რკენა - ახალი სიტყვა ქართულ MMA-ში
rkena-a-new-word-in-georgian-mma

რკენა - ახალი სიტყვა ქართულ mma-ში

powered by setanta sports

ავტორი: მარიამ მაზანაშვილი

01.12.2025

უკვე ერთი თვეა, მთელი საქართველო ღიღინებს: გამარჯვებას რა უნდაშენ!“

 

ბევრი ცრემლი დაიღვარა ჩვენი კაპიტნის ისტორიაზე, თითქოს ეს უსამართლობაც და ეს სევდაც ერთ დიდ დასაწყისად იქცა. რაღაც ახლის, რაღაც ბევრად უკეთესის.

 

ქალაქში გამარჯვების, ჟინის და შემართების ატმოსფერო ტრიალებდა. ამ ფონზე იბადებოდა ახალი ბრენდი - 29 ნოემბერს, ჩვენს თვალწინ, წარმოგვიდგა რკენა: ახალი სტანდარტი. ახალი სიტყვა. ახალი ეტაპი ქართულ სპორტულ ეკოსისტემაში.

 

და გვიხარია, რომ minds&marketing-ის გუნდი ამ ყველაფრის მომსწრე გავხდით და მოგვეცა შესაძლებლობა ადგილიდან განგვეცადა ყველა ის ემოცია, რაც მინდა ვთქვა, რომ დღემდე მოგვყვება, ალბათ ასე ხვდები, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდა.

 

მოდი ვისაუბროთ რკენაზე.

 

ბრენდის დაბადება - როგორ შეიქმნა რკენა

რკენა შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალი ორგანიზაციაა, რომელიც 2025 წელს დაფუძნდა და მისი მთავარი მხარდამჭერი Setanta Sports-ია.

 

 

ქართული სიტყვა, ქართული ჟინი, ქართული სულისკვეთება - ეს ის საფუძვლებია, რომლებზეც ბრენდის ხედვა და მისიაა აგებული - მისცეს პლატფორმა ახალგაზრდა მებრძოლებს და დაეხმაროს საერთაშორისო ასპარეზზე გზის გაკვალვაში, ამასთან ერთად კი განავითაროს MMA-ის კულტურა საქართველოში.

 

რკენა ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის ქვეყანაში დაიბადა, სწორ დროს, სწორ ადგილას - ალბათ ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. ახალ თაობას, რომლისთვისაც ეს ორი ადამიანი მისაბაძი გმირები არიან, ახლა შესაძლებლობა აქვთ მათსავე ქვეყანაში გადადგან პირველი ნაბიჯები MMA-ის დიდ გზაზე.

 

იშვიათია, ქართულ სპორტში ასეთი მკაფიო ხედვითა და სტრატეგიით ბრენდის დაბადება - და რკენა სწორედ ამის პირველი, სანიმუშო მაგალითია.

 

მოდი განვიხილოთ როგორ შეძლეს ეს

 

გამოცდილება - ის რისი შექმნაც ქართულ სპორტში გვიჭირს

ვსაუბრობთ, რომ ქართულ სპორტში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება გულშემატკივრის ჩართულობა, დაინტერესება, არენის შევსება

სწორედ ამ პრობლემის გაშიფვრიდან დაიწყო რკენას გზა. ბრენდი არ პოზიციონირდა, როგორც უბრალოდ სპორტული ღონისძიება - არამედ როგორც გამოცდილება, სპორტული მოვლენა, რომლის ეპიცენტრშიც გულშემატკივარი დგას.

 

 

იდეის დაბადებიდან, მის გაცოცხლებამდე, ქომაგი ყველა პროცესში იყო ჩართული.

 

არ ჰქონდა მნიშვნელობა, MMA- გულშემატკივარი იყავი თუ არა - მხოლოდ მუსიკა, კონტენტი და ვიზუალური შეფუთვა იმდენად სწორად იყო შექმნილი, რომ ინტერესს მაინც გაგიჩენდა - „აქ რაღაც კარგი ხდებაიქნებ უნდა ვუყურო?“.

 

ჯერ იყო ‘’საჭიდაოს’’ ვიდეო, შემდეგ შარიქაძის ინტერვიუ, რომლის შემდეგაც ამ უსამართლობისგან ატირებულ გულშემატკივარს გულში გამარჯვების იმედი ჩაესახა, რომ მათ კაპიტანს ისევ იხილავდნენ სპორტში, ამჯერად ახალ ამპლუაში, ბუკა ოქტაგონზე

 

ამან კიდევ უფრო გაზარდა რკენას მოლოდინი.

 

აღსანიშნავია სპონსორობის საკითხიც, რაც კიდევ ერთ უდიდეს პრობლემად რჩება ქართულ სპორტში. რკენას, პირველივე ღონისძიებაზე უკვე არაერთი სპონსორი ჰყავდა, და ეს იმ პირობებში, როდესაც ამ კომპანიებს არ ჰქონდათ არც ციფრებზე დაყრდნობის შესაძლებლობა და არც მოლოდინების რეალური საფუძველი, რადგან ეს იყო სრულიად ახალი, პირველი ივენთი.

 

ეს ფაქტი საუკეთესოდ მიუთითებს იმ ნდობაზე, რომელიც ბრენდმა პირველივე ნაბიჯებზე მოიპოვა, და იმ წარმატების განცდაზე, რომელიც რკენამ თავიდანვე შექმნა.

 

ახლოვდებოდა 29 ნოემბერი, დაიწყო მოსაწვევების დაგზავნა

 

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ორიგინალური კონცეფციის მოსაწვევი იშვიათად თუ მაქვს ნანახი, აქ კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობოდა, რომ შენ, გულშემატკივარი, იყავი ამ პროცესის მთავარი შემოქმედი, სათვალეს, რომ იკეთებდი, ხელში ჩაქუჩს, რომ იღებდი, ქვას, რომ ტეხდი და თან ამ ქვაზე გამოსახულ კითხვაზე: ‘’გამარჯვებას რა უნდა’’ პასუხს, რომ სცემდი: ‘’შენ’’!

 

სწორედ ასე იქმნებიან დიდი სპორტული ბრენდებიც

 

რკენა დაიწყო!

დადგა 29 ნოემბრის საღამოც, სპორტის სასახლესთან უკვე იგრძნობოდა საბრძოლო მუხტი, ატმოსფერო, ემოცია.

 

დარბაზში შესვლისთანავე ვხვდებოდით, რომ რაღაც განსაკუთრებულის მომსწრეები გავხდებოდით. იმ წამიდან იგრძნობოდა, რომ ბრენდმა ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა- ამ ყველაფრის უკან იდგა ერთიანი, შეკრული გუნდი და ძალიან ნათელი, წინასწარ გათვლილი სტრატეგია.

 

შოუს არქიტექტურა იმდენად გამართული იყო ყველა კომპონენტით - ეს იქნებოდა განათება, ხმა, მუსიკა, სცენარი, მედია გაშუქება, კომუნიკაცია - რომ სიამაყით ივსებოდი იმის გახსენებაზე, რომ ეს ყველაფერი საქართველოში ხდება, ამ ყველაფრის შემოქმედები ქართველები არიან.

 

ღონისძიება თითქმის 4 საათი მიმდინარეობდა, თუმცა დრო ისე გავიდა, რომ ვერც კი გავიაზრეთ, იმდენად ჩართული ვიყავით მთელი დარბაზი და განვიცდიდით ამ საოცარ, დამმუხტველ ემოციებს.

 

ეს იყო ქართული სპორტის და MMA-ის ახალი სტანდარტი, ახალი სიტყვა და ნამდვილი შოუ.

 

კაპიტნის გამარჯვებამ კი საზეიმოდ დააგვირგვინა საღამო, ბუკამ გაიმარჯვა.

 

რა იქნება შემდეგი?

გადავსებული სპორტის სასახლე, დადებითი გამოხმაურება სოციალურ ქსელებში, აღფრთოვანებული გულშემატკივარი - ამით ალბათ ყველაფერი ნათქვამია - რკენა შედგა!

 

და თანაც როგორი დებიუტით!

 

ბევრის დაწერა აღარ არის საჭირო, ყველაფერი უკვე ქმედებაში ითქვა.

 

სწორი სტრატეგიით დაგეგმილი, სწორად განხორციელებული და გულშემატკივარზე მორგებული სპორტული ბრენდი ყოველთვის იმარჯვებს.

 

რკენა ახლა იწყება - და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია იმ გზაზე, რომელსაც ქართული MMA დიდი ხანი ელოდა.

 

share: