"იავნანა" საქართველოს ბანკისგან
cultural-heritage-as-the-foundation-of-creativity

როგორ იქცა იავნანა ქართული ენის გაკვეთილად

„იავნანა“ საქართველოს ბანკისგან

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

19.08.2026

შემოქმედებითი ინდუსტრიის დიდი სცენებიდან ყოველთვის გვესმის, რომ კრეატიული იდეები დიდწილად ამა თუ იმ ერის კულტურულ ელემენტებზე დგას, ზოგიერთი მათგანი კი დროთა განმავლობაში გლობალური მნიშვნელობის ხდება.

კულტურული ელემენტი ზოგჯერ კრეატიული იდეის საფუძველია, ზოგჯერ - რეალური პრობლემის გადაჭრის საშუალება. დღეს კი განვიხილავთ შემთხვევას, სადაც ერთიც არის და მეორეც. საქართველოს ბანკმა და კრეატიულმა სააგენტო SUPERMARKET-მა Heima Production-თან თანამშრომლობით იავნანას ორენოვანი ვერსიები ჩაწერეს, რათა საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფ ბავშვებს ქართული ენის სწავლა გაუმარტივდეთ.

 

იდეა

როდესაც საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კამპანია განვიხილეთ, იქვე მოგიყევით კამპანიის მეორე ნაწილზეც - მომავალი თაობის ზარი ქართველ ემიგრანტებს. მაშინ საქართველოს ბანკის გუნდმა გვითხრა, რომ ემიგრანტებისთვის კიდევ ერთ პროექტს ამზადებდნენ.

თამარ ნოზაძე, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდის უფროსი:

„26 მაისის კამპანიაზე მუშაობის შემდეგ დავფიქრდით, რისი გაკეთება შეგვეძლო ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის. რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ემიგრანტების და მომავალი თაობის არგაჩერების მხარდაჭერა და მათ განვითარებაზე ზრუნვა, ეს ორი სტრატეგიული პრიორიტეტი გავაერთიანეთ. გადავწყვიტეთ ისეთი პროდუქტი შეგვექმნა, რომელიც არამხოლოდ ღირებულების, არამედ კონკრეტული დანიშნულების მატარებელი იქნებოდა და თაობებს დარჩებოდა.“

 

პრობლემა

საქართველოს ბანკს და supermarket-ს თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვთ, პროექტზე მუშაობისას ზოგადი ადამიანური დაკვირვებები და ბანკის ხელთ არსებული მიგნებები გამოიყენეს.

საბოლოოდ პრობლემის იდენტიფიკაცია ამგვარად ჩამოყალიბდა: ემიგრაციაში დაბადებული ბავშვები იზრდებიან გარემოში, სადაც მშობლიურ ენაზე მხოლოდ ოჯახში მეტყველებენ, ყოველდღიური კომუნიკაცია კი სხვა ენაზე მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, ქართულ ენასთან კავშირის შესანარჩუნებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იგი ბავშვის ყოველდღიურობის ნაწილად იქცეს.

 


გადაჭრა

ქართულ ენასთან დაახლოებისთვის საჭირო იყო ისეთი საშუალების მოძებნა, რომელიც ბავშვებისთვის მორიგი გაკვეთილი ან საშინაო დავალება არ იქნებოდა და დამატებითი ძალისხმევის გარეშე მიიღებდნენ კონკრეტულ ცოდნას.

ასე მივიდა გუნდი მუსიკის იდეამდე, რომელიც გავრცელებული პრაქტიკაა - ბევრი მშობელი ძილის წინ მუსიკას ურთავს ბავშვს მშვიდად ჩასაძინებლად, ხოლო ქართული კულტურული სივრცისთვის ასეთი მუსიკა, ჩვეულებრივ, იავნანაა. სიტყვების წყობა და განმეორებითობა საშუალებას იძლევა იმავე მელოდიით ბევრი ახალი ტექსტი შექმნა, რომლებიც ბუნებრივად გადაებმება ერთმანეთს.



მებო ნუცუბიძე, მუსიკის ავტორი, Heima Production-ის თანადამფუძნებელი:

საჭირო იყო მოგვეფიქრებინა ისეთი გზა, რომ ყველასათვის ნაცნობი იავნანა ახალ ვერსიად გაგვეკეთებინა, თანაც 3 ენაზე, რათა ემიგრანტ ბავშვებს ქართული ენა ესწავლათ და არ დავიწყებოდათ. საკმაოდ რთული ამოცანა იყო, რადგან უნდა შეგვენარჩუნებინა ის, რაც იავნანასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - ნაცნობი მელოდია, ხასიათი და სიმშვიდის განცდა - და ამავე დროს, მისთვის სრულიად ახალი, სასწავლო ფუნქცია მიგვენიჭებინა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ იავნანას მღერის ორი ადამიანი - დედა და მამა. ისინი ერთმანეთს თან პასუხობენ და თან ერთად უმღერიან ბავშვებს. ამან კიდევ უფრო საინტერესო და გასაგები გახადა მთავარი, სასწავლო, დანიშნულება. კაცის ხმას ვმღერი მე, ხოლო ქალის ხმას - თათია დარსანია.“

პროექტისთვის სამი ენა შეირჩა იმ ქვეყნების გათვალისწინებით, სადაც ემიგრაციაში ყველაზე მეტი ქართველი ბავშვი იბადება. შედეგად, შეიქმნა იავნანას ქართულ-ინგლისური, ქართულ-იტალიური და ქართულ-ბერძნული ვერსიები.

გამოწვევა

პროექტის კომპლექსურობიდან გამომდინარე, მუშაობის პროცესში ბევრი გამოწვევა გაჩნდა. პირველი გამოწვევა თავად ფორმატი იყო. ამჯერად სააგენტოს ისეთ პროდუქტზე უნდა ემუშავა, რომელიც ჯერ არ არსებობდა.

გიორგი ტაბატაძე, კრეატიული სააგენტო Supermarket-ის თანადამფუძნებელი:

„არასტანდარტული პროექტია, ასეთი პროექტის გამზადებული როუდ მეფი არ არსებობს, განსხვავებით კლასიკური კამპანიისგან, რომელსაც ხშირად ვაკეთებთ.

ჩვეულებრივ, ჩვენთან კლიენტი მოდის უკვე მზა პროდუქტით, რომლის პრომოუშენია საჭირო, ამ შემთხვევაში კი პროდუქტი ჯერ აღვასრულეთ და ახლა მიდის პრომოუშენი. ისეთი იდეა იყო, რომელზეც არცერთი მხარე არ ვიყავით დარწმუნებული აღსრულების დეტალებში. თანამშრომლობით და ერთიანი მიდგომით მივედით საბოლოო შედეგამდე.“

ფორმატის გარდა მთავარი გამოწვევა ტექსტი იყო, რომელიც იმდენად სწორად შერჩეული უნდა ყოფილიყო, რომ ბავშვს საბაზისო სიტყვები მარტივად ესწავლა, თარგმანიც ბუნებრივი და გამართული ყოფილიყო.


მარი ბედოშვილი,
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, სასწავლო რესურსების ავტორი:

„სიტყვებისა და ფრაზების შერჩევისას მთავარი ამოსავალი წერტილი ადრეულ ასაკში ბავშვის ენობრივი განვითარების თავისებურებები იყო. ამ პერიოდში ბავშვი ენას სიტყვების მექანიკური დასწავლითა თუ თარგმნით კი არ ითვისებს, არამედ მოსმენით, გამეორებით, ემოციური კავშირებით, ურთიერთობითა და თამაშით. სწორედ ამიტომ შეირჩა მარტივი, ბავშვის ყოველდღიურ გამოცდილებასთან დაკავშირებული ლექსიკა. რადგან, ვერსიები ორენოვანია, უმნიშვნელოვანესი იყო, ორივე ენა ბავშვისთვის ბუნებრივად და ავთენტურად აჟღერებულიყო, რათა ტექსტს ხელოვნური, მხოლოდ სასწავლო მასალის ხასიათი არ მიეღო.“

 

აღსრულება

აღსრულების ნაწილში საკმაოდ დიდი გუნდი ჩაერთო: ბანკის მხარე, სააგენტოს მხარე, Heima Production, განათლების ექსპერტები, მთარგმნელები და ვოკალისტები. არაერთხელ შეიცვალა ტექსტი, ჩანაწერიც არაერთხელ განახლდა და საბოლოოდ მივიდნენ იმ ვერსიებამდე, რომლებიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა: არის ფუნქციური, პრაქტიკული და ჰარმონიული.


კამპანიის ფარგლებში მომზადდა ვიდეორგოლიც, სადაც იტალიის ერთ-ერთ ქალაქში მცხოვრები ბავშვის მაგალითზე გვიჩვენეს ემიგრანტი ბავშვების კვირა დღე.

თამარ ნოზაძე, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდის უფროსი:

„მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში ბევრნაირი კონტენტი შეგვიქმნია ემიგრაციაში მცხოვრებ ქართველებზე, რატომღაც არასოდეს გვისაუბრია ბავშვებზე, რომლებიც იქ იზრდებიან. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გადავიღეთ მოზარდები, რომლებიც კვირა დღეს ელოდებიან იმიტომ, რომ თავიანთი მეგობრები ნახონ და ქართულის გაკვეთილებს დაესწრონ. ამავე ბავშვების უკუკავშირი გადავიღეთ პროექტის შესახებ, როგორ ასმენინებს უფროსი ძმა პატარა დას იავნანას და რამდენად ძვირფასია მისთვის ქართული მემკვიდრეობა.“

 
პროდუქტის გასავრცელებლად დაიწყეს ტარგეტირებული კომუნიკაცია ქვეყნების მიხედვით, კონტენტ კრეატორები და ოფინიონ ლიდერებიც წერტილოვნად იქნა შერჩეული. ასევე თანამშრომლობენ ადგილობრივ საკვირაო სკოლებთან, ქართულ დიასპორებთან და ა. შ.

 

შეჯამებისთვის

ერთი შეხედვით მარტივი იდეა საკმაოდ კომპლექსური პროექტი აღმოჩნდა, რომელშიც ათობით ადამიანის შრომაა ჩადებული.

საბოლოოდ, ეს პროექტი რამდენიმე რამეზე გვაფიქრებს:

1. 
ბრენდის კამპანია შეიძლება გასცდეს საკომუნიკაციო მიზნებს და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და გავრცელების საშუალებად იქცეს;

2. სტრატეგიულ და კომპლექსურ პროექტებში კომპანიისა და სააგენტოს თანამშრომლობას და თანაბარ ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს;

3. კულტურული ელემენტი შეიძლება იყოს არამხოლოდ კრეატივის საფუძველი, არამედ პრობლემის გადაჭრის საშუალება;

4. არასტანდარტული პროექტები განსხვავებული კომპეტენციების გაერთიანებას მოითხოვს;

5. კამპანიის ღირებულება მისი საკომუნიკაციო პერიოდის დასრულებასთან ერთად არ უნდა მთავრდებოდეს. 

ორენოვანი იავნანას სამივე ვერსია იუთუბზეა ატვირთული და მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება. თუკი მას მომავალშიც გამოიყენებენ თაობები, ბრენდის მიერ შექმნილი ღირებულებაც გრძელვადიანი იქნება.


 

 

share: