რა გვითხრა Ad black sea 2026-მა
what-ad-black-sea-2026-told-us

რა გვითხრა ad black sea 2026-მა

და რა შეკითხვები დაგვიტოვა

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

22.09.2026

უკვე მოგიყევით, რამ გაიმარჯვა Ad black sea 2026-ზე, მაგრამ კონკურსზე არანაკლებ საინტერესოა საგანმანათლებლო ნაწილი, მით უმეტეს, რომ წლევანდელი Ad Black Sea-ის სპიკერების სია განსაკუთრებით ვარსკვლავური იყო. 


ასე რომ, დღეს იმაზე ვისაუბრებთ, რა გვითხრა Ad Black Sea-მ, რაზე დაგვაფიქრა და ამასთან ერთად, რა შეკითხვები დაგვიტოვა. ვილაპარაკოთ.

 

რელევანტურობა აუდიტორიის ზომაზე მნიშვნელოვანია

ეს მიგნება ჩვენს ანგარიშშიც გვაქვს, რომელიც ქართული კრეატორ ეკოსისტემის შესახებ სპეციალურად Ad Black Sea-ისთვის მოვამზადეთ. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ ჩვენი ბაზრის ტენდენციების ნაწილი გლობალურ ტენდენციებს ემთხვევა.


წლევანდელ Ad Black Sea-ზე სხვადასხვა სპიკერის გამოსვლაში მუდმივად გვესმოდა ერთი იდეა: დიდი „რიჩი“ ავტომატურად დიდ გავლენას აღარ ნიშნავს, ადრე თუ რაოდენობა იყო საკმარისი, ახლა რელევანტურობაა მთავარი.

მაგალითად, David Droga-მ ვრცლად ჩაშალა შეკითხვა, რომელსაც ყოველი კამპანიის წინ უნდა ვუსვამდეთ საკუთარ თავს: რატომ უნდა აინტერესებდეს ეს მიზნობრივ აუდიტორიას? ანუ იდეის შეფასებისას, გინდ გამოცდისას, მთავარი ფილტრი ის კი არ უნდა იყოს, რამდენად დიდია, რამდენად ძვირია, რამდენ ჯილდოს მოგვიტანს, არამედ კონკრეტული მიზეზი - რატომ უნდა აინტერესებდეს კონკრეტულ ადამიანს, რა მიზნით ვქმნით, რა მნიშვნელობა ექნება.

აქვე კიდევ ერთი ნიუანსი: ამბიციას ბიუჯეტი არ განსაზღვრავს, არც კეტავს, პატარა ბრენდსაც შეუძლია მცირე ბიუჯეტით დიდი იდეის შექმნა, თუკი სწორად ესმის კონტექსტი და აუდიტორიისთვის რეალურად მნიშვნელოვანი რამ აქვს სათქმელი. გავიხსენოთ, თუნდაც, მარიონელა x Legacy Experience Agency-ის ნამუშევარი „მარიონელა 18+“, რომელმაც წლევანდელ Ad Black Sea-ზე 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და სპეციალური ჯილდო მიიღო Creative Effort in Gender Equality-ის კატეგორიაში. მართალია მარიონელა პატარა ბრენდი არ არის, მაგრამ იდეა გაცილებით დიდი იყო, ვიდრე კამპანიის გაშლა. ამ იდეას სხვა ბიზნესებიც რომ შეუერთდნენ, ეს უკვე რეალური გავლენაა, რომელიც ჯერ - ბიზნესზე მოქმედებს, შემდეგ კი, წესით, პრობლემაზეც იმოქმედებს.

რადგან რიცხვები ვახსენე, ისევ „რიჩს“ დავუბრუნდები და Mihnea Gheorghiu-ს გამოსვლასაც გავიხსენებ. მინეამ საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი ჩვევა - წარმატების რიცხვებით დამტკიცება - რამდენმა მილიონმა ადამიანმა ნახა, რამდენმა გააზიარა. თუმცა, მინეას თქმით, 100 მილიონ ადამიანამდე მისვლა ვერაფერს გეტყვის იმაზე, თუ რეალურად რა დარჩა ამ 100 მილიონ ადამიანს. რეალური მნიშვნელობისა და გავლენის გარეშე მილიონები ცარიელი რიცხვებია. ამიტომ Mihnea განსხვავებულ მასშტაბს გვთავაზობს - ის კი არ ვიკითხოთ, როგორ მივწვდეთ მილიონ ადამიანს, არამედ როგორ დავაინტერესოთ თუნდაც 1 ადამიანი ისე, რომ მას ეს იდეა მართლა ადარდებდეს, მართლა უყვარდეს.


 

გლობალურ ბაზარზე ადგილობრივი კონტექსტი უპირატესობაა

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, გლობალური იდეის შესაქმნელად გლობალურად ფიქრი აღარაა საჭირო. შეიძლება ადგილობრივმა კონტექსტმა გიკარნახოს იდეა, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაიგებენ. დროგამ გვითხრა ინტერვიუს დროს: „არც შენი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა, არც გეოგრაფიული მდებარეობა არ გაყენებს არახელსაყრელ მდგომარეობაში, შემოქმედებითობა ყველასთვის ხელმისაწვდომია“. მერე დაამატა, როგორი უნიკალური ქვეყანა გვაქვს და რამდენი შესაძლებლობაა გარშემო, განსაკუთრებით, ტექნოლოგიების ეპოქაში, რადგან AI ყველას თანასწორ პირობებში გვაყენებს.

ეს იდეა Cindy Gallop-მაც განავრცო და ასევე ინტერვიუს დროს გვითხრა:

„როდესაც ქვეყანა ისეთ ვითარებაშია, როგორშიც ახლა თქვენ ხართ, შემოქმედებითობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება - როგორც ძალა, რომელსაც შეუძლია გაცილებით მეტი და უფრო მნიშვნელოვანი რამ გააკეთოს, ვიდრე უბრალოდ ინდუსტრიის პროდუქტის შექმნაა.“


David Droga-ს გამოსვლაშიც ერთ-ერთი მთავარი სიტყვა კონტექსტი იყო - რას და რატომ ამბობ, რა გამოცდილება განსაზღვრავს შენს პერსპექტივას. წლევანდელ გამარჯვებულ ნამუშევრებს თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ სწორედ ადგილობრივმა კონტექსტმა გაიმარჯვა, თითოეული ძლიერი იდეა ჩვენი რეალობიდან დაიბადა.

ტრენდის აყოლა კულტურის ნაწილად არ გაქცევს

ეს მიგნება წელს კანის ლომების ანგარიშშიც გვქონდა და Ad Black Sea-ზე კიდევ უფრო განმტკიცდა.

Mihnea Gheorghiu-მ თავის გამოსვლაში ისაუბრა being in culture-ზე - როცა ბრენდები ტრენდებში მონაწილეობას, პოპულარული მიმების გამოყენებას ცდილობენ, რომ თავის აუდიტორიაში ადგილი დაიმკვიდრონ, აჩვენონ, რომ მათი კულტურის ნაწილი არიან. თუმცა „კულტურაში მონაწილეობა“ კულტურაზე გავლენის მოხდენას არ ნიშნავს. ასე რომ, უბრალოდ ტრენდი კი არ უნდა გაიმეორო, არამედ რაღაც ახალი დაამატო, ისეთი იდეა შექმნა, რომელიც რეალურად მოახდენს კულტურაზე გავლენას. თორემ ტრენდი, რომელსაც მასიურად ყველა იმეორებს, ისედაც მალე ქრება ხოლმე.

ამ თემას უკავშირდება Cindy Gallop-ის ასპირაციის იდეაც: რეკლამა ისტორიულად მხოლოდ საზოგადოებაში არსებულ სურვილებს არ ასახავდა, პირიქით, თავად ქმნიდა წარმოდგენას იმაზე, რა იყო სასურველი. ბრენდებს დღესაც შეუძლიათ არა მხოლოდ მიყვნენ კულტურას, არამედ ახალი ქცევები და ღირებულებები აქციონ სასურველად.

ამ მიდგომის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ PSP x playmakers-ის „რეცეპტი: სიმართლე“, რომელმაც, როგორც გრძელვადიანმა სტრატეგიამ, Ad Black Sea-ზე Grand Prix და 2 ოქრო მოიგო. ბრენდი სხვადასხვა საზოგადოებრივ თემაზე უკვე რამდენიმე წელია ერთსა და იმავე პოზიციას ავითარებს, თუმცა, იმის ნაცვლად, რომ კონკრეტულ მომენტს ან აქტუალურ თემას უბრალოდ შეუერთდეს, ცდილობს „სიმართლე“ საკუთარ საკომუნიკაციო ტერიტორიად აქციოს.

 

AI - როცა შექმნა ყველას შეუძლია, გემოვნება გადაწყვეტს უკეთესს

რა თქმა უნდა, AI-ზე საუბრის გარეშე ბოლო წლებში ვერცერთი ფესტივალი ვერ ჩაივლის, თუმცა საკმაოდ დიდი სხვაობაა ნარატივებს შორის. ჯერ AI-ის კრეატივში საფრთხედ აღიქვამდნენ, შემდეგ - დამხმარედ, ახლა კი - ხელსაწყოდ, რომელზე წვდომაც უკვე ყველას აქვს. სწორედ ამიტომ, როდესაც შექმნა ყველას შეუძლია, მთავარი უპირატესობა ხდება იმის ცოდნა, რა ღირს შექმნად.

შესაბამისად, თუკი ადრე სრული სერიოზულობით ვმსჯელობდით იმაზე, ჩაგვანაცვლებს თუ არა AI, ახლა შეკითხვა ასე ყალიბდება - რა როლი რჩება ადამიანს, როცა შექმნის ტექნიკური ბარიერი მცირდება?

Johanna Jaskowska-სთვის პასუხი არის გემოვნება და განსჯა. თავის გამოსვლაში მოგვიყვა, რომ მუშაობისას მხოლოდ პრომპტი არაფერს ნიშნავს. მუშაობისას აერთიანებს ფოტოგრაფიას, საკუთარ ვიზუალურ არქივს, რეფერენსებს, ჩანახატებს და სხვა უამრავ მასალას. მათზე დაფუძნებით AI უსასრულო არჩევანს აძლევს, მაგრამ საბოლოო ნამუშევარს მაინც ადამიანის გადაწყვეტილებები ქმნის: რა აირჩიო, რა გადააგდო, რა შეცვალო, როდის გაჩერდე და საბოლოოდ - რა არის ნამდვილად შენი, რას აქვს რეალური ღირებულება.

David Droga AI-ის თემას შემოქმედებითობის პერსპექტივიდან უყურებს. მისი თქმით, მთავარი საფრთხე უფერულობაა, სადაც ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს და ინდივიდუალიზმი თითქმის დაკარგულია. თუმცა, რაც ერთისთვის საფრთხეა, მეორისთვის შეიძლება უპირატესობად იქცეს - ამიტომ ამბობენ, რომ, რაც უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს AI-ის ადამიანური განსჯის გარეშე, რაც უფრო მეტი უფერულო კონტენტი გაჩნდება, მით მეტად დაფასდება რეალური ადამიანების რეალური იდეები. მართლაც, თუ იდეა საინტერესო არ არის, ტექნოლოგია ვერ უშველის.


 
კრეატიულობა - ერთი კამპანიიდან სისტემურ ცვლილებამდე

ნებისმიერ კამპანიაზე საუბრისას ვსვამთ შეკითხვას - რა გავლენა მოახდინა, რა შეიცვალა? ძალიან იშვიათად ხდება, რომ 1-2-თვიანმა კამპანიამ რეალური გავლენის მოხდენა შეძლოს. თუნდაც ის ქართული ნამუშევრები, რომლებიც Ad Black Sea-ზე ვნახეთ, რამდენი მათგანი გასცდა ერთჯერადობას, რამდენი იყო გრძელვადიანი? რეალურად კი გავლენას ახდენს იდეა, რომელიც იქცევა სისტემად, ბრენდის პოზიციიდან - პრობლემის მიმართ გრძელვადიან პასუხისმგებლობად.

წლევანდელ Ad Black Sea-ზე რამდენიმე სპიკერის გამოსვლაში სხვადასხვა ფორმით მოვისმინეთ ერთი მნიშვნელოვანი მოსაზრება: ძლიერმა იდეამ შეიძლება შექმნას სერვისი, გამოცდილება, ახალი ბიზნესმოდელი ან მექანიზმი, რომელიც კამპანიის დასრულების შემდეგაც აგრძელებს მუშაობას. ამ ხედვით კამპანიის საბოლოო პროდუქტი რეკლამა კი არაა, არამედ რეალური შედეგი.

ისევ David Droga-ს გამოსვლა რომ გავიხსენოთ, ძალიან კარგი მაგალითები მოიყვანა, სადაც უბრალოდ კამპანია კი არ გააკეთეს, კონკრეტული პრობლემისთვის მოიფიქრეს კრეატიული გადაწყვეტა. მაგალითად, UNICEF-ის Tap Project, როდესაც უფასო წყალი დონაციის მექანიზმი გახდა - რესტორნების სტუმრები ონკანის წყალში სიმბოლურად 1 დოლარს იხდიდნენ, შემოსული თანხა კი ფონდში ირიცხებოდა. პროექტი წლების განმავლობაში გაგრძელდა, უამრავი ადამიანი ჩაერთო, 6 მილიონზე მეტი შეაგროვა და ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს დაეხმარა. რა თქმა უნდა, შეეძლოთ, უბრალოდ ეთქვათ, რომ „ამა და ამ ქვეყანაში ამდენ ბავშვს სასმელი წყალი არ აქვს, დაეხმარეთ“, მაგრამ ამის ნაცვლად მთელი სისტემა შეიმუშავეს, რომელსაც რეალური შედეგები მოჰყვა.

რატომ აღარ გვახსოვს ხოლმე თუნდაც ერთი წლის წინ განხორციელებული კამპანიები, რომლებსაც მართლა ძლიერი იდეები ჰქონდა საფუძვლად? იმიტომ ხომ არა, რომ მათი უმრავლესობა უკვე აღარ არსებობს?

პრობლემის ერთჯერადი გადაწყვეტები საკმარისია თუ გრძელვადიანი ხედვის შემუშავება-აღსრულებაზე უნდა დავხარჯოთ რესურსი?

რატომ ვივიწყებთ პრობლემას მალევე, თუკი თავიდან ვამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია?

და საბოლოოდ, ფესტივალზე გამარჯვებაა მიზანი თუ რეალური გავლენის მოხდენა? პრობლემის მართლა მოგვარება თუ ემოციის ერთჯერადად გამოწვევა?

განხილვაზე, სადაც ჟიურის წევრებმა ნამუშევრების შესახებ ისაუბრეს, ძლიერი იდეების აღნიშვნის პარალელურად მკაფიოდ დაისვა საკითხი - კონტექსტი გასაგებია, ყველას ძლიერი ჰქონდა, თუმცა კავშირი კომერციასთან ნაკლებად..

ბევრი შეკითხვაა და ვეცდებით მომავალ სტატიაში სწორედ ამ შეკითხვებს ვუპასუხოთ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად.

 

დასასრულისთვის

საბოლოოდ, ყველა ეს მიგნება ერთ სიტყვამდე მიდის - არჩევანი.

აირჩევ მილიონ ნახვას თუ 1 ადამიანს, რომელზეც შენი იდეა მართლა მოახდენს გავლენას;

აირჩევ ტრენდებს თუ თავად შექმნი მათ;

გამოიყენებ AI-ს მეტის შესაქმნელად თუ უკეთესის შესარჩევად;

შექმნი ერთ კამპანიას, რომელიც ხვალ აღარავის ემახსოვრება, თუ დარჩები პრობლემასთან და ყოველ ჯერზე ახალ გადაწყვეტას მოიფიქრებ მისთვის.

ვატო ქავთარაძის ფრაზით დავასრულებ, რომელიც ფესტივალის გახსნაზე მოვისმინეთ:

“The choices that we make are the ones that define our future.“

და დღეს რა არჩევანს აკეთებს ქართული შემოქმედებითი ინდუსტრია?



share: