Back to School კამპანიები - სექტემბრის ფოკუსი
Back To School Campaign

Back to School კამპანიები

სექტემბრის ფოკუსი

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

01.10.2025

სექტემბერი თქვენთვისაც სწავლასა თუ სამსახურთან დაბრუნებასთან ასოცირდება? ამ დროს ბრენდების ნაწილი Back to school კამპანიას იწყებს, მაგრამ ბოლო წლებში „დაბრუნება“ მხოლოდ სკოლასთან აღარ ასოცირდება, შესაბამისად, Back to-კამპანიებს ბევრ ბრენდთან შეხვდებით.


საკითხავი ისაა, ყველას სჭირდება „დაბრუნების“ კამპანია? რას აკეთებენ ბრენდები, რომ ეს ფორმატი არა უბრალოდ ფასდაკლებად, არამედ რეალურ გამოცდილებად იქცეს? ცხადია, სექტემბრის შეჯამება ამ კამპანიების გარეშე ვერ ჩაივლიდა, მეტსაც გეტყვით, დღეს მხოლოდ Back to-კამპანიებზე მოგიყვებით.


Back to სად?

Back To School

ახლო წარსულში გიყვებოდით, რა გავლენას ახდენს ბრენდის იმიჯზე ხშირი ფასდაკლებები. ბოლო წლებში განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რომ ფასდაკლების გაშვების შანსს არცერთი ბიზნესი არ უშვებს ხელიდან და ხშირად ისეთ კამპანიებსაც კი არგებს, რომლებიც მათ პირდაპირ არც უკავშირდება.


თუნდაც Back to school კამპანია ავიღოთ, ვისთვის არის განსაკუთრებით აქტუალური? – სასწავლო დაწესებულებებისთვის, წიგნის და საკანცელარიო მაღაზიებისთვის, ტანსაცმლის ბრენდებისთვის, ტექნიკის მაღაზიებისთვის, მაგრამ რა ქნას კონკრეტულად სამზარეულოს ტექნიკამ? ანდაც ქსელურმა მარკეტებმა?


საქმეც ეგაა, რომ არაა საჭირო, პირდაპირ უკავშირდებოდეს კამპანიის შინაარსი ბრენდის შინაარსს (კარგია თუ ცუდი, ეგ ცალკე ამბავია). მთავარია, როგორ მოარგებ, ასე გაჩნდა სახელები: Back to Work, Back to School, Back to Style, Back to Home და სხვ. რამდენიმე ბრენდის მაგალითს მოვიყვან, რომლებმაც ამ თვეში ჩვენი ყურადღება მიიპყრო.


როცა ერთი სული გაქვს (zoommer)

Back To School

ზუმერის Back to school კამპანია ერთ ფრაზაზე აიგო – როცა ერთი სული გაქვს. ამის მიხედვით, ვნახეთ ვიზუალები შინაარსით: როცა დაწყების ერთი სული გაქვს; როცა სიახლის ერთი სული გაქვს; როცა დაბრუნების ერთი სული გაქვს და სხვ. უშუალოდ სკოლის დაწყების დღეს კი ვიდეორგოლი შემოგვთავაზეს: ყველაზე მოუსვენრები – სადაც ბავშვებს სხვადასხვა შეკითხვას უსვამდნენ. რაც განსაკუთრებით მომეწონა, ზუმერი კონცენტრირდა არა ფასდაკლებებზე, არამედ კონკრეტული ტექნიკის საჭიროებასა და ღირებულებაზე, მაგალითად, ერთ-ერთ ვიდეოში გვითხრა: არ შეაჩერო შენში მიძინებული პიკასო“ და Honor Pad 10-ის მახასიათებლები გაგვაცნო.


საბოლოოდ, ორი კამპანია გაერთიანდა და როგორც მივხვდი, აპირებენ ვიდეოების სერია შემოგვთავაზონ, სადაც სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ბავშვებზე მოყვებიან. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ 15 წლის მერაბ მამარდაშვილი გაგვაცნეს, რომელიც რობოტიკითაა გატაცებული.


პარალელურად ახალი აიფონის გამოსვლის კამპანიაც გაუშვეს ასევე სასაცილო ვიზუალების სახით და მათ ფიდს თუ შეხედავთ, ნახავთ, რამდენად ბევრი რამე აირია ერთმანეთში. რაც ბუნებრივია მაფიქრებს: რა არის ეს, მრავალფეროვნება თუ ქაოსი? თქვენ როგორ ფიქრობთ?


Back to school – დაიწყე ახალი თავი (dressup.ge)

Back To School

Back to school-ის ფარგლებში ფასდაკლებები და შეთავაზებები შემოგვთავაზა Dressup-მაც, მაგრამ მე განსაკუთრებით მათი კონკურსი დამამახსოვრდა, რომელშიც ინფლუენსერებმა ლამის „აიძულეს“ ხალხს მონაწილეობის მიღება. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. თუ არ იცით, მოგიყვებით.


მოკლედ, სექტემბრის დასაწყისში Dressup-მა ინსტაგრამსა და ტიკტოკზე კონკურსი დააანონსა და ინფლუენსერების საშუალებით გაავრცელა. მონაწილეობისთვის საჭირო იყო გეჩვენებინა, რას ჩაიცვამდი სკოლის, უნივერსიტეტის, სამსახურის პირველ ან ახალი სეზონის ნებისმიერ დღეს. სახალისო ფაქტი ის იყო, რომ გავიდა რამდენიმე დღე (ან უფრო მეტიც) და ვიდეოები თითქმის არ ჩანდა. ამის შემდეგ რამდენიმე ინფლუენსერის ვიდეო შემხვდა, განსაკუთრებით @foxy_eleniko-სი დამამახსოვრდა, რომელიც პირდაპირ ტუქსავდა გამომწერებს, რატომ არ იღებთ მონაწილეობას კონკურსში, მერე გაბრაზდებით, კონტენტ კრეატორებმა რატომ გაიმარჯვესო (აქ PSP x Mizon დრამა ვისაც გახსოვთ, მიხვდებით, რაზეა საუბარი).


ჰოდა, არ ვიცი, ამ შემოძახებამ უშველათ თუ მანამდე პირობები ჰქონდათ არასწორად გაგებული (მაგალითად, ბევრს ეგონა, რომ მხოლოდ Dressup-ის ტანსაცმელი უნდა სცმოდათ ვიდეოში), მაგრამ ფაქტია, ერთბაშად ბევრი კარგი კონტენტი შეიქმნა და გამარჯვებულებს 1000-ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ.


ამ შემთხვევამ ორ რამეზე დამაფიქრა:


1.     რამდენად აუცილებელია კონკურსის პირობები მკაფიო იყოს. არ გამოვრიცხავ, ნაწილი იმიტომ იკავებდა თავს ვიდეოს გადაღებისგან, რომ ეგონათ მხოლოდ Dressup-ის ტანსაცმელი უნდა ეჩვენებინათ. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი შინაარსის არაერთი კომენტარი შემხვდა;

2.     დღეს, როცა უამრავი ადამიანი ქმნის კონტენტს, ვიდეო კონტენტის კონკურსის გამოცხადება მაინც სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან წინასწარ არასოდეს იცი, რამდენი ადამიანი მიიღებს მასში მონაწილეობას (აქაც PSP x mizon-ის ვიდეოების კონკურსი შეგვიძლია გავიხსენოთ).


შენი Checklist – Back to School (თბილისი მოლი)

Back To School

თბილისი მოლმა Back to კამპანიის ერთ-ერთ კომპონენტად კონკურსი შეარჩია. პირობების შესაბამისად, პირველი 30 ადამიანი, ვინც ჯამურად ყველაზე მეტი თანხა დახარჯა მოლის მაღაზიებში, 1000₾ და 500₾-იანი სასაჩუქრე ვაუჩერებითა და სხვა პრიზებით დაჯილდოვდა.


კონკურსის პარალელურად, თბილისი მოლმა გვითხრა, რომ არამხოლოდ Back to School არის აქტუალური, არამედ Back to Work, Back to Style, Back to Home… ანუ სექტემბერი დაბრუნების და განახლების სეზონია ყველასთვის – ბავშვისთვის, ზრდასრულისთვის, დასაქმებულისთვის, რომელიც სამსახურის პირველი დღისთვის ემზადება და ასევე ფრილანსერისთვის, რომელიც სახლიდან მუშაობს ან თუნდაც მისთვის, ვინც არ მუშაობს. მეორე საკითხია, რამდენად უბიძგა ამ კამპანიამ და კონკურსმა მომხმარებლებს სწორედ თბილისი მოლში წასვლისკენ; თუნდაც შარშანდელ წელთან შედარებით იყო თუ არა ზრდა?


მერე სად მიდიხარ? (Beka’s school)

Back To School

როგორც დასაწყისში გითხარით, Back to school კამპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე შესაბამისი სეგმენტი საგანმანათლებლო სექტორია, რომელთაგან წელს ცალსახად გაიბრწყინა ბექას სკოლამ.


Baka’s school ინგლისური ენის სასწავლო ცენტრია, რომელიც თითქმის 10 წელია არსებობს და ძირითად მიმართულებად სასაუბრო, ყოფით ცხოვრებაში საჭირო ინგლისურის დაუფლება აქვთ აღებული. კონტენტში ხშირად იყენებენ იუმორს, რაც მიმდინარე კამპანიაზეც – მერე სად მიდიხარ? – აისახა. ვიდეოების და ფოტოების სერია ვირუსულად გავრცელდა:

  • ნიგერიის პრინცმა მართლა რო მოგწეროს, სად მიდიხარ?!
  • თამადამ რო სადღეგრძელოს გადათარგმნა გთხოვოს, სად მიდიხარ?!
  • ტინდერზე რო უცხოელმა დაგმეჩოს, სად მიდიხარ?!

და კიდევ ბევრი სხვა, რომელთაგან ერთი მაინც აუცილებლად შეგხვდებოდათ ფიდზე. გზავნილი ცალსახაა – მართლა რომ დაგჭირდეს ინგლისური, სად მიდიხარ? ამდენად, კამპანიის შინაარსი პასუხობს ბრენდის როგორც მისიას, ისე ხასიათს.


რატომ არის ბექას სკოლის კამპანია ძალიან მაგარი? – პირველ რიგში, იმიტომ, რომ ფასდაკლებით კი არა, ღირებულების ჩვენებით სცადა ყურადღების მიპყრობა; კონკრეტული სიტუაციების ჩვენებით, რომლებიც თან სახალისო იყო, თან ახლოს რეალობასთან (უმეტესობა მაინც, ნიგერიის პრინცის გარდა). ამის ჩვენებისთვის სექტემბერი, როგორც ახალი სასწავლო წლის დაწყების დრო, ყველაზე რელევანტური იყო.


და მაინც, back to … ამართლებს?

Back to school კამპანია, ისევე როგორც ნებისმიერი, დროსა თუ სეზონზე დამოკიდებული კამპანია, განსაკუთრებით საინტერესოა მაშინ, როდესაც სცდება მხოლოდ ფასდაკლების შეთავაზებას, ერგება ბრენდს, ერგება სეგმენტს და გვთავაზობს განსხვავებულ გამოცდილებას.


Back to school, back to work, back to home… რაც უნდა დავარქვათ კამპანიას, თუკი ის რეალურ სარგებელზე არ დგას, რაღაც პრობლემას არ მიჭრის ან საჭიროებას არ მიკმაყოფილებს, მაშინ გამოვა კამპანია კამპანიისთვის, მხოლოდ სახელი და არა – საქმე.


თქვენ რომელი კამპანიები დაგამახსოვრდათ სექტემბერში?


ვიზუალებში გამოყენებული ფოტო მასალა ეკუთვნის წარმოდგენილ ბრენდებს და წარმოადგენს მათ ინტელექტუალურ საკუთრებას.




share: