ქართული კრეატიული ინდუსტრია მსოფლიო რუკაზე
უკვე The One Club-ის რეიტინგში
როდესაც Ad Black Sea 2025-ის საინტერესო ქეისებსა და გამარჯვებულებზე გიყვებოდით, ვერც კი ვიფიქრებდით, რომ ამავე წელს ამავე ნამუშევრებს არც მეტი, არც ნაკლები, გლობალურ კრეატიულ სარეიტინგო სისტემაში ვნახავდით.
დიახ, ნამუშევრები, რომლებიც ჩვენს თვალწინ შეიქმნა, შეფასდა და დაფასდა, დღეს უკვე ოფიციალურადაა წარმოდგენილი The One Club Global Creative Rankings-ში. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ახლა უკვე არამხოლოდ რეგიონის, არამედ გლობალური კრეატიული საზოგადოების სრულფასოვანი წევრია, რაშიც დიდი წვლილი Ad Black Sea-ის გუნდს მიუძღვის. სანამ გეტყვით, კონკრეტულად რომელი კამპანიები და კომპანიები რა პოზიციებს იკავებენ რეიტინგში, მანამდე გავიგოთ, საერთოდ:
რა არის The One Club Global Creative Rankings?
ეს არის მსოფლიო მასშტაბის რეიტინგი, რომელსაც The One Club for Creativity აქვეყნებს – ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაცია რეკლამის, დიზაინისა და კრეატიული ინდუსტრიების სფეროში.
გლობალური რეიტინგი წარმოადგენს კომპანიების, ინდივიდების, პროექტების, ქვეყნებისა და რეგიონების სიას, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ინდუსტრიულ კონკურსებში გამარჯვებით მიღებული ქულების მიხედვით დგება.
როგორ გროვდება ქულები?
The One Club-ის სარეიტინგო სისტემა ქულების დაგროვების პრინციპზეა დაფუძნებული. გამარჯვებული ნამუშევრების ქულები ჯამდება, სადაც ახლა უკვე Ad Black Sea-ის ყველა ჯილდოს გლობალური მნიშვნელობა აქვს:
- გრან პრი და სპეციალური ჯილდოები
- ოქრო
- ვერცხლი
- ბრინჯაო
- შორთლისტი
ეს ქულები ავტომატურად შედის გლობალურ რეიტინგში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მოპოვებული ჯილდო იმავე წონისაა, როგორიც სხვა ევროპული ქვეყნების სარეიტინგო ფესტივალებზე მოპოვებული გამარჯვება.
Ad Black Sea-ს გუნდს ვკითხეთ:
რას ნიშნავს გლობალურ რეიტინგში მოხვედრა ქართული სააგენტოებისა და კრეატორებისთვის?
„ეს არის გარღვევა საქართველოსთვის. ქართული შემოქმედებითი ინდუსტრია ოფიციალურად ხდება ევროპული კრეატიული საზოგადოების ნაწილი – ჩვენი ენერგიის, ტალანტისა და იდეების ადგილი სწორედ ამ საზოგადოებაშია. მარკეტერები, არტ დირექტორები, დიზაინერები, კოპირაიტერები, რეჟისორები, სტრატეგები და საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები იღებენ გლობალურ ხილვადობასა და საერთაშორისო აღიარებას.
გარდა ამის, ადგილობრივი ბრენდების ნამუშევრებს ეძლევათ ევროპულ და მსოფლიო მასშტაბზე გამოჩენის შესაძლებლობა. საქართველოს კრეატიული ინდუსტრია კი პოზიციონირდება როგორც ევროპის ახალი, მნიშვნელოვანი კრეატიული ჰაბი.
საბოლოოდ, საქართველო წარდგება მსოფლიო სცენაზე არა როგორც დამკვირვებელი, არამედ როგორც მოთამაშე, რომელიც გავლენას ახდენს მასშტაბურ კრეატიულ ეკოსისტემაზე,“ – Ad Black Sea-ის გუნდი.
რა შედეგი აქვთ ქართულ კომპანიებს დღეისათვის?
ცხადია, დაგვაინტერესა, ქართული კრეატიული სააგენტოები და კომპანიები ამჟამად რომელ ადგილებს იკავებენ რეიტინგში. მაგალითად, სააგენტოების რეიტინგში Playmakers 26 ჯილდოთი და 224 ქულით 22-ე ადგილს იკავებს, ხოლო დამოუკიდებელი სააგენტოების რეიტინგში – მე-7 ადგილს.
ბრენდის კატეგორიაში PSP 25-ე ადგილს იკავებს 22 ჯილდოთი და 212 ქულით. ფროდაქშენის კატეგორიაში კი Enkeny films – მე-19 ადგილს 24 ჯილდოთი და 216 ქულით. ხოლო Ad Black Sea 2025-ის ტრიუმფატორი „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ (PSP x Playmakers) წლის ყველაზე რეიტინგულ ნამუშევრებში 13 ჯილდოთი და 189 ქულით 33-ე ადგილზეა წარმოდგენილი.
საბოლოოდ, შეგვიძლია შევაჯამოთ:
რა პერსპექტივებს შლის ქართული კრეატიული ინდუსტრიისთვის გლობალურ რეიტინგში მოხვედრა?
ქართული სააგენტოების, სტუდიებისა და ბრენდების ნამუშევრები-ის The One Club Global Creative Rankings-ში წარმოდგენა არამხოლოდ ქვეყნის პრესტიჟისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ სფეროში მომუშავე ნებისმიერი ადამიანისთვის.
- ქართველი კრეატორების ნამუშევრები ახლა განიხილება იმავე პლატფორმაზე, სადაც მოხვედრა პრესტიჟულია ამერიკელი, ბრიტანელი, გერმანელი და ინდუსტრიის სხვა წამყვანი ქვეყნების კრეატორებისთვის – ეს არის ოფიციალური აღიარება, რომ საქართველოს კრეატიული პოტენციალი და იდეები გლობალურ სცენას იმსახურებს;
- საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები იღებენ გლობალურ ხილვადობასა და საერთაშორისო აღიარებას;
- ადგილობრივი ბრენდების ნამუშევრებს ეძლევათ ევროპულ და მსოფლიო მასშტაბზე გამოჩენის შესაძლებლობა.
ამდენად, დღეს ქართული კრეატიული ინდუსტრია გლობალურ კრეატიულ ინდუსტრიასთან ახლოსაა ისე, როგორც არასდროს. მადლიერებას იმსახურებს თითოეული ადამიანი, ვისი შრომის შედეგსაც წარმოადგენს ეს მიღწევა.
ასე რომ, მომავალ წელს, როცა კვლავ მოგიყვებით Ad Black Sea-ის გამარჯვებულების შესახებ, უკვე ზუსტად გვეცოდინება, რომ მათ გლობალურ რეიტინგშიც ვიხილავთ. ვფიქრობ, ბრენდებსა და სააგენტოებსაც უკვე დამატებითი მოტივაცია ექნებათ განსხვავებული, ღირებული და დასამახსოვრებელი კამპანიების შექმნისთვის. ცხადია, ჩვენ დავაკვირდებით და მოგიყვებით.