სპორტსმენები, როგორც ბრენდები და კონტენტ კრეატორები
National Team Hero

სპორტსმენები, როგორც ბრენდები და კონტენტ კრეატორები

ათლეტ მარკეტინგი

ავტორი: მარიამ მაზანაშვილი

30.05.2025

დღეს სპორტში მხოლოდ გამარჯვება აღარ კმარა - ათლეტები კონკურენციას თამაშის მიღმაც აგრძელებენ.

ათლეტ მარკეტინგი მიმართულებაა, სადაც სპორტსმენები მიზანმიმართულად აშენებენ საკუთარ პერსონალურ ბრენდებს, ურთიერთობენ გულშემატკივართან, ქმნიან კონტენტს და თანამშრომლობენ ბრენდებთან - იმისთვის, რომ თამაშის მიღმაც დარჩნენ აქტუალური, გაზარდონ საკუთარი გავლენა და იქცნენ იმ ისტორიად, რომელსაც გულშემატკივარი მიჰყვება.


სპორტის გურუებისთვის და გულმხურვალე გულშემატკივრებისთვის ათლეტი ის ადამიანია, ვინც მათ საყვარელ თამაშს, მომენტს და დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნის, მაგრამ დღეს ათლეტი უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ სპორტსმენი, დღეს ათლეტი არის ბრენდი, კრეატორი და ინფლუენსერი. შეიძლება არ ადევნებდე თვალს ფორმულა 1-ს, მაგრამ იცი ვინ არის ლუის ჰამილტონი, შეიძლება არ უყურებდე კალათბურთს, მაგრამ იცი ვინ არის მაიკლ ჯორდანი, შეიძლება არ უყურებდე ჩოგბურთს, მაგრამ იცი ვინ არის სერენა უილიამსი. ამ სახელებს მხოლოდ სპორტული წარმატება არ აერთიანებთ, ეს სპორტსმენები გლობალური ბრენდები გახდნენ, რომლებმაც მოედანს მიღმაც აითვისეს სცენა და სტრატეგიული მიდგომებით განიმტკიცეს საკუთარი ადგილი სპორტისა და პოპ-კულტურის ისტორიაში.


ათლეტ მარკეტინგმა ტრანსფორმაციული ძვრები განიცადა თანამედროვე ციფრულ ეპოქაში. ადრე თუ ათლეტების პიარი მხოლოდ სპონსორებზე, პიარ კომპანიებზე და ტრადიციულ მედიაზე იყო დამოკიდებული, დღეს სპორტსმენები თავად არიან კონტენტ კრეატორები და ქმნიან საკუთარი პერსონალური ბრენდის ნარატივს სოციალურ მედიაში.


დღეს მოგიყვებით ჩვენს დაკვირვებას, როგორ ვითარდება ათლეტ მარკეტინგი საქართველოში და რატომ უნდა მიაქციოს ამ პროცესს ყურადღება სპორტულმა ფედერაციებმა, ბრენდებმა და თავად სპორტსმენებმა.


ათლეტ მარკეტინგი საქართველოში - სად ვპოზიციონირებთ?

სპორტ მარკეტინგს და განსაკუთრებით კი ათლეტ მარკეტინგს ქართულ ბაზარზე ფეხის მოკიდება ახალი დაწყებული აქვს და უკვე შეგვიძლია იმის თქმაც, რომ განვითარების დიდი პოტენციალი გვაქვს. ამ პროცესების ათვლის წერტილად საქართველოს საფეხბურთო ნაკრების რებრენდინგს და ამის შემდეგ დაწყებულ წარმატებული სვლის სერიებს შეიძლება მივაწეროთ, ეს ყველაფერი კი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულმა ასპარეზობამ დააგვირგვინა. ნაკრების ფეხბურთელები საერთაშორისო მედიის რადარში მოხვდნენ, მას შემდეგ, ქართველი ხალხისთვის ისინი არიან არამარტო სპორტსმენები, არამედ მისაბაძი პიროვნებები, ყველა თავისებური გამორჩეული პერსონით.

Georgian Team
We will tell our grandsons

ამ პროცესის ნაწილად, აუცილებლად უნდა გამოვყოთ საქართველოს ბანკის პარტნიორობა საქართველოს ნაკრებთან - თანამშრომლობა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სპორტ მარკეტინგის განვითარებაში ქვეყანაში და შეილება ითქვას, სპორტ მარკეტინგის კონტენტი თუ კომუნიკაცია საერთოდ სხვა საფეხურზე აიყვანა. ნაკრების ფეხბურთელები კამპანიის საკომუნიკაციო გზავნილების მთავარ გამტარებად და ბრენდის სახეებად იქცნენ. 


მოვლენების ამგვარმა განვითარებამ, სხვა ბრენდებსაც უბიძგათ თავიანთ მარკეტინგულ კამპანიებში ადგილი ათლეტ მარკეტინგისთვისაც მოეძებნათ, ამის შედეგად კი მივიღეთ ისეთი კოლაბორაციები, როგორიცაა:

 



Crosty X Nakrebi

CROSTY & NAKREBI 

ქროსთის ბრენდმა სპეციალური დიზაინის ფეხსაცმელი გამოუშვა ნაკრების გერბის ელემენტით, რამაც ერთდროულად გამოკვეთა ეროვნული იდენტობის და ყოველდღიური სტილის მიქსი. კამპანიის განსაკუთრებული სიძლიერე სწორად შერჩეულ დროში იყო - 2024 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რაც პირდაპირ ეხმიანებოდა ბრენდის მთავარ სლოგანს - „თავისუფლება“. ამავე დროს, ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადების პერიოდმა მოლოდინისა და ემოციის ტალღა გააჩინა გულშემატკივრებში. სარეკლამო ფოტოებში ბუდუს, მამარდას და სხვების გამოჩენამ ქართველ გულშემატკივარს გაგვიჩინა სურვილი, გუნდის მხარდაჭერა ყოველდღიურ სტილში გამოგვეხატა. მაგრამ უცნაურია, ამ კოლაბორაციის შემდეგ, ქროსთის ბრენდს ყველანაირი კომუნიკაცია გაჩერებული აქვს ქართულ ბაზარზე, როგორც ვხედავთ ადგილობრივი მაღაზიაც კი დახურეს. გვიჩნდება კითხვა - რა მიზანს ემსახურებოდა CROSTY x NAKREBI კოლაბორაცია? იყო ეს ბრენდის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი თუ უბრალოდ, მოკლევადიანი თანამშრომლობა ერთჯერადი კამპანიით?



ADIDAS & KVARA 

ადიდასის და კვარას კოლაბორაცია ქართველი ათლეტის გლობალურ ბრენდთან პარტნიორობის პირველი შემთხვევაა. კვარა, როგორც ამომავალი ვარსკვლავი ევროპულ ფეხბურთში და ადიდასი, როგორც წამყვანი სპორტული ბრენდი მსოფლიოში, რომელიც თანამშრომლობს იმ სპორტსმენებთან, რომლებიც არა მხოლოდ მოედანზე აღწევენ წარმატებას, არამედ ქმნიან ისტორიას, რომლითაც ავთენტურად უკავშირდებიან მათ გულშემატკივარს. კვარაცხელიას გზა ეროვნული ლიგიდან ევროპის ტოპ ლიგამდე და საბოლოოდ ნაპოლიში მოპოვებული ჩემპიონობა - სწორედ ის ისტორიაა, რომელიც ბრენდს სჭირდებოდა. Adidas-მა სწორად შეაფასა კვარას ემოციური კავშირი ქართველ გულშემატკივართან და მისი სწრაფი აღზევება მსოფლიო ფეხბურთში. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი სიგნალია სხვა ქართული ბრენდებისა თუ სპორტსმენებისთვის, რომ ქართული სპორტი მზად არის ნაბიჯი გადადგას გლობალურ კომერციულ ასპარეზზე.

Adidas X Kvara



Mamardashvili Giorgi

MAMARDA

ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, მალევე გამოჩნდა გიორგი მამარდაშვილის და  PEPSI-ისთან თანამშრომლობა, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული ბრენდ-ათლეტ კოლაბორაციების ისტორიაში. ერთის მხრივ, პეპსი - საერთაშორისო ბრენდი, რომელსაც სარეკლამო კამპანიებში ხშირად ჰყავს სპორტის ვარსკვლავები, და მეორეს მხრივ, გიორგი მამარდაშვილი - ქართველი მეკარე, რომლის ისტორიაც სწრაფად იქცა ქართველი გულშემატკივრისთვის ემოციურ ნარატივად.

სულ ახლახანს ვიხილეთ მამარდას და   თიბისის კოლაბორაციაც, რომელიც როგორც გვპირდებიან რაღაც დიდი ამბის დასაწყისია. კამპანიის სლოგანია “როცა გჯერა’’ და მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობისთვის მხარდაჭერას და სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბანკსა და კონკრეტულ სპორტმენს შორის მსგავსი სტრატეგიული პარტნიორობა ფორმდება. ახალი სეზონიდან მამარდა კარიერას ლივერპულში გააგრძელებს, რაც კიდევ ერთი დიდი კარიერული ნახტომი იქნება მისთვის, საინტერესო იქნება რა სახის კამპანიებს შემოგვთავაზებს თიბისი მის ამ კარიერულ გზაზე. მაგრამ, ის უფრო საინტერესოა როგორ გააგრძელებს საქართველოს ბანკი ნაკრების თანამშრომლობის ფარგლებში მამარდაშვილთან პარტნიორობას. ვიხილავთ თუ არა მეკარეს საქ.ბანკის საკომუნიკაციო კამპანიებში, სხვა ნაკრების ათლეტებთან არა. შესაძლოა არა, მაგრამ როგორ მოხდება გამიჯვნა, საინტერესო ქეისია, ღირს დაკვირვებად.




WINGS FOR LIFE & KOCHORA

გიორგი ქოჩორაშვილი აქტიურად ერთვება სოციალურ და საქველმოქმედო კამპანიებში. ერთ-ერთი ასეთი იყო რედ ბულის Wings for Life World Run, გლობალური საქველმოქმედო გარბენი, რომლის მიზანიც ზურგის ტვინის კვლევის მხარდაჭერაა. ქოჩორაშვილმა შექმნა საკუთარი გუნდი და მოუწოდა გულშემატკივრებს მის გუნდში გაწევრიანებისკენ. მონაწილეებს ქონდათ შესაძლებლობა მოეგოთ ტური ლევანტეს თამაშზე ესპანეთში, რამაც გააერთიანა ფანების ჩართულობისა და საქველმოქმედო კამპანიის მიზნები. აღსანიშნავია ისიც, რომ ქოჩორაშვილის სოციალურ ქსელებში ხშირად ჩნდება Red Bull-ის პროდუქტი, რაც შესაძლოა მიუთითებდეს მომავალ ან არაოფიციალურ თანამშრომლობაზეც. თუმცა, ამ ეტაპზე ოფიციალური სპონსორული განცხადება არ გაკეთებულა.

Kochorashvili Giorgi

რისი პოტენციალი გვაქვს?

ათლეტის პერსონალური ბრენდის კომპონენტები შეიძლება იყოს ხილული და უხილავი. ხილული ბრენდინგ ელემენტები ლოგო, ფერთა პალიტრა, ფონტი და ა.შ., ხოლო უხილავია პერსონა, ღირებულებები, პრინციპები და ა.შ..

ქართველი ათლეტების გარკვეულ ნაწილს უკვე დაწყებული აქვთ საკუთარი ბრენდ პერსონის შენება. მაგალითად ქოჩორა, რომლის სოც. ქსელებს თუ დავაკვირდებით მარტივად ჩანს, რომ უკვე აშენებს საკუთარ პერსონალურ ბრენდს. აქტიურად აზიარებს მომენტებს მისი საფეხბურთო კარიერიდან, ვარჯიშებიდან. საკმაოდ ხშირი სტუმარია პოდკასტის სტილის გადაცემების, როგორც ქართულ, ისე ესპანურ მედიაში, სადაც აქტიურად საუბრობს მისი ცხოვრების სტილზე, რა გზებს მიმართავს საკუთარი თავის განვითარებისთვის, როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ დონეზე, ამ ყველაფრით ის გვაძლევს საშუალებას მოედნის მიღმა დავინახოთ ჩვენი საყვარელი ათლეტი.


თუმცა ჯერ არ გვინახავს არც ქოჩორას და არც სხვა ქართველი ათლეტის ხილული ბრენდინგ ელემენტები (ლოგო, ფერთა პალიტრა, ფონტი). ამ კუთხით ფორმულა 1-ის პილოტები წარმოადგენენ საუკეთესო მაგალითს. ყველა პილოტს აქვს საკუთარი ლოგო და ბრენდინგი, რომლის მიხედვითაც გენერირდება მათი კონტენტი სოციალურ მედიაში, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება Youtube პლატფორმის კონტენტზე. ეს ელემენტები ერთად ქმნიან სპორტსმენის უნიკალურ იმიჯს და განასხვავებენ მას სხვებისგან. პერსონალურ ბრენდს მათთვის გარდა ფანების ლოიალობისა, კომერციული მოგებაც მოაქვს, ამიტომ ორმაგად ზრუნავენ მის სტრატეგიულად განვითარებაზე, რაც ასე აკლიათ ქართველ ათლეტებს.


ქართული სპორტული ეკოსისტემის - ბრენდების, ფედერაციების და თავად ათლეტების ხელშია შესაძლებლობა, რომ ათლეტ მარკეტინგი გადაიზარდოს შედეგიან და სტრატეგიულ ინსტრუმენტად, რომელიც წაადგება ყველას: სპორტსმენს, ბიზნესს და გულშემატკივარს. გიორგი ქოჩორაშვილი ამ პროცესის ერთ-ერთი პირველი მაგალითია საქართველოში, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.


რეკომენდაცია ფედერაციებისთვის, ბრენდებისთვის და სპორტსმენებისთვის ერთია - დაიწყონ პერსონალური ბრენდინგის სტრატეგიული განვითარების პროცესი. ფედერაციებმა უნდა დააფასონ ბრენდის ღირებულება და გააძლიერონ სპორტსმენების ციფრული ჩართულობა. ბრენდებმა - იპოვონ ათლეტებში არა მხოლოდ მარკეტინგული არხი, არამედ რეალური პარტნიორი. სპორტსმენებმა კი გააცნობიერონ, რომ მათი ისტორია თამაშის მიღმაც გრძელდება.




შემდგომი კვლევისთვის:


  • იყო თუ არა Crosty x ნაკრები კოლაბორაცია გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი, თუ მხოლოდ ერთჯერადი კამპანია?

  • აქვთ თუ არა ქართველ ათლეტებს შემუშავებული პერსონალური ბრენდი და მისი სტრატეგია?

  • როგორ გაგრძელება მამარდაშვილის პარტნიორობა TBC-თან, მაშინ როცა საქართველოს ბანკი მთელი ნაკრების სპონსორია? — ეს საკითხი აჩენს ორი კონკურენტი ბანკის ბრენდული დაპირისპირების კითხვას სპორტულ მარკეტინგში.

 

ვიზუალებში გამოყენებული ფოტო მასა ეკუთვნის თითოეულ ბრენდს/ათლეტს და წარმოადგენს მათ ინტელექტუალურ საკუთრებას.



share: