ბრენდების ყველაზე ძლიერი გზავნილები
Ad Black Sea Festival Cases

ბრენდების ყველაზე ძლიერი გზავნილები

Ad Black Sea 2025 WINNERS

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

22.09.2025

Ad Black Sea 2025-ზე ერთ-ერთმა სპიკერმა თქვა, რომ სარეკლამო ინდუსტრია არ უნდა იყოს მიმართული მხოლოდ გაყიდვების ზრდისკენ, არამედ ეცადოს, დადებითი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე. მართლაც, ერთ კამპანიას ძირეული ცვლილებების მოხდენა შეუძლია (თუნდაც ერთი ადამიანის ცნობიერებაში).


წლევანდელი Ad Black Sea-ის ნომინაციებიდან სწორედ იმ კამპანიებზე მინდა მოგიყვეთ, რომლებმაც ჟიურის (და ჩვენი) აზრით, ყველაზე ძლიერი გავლენა მოახდინეს საზოგადოებაზე და, შესაბამისად, ფესტივალზეც არაერთი ჯილდო მიიღეს.


Zoommer x Supermarket Agency – We Don’t Believe in Gender Empowerment

AD Black Sea Cases

„ყველა ქალი შესანიშნავია. ყველა ქალი აღსანიშნავია“ – გვითხრა ზუმერმა და ეს იყო ამ წლის მარტის კამპანიების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გზავნილი. ზუმერის ვიდეორგოლის კონცეფცია გენდერული თვალსაზრისით საკმაოდ ჯანსაღია. მართალია თემა არახალია, მაგრამ მიდგომა – განსხვავებული, რადგან დღემდე არაერთი პროექტი მოიაზრებს თავის მისიაში სწორედ ქალთა გაძლიერებას.


„ქალებს გაძლიერება კი არ სჭირდებათ, გაძლიერება გარემოს სჭირდება“ – კამპანია მხოლოდ ამ ფრაზის გამოც კი იმსახურებდა ჯილდოს და მიხარია, რომ ასეც მოხდა: სპეციალური პრიზი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. რომ არა მიმდინარე მოვლენები და მათკენ მიმართული კამპანიები, რომლებმაც ყველა და ყველაფერი გადაფარა, ვფიქრობ, ეს გზავნილი უფრო მეტ ჯილდოს აიღებდა, მათ შორის, ოქროსაც.


PSP x Playmakers – It’s a Girl 

AD Black Sea Cases

თუკი ზუმერის კამპანიას ძლიერი გზავნილი ვუწოდე, პსპ-ის კამპანიას ემოციური გზავნილი შეიძლება დავარქვათ, რომელმაც სხვადასხვა ნომინაციაში ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მანამდე კამპანიამ ვერცხლი და ბრინჯაო აიღო Kyiv International Advertising Festival KIAF КМФР-ზე


ამ კამპანიას გაშვებისთანავე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ასევე ბევრი ადარებდა ზუმერის კამპანიას ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. ბევრი წერდა და მათ შორის, მეც, რომ იყო ქალი, გაცილებით მეტია, ვიდრე მაკიაჟი და თავის მოვლის პროდუქტები. მაგრამ ახლო წარსულში სააგენტოს ვესაუბრე ზუსტად ამ თემაზე და როგორც მითხრეს, კონტრასტის ეფექტის მიღწევა იყო მიზანი, ისევე როგორც ფერების სიმბოლიკის – მკვეთრი ვარდისფრიდან შავამდე.


საქართველოს ბანკი x Supermarket Agency – Independence: First Person Experience & Iveria - The independence issue

AD Black Sea Cases

დამოუკიდებლობის დღისთვის საქართველოს ბანკმა და სუპერმარკეტმა ვიდეორგოლით ისტორია გააცოცხლეს. გარდა ამისა, ივერიის სპეციალური ნომერი გამოუშვეს და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დროული იდეა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე.


ვიდეორგოლით გვიჩვენეს, რომ ისტორიას ყოველთვის თავად ადამიანები წერენ და გვითხრეს: „შენ არ ხარ ისტორიის მაყურებელი, შენ ხარ მისი მოქმედი გმირი“. ივერიის ახალი ნომრით კი შეგვახსენეს, რომ მედიას ყველა დროსა და ყველა ქვეყანაში უდიდესი როლი აქვს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სააგენტომ გააცოცხლა ივერია, როგორც მებრძოლი პრესის ერთ-ერთი სიმბოლო, და დამოუკიდებლობის დღეს გამოსცა, როგორც შეხსენება, რომ თავისუფალი მედია ნიშნავს თავისუფალ ქვეყანას.


First Person Experience-მა ოქრო აიღო ნომინაციაში Brand Experience & Activation: Integrated Brand Experience, ბრინჯაო – ნომინაციაში Use of Print & Outdoor ხოლო ივერიის იდეამ – ოქრო ნომინაციაში Print & Publishing: Magazines & Newspapers.


საქართველოს ბანკი x Garnamatak – Kupata’s Legacy

AD Black Sea Cases

კუპატასადმი მიძღვნილი ანიმაციური ვიდეორგოლის შესახებ ივნისის შეჯამებაში გიყვებოდით. შეგახსენებთ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს ბანკმა ბათუმელი ძაღლი, სახელად კუპატა, გაგვახსენა – ბავშვების ერთგული თანამგზავრი, რომელიც „ზებრაზე“ გადასვლაში ეხმარებოდა პატარებს, ხოლო მძღოლებს, რომლებიც არ გააჩერებდნენ, უყეფდა. 


სავსებით სამართლიანად მიიღო 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო. შესაბამისად, კლიპი რამდენჯერმე უჩვენეს დაჯილდოების დროს და აშკარა იყო, რამდენად დიდი ემოციური გავლენა მოახდინა მაყურებელზე რამდენჯერმე ნახვის შემდეგაც კი.

 

საქართველოს ბანკი – #არგაჩერდე

AD Black Sea Cases

კამპანიამ ვერცხლი აიღო ნომინაციაში Long-Term Strategy. საქართველოს ბანკი უკვე ხუთი წელია გვეუბნება #არგაჩერდე, ყველა დიდი თუ პატარა კამპანია ამ გზავნილით არის შთაგონებულიც და გაძლიერებულიც, შედეგად, საკმაოდ დასამახსოვრებელი მომენტები იქმნება.


#არგაჩერდე იმდენად უნივერსალური გზავნილია, რომ ერგება ყველაფერს: განათლებას, კარიერას, შესაბამისად, იქმნება დასამახსოვრებელი კამპანიები: „განათლების გზაზე არ გაჩერდე“, „განვითარების გზაზე არ გაჩერდე“, „სიახლეების გზაზე არ გაჩერდე“, „ჩვენ თუ გავჩერდებით, ოკუპაცია არ გაჩერდება“ და სხვ.


ცალკე უნდა გამოვყო სპორტის მიმართულება, სადაც ასევე წარმატებით ინტეგრირდა კამპანიები: „არ გაჩერდე, საქართველო“ – ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს; „რატომ უნდა გაჩერდე?“ – საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მხარდასაჭერად.


ასე რომ, საქართველოს ბანკის ბრენდპლატფორმა საკმაოდ ძლიერია, რომლითაც მან თავისი ნიშა დაიკავა, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მიმართულებით საზოგადოების დიდ ნაწილს ანთებს და სასურველ ემოციას აღძრავს.

 

ბათუმელები x Supermarket Agency – MZIA – 12 Citizens

AD Black Sea Cases

მრგვალი მაგიდა, 12 განსხვავებული პროფესიის ადამიანი, როგორც 12 ნაფიცი მსაჯული, სხვადასხვა სათქმელი, ერთი თემა, ერთი აბსურდი, ერთი პოზიცია – მზია ამაღლობელის ამბავი არაფერში არ ჯდება – გვითხრეს მათ და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ვიდეორგოლი, რომელიც ვირუსულად გავრცელდა.


MZIA – 12 Citizens – 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და რაც მთავარია, მიმდინარე მოვლენების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს ამბის შეფასება ადამიანებისგან, რომლებმაც ბევრის სათქმელი თქვეს.

 

და ბოლოს, ფესტივალის ტრიუმფატორი – PSP x playmakers agency – Birds Never Forget to Fly

AD Black Sea Cases

„ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ – 12 ნომინაცია, 8 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და რაც მთავარია, ფესტივალის გრან პრი!


ტრიუმფატორ ვიდეორგოლზე წინა სტატიაში ვისაუბრე, აქ კი მოკლედ ვიტყვი: ეს არის ვიდეორგოლი, რომელშიც ერთდროულად ჩანდა წინააღმდეგობა და იმედი. ისმოდა არამხოლოდ ანდროს, არამედ ყველა იმ ადამიანის ხმა, რომელიც რეალურ თუ წარმოსახვით გალიაშია.

 

რას გვეუბნება გამარჯვებულთა სია ბრენდებზე?

წლის საუკეთესო ადგილობრივ კლიენტად PSP დასახელდა და სწორედ მან აიღო ყველაზე ბევრი – 18 ჯილდო.


როდესაც „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ ვნახეთ, პირველი ეფექტი, ცხადია, დრამატულობამ მოახდინა, მაგრამ მოგვიანებით შეკითხვა გაჩნდა: რა შუაშია PSP, სააფთიაქო ქსელს უნდა ელაპარაკა ამაზე? და სწორედ აქ ცდებოდნენ ისინი.


მნიშვნელობა არ აქვს, რას ყიდი ან საერთოდ ყიდი თუ არა რამეს. როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება, ყველას ეხება, ყველას გვეხება. თავის მოჩვენება და ფერად ფონზე დარჩენა საზოგადოების ნაწილში გაღიზიანებას იწვევს. მას აუცილებლად ემახსოვრება, შენ რას ეუბნებოდი, როცა სტკიოდა.


აქედან გამომდინარე, წლევანდელი გამარჯვებულთა სია ბრენდებზე გვეუბნება, რომ გაიმარჯვებს ის, ვინც კონტექსტთან ადეკვატურობას შეინარჩუნებს; არ დარჩება ილუზიებში და მისცემს მომხმარებელს იმას, რაც იმ მომენტში სჭირდება.


თუკი გამარჯვებულ კამპანიებს დავაკვირდებით, რამდენიმე საერთო მახასიათებელი მკაფიოდ ჩანს:


  • კონტექსტთან კავშირი – ყველა გამარჯვებული ქეისი პასუხობდა მიმდინარე მოვლენებსა და საზოგადოების განწყობას; თითოეულ მათგანს ჰქონდა კონკრეტულ რეალობაზე მორგებული გზავნილი.
  • ემოციური გავლენა – გამარჯვებული კამპანიები არ არის მხოლოდ კარგად ნაფიქრი, თითოეული მათგანი არის დრამატული და ემოციური როგორც შინაარსის, ისე რეჟისურის მხრივ; შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომავალში კინოს ეფექტები კიდევ ბევრ ვიდეორგოლში გამოჩნდება.
  • სოციალური მნიშვნელობა – წლევანდელი გამარჯვებულები მხოლოდ პროდუქტის ან სერვისის გაყიდვაზე არ საუბრობდნენ. მათი მთავარი მიზანი იყო ღირებულებების გაჟღერება, რომელთაგან უმთავრესია: თავისუფლება, თანასწორობა, პასუხისმგებლობა.
  • სითამამე – გამარჯვებულებმა გაბედეს, ესაუბრათ თემებზე ზუსტად მაშინ, როდესაც ბევრი ბრენდი ჩუმად იყო.
  • გავლენის მასშტაბი – გამარჯვებულ ქეისებს ჰქონდათ გავრცელების ძალა; მასშტაბი, რომელიც მკვეთრად გასცდა სარეკლამო სივრცეს.

გამარჯვებულთა სია მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ გაიმარჯვებს ის ბრენდი, რომელსაც ესმის კონტექსტი და არ ირჩევს სიჩუმეს, როცა საზოგადოებას მისი ხმა სჭირდება.

 

რას გვეუბნება გამარჯვებულთა სია სააგენტოებზე?

სააგენტოებს ხომ დააკვირდით? ორი ტრიუმფატორი გვყავს – playmakers და supermarket. Playmakers წლის საუკეთესო სააგენტო გახდა. Supermarket - კი წლის საუკეთესო დიზიან სტუდიო.


Playmakers სამი წელია არსებობს და ამ დროის განმავლობაში ბევრი დასამახსოვრებელი კამპანია შექმნა. წლის სააგენტოს ჯილდო სავსებით დამსახურებულია და ფაქტია, საკუთარი ადგილების დაკავებასაც ვერ ასწრებდნენ, ისევ სცენაზე იწვევდნენ მორიგი ჯილდოს ასაღებად. Playmakers-ის გზავნილი – „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ – ჩანდა და ჩანს ყველგან – სწორედ ეს არის მასშტაბური კამპანია, რომელიც, ერთი მხრივ, ანთებს ადამიანებს, მეორე მხრივ, აცოცხლებს კრეატიულ ინდუსტრიას.


Supermarket სულ რამდენიმე თვის წინ შემოვიდა ბაზარზე და ფაქტია, თავს წარმატებით იმკვიდრებს. მართალია სააგენტოს წევრებს ათეული წლების გამოცდილება აქვთ, მაგრამ მათი ახალი სააგენტო უკვე ახალი ხედვითა და სითამამით გამოირჩევა.


წლევანდელი გამარჯვებულთა სია სააგენტოების შესახებ გვეუბნება, რომ მოიგებს ის, ვინც უსმენს ხალხს და იაზრებს კონტექსტს; ის, ვინც თამამი და ძლიერი გზავნილებით გამოირჩევა.

 

დასკვნისათვის:

Ad Black Sea 2025 ბევრი მხრივ იყო გამორჩეული, მაგრამ ერთი რამ უტყუარია – თავისუფლება, დამოუკიდებლობა, წინააღმდეგობა, წარსული და მომავალი ასეთი აქტუალური არასდროს ყოფილა კრეატიული ინდუსტრიისთვის. ვინც ეს აქტუალობა ასახა კამპანიებზე, მან გაიმარჯვა ფესტივალზე და არამხოლოდ ფესტივალზე.


რითაც დავიწყე, იმით დავამთავრებ – დღეს კრეატიული ინდუსტრიის ხარისხს განსაზღვრავს არა ის, ამ კამპანიით რამდენს გავყიდით, არამედ ის დადებითი გავლენა, რასაც საზოგადოებაზე მოვახდენთ.


და რა გავლენას ახდენ შენ?

 

 

ედიტორიალის წარმდგენია თიბისი




share: