ვის შეუძლია აუდიტორიასთან საუბარი და ვის უნდა უბრალოდ ჩანდეს?
minds&marketing tbilisi open air 2025-ზე
ვის შეუძლია აუდიტორიასთან საუბარი და ვის უნდა უბრალოდ ჩანდეს? – ეს იყო minds&marketing-ის მთავარი დაკვირვების საგანი Tbilisi Open Air 2025-ზე.
როგორც იცით, წელს Tbilisi Open Air არ იყო მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი, არამედ კულტურული, საზოგადოებრივი ღონისძიება, სადაც პროტესტის, სოლიდარობისა და თავისუფლების ხმა ჟღერდა. ეს განწყობა აისახა წარმოდგენილ სივრცეებსა და სტენდებზეც. მაგალითად, Freedom Village-ში წელს ევროპის საბჭოს ოფისი, project 64 და გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“ დაგვხვდა. ასევე იყო ბუნებრივი ღვინის ფესტივალისა და თბილისის წიგნის ბაზრობის სივრცეები. მოკლედ, თითქმის ყველაფერი, რაც დღეს მუსიკასთან ერთად უნდა „ჟღერდეს“.
ახლა კი მოდი ბრენდებზე ვილაპარაკოთ.
თუკი ახალი თიბისი ბარათი ჯერ არ აგიღიათ, თიბისი ბანკი მოტივაციას არ მოგაკლებთ მის ასაღებად, მაგალითად Open Air-ის განმავლობაში ნებისმიერ ობიექტში თიბისი ახალი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას 20% ქეშბექი მოქმედებდა. ასევე ინფლუენსერების ვიდეოები აუცილებლად შეგხვდებოდათ, რადგან Open Air-ის პარტნიორობის პრეკამპანიის ფარგლებში უშუალოდ თიბისიმ არაერთ ინფლუენსერთან ითანამშრომლა. ზოგადად რამდენად რელევანტურ ინფლუენსერებს ირჩევენ ბრენდები თანამშრომლობისთვის, ამაზე ახლო მომავალში ვრცლად გესაუბრებით, ამიტომ ახლა აქ არ შევჩერდები და სხვა ბრენდებზე გადავალ.
ინფლუენსერები ასევე დაგვხვდნენ იზიპიზის და ზუმერის სტენდებთან. იოანემ და მაჰამ იზიპიზის სტენდთან სათვალეები გაათამაშეს და სხვათა შორის, სწორედ გათამაშებიდან გავიგე, რომ ახალი მოდელი აქვთ სახელად „ქრაში“. კარგია, კარგი, მიყვარს ინფორმაციული გათამაშებები.
არანაკლებ გასართობი იყო ზუმერის სტენდი, სადაც ალბომის ქავერის ბოქსი იყო განთავსებული და სახალისო ფოტოების გადაღება შეგეძლო. რა თქმა უნდა, იქვე იყო VR სათვალე, რომელიც თითქმის სულ ვიღაცას ეკეთა და ნამდვილად კარგად ერთობოდნენ. მთელი დღე ვფიქრობდი, რა მაკლდა ამ ფესტივალზე და... ფირის თუ ციფრული კამერებიც რომ წამოეღო ზუმერს, კარგი არ იქნებოდა თქვენი აზრით? მე მგონი, მოუხდებოდა ფესტივალსაც და ადგილზე გაყიდვის შანსიც არის.
სანამ სტენდებს შორის დავდიოდი და ვფიქრობდი, რა დამელია, გოგონა მაჩერებს: „იოგურტი შემიძლია შემოგთავაზოთ“ და პარმალატის იოგურტს მაწვდის. ალბათ ყველაზე მოულოდნელი ბრენდი და პროდუქტი იყო, ვინც შეიძლებოდა Open Air-ზე მენახა, მაგრამ ირგვლივ იმდენი ორსული და მცირეწლოვანი ბავშვი დავინახე, რომ ჰო, ალბათ იოგურტიც საჭიროა. ყოველ შემთხვევაში, სახლში წამოვიღე და ორი დღეა მახსოვს. მადლობა, თავი ნამდვილად დამამახსოვრეთ.
კიდევ ერთი, ერთი შეხედვით მოულოდნელი, კომპანია athome.ge იყო, რომლებმაც ისეთი გეიმინგ სივრცე მოაწყვეს, რომ სკამი ცარიელი არ დარჩენილა. ერთი შეხედვით, მუსიკალურ ფესტივალზე და ღია სივრცეში, თითქოს სწორედ სახლიდან გავრბივართ, მაგრამ athome-მა დამარწმუნა, რომ კარგ კომპიუტერს და თამაშს შეუძლია ირგვლივ ყველაფერს მოგწყვიტოს და გეიმინგ სკამზე მყარად დაგსვას.
ახლა კი ჩემი ფავორიტის დრო დადგა – ბრენდი, რომელმაც მაფიქრებინა, რომ სწორედ ის იყო, რასაც ვეძებდი – ყველაზე რელევანტური, თანამედროვე – ის, ვინც მზადაა კომუნიკაციისთვის. სანამ კოკა-კოლას სივრცეს დავინახავდი, რიგი დავინახე, უზარმაზარი რიგი, რომელსაც თვალი გავაყოლე და აი, ისიც – სამ მოთამაშეს რამდენიმე სიმღერას ასმენინებდნენ, ვინც ყველაზე მეტ სიმღერას გამოიცნობდა, საჩუქრების ბორბალს დაატრიალებდა და შესაბამის საჩუქარს იღებდა.
მე მონაწილეობა არ მიცდია, რიგშივე მივხვდი, რომ ნაკლები შანსი მქონდა, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში რიგი არ შემწყდარა. აა, ხო, მთავარი დამავიწყდა – ითამაშებდი, თუ კოკა-კოლას აპლიკაცია გექნებოდა გადმოწერილი. Sounds clever, right? ეს იყო ბრენდი, რომელმაც თამაშის ენით აუდიტორიასთან ინტერაქცია შექმნა და ამავე დროს, იგი ციფრული პროდუქტის პრომოციისთვის გამოიყენა.
წელს ჩემი ყურადღება ამ ბრენდებმა მიიპყრო, მაგრამ იქნებ ვინმე გამომრჩა? ამიტომ იმ შეკითხვას, რომელიც წასვლამდე ამ ბლოგისთვის გავამზადე, თქვენ გიტოვებთ – როგორ ფიქრობთ, ვის შეუძლია აუდიტორიასთან საუბარი და ვის უნდა უბრალოდ ჩანდეს?
მომავალ Open Air-მდე!