ვის რჩება მომხმარებელი და ვის – კონტენტი
tbilisi open air 2026
როდესაც ღონისძიებებზე ბრენდის აქტივაციის ზონებს ვათვალიერებთ, რამდენიმე მიმართულებით ვფიქრობთ ხოლმე, მაგრამ მთავარი დაკვირვების საგანი მაინც ეს არის – ვის შეუძლია აუდიტორიასთან საუბარი და ვის უნდა უბრალოდ ჩანდეს.
მართლაც, დიდი განსხვავებაა უბრალოდ დადგმულ სტენდსა და ბრენდის აქტივობებს შორის. ბრენდი, რომელიც რაიმე სახის გამოცდილებას სთავაზობს სტუმარს, ყოველთვის მეტად დასამახსოვრებელია. მით უმეტეს, რომ ღონისძიებები კარგი ადგილია ახალი მომხმარებლის მოსაზიდად, ძველის ლოიალობის გასამყარებლად, ახალი პროდუქტისა თუ სერვებისების გასაცნობად და სხვ.
სწორედ ამ მიმართულებით ვაკვირდებოდით ბრენდებს tbilisi open air 2026-ზე და ჩვენს ხედვას თქვენც გაგიზიარებთ.
რა თქმა უნდა, ფესტივალის მთავარი მხარდამჭერით, თიბისით უნდა დავიწყო. მართალია, პირველ დღეს მათი აქტივობა ვერ ვნახეთ, რადგან მცირე დროით მიმდინარეობდა და დროში ავცდით, მაგრამ მეორე დღეს დავემთხვიეთ. თიბისიმ რამდენიმე დღის წინ მობაილ ბანკში საგანძურის მარათონი დაიწყო, სადაც ერთმანეთს ოთხი საგვარეულო ეჯიბრება. მარათონს ყოველდღიურად ემატება მისიები და ფულადი პრიზის მოგების შანსიც ყოველდღეა. open air-ზე აქტივობის წინაპირობად სწორედ საგანძურის მარათონში მონაწილეობა აიღეს – ის, ვინც ადგილზე შეასრულებდა მისიებს, ბორბალსაც ის ატრიალებდა და შესაბამის საჩუქარს იღებდა.
მთელ ფესტივალზე იყო Jacobs, რომელიც მათი ახალი პროდუქტით – ცივი ყავით გვიმასპინძლდებოდა. წლევანდელი open air-ისთვის მათი კონცეფცია მთლიანად ენერგიის მიღებაზე იყო აწყობილი – ყავით ენერგიას იღებ, თამაშით ერთობი, კარაოკეში მღერი, მეორე სართულზე საქანელებზე ისვენებ და მობილური თუ დაგიჯდა, იქვე ტენეს კაბელებით ტენი.
ზუმერი შარშანდლის მსგავსად ფოტობოქსით იყო წარმოდგენილი, ოღონდ, თუ შარშან ალბომის ფორმა ჰქონდა, წელს ინსტაგრამის ახალი ფუნქციის – instant-ის ვიზუალი აიღეს.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი სივრცე ეკავა betsson.sport-ს და მათი აქტივობებიც, ცხადია, მსოფლიო ჩემპიონატის გარშემო ტრიალებდა. 1/8 ფინალების საყურებლად დიდი ეკრანი იყო მოწყობილი, სპეციალურად ამ მატჩებისთვის კი Fantasy-ის გათამაშება. სტენდთან მისული სტუმარი, რომელიც აპლიკაციაში რეგისტრაციის გზით ბეთსონის გათამაშებაში ჩაერთვებოდა, სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისა და open air-ისთვის შექმნილ მერჩს იღებდა, მთავარი პრიზი კი Airpod Max იყო. ბეთსონმა მსოფლიო ჩემპიონატთან ერთად დაიწყო ფენტეზი და open air-ზე მომხმარებლებისთვის ამ გამოცდილების ლაივ რეჟიმში შეთავაზება ნამდვილად ეფექტური იყო.
თუკი შარშან კოკა-კოლას მუსიკალური შეჯიბრება ჰქონდა, წელს რეაქციის ტესტი შემოგვთავაზეს (რომელიც, სხვათა შორის, ძალიან რთული იყო!). მონაწილეობის წინაპირობა აპლიკაციის გადმოწერა იყო, შემდეგ ორი მონაწილიდან ვინც მოიგებდა, დარტსის ითამაშებდა და შესაბამის პრიზს მოიგებდა, მეორე მონაწილეს კი კოკა-კოლას სასმლის სტენდთან სასმელს ჩუქნიდნენ.
თამაშებისთვის ინსტაგრამ გვერდების გამოწერა იყო წინაპირობა Lay’s-ისთან და Kiskisi-სთან, მარტივი თამაშები ჰქონდათ trolli-ის სტენდთან, cellfie სიმ-ბარათებს არიგებდა 1-კვირიანი ულიმიტო პაკეტით, ევოლუშენის სტენდთან ბორბალს ატრიალებდი და სხვ.
და ბოლოს, ძალიან ნაყოფიერად გამოიყენა open air-ის სივრცე Tasteit-მა. აპლიკაციაში open air-ის რეჟიმი დაამატეს მათთვის, ვინც ფესტივალზე მარტო იყო მისული ან უბრალოდ მეწყვილეს ეძებდა. ასევე, ფესტივალის მთელ სივრცეში თავიანთ სტიკერებს აკრავდნენ QR კოდით, მაგრამ მთავარი მაინც აქტივობა იყო. სტენდთან ჰქონდათ ძველი ტელეფონი წარწერით – დაურეკე შენს ყოფილს და მოიკითხე. „ზარის“ შემდეგ კი პარტნიორ კვების ობიექტებთან 1+1 შეთავაზების ვაუჩერს გჩუქნიდნენ. იდეის ჩანაფიქრი სიმბოლური ზარები იყო, მაგრამ მონაწილეების დიდმა ნაწილმა რეალურად დაურეკა ყოფილს (ერთ-ერთი ვიდეო იმდენად ემოციური იყო, რომ სოც.ქსელშიც გავარდა). საბოლოოდ, Tasteit-მა არა მხოლოდ თავისი ბრენდი გააცნო სტუმრებს, არამედ სწორედ ის ემოციური გამოცდილება შექმნა, რაზეც დასაწყისში ვისაუბრე. და ხო, Tasteit-ს ყველაზე პატარა სტენდი ჰქონდა.
შეჯამებისთვის
რაც უნდა იყოს აქტივობის წინაპირობა – აპლიკაციის გადმოწერა, რეგისტრაცია, ინსტაგრამგვერდის გამოწერა თუ სხვა – მთავარია რა ხდება ამ ნაბიჯის შემდეგ. თამაშის შემდეგ აპლიკაციასაც მარტივად წაშლი და გვერდსაც გაუუქმებ გამოწერას, თუკი რამემ არ დაგაკავა. ასე რომ, ბრენდების მხარეს მთავარი გამოწვევა ემოციური გამოცდილება, რეალური სარგებლისა და ღირებულების ჩვენებაა.
აბა, მომავალ open air-მდე!