ედბლექსი“ იყო, ამიტომ გვინდოდა ფესტივალზე დაკვირვების პარალელურად ჩვენი თავიც გაგვეცნო ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, შესაბამისად, სამი დღის განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს ველაპარაკეთ. წლევანდელ ფესტივალზე ჩვენი მთავარი შეკითხვა იყო: The biggest challenge marketing faces today. პასუხებს შორის დასახელდა კრეატიულობა, ფული, კვლევა, ექსპერტიზა, გარისკვა, პროფესიონალიზმი… ჩვენი მხრიდან, ვეცდებით მომავალში კვლევის კომპონენტის გაუმჯობესებას, მანამდე კი შეკითხვა ისევ ღიად რჩება.
ვინ და რამ გაიმარჯვა?
ვიცოდი, რომ დაჯილდოების ცერემონია ემოციური იქნებოდა, მაგრამ ნანახმა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. გამორჩეული ქეისების შესახებ ცალკე მოგიყვებით, მანამდე კი ვეცდები ძალიან მოკლედ შევაჯამო, ვინ და რამ გაიმარჯვა.
„ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ – 12 ნომინაცია, 8 ოქრო, 4 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და რაც მთავარია, ფესტივალის გრან პრი!
წელს გაიმარჯვა იდეამ და ამ იდეის აქტუალობამ. წელს გაიმარჯვა ძლიერმა გზავნილმა, რომელსაც რეალურად მოწოდების სახეც კი არ ჰქონდა, დემაგოგიაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
რამდენიმე თვის წინ, როდესაც 26 მაისის კამპანიებს ვაჯამებდით, მის შესახებ ვწერდით: „რთულია ვიდეორგოლი უწოდო, ფაქტობრივად ფილმია, მოკლემეტრაჟიანი ფილმი. არანაირი მოწოდება, მხოლოდ ამბავი. PSP-ისა და Playmakers-ის ვიდეო არის პირდაპირ მიზანში, პირდაპირ გულში, დღევანდელ მოვლენებთან ყველაზე ახლოს, მთავარი გმირების, მთავარი ტკივილის, მთავარი ამბის ჩვენებით.“ ამბავი არ დარჩა ეკრანზე, ამბავი გავრცელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო ფრაზას „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ ვხედავდით და ვხედავთ ყველგან. შეუძლებელი იყო, გავრცელების ეს მასშტაბი და ემოციური გავლენა შესაბამისად არ შეფასებულიყო.
წელს გაიმარჯვა ოკმელამ და გაიმარჯვა ანდრომ და გაიმარჯვა ყველამ, ვისაც სჯერა, რომ „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“. ფესტივალის დასასრულს კი ჩვენს-ჩვენს საქმეს დავუბრუნდით იმ იმედით, რომ მომავალ წელს სულ სხვა თემა იქნება აქტუალური.
P. S. დიდი მადლობა Ad Black Sea-ის მთელ გუნდს გაწეული შრომისთვის, მადლობა სპონსორებსა და პარტნიორებს, რომლებიც ხელს უწყობენ კრეატიული ინდუსტრიის განვითარებას ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით!
ედიტორიალის წარმდგენია თიბისი