რა არის 26 მაისს ბრენდების მთავარი სათქმელი?
brands-voice-for-indepenance-day

რა არის 26 მაისს ბრენდების მთავარი სათქმელი?

2026 წელი

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

26.05.2026

ნებისმიერ კრიზისს ერთი დადებითი მხარე აქვს – შეზღუდვებში ორიგინალური იდეები და გადაწყვეტები იბადება. შარშან, 26 მაისის ვიდეორგოლების შემაჯამებელ სტატიაში, ვწერდით: „დღეს დროშა დროშაზე მეტია, ნებისმიერი სიმბოლო სიმბოლოზე მეტია, ნებისმიერი იდეა, რომელსაც წელს კომპანია თავისი პლატფორმიდან გააჟღერებს, იდეაზე მეტია – რადგან ფონია ასეთი.“


კონტექსტი ისევ მძიმეა. უფრო მეტიც – მეტი პრობლემა, მეტი გამოწვევა, მეტი შეზღუდვა. ჰოდა, ერთად ვნახოთ, შეზღუდვებით თუ შეზღუდვების გარეშე, წელს რა გვითხრეს კომპანიებმა და სააგენტოებმა დამოუკიდებლობის შესახებ.

 

PSP x playmakers – ეს ვირუსია. თავისუფლება გადამდებია

ყველას გვახსოვს PSP-სა და playmakers-ის გასული წლის თანამშრომლობის შედეგი – „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ – რომელიც Ad Black Sea 2025-ის ტრიუმფატორი გახდა და ამას გარდა, საერთაშორისო ფესტივალებზე არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. ლოგიკურია, რომ წელს მათ მიმართ მოლოდინი ყველაზე დიდი იყო.


მეტაფორული აზროვნება წლევანდელ ვიდეოშიც გაგრძელდა, მაგრამ ამჯერად ბრენდთან უფრო ახლოს, ფარმაცევტულ კომპანიასთან ყველაზე ახლოს მდგომი თემა აირჩა თავისუფლების მეტაფორად – ვირუსი!


მთელი ვიდეო ქუჩაში დამონტაჟებული კამერების ანალოგიური კადრებითაა აგებული, თითოეულ ადამიანს ზუსტ ლოკაციასთან ერთად ახლავს მთავარი აღნიშვნა – freedom detected. რეფერენსი აშკარაა – წელიწადზე მეტია არაერთი მოქალაქის ყოველდღიურობად იქცა ქუჩაში, სამანქანო გზასა თუ ტროტუარზე, ქუჩის კამერების მიერ დაფიქსირებული კადრების გამო ჯარიმისა და რამდენიმედღიანი პატიმრობის მიღება.


ვიდეოს ხმად კი გვევლინება ვირუსთან ერთ-ერთი ყველაზე მეტად ასოცირებული ადამიანი – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი კორონავირუსის დროს – ამირან გამყრელიძე. ადამიანი, რომელიც მინიმუმ 2 წელი ვირუსის საფრთხის შესახებ გველაპარაკებოდა და აკრძალვების დაცვას გვირჩევდა, ახლა თავისუფლებაზე გველაპარაკება; ადამიანი, რომელიც დისტანციის დაცვისკენ მოგვიწოდებდა, ახლა გვეუბნება: ჩაეხუტეთ ერთმანეთს, ხელი ჩაკიდეთ. ირონიულია, არა? და თან საინტერესო.


გასული წლის სტატიაში, ვიდეოს და ბრენდის შესაბამისობის სექციაში ვწერდით, რომ PSP-ის ვიდეორგოლი ყველაზე მეტად არღვევდა ჩვენს მოლოდინებს. მეტაფორა მაშინაც სავსებით გასაგები იყო, მაგრამ ბიზნესთან კავშირი არ ჩანდა. წლევანდელ ვიდეოში კი ეს კავშირიც აღდგენილია: „ეს ვირუსია… რამდენსაც არ ეცადნენ სხვადასხვა დროში, ვერ დაამარცხეს – ვერც იზოლაციით, ვერც კარანტინით, ვერც ანტისხეულებით“ – ეს არის პროფესიული ლექსიკით გადმოცემული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მესიჯი.


და ამ სათქმელს იდეალურად კრავს LOUDspeakers-ის სიმღერა
rogor gavdzlebt aq? რომელიც ბენდმა სწორედ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მიუძღვნა.

 

TBC x playmakers – დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა!

თუ PSP-მ თავისუფლებას „ყველაზე გადამდები ვირუსი“ უწოდა, TBC-მ დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საფუძველი გვაჩვენა – გადაწყვეტილება; გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანამ, ბოლოს ოფიციალურად 1991 წლის რეფერენდუმის შედეგად მიიღო, მაგრამ ცალკეული ადამიანები ყოველდღიურად, დაბადების პირველივე წამებიდან ვიღებთ; გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ – ჩემთვითონ.



სწორედ ეს არის ვიდეოს მთავარი სიტყვა –
„ჩემთვითონ“. ეს, გრამატიკულად არასწორი სიტყვა, ჩვეულებრივ, ბავშვის მეტყველებაში გვხვდება. ბავშვის გონება ორ სინონიმურ კონსტრუქციას აერთიანებს – „ჩემით“ + „თვითონ“. სწორედ ამ სიტყვას შემოაქვს განსაკუთრებულად თბილი, ბავშვური, გულწრფელი ემოცია.


ვიდეოში ნაჩვენები ადამიანების ასაკი იზრდება, პერსონაჟები იცვლებიან, მაგრამ „ჩემთვითონ“ უცვლელი რჩება. ბავშვიდან მოხუცამდე – დამოუკიდებლობა აქ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მიღებული პირადი გადაწყვეტილებების ჯაჭვია.


თუკი 2025 წლის
ვიდეორგოლში თიბისიმ საქართველოს ისტორია „ჯენზურად“ და ზოგადად მოყვა, წელს თანამედროვე, რეალური ადამიანები გვიჩვენა, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ: მულახიდან მესტიამდე მარტო წასული ბავშვები ნინუცა ორჯონიკიძის ვიდეოდან; მაღალმთიან აჭარაში მომუშავე ახალგაზრდა მასწავლებელი ლუიზა შანიძე; ქალი, რომელმაც ინგლისური ტურისტებთან ურთიერთობით დამოუკიდებლად ისწავლა – ციცინო ზივზივაძე. არა წლების თუ საუკუნეების წინ მომხდარი, არამედ ახლანდელი, თანადროული ისტორიები; არა ის გმირები, რომელთა შესახებაც რეალური ამბები და ლეგენდები ერთმანეთში ირევა, არამედ თანამედროვე ადამიანები, რომლებიც დღევანდელ საქართველოს ქმნიან და დამოუკიდებლობის სულისკვეთებას გამოხატავენ.


ვიდეოს ფინალურ ეპიზოდში 1991 წელში ვბრუნდებით და ვხედავთ, როგორ ხდება პირადი „ჩემთვითონ“ კოლექტიური „ჩვენთვითონ“, რაც, თავის მხრივ, გვახსენებს, რომ დამოუკიდებლობა პირველ რიგში გადაწყვეტილება იყო – ჩემი, შენი, მისი – საქართველოს მოქალაქეების საერთო არჩევანი. აქედან ვიდეოს მთავარი სათქმელი – დამოუკიდებლობა ერთხელ მოპოვებული მდგომარეობა არ არის, არამედ მუდმივად მისაღები გადაწყვეტილება.


მელოდია აქაც კარგად მიჰყვება კადრებსა და ტექსტს – რობი კუხიანიძის
„დიმპიტაური“ – ქართული ხალხური ნოტები, თავისუფლების სულისკვეთება.

 

საქართველოს ბანკი x supermarket –  მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის

თუკი PSP-სა და TBC-ის ვიდეოებში ყველა ასაკის ხალხს ვხედავთ, საქართველოს ბანკის ვიდეორგოლი მთლიანად ახალგაზრდებზეა აგებული – ბავშვებზე, მოზარდებზე – მომავალზე, რომელიც „მოდის, არ ჩერდება“.


ვიდეოს დასაწყისში დაწერილი ფრაზა მთელ ვიდეოს განსაზღვრავს – „თავისუფლება ყოველდღე იბადება თავიდან“. შესაბამისად, როგორც TBC-
ში დამოუკიდებლობაა ყოველდღიურად მისაღები გადაწყვეტილება, ისე აქაც – თავისუფლება მუდმივად განახლებადი პროცესია.


მომავალი თაობა დანახულია, როგორც სტიქიური ძალა, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი აჩერებს:


„სადაც კარი დაკეტილი ხვდება, ფანჯრიდან შემოდის.

თუ საჭიროა, კედლებზეც გადის,

ყირაზე გადადის…“


ეს დაუმორჩილებელი ენერგია ყველაზე აქტიური ზმნური ფორმებითაა გადმოცემული: მოდის, ახტება, აჩქარებს, ანაცვლებს… შესაბამისი მოქმედებები კი დინამიკურ სიუჟეტს ქმნის. კადრები, გადაღება, მონტაჟი, ქასთი, თითოეული დეტალი (დავითიანით დაწყებული ყურზე ჩამოკიდებული ბლებით დამთავრებული) იმდენად მრავალფეროვანი, ზუსტი და ლამაზია, რომ  ფროდაქშენის დიდი შრომა აშკარაა.


ვიდეოს პირველ ნახევარს ანა კალანდაძის ლექსი „სხვა საქართველო სად არი“ ასრულებს – როგორც ერთგვარი კავშირი წარსულთან, მემკვიდრეობასთან. ლექსის შემდეგ ვიდეოს დინამიკა იცვლება, ჩქარდება, უფრო ენერგიული ხდება. მუსიკალური კომპოზიცია აქაც სიმბოლურია – „ახლა შენი დროა“.


საქართველოს ბანკის კამპანიები ყოველთვის მიჰყვება მის სლოგანს – არ გაჩერდე. გამონაკლისი არც 26 მაისის კამპანიაა. ბრენდის მთავარ გზავნილს აღნიშნული ვიდეო არამხოლოდ იმეორებს, არამედ პიროვნულიდან კოლექტიურამდე მიჰყავს, ეროვნული დამოუკიდებლობის კონტექსტში გადმოსცემს. ამდენად, მთავარი გზავნილი – „მომავალი არ ჩერდება“ – ბრენდის იდენტობის გაგრძელებაა.

 

ლიბერთი – დამოუკიდებელი ადამიანების ქვეყანა

TBC-ის მსგავსად რეალურ, თანამედროვე ადამიანებზე ააგო თავისი ვიდეო ლიბერთი ბანკმაც: „ნამდვილი ქალების, ნამდვილი ისტორიები“. თუმცა, თუკი სამივე ვიდეო მეტაფორული და სიმბოლოებით სავსე იყო, აქ მხოლოდ ერთი სიმბოლოა – დროშა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს არამხოლოდ ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. დროშაში ახალი არაფერია, ეს სიმბოლო ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ…

 


ვიდეო მოგვითხრობს სამი ქალის ნარატივს: მარი აწკარუნაშვილი 18 წლის წინ საბერძნეთში წასული ემიგრანტი დედისთვის გასაგზავნ დროშას კერავს, მანუშაკ მკრტჩიანი თავის მოსწავლეებთან ერთად საქართველოს დროშას ხატავს და სოფელ როდიონოვკაში, ფარავნის ტბის პირას შლის. თუმცა მაინც, ყველაზე პირდაპირი და ყველაზე ემოციური ლუდა სალიას ამბავია, რომელიც ყოველ 26 მაისს მავთულხლართებთან მიდის და საქართველოს დროშას აფრიალებს – როგორც თავისუფლების, შეურიგებლობის სიმბოლოს:


„ხშირად მეკითხებიან: არ გეშინია, როცა აქ მოდიხარ და რუსი ოკუპანტი შეიარაღებული დგას, შენ კიდევ ცხვირწინ დროშას უტრიალებ? ჩემთვის ეს არის პატარა გამარჯვება; რომ არ დავუთმობ რუსებს არასდროს, თუნდაც ერთ მტკაველ მიწა-წყალსაც. აქ ჩემი საქართველოა და მე ვიქნები აქ, სანამ ეს დასჭირდება ჩემს საქართველოს.“


მავთულხლართები ლიბერთის
2020 წლის ვიდეორგოლშიც ვნახეთ, 2022 წლის ვიდეოც საკმაოდ ძლიერი იყო, თუმცა რაც აქამდე წარსულის გმირების ამბებითა და კადრებით ითქვა, წელს პირდაპირ, აგრესიულად გაჟღერდა; სიტყვებით, რომლის თქმისგანაც ზოგი თავს იკავებს – რომ რუსეთი ოკუპანტია; რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა; რომ ერთ რიგით ქართველ ქალს „მტრის გაღიზიანება“ მის ცხვირწინ დროშის ფრიალით ვერ შეაშინებს!


ემიგრაცია, ოკუპაცია, ქართული ენის სწავლება და სახელმწიფოებრიობის გაგება ეროვნული უმცირესობებში – ლიბერთიმ სამი დიდი თემა ერთ ვიდეორგოლში წარმოგვიდგინა.

 

შეჯამებისთვის

წინა წლებისგან განსხვავებით კომპანიებს არაერთხელ მოყოლილი საქართველოს ისტორია ახლიდან აღარ მოუყოლიათ, პირიქით – უახლეს მოვლენებზე, რეალურ ადამიანებსა და რეალურ პრობლემებზე კონცენტრირდნენ.


ყველა განხილულ ვიდეოში მთავარი მოქმედი ძალა ადამიანია, ინდივიდი და არა სახელმწიფო თუ კონკრეტული ინსტიტუცია; ადამიანები, რომელთა გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ქვეყნის ბედს და ხშირად ცვლის კიდეც ისტორიას.


ისტორიის შემცვლელი ერთგან მთელი მოსახლეობაა, სხვაგან – მომავალი თაობა, თუმცა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის თემა ყველა ვიდეოს საერთო აქვს.


ალბათ სწორედ ეს არის ბრენდების 2026 წლის 26 მაისის მთავარი სათქმელი: დამოუკიდებლობა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა.
დღეს ეს პასუხისმგებლობა განსაკუთრებით დიდია, რადგან ქვეყნის სიყვარული საკმარისი არასოდეს ყოფილა და არც ახლაა. 

 

 

 

share: