ქალები ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში
#make-appტუტორიალის case study
make-up changed its name to make-app?
ტექნოლოგიური ინდუსტრია დიდი ხანია მამაკაცებით დომინირებული სფეროა, მაგრამ რაც უფრო იშლება ზღვარი „ქალურ“ და „კაცურ“ პროფესიებს შორის, რაც უფრო ხელმისაწვდომი ხდება ტექგანათლება, მით უფრო მეტი ქალი ირჩევს აღნიშნულ სფეროს.
პროფესიულ არჩევანს ბევრი რამ განსაზღვრავს: გარემო, ოჯახი, მიმდინარე პროცესები, ტენდენციები, პოპკულტურა... ამ უკანასკნელის შესახებ სწორედ ახლო წარსულში ვწერდით, როცა გენდერული სტერეოტიპები კრეატიულ ინდუსტრიაში მიმოვიხილეთ. დღეს კი ვისაუბრებთ, ერთი მხრივ, როგორ შეუძლია კომპანიას ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას ტექმიმართულებით და მეორე მხრივ, როგორ მუშაობს კრეატიული ინდუსტრია აღნიშნული მიზნის სასარგებლოდ.
talking about #make-app during doing make-up
რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელებში ქალი ინფლუენსერების ვიდეოები გავრცელდა, სადაც თიბისის Crash კურსების შესახებ გვიყვებოდნენ. ყველამ სხვადასხვა ამბავი მოჰყვა, თუმცა ძირითადი ინფორმაციის გარდა ამ ვიდეოებს ერთი რამ ჰქონდათ საერთო: ყველა მათგანი მაკიაჟის კეთების დროს იყო გადაღებული.
დამთხვევაა თუ ბრიფში გაუწერეს? მაკიაჟის დროს ტექნოლოგიებზე საუბარი ადეკვატურია? ანუ გოგოების ყურადღებას მხოლოდ მაკიაჟით მიიქცევთ? – შეკითხვები გაჩნდა.
დამკვეთი: თიბისი
სააგენტო: playmakers
მიმართულება: ინფლუენსერ მარკეტინგი
გამოწვევა: 10 დღის განმავლობაში საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება ტექნოლოგიური მიმართულებით მოზარდი გოგოების დაინტერესების მიზნით, კონკრეტულად – საზაფხულო Crash კურსებით.
ვინაიდან, როგორც ახალი პროგრამის, ისე კამპანიის საფუძველს წარმოადგენს ტექნოლოგიების სფეროში ქალების გაძლიერება მათი დაინტერესების გზით, მიმოვიხილოთ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ მსოფლიოში და კონკრეტულად – საქართველოში.
რა ხდება მსოფლიოში?
მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სფეროებში ქალები მსოფლიო სამუშაო ძალის მესამედზე ნაკლებს შეადგენენ.
womentech.net-ის მიხედვით, მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში ქალები უმცირესობაში არიან. კერძოდ:
- Amazon-ში, Facebook-ში, Apple-ში, Google-სა და Microsoft-ში ქალი თანამშრომლების წილი, შესაბამისად, მთლიანი სამუშაო ძალის 45%, 37%, 34%, 33% და 33.1%-ია.
- რაც შეეხება ხელმძღვანელ თანამდებობებს, ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 29%, 34%, 31%, 28% და 26%-ია.
ტექნოლოგიურ სამუშაოზე განაცხადის შემტანთა შორის ქალთა წარმომადგენლობა ყველაზე მაღალია უმცროსი დონის პოზიციებზე. რაოდენობა მცირდება საშუალო დონის პოზიციებზე და შემდეგ კვლავ მცირდება უფროსი დონის პოზიციებზე.
გენდერული დისბალანსი აგრეთვე შესამჩნევია კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, მაგალითად, მსოფლიო მასშტაბით გაცილებით მეტი ქალი ირჩევს UX/UI / Web Design-ს, განსხვავებით Software Engineering-ისგან.
რა ხდება საქართველოში?
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ანგარიშის DIGITAL ECOSYSTEM DIGEST-ის მიხედვით (რომელიც, თავის მხრივ, საქსტატისა და Statista-ს ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა):
- IT პროფესიით დასაქმებაში ქალთა წილი კვლავ მცირეა, მაგრამ მზარდი, კერძოდ, IT პროფესიით დასაქმებულთაგან ქალები 2023 წელს 24%-ს შეადგენდნენ, 2022 წელს – 16%-ს.
- 2024 წლის მესამე კვარტალში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი კაცებისთვის 7471 ლარი, ხოლო ქალებისთვის 6026 ლარი იყო. ხელფასებს შორის სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო 5 წელიწადში.
- IT სექტორში დასაქმებულ ქალთა ხელფასი, თითქმის 4-ჯერ გაიზარდა 2019 წლის შემდეგ (ნომინალში).
საინტერესოა კონკრეტულად თიბისის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტის, მონაცემებიც. მათი თქმით, სტატისტიკურად, თიბისის გუნდის 70% ქალია, ხოლო კონკრეტულად ტექნოლოგიურ მიმართულებაში ქალების წილი 36%-ს შეადგენს, რაც აღემატება მსოფლიო (28%), ევროპის (25%) და ამერიკის (20-30%) საშუალო მაჩვენებლებს, თუმცა თიბისიში გადაწყვიტეს, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა ჩადონ, რათა მომავალში ეს ბალანსი მეტად გაუმჯობესდეს.
რა გზები არსებობს IT სფეროში ქალების მხარდასაჭერად?
ტექნოლოგიების სფეროში მუშაობა მრავალმხრივ არის საინტერესო და მიმზიდველი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და ცვალებადი, განვითარებადი სფერო, რომელიც გაცილებით მეტია ვიდრე მხოლოდ „კოდის წერა“.
ტექსფეროში მუშაობა ნიშნავს მუდმივ განვითარებას, კრეატიულობისა და პრობლემების გადაჭრის სინთეზს, მოქნილ გრაფიკს, დისტანციური და საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის შესაძლებლობას, მაღალ და მზარდ ანაზღაურებას.
ამიტომ გენდერული ბალანსისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოსთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მეტ ქალს მიეცეს აღნიშნული ბენეფიტების მიღების საშუალება.
ტექნოლოგიურ სფეროებში ქალების დასაქმების მხარდაჭერა მათი დაინტერესებით იწყება. მეტი სასწავლო შესაძლებლობის შექმნა ხელს უწყობს შესაბამისი უნარების განვითარებას, პროფორიენტაციას და ზრდის სასურველ პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობას. ამ მხრივ თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, უკვე წლებია აქტიურად მუშაობს და სხვადასხვა პროგრამის საფუძველზე ტექმიმართულებით განათლების მიღებას ხელმისაწვდომს ხდის მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე საზღვარგარეთაც.
თიბისი განათლება
თიბისის განათლების პროექტების მიზანია საქართველოს მასშტაბით და არამხოლოდ, ახალ თაობას მისცეს შესაძლებლობა, უფასოდ გაიცნონ, დაეუფლონ და ჰქონდეთ ისეთ განათლებაზე წვდომა, რომელიც მათ ამზადებს სამუშაო ბაზრისთვის. ამ მიზნით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, როგორიცაა: ტექსკოლა მოსწავლეებისთვის მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, IT აკადემია და უკვე ახალი პროექტი – Crash კურსები გოგონებისთვის, რომლის მარკეტინგულ კამპანიასაც მიმდინარე სტატიაში განვიხილავთ.
კვლევა
თიბისიში ყოველი პროგრამის მიმდინარეობას აკვირდებიან და დასრულების შემდეგ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით აჯამებენ. საინტერესო ტენდენცია გამოავლინა ტექსკოლის მონაცემებმა, რამაც ახალი პროგრამის შექმნისკენ უბიძგათ.
მარიამ თევზაძე, თიბისის საგანმანათლებლო პროექტების ლიდერი
„მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაში მონაწილე მოსწავლეების გენდერული ბალანსი თითქმის თანაბარია (49% გოგონები, 51% ბიჭები), გამოიკვეთა რომ გოგონები უპირატესობას ანიჭებენ ისეთი მიმართულებების სწავლას, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი, UX/UI დიზაინი და ციფრული მარკეტინგი. ისეთ ტექნიკურ მიმართულებებში კი, როგორიცაა Front-End, Back-End პროგრამირება, ხელოვნური ინტელექტი და მობილური აპლიკაციების შექმნა, გოგონების რაოდენობა მხოლოდ 18%-ს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ჩვენს ტექმიმართულებაში ქალების პროცენტული წილი საკმაოდ მაღალია, ამ სტატისტიკამ გვაფიქრებინა, რომ მომავლის პერსპექტივაში შეიძლება პრობლემა დადგეს და ტექმიმართულების მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიები კაცებით დომინირებული გახდეს.
აქედან გამომდინარე, ამ გამოწვევაში დავინახეთ შესაძლებლობა და გადავწყვიტეთ მხოლოდ გოგონებისთვის შეგვექმნა 2-3-კვირიანი ინტენსიური, საზაფხულო კურსები, რომლითაც ვეტყოდით: შეიძლება შენ ამ პროფესიაში საკუთარ თავს ახლა ვერ ხედავ, მაგრამ მოდი, სცადე და გაიგე, იქნებ გაინტერესებს; და თუ მიხვდები, რომ უფრო მეტი გინდა ისწავლო, შემოდგომიდან ტექსკოლაში გელოდებით.
ჩვენი განათლების პროექტების მიზანია, გავათანაბროთ შესაძლებლობები, გავაქროთ დემოგრაფიული ბარიერი და მივცეთ შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობა რეგიონში ან საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს; ასევე გავაქროთ ფინანსური ბარიერი, რათა ეკონომიკური შესაძლებლობის მიუხედავად, ყველამ შეძლოს მისთვის სასურველი ტექ პროფესიის დაუფლება.“
როგორ დაიგეგმა კამპანია
ნუკა შევარდნაძე, Playmakers-ის მმართველი პარტნიორი:
„გვქონდა მზა პროდუქტი, შეზღუდული დრო და შეზღუდული ბიუჯეტი, რაც უკვე გვიბიძგებდა არასტანდარტული გადაწყვეტისკენ.
პირველი ეტაპი: სად არის ჩვენი აუდიტორია?
გვყავდა ძალიან კონკრეტული აუდიტორია – IX-XII კლასელები – და დაისვა შეკითხვა: სად და როგორ შეიძლებოდა გავსულიყავით ამ ადამიანებზე სწრაფად და ეფექტურად. თავიდანვე ვფიქრობდით ტიკტოკზე, თუმცა ჩვენი ეს ვარაუდი გავამყარეთ, ერთი მხრივ, საერთაშორისო კვლევებით, მეორე მხრივ, თიბისის დიჯითალ მარკეტინგის გამოცდილებით.
მეორე ეტაპი: როგორ მივიდეთ ჩვენს აუდიტორიამდე?
ამის შემდეგ დაისვა საკითხი, როგორ მივიდეთ ჩვენს აუდიტორიამდე, ანუ კონკრეტულად ეს სეგმენტი რა სახის ვიდეოებს უყურებს ყველაზე ხშირად. ბევრი კვლევის მიხედვით, ყველაზე ყურებადია ინფლუენსერების კონტენტი, კონკრეტულად make-up და GRWM (get ready with me) ვიდეოები.
კამპანიის გამოწვევა
როდესაც მუშაობ კამპანიაზე, რომლის მიზანიც არის ქალთა გაძლიერება და სტერეოტიპების მსხვრევა, ყოველთვის არსებობს გამოწვევა, მეტიც – საფრთხე, რომ სტერეოტიპებთან ბრძოლა გადაიზარდოს სტერეოტიპების გაძლიერებაში. შესაბამისად, პასუხისმგებლობა საკმაოდ დიდია.
საბოლოოდ, მოკვლევის შედეგებით ძალიან კარგ მიგნებამდე მივედით: თუ ეს ადამიანები ყველაზე ხშირად უყურებენ make-up ტუტორიალს, მოდი ეს ტუტორიალი ვაქციოთ make-app ტუტორიალად. ეს იმდენად კარგი „ტვისტი“ იყო, რომ ხელიდან გაშვება არ ღირდა. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ინფლუენსერების საშუალებით ამ ადამიანებს ვეტყოდით: შენ შეგიძლია შექმნა ისეთი პლატფორმა, რომელიც აჩენს ინფლუენსერებს.
კონტრასტი, როგორც მოულოდნელობის ეფექტი
ჩანაფიქრის მიხედვით, პროცესისა და სასაუბრო თემის კონტრასტით უნდა მიგვეღო მოულოდნელობის ეფექტი. ვიცოდით, რომ ვინმე მაინც იტყოდა: გოგოების ყურადღების მიქცევა მხოლოდ მაკიაჟის გავლით არის შესაძლებელი? მაგრამ, მეორე მხრივ, კარიერული თემა კაცების თავის მოვლის რუტინაში რომ ჩაგვეინტეგრირებინა, არავინ იტყოდა, რომ სტერეოტიპულია. ასე რომ, ერთი მეორეს არ გამორიცხავს.
ინფლუენსერების ჩართულობა
შეირჩა ინფლუენსერები, რომელთათვისაც ეს კონტენტი ორგანული იქნებოდა. როდესაც ინფლუენსერებს შევხვდით და იდეა გავუზიარეთ, თვითონვე ძალიან აენთნენ.
აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი თავად მუშაობს ტექკომპანიაში, ზოგიც ამ მიმართულებით სწავლობს. ამდენად, თავადაც ჰქონდათ სურვილი, ელაპარაკათ იმაზე, რომ არ არსებობს ბიჭის და გოგოს პროფესიები, ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ისწავლოს ის, რაც უნდა. ინფლუენსერებს მივეცით მხოლოდ ტექნიკური ბრიფი, რომელზეც სრული შემოქმედებითი თავისუფლება ჰქონდათ.“
from make-up to make-app
საბოლოოდ პროექტში 18 ინფლუენსერი ჩაერთო, რომელთაც კამპანიის ეფექტურობის შეფასების მიზნით ინდივიდუალური ბმულები მიეწოდათ, საიდანაც გაიგეს, კონკრეტული ინფლუენსერის აუდიტორია რამდენად დაინტერესდა პროექტით. დაკვირვება აქაც საინტერესო შედეგამდე მივიდა: როგორც თიბისიში გვითხრეს, მიმართება ამა თუ იმ ინფლუენსერის გამომწერების რაოდენობასა და რეგისტრაციების რაოდენობებს შორის პირდაპირპროპორციული არ იყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ბოლო დროის ტენდენციას, რომლის შესახებაც ჩვენს ერთ-ერთ სტატიაში ვწერდით: გამომწერების რაოდენობა, რომელიც ერთ დროს მთავარ კრიტერიუმად გვესახებოდა, დღეს მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს რეალურ გავლენას, გაცილებით მნიშვნელოვანია აუდიტორიის ჩართულობა.
აღნიშნული კამპანია ორნაწილიანია. თუკი პირველ ნაწილში ინფლუენსერები ტექნოლოგიური ცოდნის მიღების შესაძლებლობის შესახებ გვიყვებოდნენ, მეორე ნაწილში თიბისის ტექმიმართულებით დასაქმებულმა ქალებმა რეალური გამოცდილების შესახებ ისაუბრეს.
კამპანიის შედეგები
სწორი სტრატეგიის დამსახურებით ძალიან მცირე საკომუნიკაციო პერიოდში ბევრი ადამიანი დარეგისტრირდა როგორც ინფლუენსერების ბმულებიდან, ისე – ტრადიციული არხებიდან. მაღალი ჩართულობა აისახა კომენტარებზე სოციალურ ქსელებში, ასევე თიბისის კონტაქტცენტრზე, სადაც აქტიურად რეკავდნენ სწორედ ამ კურსებთან დაკავშირებით.
სულ დარეგისტრირდა 600-ზე მეტი ადამიანი, 81.7% – ინფლუენსერების კონტენტიდან, ხოლო დანარჩენი – ტრადიციული არხებიდან (ტრადიციული და ონლაინ მედია, თიბისის ციფრული არხები) და ოჯახების წევრების, მეგობრების რეკომენდაციით. საინტერესოა დემოგრაფიული განაწილებაც, დარეგისტრირებულთა 55% არის თბილისიდან, ხოლო 45% – რეგიონებიდან, რაც კამპანიის მასშტაბურ გავრცელებაზე მიუთითებს.
რას გვასწავლის თიბისისა და playmakers-ის კამპანია
თიბისისა და Playmakers-ის ერთობლივი კამპანია კარგად გვიჩვენებს, როგორ შეიძლება კონკრეტული სოციალური გამოწვევა – ამ შემთხვევაში, ქალების ნაკლები წარმომადგენლობა ზოგიერთი ტექნოლოგიური მიმართულებით – გარდაიქმნას მკაფიო საკომუნიკაციო ამოცანად და შემოქმედებით გადაწყვეტად.
კამპანიის ღირებულება არ იზომება მხოლოდ საბოლოო შედეგებით და გვიჩვენებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კვლევას, ანალიზსა და დაკვირვებას. ტენდენციების, კულტურული შრეებისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზზე დაფუძნებულმა სტრატეგიამ ბრენდს საშუალება მისცა შეზღუდული დროითი და ფინანსური რესურსით მიეღო მაქსიმალური ჩართულობა, თანაც საკმაოდ საფრთხილო ფორმატით.
საბოლოოდ, #make-appტუტორიალი გვასწავლის, რომ სტერეოტიპებთან ბრძოლა არ გულისხმობს მათ უარყოფას. უფრო რთული და გრძელვადიანი გზაა მათი გარდაქმნა, გადამუშავება და იმავე არხებიდან ახალი შინაარსის მიწოდება.
კამპანიის რეალური გავლენა სწორედ ეს შეიძლება იყოს – იგი არა მხოლოდ ტექნოლოგიურ განათლებაზე საუბრობს, არამედ გვიჩვენებს, როგორ შეიძლება სტერეოტიპული ჩარჩო გახდეს სტრატეგიულად გამართლებული საშუალება.