ბუდუს „გული“, PSP-ის კანის მაშველები და ზუმერის საზაფხულო კამპანია
ივლისის ფოკუსი
მზის დამწვრობისგან SPF დაგიცავთ, საზაფხულო კამპანიების ციებ-ცხელებისგან – ვერავინ. და ეს კარგია! იმაზე დაკვირვება, როგორ იყენებს ზაფხულის თემატიკას სხვადასხვა ბრენდი, თავისი პროდუქტისა თუ მომსახურების მიხედვით, საკმაოდ საინტერესოა.
დღეს ივლისს ვაჯამებთ და გიყვებით, რა მოხვდა minds&marketing-ის ივლისის ფოკუსში.
ბუდუს „გული“ და PLUS-ის დაბადების დღე
მართალია, PLUS-ის დაბადების დღე საზაფხულო კამპანიის ნაწილი არაა, მაგრამ თუკი წლიდან წლამდე ჩემსავით აგროვებთ PLUS ქულებს, მაშინ 5 ივლისი თქვენთვის უბრალო თარიღი ნამდვილად არ იქნება. ამ დღეს, ანუ PLUS-ის დაბადების დღეზე, PLUS ქულები ორმაგდება და პარტნიორ ობიექტებში ყველაფერს 50% ფასდაკლებით ყიდულობ.
წლევანდელი დაბადების დღე გამორჩეული იმ მხრივ იყო, რომ კამპანიის სახედ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე მოგვევლინა – სახალხო ფეხბურთელი. მისი ცნობილი აღნიშვნის ჟესტი, რომელიც გულს გამოხატავს, რამდენიმე გრადუსით გადახარეს და პლუსის ნიშანი მიიღეს. საბოლოოდ, კამპანიის შეჯამება ეს იყო: თურმე, ბუდუ ამდენი ხნის განმავლობაში PLUS-ის დაბადების დღისთვის გვამზადებდა.
საინტერესო დაკვირვება საინტერესო მიგნებად იქცა და საქართველოს ბანკმა, ფაქტობრივად, ბუდუს აღნიშვნა „დაისაკუთრა“. საინტერესოა, ეს ერთჯერადი თანამშრომლობა იქნება თუ მომავალშიც გაგრძელდება და ბუდუს გულის სიმბოლო PLUS ქულების აღმნიშვნელად დარჩება.
აღსანიშნავია ინფლუენსერ კამპანიაც, რომელშიც სხვადასხვა მიმართულების ათობით ინფლუენსერი იყო ჩართული. კამპანია პრეკომუნიკაციით დაიწყო – „რის ყიდვას ვაპირებ PLUS ქულებით“ – რამაც 5 ივლისის გარშემო მოლოდინის შექმნას შეუწყო ხელი და საბოლოოდ PLUS დაბადების დღის ანბოქსინგებით დასრულდა. მოკლედ, რამდენიმე დღის განმავლობაში PLUS-ის თემა სოცქსელებში აქტიურად განიხილებოდა.
PSP-ის კანის მაშველები – SPF-ის კამპანია
PSP აჭარაში ჩავიდა და ამ ზაფხულისთვის მიზნად დაისახა, რომ სანაპიროზე მზისგან დამცავის გარეშე არავინ გამოჩნდეს.
კამპანია სამი ვიდეორგოლით დაიწყო, სადაც სანაპიროზე დასაქმებულები, რომლებიც შეზლონგებსა და ქოლგებს აქირავებენ, გვეუბნებოდნენ: ქოლგა არ დაგიცავს, წაისვი დამცავი. ხო, არ გამოგვრჩეს, აჭარული კილოთი გვეუბნებოდნენ. თუ გამოხმაურებებით ვიმსჯელებთ, ხალხმა ამ ვიდეოებში ბუნებრიობა და გულწრფელობა დაინახა (და დააფასა).
კამპანია ინფლუენსერების ჩართულობით გაგრძელდა: იოანე, რომელიც PSP-სთან არც ისე ცოტა ხანია თანამშრომლობს, სანაპიროზე გათამაშებებით გამოჩნდა, რომელიც მზისგან დამცავის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. განსაკუთრებით ვიხალისე იმ ვიდეოებზე, სადაც იოანე პირდაპირ შესასხურებელი აპარატით ასხამდა დამსვენებლებს მზისგან დამცავ სპრეის.
ჯერ სამი ავთენტური ვიდეო, შემდეგ იოანე – რომელიც სწორედ თავისი ინდივიდუალიზმით, გულწრფელობითა და ბუნებრიობით გახდა ცნობილი… ნიშნავს ეს იმას, რომ ესთეტიკური ვიდეოები წარსულში დარჩა და ახლა ბუნებრიობა უფრო მოთხოვნადია? ეს ნამდვილად ის თემაა, რომელსაც მომავალშიც დავაკვირდებით.
გადი მომსახურების ზონიდან – ზუმერის კამპანია
ზუმერმა გადაწყვიტა წელს გაგვახსენოს, რომ შვებულება დასვენებისთვისაა და გვითხრა: გადი მომსახურების ზონიდან.
კამპანია სულ ახლახან დამაინტრიგებელი ვიდეორგოლით დაიწყო, სადაც მხოლოდ ინფლუენსერების სახელები ჩანდა. აშკარა იყო, რომ წინ მორიგი ინფლუენსერკამპანია გველოდებოდა. 10 ინფლუენსერი, 10 განსხვავებული ტექნიკა, 10 განსხვავებული სტილი და მიმართულება.
„თუ ისვენებ, დაისვენე“, „იყავი მიუწვდომელი“, „შორს ფიქრებისგან“ – სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის პოსტებით ზუმერის კამპანია ოფიციალურად გვიშვებს დასასვენებლად და იმ ტექნიკას გვთავაზობს, რომელიც მოგზაურობისას ყველაზე მეტად გამოგვადგება.
ეფექტური სლოგანი, სწორად შერჩეული ინფლუენსერები და ადეკვატური ციფრული კომუნიკაცია – ზუმერის საზაფხულო კამპანია ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.
როუმინგი და ჰოუმინგი – Cellfie-ის საზაფხულო კამპანია
Cellfie ამ ზაფხულს როგორც ქვეყნის, ისე WiFi-ის საზღვრებს გარეთ გვთავაზობს ინტერნეტპაკეტებს. ეს უკანასკნელი საკმაოდ კარგი მიგნებაა, რადგან მართლაც, როუტერი მთელ სახლში არ იჭერს ხოლმე, ზოგჯერ – ჭედავს, ამ დროს ყველა მობილურ ინტერნეტზე გადავდივართ და აი, სწორედ აქ გვხვდება Cellfie და გვეუბნება: მე გთავაზობ განსაკუთრებულ ინტერნეტპაკეტებს, საუკეთესო ფასად.
პარალელურად, ბრენდი აგრძელებს „ვილაპარაკოთ“ კამპანიას, რომლის შესახებაც ივნისის შეჯამებაში გიყვებოდით, მიმდინარე თვეში ვნახეთ ვიდეოები ჰეშთეგებით: #ვილაპარაკოთ ნამდვილ ზაფხულზე, #ვილაპარაკოთ როუმინგზე. როგორც ვხვდები, წლის ბოლომდე კამპანიას კიდევ ბევრი ქვეკამპანია შეემატება.
შევაჯამოთ:
ივლისის კამპანიებმა დაგვანახა, როგორ შეიძლება ერთსა და იმავე თემაზე – ზაფხულზე – თითოეულმა ბრენდმა თავისი ხასიათით ილაპარაკოს. Cellfie მარტივი ვიდეოებით საზღვარგარეთ – როუმინგის, სახლში – ჰოუმინგის ტარიფებს გვთავაზობს, აჭარის სანაპიროზე PSP-ის კანის მცველები დადიან, ზუმერი კი ინფლუენსერების ჩართულობით პირდაპირ გვეუბნება – გადი მომსახურების ზონიდან და დაისვენე… ოღონდ თან ჩვენი ტექნიკა გაიყოლე.
ასევე აღსანიშნავია ტენდენცია, რომ ბრენდები სულ უფრო და უფრო დიდ რესურსს დებენ ინფლუენსერ მარკეტინგის მიმართულებით. ბოლო დროს, ფაქტობრივად, არცერთი დიდი კამპანია არ მიმდინარეობს ინფლუენსერების გარეშე, ზოგჯერ კი ინფლუენსერ მარკეტინგი კამპანიის არა დამხმარე, არამედ ძირითადი საშუალებაც კია.
ამდენად, საზაფხულო კამპანიების ტონი, თემატიკა და ფორმატი სხვადასხვაა, მაგრამ თითოეული მათგანი ცდილობს იყოს აუდიტორიასთან ორგანული და ავთენტური. ვნახოთ, აგვისტოში რა გველოდება.
და თქვენი ყურადღება რამ მიიქცია ივლისში?
ვიზუალებში გამოყენებული ფოტო მასალა ეკუთვნის წარმოდგენილ ბრენდებს და წარმოადგენს მათ ინტელექტუალურ საკუთრებას.