ვინ და რამ გაიმარჯვა Ad black sea-ზე?
what-won-at-adblacksea2026

ვინ და რამ გაიმარჯვა Ad black sea-ზე?

სინათლე და სიმართლე

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

15.09.2026

დასრულდა Ad black sea-ის საიუბილეო, მეათე ფესტივალი, უკვე ყველა გამარჯვებული ცნობილია და ჩვენც მზად ვართ, საბოლოოდ შევაჯამოთ ვინ და რამ გაიმარჯვა. თუმცა მანამდე ჟიურის რჩეულ ნამუშევრებს გადავხედოთ.

 

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, სინათლე მედია x windfor's tbilisi

წინა წლის მსგავსად, ეს წელიც დატვირთული იყო სოციალური კამპანიებით, რომლებიც დღევანდელ საზოგადოებრივ მდგომარეობას ეხმიანებოდა. ფესტივალის ჟიურიმ წელს სწორედ ასეთი პროექტი გამოარჩია:

იდეა, რომელიც სხვადასხვა ფორმატში - ციფრულ და ფიზიკურ სივრცეში გაიშალა;

იდეა, რომელმაც თავის თავში გააერთიანა შემოქმედებითობა და სოციალური პასუხისმგებლობა;

იდეა, რომელშიც ერთდროულად ჩანს პრობლემაც და მისი გადაჭრის გზაც - თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია.

„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“  - 4 ოქრო, 2 ვერცხლი, 5 ბრინჯაო და, რაც მთავარია, გრან პრი (for good) - ფესტივალის ტრიუმფატორი გახდა.

 


„მარიონელა 18+“, მარიონელა, x Legacy Experience Agency

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არასრულწლოვანთა ქორწინება კანონით სრულად აკრძალულია, პრობლემა არ გამქრალა. თუკი არაერთ პროდუქტს აქვს +18 აღნიშვნა, რატომ არ უნდა ჰქონდეს საქორწინო კაბასაც? - სწორედ ამ ინსაითს დაეფუძნა კამპანია მარიონელა 18+, რომელსაც მოგვიანებით სხვა ბიზნესებიც შეუერთდნენ და +18 აღნიშვნა მათაც დაამატეს.

კამპანიამ 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და სპეციალური ჯილდო მიიღო Creative Effort in Gender Equality-ის კატეგორიაში. Cindy gallop-მა, რომელიც წელს კონკურსის impact jury-ის პრეზიდენტი იყო, დაჯილდოებაზე აღნიშნა, რომ ეს პრობლემა სხვა ქვეყნებშიც აქტუალურია და ეს ნამუშევარი ბევრისთვის იქნება კარგი მაგალითი.

 

„მათი ოცნებები ბავშვურია, რეალობა - არა“, iom - un migration mission in georgia x betterFly

ქუჩაში ბავშვისთვის ხურდის მიცემას შეიძლება დახმარებად თვლიდეთ, მაგრამ ამ, ერთი შეხედვით, კეთილი ჟესტის მიღმა, ჩვეულებრივ, ბავშვთა ექსპლუატაცია დგას.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი Dreaming Past the Junkyard ორი ბავშვის დიალოგით გვანახებს ძალიან მწვავე პრობლემას, რომელსაც გაუცნობიერებლად ჩვენ თვითონვე ვახალისებთ.

Ad Black Sea-ზე ნამუშევარმა 2 ოქრო და 1 ბრინჯაო აიღო ფილმის კატეგორიაში.

 

„გამარჯვების დროშები“, თოდუას კლინიკა  x holy motors

კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებით თოდუას კლინიკამ და Holy Motors-მა იმ ქალების შესახებ მოგვიყვეს, რომლებმაც ყველაზე ძლიერ მეტოქეზე გაიმარჯვეს - კიბო დაამარცხეს; ხოლო თავშალი, როგორც მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო გამარჯვების დროშად აქციეს. კამპანია იქცა შეხსენებად, რომ დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა გადამწყვეტია გამარჯვებისთვის.

კამპანიამ 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მიიღო, ხოლო ამავე პროექტისთვის ანასტასია ბეჟიტაძემ ოქრო მოიპოვა Young Creative-ის კატეგორიაში, რომელიც უკვე მეოთხე წელია თიბისის მხარდაჭერით დაემატა კონკურსს ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის.

 

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“, თიბისი x playmakers

2025 წელს ემიგრანტებმა საქართველოში 7 მილიონამდე გზავნილი გამოგზავნეს - ამ ინსაითს დაეფუძნა კამპანია „სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“, რომელმაც საახალწლო საჩუქრების მთავარ შემოქმედად სანტას ნაცვლად ემიგრანტი აქცია.

კამპანიის ფარგლებში DHL-თან თანამშრომლობით უამრავი ამანათი გაიგზავნა საქართველოდან ემიგრანტებისთვის იმის ნიშნად, რომ „სიყვარული ბრუნდება“.

კამპანიამ 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა, ხოლო მისმა გაგრძელებამ და პოსტერების სერიამ - ვინ არის სანტა? - 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

 

„სუხიშვილები“, საქართველოს ბანკი x joyboy

სუხიშვილები, როგორც საქართველოს შემოქმედებითი მემკვიდრეობა, ქართული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. ანსამბლის 80-წლიანი ისტორია და ვიზუალური ენა სხვადასხვა ფორმატსა და სთორითელინგში გაიშალა: ტრიუმფის 80 წელი, ცეკვის იდენტობა, სადაც ცეკვა დაიბადა.

ჯამურად კამპანიამ 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა.

 

გამარჯვებას რა უნდა? setanta / rkena x advan production

„რკენაზე“, როგორც ახალდაბადებულ ბრენდზე, ბევრი რამ გვაქვს თქვენთვის გაზიარებული, დაჯილდოების ცერემონიამ კი დაადასტურა, მისთვის შექმნილმა ვიდეორგოლმა და კონკრეტულად, „საჭიდაოს“ ამ ვერსიამ, რამდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. ყოველ ჯერზე, როდესაც ვიდეორგოლი გავიდა ეკრანზე, მთელი დარბაზი აყვა სიმღერას. საბოლოოდ, Advan Production-მა რკენას ვიდეორგოლისთვის 1 ოქრო და 1 ვერცხლი მოიპოვა.

 

„მცირე ბიზნესის ჯაჭვი“, საქართველოს ბანკი x supermarket

„მცირე ბიზნესის ჯაჭვი“ საქართველოს ბანკის ახალი ინიციატივაა, რომელიც ზაფხულის განმავლობაში მცირე ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. ერთ ობიექტზე მისულ სტუმრებს მეორე ობიექტის ფასდაკლების ვაუჩერები ხვდებოდათ, მეორე ობიექტზე მისულებს - მესამის და ა. შ. ამგვარად შეიქმნა ჯაჭვი, სადაც ბიზნესები ერთმანეთს მხარს უჭერდნენ და აძლიერებდნენ. ჯაჭვი ბათუმშიც გაგრძელდა და ათობით ობიექტი გააერთიანა. მცირე ბიზნესებისთვის ეს ინიციატივა აღმოჩნდა როგორც საკუთარი თავის პოპულარიზაციის, ისე ერთმანეთის მხარდაჭერის შესაძლებლობა.

კამპანიამ ოქრო აიღო Brand Experience & Activation-ის კატეგორიაში და მის შესახებ ვრცლად ახლო მომავალში მოგიყვებით.


„რეცეპტი: სიმართლე“, psp x playmakers

PSP, როგორც ბრენდი, ბოლო წლებში მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. პროდუქციის შეთავაზების კომუნიკაციის პარალელურად მის კამპანიებში სულ უფრო ხშირად ჩნდება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემები, რომელთა გამაერთიანებელ ხაზად სიმართლე იქცა.

PSP გვეუბნება, რომ რასაც უნდა ეხებოდეს საქმე - გენდერულ თანასწორობას, ჯანსაღ რუჯს, თავისუფლებას - მისი „რეცეპტი“ სიმართლეა.

წლევანდელ Ad Black Sea-ზე სწორედ ამ გრძელვადიანმა სტრატეგიამ მოიპოვა მთავარი ჯილდო - Grand Prix - და 2 ოქრო.

 

საბოლოოდ, რამ გაიმარჯვა?

თუ წლევანდელ გამარჯვებულებს ერთიანად გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ ჟიურის რჩეული ნამუშევრების დიდ ნაწილს რეალური პრობლემა უდევს საფუძვლად. ქვეყანაში, სადაც ბუნებრივად ბევრი პრობლემაა, ახლის მოგონება აღარ არის საჭირო, მის გარშემო საუბარი კი, როგორც ჩანს, შემოქმედებითობის დახმარებით საკმაოდ კარგად გამოგვდის.

დაჯილდოების შემდეგ ჟიურის წევრებსაც ეს შეკითხვა დავუსვით - რამ გაიმარჯვა:


 

David Droga:

„გაიმარჯვა ნამდვილმა და ძლიერმა იდეებმა, რომლებიც გარკვეული გამოწვევების წინააღმდეგ იბრძვის.“

Catalin Dobre:

„სიმამაცემ გაიმარჯვა, მამაცმა ხალხმა, მამაცმა კლიენტებმა.“

Mihnea Gheorghiu:

„ერთი სიტყვით რომ ვთქვა, გაიმარჯვა წინააღმდეგობამ.“

 

დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა, არასრულწლოვანთა ქორწინება, ბავშვთა ექსპლუატაცია, კიბოსთან ბრძოლა, ემიგრაცია - წელს ეს და სხვა სოციალური თემები იქცა იდეად, შემოქმედებით გადაწყვეტად და, საუკეთესო შემთხვევებში, მოქმედებისკენ მოწოდებადაც.

გაიმარჯვა ადგილობრივმა კონტექსტმა;

გაიმარჯვა იდეამ და ამ იდეის ერთგულებამ;

გაიმარჯვა შემოქმედებითობამ, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება;

გაიმარჯვა სინათლემ და სიმართლემ, რომელიც ჩანს;

რომელსაც ვერ გააჩუმებ

და ვერც ჩააქრობ!

 


P. S. დიდი მადლობა Ad Black Sea-ის გუნდს გაწეული შრომისთვის, მადლობა სპონსორებსა და პარტნიორებს, რომლებიც ხელს უწყობენ შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით!

და ბოლოს, დიდი მადლობა თიბისის, რომელთან ერთადაც უკვე მეორე წელია ვაშუქებთ ფესტივალს და გიზიარებთ მიგნებებს, რომლებიც ჩვენი ინდუსტრიის მომავალს განსაზღვრავს.

 

 

 

share: