იდეიდან საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალამდე
Ad Black Sea-ის 10 წელი
ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი ფესტივალი – ad black sea international festival of creativity – 10 წლისაა!
ჩვენს ქვეყანაში, არაერთი გამოწვევის პარალელურად, 10 წლის განმავლობაში ატარებდე შემოქმედებითი ინდუსტრიის ასეთ მასშტაბურ ფესტივალს ათობით სპიკერით, ასობით სტუმრითა და მონაწილით, მარტივი არ არის. მაგრამ Ad Black Sea და მთლიანად ქართული შემოქმედებითი ინდუსტრია ყოველ წელს ამტკიცებს, რომ ეს შესაძლებელია და საქართველო ნამდვილად იმსახურებს ადგილს კრეატივის გლობალურ რუკაზე.
minds&marketing უკვე მეორედ ვართ Ad Black Sea-ის მედიაპარტნიორი და, გასული წლის მსგავსად, წელსაც ჩვენი პარტნიორი თიბისია, რომლის მხარდაჭერით უკვე მეორე წელია შესაძლებლობა გვაქვს, ფესტივალზე ნანახი და მოსმენილი სიღრმისეულად გავიაზროთ, გავაანალიზოთ და უფრო დიდ აუდიტორიას გავუზიაროთ.
ასე რომ, ზაფხულისა და შემოდგომის ზღვარზე, სანამ ერთმანეთს ფესტივალზე შევხვდებით, Ad Black Sea-ს 10-წლიან ისტორიას გიყვებით – იდეის გაჩენიდან დღემდე.
როგორ დაიწყო ყველაფერი?
პირველი Ad Black Sea 2015 წელს ჩატარდა, თუმცა ფესტივალის იდეა გაცილებით ადრე გაჩნდა, ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების, საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების საქართველოში გაზიარების მოტივით.
ვატო ქავთარაძე, Ad Black Sea-ის თანადამფუძნებელი, პრეზიდენტი:
„რაც უფრო მეტ საერთაშორისო ფესტივალზე დავდიოდით WINDFOR’S, მით მეტად ძლიერდებოდა შეგრძნება, რომ მსგავსი ღონისძიება ჩვენს ქვეყანაშიც შეიძლებოდა არსებულიყო; ფესტივალი, რომელიც საერთაშორისო ცოდნას და გამოცდილებას ქართველებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდიდა, საქართველოს კი საერთაშორისო შემოქმედებითი ინდუსტრიის რუკაზე ადგილს დაუმკვიდრებდა.
პირველ ფესტივალს, რომელიც ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობით შედგა, წინ უძღოდა დიდი შრომა, მოკვლევა, ლოჯისტიკური, ტექნიკური, ფინანსური დეტალის გარკვევა, მაგრამ იმდენად გვინდოდა და დარწმუნებულები ვიყავით წამოწყების სისწორეში, რომ ნებისმიერ სირთულეს გადავლახავდით.
ამ დავდაჯერებულობით მოვახერხეთ სპონსორების დარწმუნება, სპიკერების დაინტერესებაში კი მაიკლ კონრადი დაგვეხმარა, რომელიც Berlin school of creative leadership-ში სწავლის დროს გავიცანი და რომელიც ჩვენსავით აინთო ამ იდეით.“
რატომ ბათუმი და რატომ Ad black sea?
ფესტივალის სახელი და ჩატარების ადგილი კანის ლომების ფესტივალის მოდელის მიხედვით შეირჩა. ზღვისპირა ქალაქი, სადაც ერთმანეთს ისედაც ბუნებრივად და ისტორიულად ხვდება მრავალი ქვეყნის კულტურა, ეკონომიკა, გასტრონომია და 2015 წლიდან – უკვე შემოქმედებითი ინდუსტრიაც.
ფესტივალი სამ ძირითად ღერძზე დგას: კონკურსი, საგანმანათლებლო პროგრამა (სემინარები, ვორქშოპები, მასტერკლასები) და გასართობი ნაწილი.
ვატო ქავთარაძე, Ad Black Sea-ის თანადამფუძნებელი, პრეზიდენტი:
„კანის ფესტივალს რომ ვაკვირდებოდით, ვფიქრობდით, როგორ შეიძლებოდა გასართობი პროგრამის გაკეთება. Ad Black Sea იმ რწმენით დავიწყეთ, რომ ამ ნაწილში ძალიან კარგად შეგვეძლო წარმოგვედგინა საქართველო – თანამედროვე ენერგეტიკით, გრადუსით, ხარისხით, ნიჭითა და გემოვნებით.
გვინდოდა ფესტივალი რეგიონული მნიშვნელობის ღონისძიება გამხდარიყო და შავი ზღვის აუზის გარშემო შეკრებილი ქვეყნები გაგვეერთიანებინა რეგიონულ კონტექსტში. სახელიც ასე შეირჩა. ამ რეგიონში არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლობალური მასშტაბით. მაგალითად, რუმინეთი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში წამყვან კრეატიულ ძალად ითვლება, ასევე თურქეთი და სხვ. ასევე გვინდოდა პოსტსაბჭოთა სივრცეც მოგვეცვა, თავიდან პროგრესულად მოაზროვნე რუსული სააგენტოებიც მონაწილეობდნენ, თუმცა უკრაინის ომმა შეცვალა კონტექსტი და რუსეთი მთლიანად ჩამოშორდა ფესტივალს.“
გამოწვევები

წლების განმავლობაში Ad Black Sea-ის გუნდის წინაშე უამრავი გამოწვევა დადგა:
· 2016 წელს ერთ-ერთი ფინანსური წყაროს შეზღუდვის გამო, ფესტივალი კინაღამ ჩაიშალა, თუმცა 2 კვირით ადრე გადაწყვეტილება შეცვალეს და 10 დღეში დააორგანიზეს ღონისძიება;
· 2-წლიანი პაუზა კოვიდის დროს, როდესაც მთელი მსოფლიო გაჩერდა, მაგრამ Ad Black Sea-ის გუნდს სჯეროდა, რომ ეს დროებითი იყო;
· კოვიდის შემდეგ 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ფესტივალის განახლების გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო. იმავე წელს უარი თქვეს რუსეთისა და ბელარუსის მონაწილეობაზე, უკრაინისთვის კონკურსში მონაწილეობა უფასო გახდა და აღარ შეიტანეს განცხადება სახელმწიფო მხარდაჭერაზე. ერთბაშად 3 მთავარ შემოსავლის წყაროზე თქვეს უარი.
სპიკერების მოწვევის დროს გამოწვევად რჩება ავიარეისების სიმწირე, გეოგრაფიულად „ცხელ ზონაში“ მდებარეობა, პოლიტიკური არასტაბილურობა, თუმცა, ყველა ამ გამოწვევის მიუხედავად, ღირებულებების რწმენა, პარტნიორების თანადგომა და თავდაპირველი მისია – საქართველოს ადგილი შემოქმედებითი ინდუსტრიის მსოფლიო რუკაზე – Ad Black Sea-ისთვის შეუძლებელსაც შესაძლებლად აქცევს.
Ad Black Sea-ის გავლენა ქართულ კრეატიულ ინდუსტრიაზე
როგორც არაერთხელ ითქვა, Ad Black Sea-ის მთავარი მისია ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება და მისი საერთაშორისო სტანდარტთან მაქსიმალური დაახლოება იყო. ბოლო წლებში ბევრი დადებითი ცვლილება მოხდა და ამ ყველაფერში Ad Black Sea-ის როლი ძალიან დიდია.
თამარ ცინცაძე, Ad Black Sea-ის აღმასრულებელი დირექტორი:
„დღეს საქართველოს, როგორც კრეატიული ინდუსტრიის ქვეყანას, ბევრად მეტი საერთაშორისო პროფესიონალი იცნობს, რაც, სულ მცირე, წლების მანძილზე ჟიურის გუნდების საერთაშორისო პროფესიონალებით დაკომპლექტების შედეგია.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იყო მარკეტერებსა და სააგენტოებს შორის არსებული გეფის შემცირება. ფესტივალმა მარკეტერებს მისცა სივრცე, რომ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ კრეატიულ პროცესში, რის შედეგადაც მათი როლი უფრო ხილული გახდა.
ასევე შეიცვალა პარტნიორობის კულტურა. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სპონსორობა მხოლოდ ლოგოს განთავსება არ ყოფილიყო და ბრენდებსა და ფესტივალს შორის რეალური, შინაარსიანი თანამშრომლობა შექმნილიყო. ვფიქრობ, ამან მთლიანად ინდუსტრიაში უფრო გააზრებული პარტნიორობების კულტურის ჩამოყალიბებასაც შეუწყო ხელი.
კონკურსის ნაწილმაც თავისი როლი ითამაშა: სააგენტოებმა უფრო გააზრებულად დაიწყეს კატეგორიების შერჩევა, ქეისების მომზადება და, ზოგადად, კამპანიების დაგეგმვისას მათი საერთაშორისო კონკურსის პერსპექტივიდან დანახვა. ამან ჯანსაღი კონკურენცია გააძლიერა. საუკეთესო კლიენტის კატეგორიის შემოტანამ კი კიდევ უფრო გამოკვეთა მარკეტერის როლი ამ ეკოსისტემაში.
და ბოლოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა ისიც, რომ ფესტივალის და შესაბამისად ინდუსტრიის დღის წესრიგში უფრო მკაფიოდ გაჩნდა სოციალური თემები, მათ შორის გენდერული თანასწორობა და მდგრადობა. ვფიქრობ, ინდუსტრიის განვითარება მხოლოდ ჯილდოების რაოდენობით არ იზომება და ამ თემებზე პასუხისმგებლობის გაზრდაც ამ განვითარების ნაწილია.“
Ad Black Sea-ის 10 წელი 1 სიტყვაში
სოფო კეჩხოშვილი, Ad Black Sea-ის კონკურსის დირექტორი:
„Ad Black Sea ერთ სიტყვაში ალბათ იქნებოდა Edge – ზღვარზე. ალბათ იმიტომ, რომ ეს ათი წელი მუდმივად ზღვარზე ყოფნა იყო: ახალი იდეების, ახალი შესაძლებლობების, გამოწვევების და ზოგჯერ იმის გამოცდის, თუ რამდენად შორს შეგვეძლო წასვლა.
Ad Black Sea-სთვის ეს არასდროს ყოფილა მხოლოდ ფესტივალის ყოველწლიურად ჩატარება. მუდმივად გვიწევდა საკუთარი თავისთვის ახალი ზღვრის დაწესება, უფრო დიდი მიზნების დასახვა და იმის გამოცდა, თუ რამდენად შორს შეგვეძლო საქართველოსა და რეგიონის კრეატიული ინდუსტრიის წაყვანა.“
On the Edge – Ad Black Sea 2026
შესაბამისად, წლევანდელი ფესტივალის კონცეფცია ერთგვარად აჯამებს ფესტივალის ისტორიასაც და დღევანდელ მდგომარეობასაც. On the Edge (ზღვარზე) – გეოგრაფიულად, კულტურულად, პროფესიულად, ემოციურად.
წლევანდელი Ad Black Sea, გარდა იმისა, რომ საიუბილეო მე-10 ფესტივალია, მოწვეული სპიკერების მხრივაც განსაკუთრებული იქნება. მაგალითად, ინდუსტრიის გიგანტები – David Droga და Cindy Gallop – პირველად ეწვევიან ფესტივალს და თავიანთ გამოცდილებას გაგვიზიარებენ.
როგორც Ad Black Sea-ის გუნდი ამბობს, საიუბილეო პროგრამაც ძალიან მრავალფეროვანი იქნება და იმ ადამიანებსა და თემებს გააერთიანებს, რომლებიც დღეს კრეატიული ინდუსტრიის დღის წესრიგს ქმნიან: Pentagram, Le Pub, McCann, ვიზუალური არტისტები, ხელოვნური ინტელექტი და, რა თქმა უნდა, კრეატიული წინააღმდეგობა, როგორც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი.
Ad Black Sea 10 წლის შემდეგ
ვატო ქავთარაძე, Ad Black Sea-ის თანადამფუძნებელი, პრეზიდენტი:
„ჩემი სურვილი, ოცნებაც და ხედვაც თავიდანვე იყო, რომ ფესტივალი ყოფილიყო საერთაშორისო რუკაზე საქართველოს წარმომჩენი. Ad Black Sea-ის შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, სადაც ისეთი ქვეყნები მოიყრიან თავს, რომლებიც ჩვენთან აზრობრივად, კულტურულად და კონტექსტურად ახლოს დგანან. თუმცა ეს ყველაფერი იმდენად არის გადაჯაჭვული ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებასთან, რომ ამ განვითარებას და მასშტაბს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვხედავ, თუ მიმდინარე ბრძოლაში გავიმარჯვებთ.“
დასკვნისათვის
Ad Black Sea-ის საწყისი მიზანი უცვლელია – ქართული კრეატიული ინდუსტრია უფრო მეტად დააკავშიროს საერთაშორისო სივრცესთან. თუმცა ეს ამბიცია დღეს უკვე მხოლოდ საერთაშორისო ცოდნის საქართველოში ჩამოტანას აღარ გულისხმობს. შემდეგი ნაბიჯია საქართველოდან უფრო მეტი იდეა, კამპანია და ქეისი გავიდეს გლობალურ სცენაზე. გამოცდილება აჩვენებს, რომ ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს. ახლა მთავარი გამოწვევა ამ პოტენციალის ცალკეული წარმატებული მაგალითებიდან ინდუსტრიის სტანდარტად ქცევაა – მეტი სითამამით, მაღალი ხარისხითა და უფრო დიდი ამბიციით.
შევხვდებით ბათუმში!
ედიტორიალის წარმდგენია თიბისი