2025 ქართულ სპორტ მარკეტინგში
georgian-sports-marketing-in-2025

2025 ქართულ სპორტ მარკეტინგში

რა ვნახეთ და რა გველოდება წინ

ავტორი: მარიამ მაზანაშვილი

14.01.2026

2025 წელი ქართული სპორტული ეკოსისტემისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი და გარდამტეხი პერიოდი აღმოჩნდა. ამ წელს განსაკუთრებით მკაფიოდ დავინახეთ, როგორ გადადის სპორტი შედეგებზე ორიენტირებული სივრციდან ბრენდინგის, კომუნიკაციისა და კულტურული გავლენის ეპოქაში. ვიხილეთ ბრენდებისა და ათლეტების არაერთი კოლაბორაცია, გლობალური ბრენდების ქართულ ბაზარზე შემოსვლა, ახალი ინიციატივები სპორტულ განათლებაში, ახალი სპორტული ბრენდების დაბადება და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა..

 

საერთაშორისო ბაზარზე, სპორტ მარკეტინგი დიდი ხანია გასცდა ნიშას და ცალკე, დამოუკიდებელ ეკოსისტემად ჩამოყალიბდა. ჩვენი მიზანიც ესაა, ხელი შევუწყოთ სპორტ მარკეტინგის რაც შეიძლება ჩქარი ტემპით ფეხის მოკიდებას და განვითარებას საქართველოში. 

 

2025 წელს რომ თვალი გადავავლოთ, ნამდვილად კარგ გზაზე ვდგავართ. როგორც ზემოთ ვთქვით ბევრი კარგი ქეისი თუ კოლაბორაცია ვნახეთ. 2026-ისგან მეტს ველოდებით, თუმცა სანამ ახალ წელზე გადავალთ, მოდით შევაჯამოთ 2025:

 

რა ვნახეთ? რამ დაგვაფიქრა? და რას უნდა ველოდოთ 2026-ში?

 

 

ათლეტ მარკეტინგი

2025 წელს ათლეტ მარკეტინგი ქართულ სპორტ მარკეტინგში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და დინამიურ მიმართულებად ჩამოყალიბდა. ვიხილეთ არაერთი გამორჩეული კოლაბორაცია, მათ შორის გიორგი მამარდაშვილისა და ილია თოფურიას პარტნიორობა TBC-თან, გიორგი ქოჩორაშვილის თანამშრომლობა Wings For Life-სა და დრო-სთან, ხოლო ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ბანკის Plus კამპანიის სახედ.

 

 

ეს მიმართულება დღეს, ალბათ, ყველაზე მოწინავეა ქართულ სპორტ მარკეტინგში - არა მხოლოდ კამპანიების რაოდენობით, არამედ მათი კონცეფციის მნიშვნელობით, ემოციური ნარატივითა და სწორად შერჩეული კომუნიკაციით. ბრენდებმა ნათლად დაინახეს, რომ ათლეტები მხოლოდ სპორტსმენები არ არიან - ისინი ძლიერი მედია პლატფორმები და ღირებულებებზე დაფუძნებული ბრენდები არიან.

 

დაველოდოთ, რა იქნება შემდეგი. ჩვენ კი, რაღათქმაუნდა, ამ პროცესებს ყურადღებით გავყვებით.

 

 

გლობალური ბრენდი ქართულ ბაზარზე

2025 იმითაც იყო გამორჩეული, რომ საქართველო ისეთი გლობალური ბრენდის რადარზე მოხვდა, როგორიც ბარსელონას საფეხბურთო კლუბია. 2025 წლის მარტში თბილისში FC Barcelona-ს პირველი ოფიციალური ფანშოპი გაიხსნა - ეს არის ბარსელონას პირველი მაღაზია ესპანეთის საზღვრებს გარეთ და ეს ფაქტი ალბათ ყველაფერზე მეტყველებს.

 

 

ეს არის სიგნალი, რომ საქართველო უკვე აღიქმება როგორც აქტიური, ლოიალური და კომერციულად საინტერესო სპორტული ბაზარი.

 

სპორტული განათლება ვითარდება

2025 წელი სპორტული განათლების მიმართულებით, მათ შორის სპორტ მარკეტინგის ჭრილშიც, ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პერიოდად იქცა. წლის განმავლობაში ვიხილეთ არაერთი სპორტული საგანმანათლებლო ფორუმი, რაც მიუთითებს, რომ სფეროში მოთხოვნა მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდილებაზე აღარ შემოიფარგლება.

 

განსაკუთრებით შესამჩნევია ინტერესის ზრდა სპორტ მარკეტინგის, ბრენდინგის, კომუნიკაციისა და კომერციული სტრატეგიების მიმართ.

 

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო Sports Education Forum Tbilisi, რომელიც JBS აკადემიის მიერ ჩატარდა. აკადემია ინიციატორია, საქართველოში შემოიტანოს Johan Cruyff Institute-ის სასწავლო პროგრამები, მათ შორის სპორტული მენეჯმენტი, სპორტ მარკეტინგი და სხვა თანამედროვე დისციპლინები.

 

სპორტული განათლების მიმართულებით კიდევ ერთი გამორჩეული ინიციატივა იყო OT Sport Management-ისა და Giorgi Kochorashvili-ის ორგანიზებით ჩატარებული 3-დღიანი საფეხბურთო საგანმანათლებლო ფორუმი Mind Game, სადაც თავად ქოჩორაშვილი სპიკერის როლშიც წარდგა. ფორუმმა პრაქტიკული გამოცდილება, მენეჯმენტი და ფეხბურთის „გონებრივი მხარე“ ერთ სივრცეში გააერთიანა.

 

2025 წელს საქართველოს ესტუმრა ასევე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი - Fabrizio Romano, რომელმაც ქართველ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს საკუთარ გამოცდილებაზე, ფეხბურთის მედია-მხარეზე და ტრანსფერების სამყაროზე ესაუბრა.

 

რამდენიმე წლის წინ მსგავსი ინიციატივები ფაქტობრივად არ არსებობდა და სპორტული განათლების თემა ნაკლებად აქტუალური იყო. დღეს კი, ქართულ სპორტულ ეკოსისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებები ბუნებრივად ქმნის მოთხოვნას ცოდნაზე, განათლებასა და პროფესიონალიზმზე.

 

 

ახალი სპორტული ბრენდების დაბადება

გასული წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ახალი სპორტული ბრენდების დაბადებაც ვიხილეთ, რაც ასეთი იშვიათობაა ჩვენს რეალობაში.

 

 

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითია RKENA - შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართული ორგანიზაცია, რომელიც Setanta Sports-ს ეკუთვნის. RKENA-ს მთავარი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების განვითარება და მათი საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება. ეს არის ბრენდი, რომელიც თავიდანვე ჩამოყალიბდა სწორი მისიით, მკაფიო ხედვითა და სტრატეგიული გეგმით, ფაქტორებით, რომლებმაც მისი წარმატებული სტარტიც განაპირობა და RKENA სამომავლო სპორტული ბრენდებისთვის ერთგვარ ნიშნულად აქცია.

 

RKENA-ს მოჰყვა Setanta Sports-ის კიდევ ერთი ახალი ბრენდის დაბადება - Matchday. მიუხედავად იმისა, რომ Matchday ჯერ კიდევ ახალი პროექტია, უკვე ახლა ჩანს მისი პოტენციალი და განსხვავებული მიდგომა სპორტული კონტენტის მიმართ. ამ ბრენდზე უფრო დეტალურად აუცილებლად ვისაუბრებთ უახლოეს მომავალში.

 

 

რა იქნება შემდეგი?

საკმაოდ წარმატებული 2025 წლის შემდეგ, დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ 2026 წელი კიდევ უფრო მეტ ახალ და საინტერესო ქეისსა თუ თანამშრომლობას შემოგვთავაზებს.

 

იმ საფუძველზე, რომელიც 2025-ში ჩამოყალიბდა, შეგვიძლია ველოდოთ უფრო მეტ გრძელვადიან და სტრატეგიულ ნაბიჯებს სპორტ მარკეტინგში.

 

  • მეტი ბრენდისა და ათლეტის პარტნიორობა, სადაც აქცენტი იქნება ავთენტურობაზე და არა მხოლოდ ხილვადობაზე

  • უფრო ძლიერი ნარატივი და სთორითელინგი სპორტულ კამპანიებში

  • გლობალური სპორტული ბრენდების მეტი ინტერესი ქართული ბაზრის მიმართ

  • სპორტული განათლების მიმართულებით უფრო მეტი ინოვაცია და ინვესტიცია

  • სოციალური მედიის პოტენციალის სწორად გამოყენება გულშემატკივართან ემოციური კავშირის გასაზრდელად

 

სპორტი ჩვენი ქვეყნის დნმ-ის ნაწილია, თუმცა მისი პოტენციალი ჯერ კიდევ სრულად არ არის ათვისებული. გვჯერა, რომ 2026 წელს უფრო მეტი ბრენდი გაბედავს, ჩადებს ინვესტიციას სპორტში, ათლეტებსა და გრძელვადიან პარტნიორობებში.

 

ჩვენ კი ვეცდებით ეს ყველაფერი თქვენამდე მოვიტანოთ - ანალიზით, დაკვირვებით, კრიტიკული კითხვებითა და იმ ისტორიების მოყოლით, რომლებიც ქართულ სპორტ მარკეტინგს მომავალს უყალიბებს.

 

 

ვიზუალებში გამოყენებული ფოტო მასალა ეკუთვნის დასახელებულ ბრენდებს და წარმოადგენს მათ ინტელექტუალურ საკუთრებას.

 

 

 

share: