fireworks in creative resistance
Ad Black Sea 2025
იცით ფეიერვერკი როგორ მოქმედებს? ჯერ ფითილი ანთებს ფხვნილს, რომელიც შიგნით გაზს და წნევას ქმნის, წინააღმდეგობა გროვდება და როცა ენერგია ვეღარ ეტევა, ბახ, ფეთქდება!
კრეატიულ ინდუსტრიაშიც ასე ხდება: კრიზისის დროს მას შეუძლია შექმნას ისეთი წინააღმდეგობა, რომელიც ბოლოს დიდ კრეატიულ ფეიერვერკად გარდაიქმნება.
წინააღმდეგობა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, ისევე როგორც ფეიერვერკი იქცა გარკვეულწილად წინააღმდეგობის სიმბოლოდ, ასე რომ Ad Black Sea 2025 წლის კონცეფცია – FireWorks in Creative Resistance – მიმდინარე მოვლენების ძლიერი გამოძახილია.
minds&marketing 11-13 სექტემბერს Ad Black Sea-ზე დაგხვდებით, რათა მოვისმინოთ და დავაკვირდეთ 2025 წლის შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარ სათქმელს: სპიკერების, დამსწრეების, ბრენდების... და, რა თქმა უნდა, სამი დღის განმავლობაში ჩვენი ციფრული პლატფორმების მეშვეობით გაგიზიაროთ. ფესტივალის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი სტატიებითაც დაგიბრუნდებით,
მანამდე კი მოგიყვებით, რატომ არის წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
Ad Black Sea 2025
Ad Black Sea უკვე წლებია რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის მთავარი შეხვედრის ადგილია, სადაც ადამიანები არა მხოლოდ ცოდნასა და გამოცდილებას აზიარებენ, არამედ ახალ იდეებსა და თანამშრომლობასაც ეყრება საფუძველი.
წლევანდელი Ad Black Sea ტრადიციულად სავსე იქნება სესიებით, პანელებით, ვორქშოპებითა და დისკუსიებით:
- 1400+ დელეგატი – საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნიდან.
- 20+ ქვეყანა, 28 ჟიურის წევრი, ათეულობით სპიკერი – ინდუსტრიის ლიდერები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, კრეატიული დირექტორები, რომლებიც გვიყვებიან, როგორ იქმნება ის იდეები, რომლებიც მასშტაბურ კამპანიებად იქცევა.
- 13 ნომინაცია (ბრენდინგი, დიზაინი, მდგრადობა, ციფრული კომუნიკაცია და სხვა), მე-14 კატეგორია Young Creative, რომელიც უკვე მესამე წელია თიბისისთან ერთად დაამატეს კონკურსს ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის.
თუმცა Ad Black Sea არ არის მხოლოდ ფესტივალი, ესაა პლატფორმა, რომელიც ჩვენს რეგიონს გლობალურ რუკაზე უფრო მკაფიოდ აჩენს. გარდა ამისა, Ad Black Sea-ში გამარჯვება დღეს უკვე ნიშნავს გზას საერთაშორისო სცენისკენ: ADCE-ს (Art Directors Club of Europe) კონკურსში მოხვედრას და The One Club-ის გლობალურ რეიტინგში აღიარების შანსს.
წელს პირველად – CREATORS STAGE
Ad Black Sea 2025 იმ მხრივაც იქნება გამორჩეული, რომ წელს პირველად დაგვხვდება CREATOR STAGE, სადაც კრეატორებზე და ინფლუენსერ მარკეტინგზე ისაუბრებენ.
ინფლუნსერ მარკეტინგი ჩვენი პლატფორმის ერთ-ერთი ფოკუსია, ამ თემაზე ხშირად ვწერთ და აშკარაა, რომ იგი მარკეტინგული სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. ასე რომ CREATORS STAGE-ის დამატება ნამდვილად დროული გადაწყვეტილებაა, რადგან, ჩვენი დაკვირვებით, ბრენდებსა და ინფლუენსერებს შორის მეტი საუბარია საჭირო.
Ad Black Sea 2025-ის მთავარი სახეები
Ad Black Sea-ის პროგრამა წელსაც შთამბეჭდავია განსაკუთრებული სპიკერების დამსახურებით, რომლებმაც კრეატიული ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში უკვე დატოვეს მნიშვნელოვანი კვალი. მათ შორის არიან გლობალური ბრენდების ლეგენდარული კამპანიების ავტორები, არტ დირექტორები, ინოვაციური დიზაინერები, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები, ოსკაროსანი ანიმატორები, ფოტოგრაფები და გამოცემების რედაქტორები, რომლებიც მზად არიან Ad Black Sea-ის განმავლობაში თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარონ. ფესტივალის პროგრამას და სპიკერების ჩამონათვალს მითითებულ ბმულზე ნახავთ.
ფესტივალის პარტნიორები
Ad Black Sea-ს წელსაც მხარს უჭერენ ის ბრენდები, რომელთაც სჯერათ შემოქმედებითი ინდუსტრიის ძალის და მისი განვითარების მნიშვნელობის. მათ შორის მთავარი პარტნიორი ტრადიციულად თიბისია, რომელიც წლების განმავლობაში დგას ფესტივალის გვერდით და ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას საქართველოს კრეატიული ეკოსისტემისთვის.
ფესტივალის პარტნიორები არიან: TBC, MINI Georgia, Bakuriani, Karva, D Block, Nikora, Metable, Extra, UN Women, PSP x Mizon, Smartsoft, Setanta Sports, ROOMS Hotels, Industria, Georgian Sun, Windfor’s Workshops, Windfor’s, Tbilisi School of Communications, Biletebi.ge, Monkey Shoulder, Tene, Scrollex, Lumen, Stich, Mzetopshop, GGS Ads, Matarebeli Comics, Blue Ocean, GAMEZ Art Studio.
როგორც გავიგეთ, ჩამოთვლილი ბრენდები ბევრ საინტერესო აქტივობას გვიმზადებენ ფესტივალის სტუმრებს. ასე რომ, სტენდებს, საჩუქრებს, თამაშებს… – ყველაფერს დავაკვირდებით და აუცილებლად გაგიზიარებთ. აქვე შეგახსენებთ, ნებისმიერ მსგავს ფესტივალზე ბრენდის მთავარი მისიაა არა უბრალოდ ჩანდეს, არამედ დასამახსოვრებელი იყოს. ვნახოთ, წელს ვინ დაგვამახსოვრებს თავს.
FireWorks in Creative Resistance – ფესტივალის კონცეფცია
წლევანდელი Ad Black Sea-ს კონცეფცია – FireWorks in Creative Resistance – როგორც დასაწყისში გითხარით, ძალიან ძლიერი გამოძახილია. კონცეფციის მეორე ნაწილი – in Creative Resistance – Ad Black Sea-ს გუნდმა პირველად მაისში თბილისში ჩატარებული დიზაინის ფესტივალისთვის შექმნა და ამ თემის ირგვლივ პოსტერების კონკურსიც დააანონსა, რომლის ფარგლებშიც შექმნილი ნამუშევრები, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოში გრაფიკული დიზაინის თანამედროვე ლეგენდამ, პოლა შერმა (Paula Scher) შეაფასა. ნამუშევრებს სწორედ ფესტივალზე დავათვალიერებთ.
რატომ FireWorks?
აღნიშნული კონცეფციის ფარგლებში ფეიერვერკი დანახულია, როგორც შემოქმედებითი პროცესის სიმბოლო:
„კრეატიულობას ბევრი „მტერი“ ჰყავს – გადაწვა, უსამართლობა, მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობა, პოლიტიკური, სოციალური პროცესები და სხვა. მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ის ნაპერწკალი, რაც შემოქმედებითობას აღვივებს. სწორედ ამ იდეის გარშემო ბრუნავს წლევანდელი ღონისძიება,“ – თამარ ცინცაძე, Executive Director, Ad Black Sea.
დასკვნისათვის:
ქვეყანაში ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენებმა მკაფიოდ დაგვანახა, რამდენად დიდ გავლენას ახდენს პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაცია კრეატიულ ინდუსტრიაზე.
ასევე დაგვანახა, რა ძალა აქვს კრეატიულ ინდუსტრიას პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ისიც დაგვანახა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ბრენდის გადარჩენისთვის სწორ სამოქალაქო-საზოგადოებრივ პოზიციას და მის თამამად გაჟღერებას.
ასე რომ, წელს განსაკუთრებით, Ad Black Sea ფესტივალზე მეტია – ეს არის ინდუსტრიის ხმა, რომელიც ახლა ასე ჟღერს: FireWorks in Creative Resistance.
და ვის ეშინია ფეიერვერკის?
ედიტორიალის წარმდგენია თიბისი