ქალთა ფეხბურთი: ზრდის ეტაპიდან მარკეტინგულ შესაძლებლობამდე
women-s-football

ქალთა ფეხბურთი: ზრდის ეტაპიდან მარკეტინგულ შესაძლებლობამდე

kvartali fc

ავტორი: მარიამ მაზანაშვილი

6.05.2026

ბილიონ დოლარიან ინდუსტრიაზე რომელი სპორტი გახსენდებათ? ფეხბურთი? კალათბურთი? Formula 1?

მაგრამ წარმოიდგენდით, რომ ამ სიას მალე ქალთა ფეხბურთიც შეუერთდება?

დღეს ქალთა ფეხბურთის ინდუსტრია დაახლოებით 700–900 მილიონ დოლარს შორის მერყეობს, თუმცა FIFA უკვე ღიად საუბრობს იმაზე, რომ უახლოეს წლებში ეს მაჩვენებელი 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ამ ეტაპზე ქალთა ფეხბურთი გლობალურად ერთიანდება უფრო ფართო ქალთა სპორტის ეკონომიკაში, რომელიც უკვე ბილიონ დოლარიან ნიშნულს გადასცდა. 2024 წელს ქალთა სპორტმა $1.88 მილიარდი გამოიმუშავა, ხოლო 2025 წელს ამ მაჩვენებელმა $2.35 მილიარდს გადააჭარბა, საიდანაც ფეხბურთის წილი დაახლოებით 35%-ს შეადგენდა.



ეს ნიშნავს, რომ ქალთა ფეხბურთი უკვე იმ ეკონომიკურ სივრცეში ფუნქციონირებს, სადაც ბილიონიანი მასშტაბი რეალური მიზანი და არა უბრალოდ სამომავლო პერსპექტივაა.

ამ სტატიაში ქალთა ფეხბურთზე მოგიყვებით, ვისაუბრებთ, როგორც გლობალურ ისე საქართველოს ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე და სამომავლო პერსპექტივებზე, სად ვართ და სად გვინდა რომ ვიყოთ…

გლობალურად მზარდი ინდუსტრია

მსოფლიოში დღეს ქალთა ფეხბურთის პოპულარობა მასშტაბურად იზრდება. ეს არის სპორტი, რომელიც ისტორიულად ერთ-ერთ ყველაზე მასკულინურ სპორტად მიიჩნეოდა, სადაც კაცები ათწლეულების განმავლობაში დომინირებდნენ და დღესაც დომინირებენ. ფეხბურთი არა მხოლოდ სპორტია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მასშტაბური გლობალური ფენომენია.

წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლა იმისთვის, რომ ქალ ფეხბურთელებს ჰქონოდათ თანაბარი ანაზღაურება, თანაბარი სატელევიზიო დაფარვა და პროფესიული პირობები. ამ პროცესში ერთ-ერთი მოწინავე ამერიკა იყო, რომელმაც ქალთა ეროვნული ნაკრებისა და მამაკაცთა ნაკრების შორის თანაბარი ანაზღაურების შეთანხმებას მიაღწია. დღეს ძლიერი პოზიციებით გამოირჩევიან ასევე ესპანეთი და ინგლისი, სადაც ქალთა ფეხბურთი სწრაფად პროფესიონალიზდება და კომერციული ინტერესიც მნიშვნელოვნად იზრდება.

ამაში დიდ როლს თამაშობს UEFA-სა და FIFA-ს ორგანიზაციებიც, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ ქალთა ფეხბურთის მხარდაჭერას ინვესტიციციებით. 2022 წელს ინგლისში UEFA Women's Euro 2022 გაიმართა და დაფიქსირდა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მაღალი დასწრება. ტურნირს ჯამში თითქმის 575,000 მაყურებელი დაესწრო, ხოლო ფინალს რეკორდული - 87,000-ზე მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა, რაც ამ მასშტაბის ტურნირისთვის გარდამტეხ მომენტად იქცა.

ქეთევან ყიფიანი (Women’s Football Manager, GFF):


‘’ქალთა ფეხბურთის განვითარებას ძალიან დიდი მუხტი მისცა იმანაც, რომ დიდ კლუბებს ახლა უკვე ჰყავთ ქალთა გუნდები. ამან პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა. ერთია, როცა რაღაც ახალი იწყება და დამოუკიდებლად უნდა განვითარდეს, და მეორეა, როცა ის ვითარდება, მაგალითად, არსენალის ან ბარსელონას სტრუქტურის ქვეშ - იგივე ფილოსოფიით, იგივე რესურსებით, ცნობადობით და სხვა შესაძლებლობებით.’’

მაგრამ რა ხდება ამ დროს საქართველოში?

საქართველო ქალთა ფეხბურთის განვითარების საწყის ეტაპზეა, რის გამოც ჯერ კიდევ კარგი დროა ბრენდებისთვის ჩადონ ინვესტიცია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით პროფესიონალი ქალთა მოთამაშეების რაოდენობა 2016 წლიდან 2021 წლამდე 120-დან 1600-მდე გაიზარდა, 2022 წელს 1700 რეგისტრირებული ქალი ფეხბურთელი იყო.

საქართველოში 2015 წლიდან იმართება ქალთა ჩემპიონატი - ქალთა ეროვნული ლიგა, რომელიც 2020 წელს ორ დივიზიონად გაიყო. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ დონესთან შედარებით განვითარების კუთხით ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით, ბოლო წლებში პოზიტიური ცვლილებები უკვე შესამჩნევია.


ამ პროგრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია WFC Lanchkhuti-ის მონაწილეობა UEFA Women's Champions League-ის 2020/21 წლების საკვალიფიკაციო ეტაპზე და მათ მიერ 1/16 ფინალამდე მიღწევა, რაც ქართული ქალთა ფეხბურთისთვის ევროპულ სცენაზე ისტორიული ნაბიჯი იყო.

მაგრამ ისევე, როგორც კაცთა საკლუბო ფეხბურთში, ქალთა ფეხბურთშიც მთავარი პრობლემა ფინანსების, სპონსორებისა და რესურსების არქონაა.

ქეთევან ყიფიანი (Women’s Football Manager, GFF):


‘’საქართველოში მთავარი გამოწვევა რესურსების არარსებობაა, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური. კლუბები ძირითადად სახელმწიფო დაფინანსებაზე არიან დამოკიდებული და სპონსორები არ ჰყავთ. არსებული დაფინანსება მხოლოდ იმისთვის ჰყოფნით, რომ ჩემპიონატში მიიღონ მონაწილეობა. ქალთა ფეხბურთს თავისი კომუნა ჰყავს, მაგრამ იმისთვის, რომ ეს კომუნა გაიზარდოს და გაძლიერდეს, ძალიან მნიშვნელოვანია ციფრული დაფარვა - სოციალური ქსელები და სხვა არხები. გვიჭირს ამ ყველაფრის ციფრულ სივრცეში გადატანა და შემდეგ უკვე ამ ყველაფრის მონეტიზირება.’’

დღეის მდგომარეობით, ქალთა ფეხბურთი საქართველოში ძირითადად ფინანსდება FIFA-ს, UEFA-ს და სახელმწიფოს მიერ. კერძო სექტორის, განსაკუთრებით ბრენდების დაინტერესება და სასპონსორო ინვესტიციები ჯერ კიდევ ძალიან დაბალ ნიშნულზეა.

მთავარი გამოწვევა ისაა, რომ თუ თავად ჩემპიონატი არ გახდება კომერციულად მიმზიდველი პროდუქტი, ცალკეული კლუბის წარმატება ვერ იქნება საკმარისი ბრენდებისთვის რეალური ინტერესის გასაჩენად. ბრენდებისთვის ღირებულებას ქმნის არა მხოლოდ ერთი გუნდი, არამედ მთლიანი ეკოსისტემა - ლიგა, მოთამაშეები, აუდიტორია და მედია დაფარვა, რომლებიც ერთად ქმნიან საინვესტიციო პოტენციალს.

ნიკოლოზ ჯღარკავა ( Co-founder, Kvartali FC; General Manager, FC Dinamo Batumi):

‘’თუნდაც იმ დონეზე მაინც, რომ იყოს ინტერესი ქალთა ფეხბურთისადმი, როგორიც კაცთა ფეხბურთის მიმართ არსებობს კომპანიების მხრიდან, ეს ბევრად წინ წაწევდა ქალთა კლუბებს. ამასთან, კლუბების მენეჯმენტმაც სტრატეგიულად და გრძელვადიანი ხედვით უნდა შეხედოს განვითარების პროცესს. საჭიროა აკადემიური ან სასწავლო სისტემის ჩამოყალიბება - ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სტრუქტურირებული მიდგომა, რომელიც კლუბს რეალურ სიღრმეს მისცემს. სწორედ ამ გზით ხდება ფეხბურთელების გაზრდა, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს როგორც კლუბის კონკურენტუნარიანობას, ისე მის გრძელვადიან განვითარებას.’’


დაინტერესება აშკარად მზარდია, რასაც ფეხბურთის ფედერაციის მიერ დანერგილ ინიციატივებში მაღალი ჩართულობაც ადასტურებს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი გულისხმობდა 15 წლამდე გოგონებისთვის უფასო ვარჯიშების შეთავაზებას, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია - ჯგუფების უმეტესობა სრულად შეივსო.

დღეს სულ უფრო მეტი გოგონა ინტერესდება ფეხბურთით, ხოლო სტერეოტიპი „ფეხბურთი გოგოს საქმე არ არის“ ეტაპობრივად კარგავს გავლენას.

ნიკოლოზ ჯღარკავა ( Co-founder, Kvartali FC; General Manager, FC Dinamo Batumi):


‘’ბათუმში დავინახე დაახლოებით 8 წლის გოგონა, ნაკრების მაისურით, წვიმიან ამინდში სტადიონზე, ბურთით თამაშობდა. ასეთი სურათი რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო - ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ფეხბურთის განვითარების საფუძველიც სწორედ აქ არის - უბნის ფეხბურთში, კომუნაში. გერმანიის მაგალითით, ფეხბურთის მხოლოდ 0.01%-ია პროფესიული, დანარჩენი მთლიანად სამოყვარულო დონეზეა.’’

გაყიდვადია ქალთა ფეხბურთი? რა ხდება მარკეტინგში?

გლობალურ დონეზე ქალთა ფეხბურთმა ბოლო წლებში არნახული ზრდა აჩვენა, როგორც მარკეტინგული და სასპონსორო შემოსავლებიდან, ისე მედია დაფარვის მაჩვენებლებიდან.

FIFA-ს მონაცემებით, 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე საერთო მედია ჩართულობამ დაახლოებით 2 მილიარდს მიაღწია, ხოლო სტადიონებზე თითქმის 2 მილიონი მაყურებელი მივიდა.

National Women's Soccer League-მა გააფორმა ოთხწლიანი მედია ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 240 მილიონ დოლარად შეფასდა, ხოლო UEFA Women's Champions League გადავიდა უფასო სტრიმინგის მოდელიდან ხუთწლიან, პანევროპულ შეთანხმებაზე Disney+-თან. ეს ტენდენცია აჩვენებს, რომ ქალთა ფეხბურთში შემოსავლების ზრდა უკვე სისტემურად მიმდინარეობს, არა მხოლოდ ერთი წყაროს ხარჯზე, არამედ სპონსორობისა და მედია უფლებების პარალელური გაძლიერებით.



ათლეტ ბრენდინგი დღეს ქალთა ფეხბურთშიც აქტუალური თემაა. კომერციულად წარმატებული მოთამაშეები დღეს უფრო მეტად ისინი არიან, ვინც თავს იმკვიდრებენ მოედნის გარეთაც. FC Barcelona-ს ქალთა გუნდის წამყვანმა მოთამაშემ აიტანა ბონმატიმ 2025 წელს adidas-ის მსხვილ კამპანიებში მიიღო მონაწილეობა ფეხბურთის მამაკაც ვარსკვლავებთან ერთად, რაც აჩვენებს, რომ ქალთა ფეხბურთის მოთამაშეები უკვე სრულად ინტეგრირდებიან გლობალურ მარკეტინგულ ეკოსისტემაში.

ბარსელონას ასევე წამყვანმა ფეხბურთელმა, ალექსია პუტელასმა 2026 წელს მიიღო თავისი პირველი Player Edition ბუცი და პერსონალური ლოგო Nike-ისგან. ეს არის მკაფიო კომერციული სიგნალი: ქალთა ფეხბურთში უკვე სტაბილურად ინერგება ის მოდელი, რომელიც მამაკაცთა ფეხბურთში დიდი ხანია არსებობს, სადაც სპორტსმენი არ არის მხოლოდ ბრენდის სახე, არამედ დამოუკიდებელი პროდუქტისა და ხაზის შემქმნელი.

რაც შეეხება საქართველოს, ამ მიმართულებით ვითარება ჯერ კიდევ არ არის სახარბიელო. ლოკალური სპონსორობა ეტაპობრივად იკრებს ძალას, თუმცა მასშტაბი კვლავ შეზღუდულია.

ყველაზე მსხვილ პარტნიორებს შორის შეიძლება გამოვყოთ Bank of Georgia, ხოლო 2025 წლის მარტში SOCAR Georgia Petroleum-მა გააფორმა მემორანდუმი WFC Vere-თან, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და ქალთა სპორტის განვითარებას.

ნიკოლოზ ჯღარკავა ( Co-founder, Kvartali FC; General Manager, FC Dinamo Batumi):


‘’ეს პრობლემა მოიცავს ბევრ შრეს - როგორც საზოგადოებრივს, ისე საკლუბო ხედვასა და შესაძლებლობებს. ფიზიკურად არ არსებობს რესურსი, რომ ქალთა კლუბებმა მოიპოვონ ინფრასტრუქტურული სიძლიერე და სრულფასოვნად განავითარონ კლუბები.’’

ქეთევან ყიფიანი (Women’s Football Manager, GFF):

‘’არსებობს ადამიანური რესურსის პრობლემა მარკეტინგის მიმართულებით - არ არის საკმარისი კადრი, რომელიც ინიციატივას გამოიჩენს და პროცესებს წინ წაიყვანს. არ არსებობს მიზანმიმართულად გამოყოფილი მარკეტინგის გუნდი; დღეის მდგომარეობით, ქალთა ფეხბურთი საქართველოში იმ დონეზეა, სადაც უნდა იყოს იმ რესურსების გათვალისწინებით, რაც გვაქვს - როგორც ფინანსური, ისე ადამიანური.’’

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიდგომა: პირველ რიგში უნდა გაკეთდეს ინვესტიცია ინფრასტრუქტურასა და სისტემაში - განვითარების გზებში, სკოლისა და საზოგადოების დონეზე ხელმისაწვდომობაში. და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ამ ზრდადი აუდიტორიის მონეტიზაცია.

კვარტალი - ნათელი წერტილი ქალთა კლუბურ მარკეტინგში?

ქალთა საფეხბურთო კლუბი Kvartali FC ნათელი წერტილივით გამოჩნდა ქართულ სპორტულ სივრცეში - გამორჩეული ბრენდინგითა და ვიზუალური კომუნიკაციით. კლუბმა თავიდანვე აირჩია თანამედროვე, სტრატეგიული მიდგომა და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ბრენდის განვითარებას, მათ შორის კრეატიული ფოტოსესიების ორგანიზებას ფეხბურთელებთან ერთად.

 

თუმცა მთავარი კითხვა აქ იწყება: რეალურად რა იყო „კვარტალის“ შექმნის იდეა და რა ხედვით დაიგეგმა მისი განვითარება?

ნიკოლოზ ჯღარკავა ( Co-founder, Kvartali FC; General Manager, FC Dinamo Batumi):

‘’თავიდან „კვარტალი“ ჩამოყალიბდა როგორც სამოყვარულო კაცთა გუნდი - უბნის საფეხბურთო კლუბი. როდესაც ქალთა ჩემპიონატი შეიქმნა და დავინახეთ პოზიტიური ძვრები, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა „კვარტალის“ ქალთა გუნდიც და ეს მიმართულებაც გაგვეძლიერებინა. ეს პროცესიც მთლიანად მოხალისეობრივ საწყისებზე იყო დაფუძნებული და ადამიანების კეთილ ნებაზე იდგა - ფინანსური მოტივაცია საერთოდ არ არსებობდა.

თავიდანვე ავირჩიეთ კონკრეტული მიმართულება და წლიდან წლამდე ვამატებთ ახალ ელემენტებს. რაც შეიძლება გამოგვარჩევდეს, არის ის, რომ დიდ ყურადღებას ვაქცევთ საფეხბურთო დეტალებს - მაგალითად, სათამაშო ფორმის დიზაინს. თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ არ ყოფილიყო შაბლონური და ჰქონოდა საკუთარი საკლუბო იდენტობა, ვიზუალური ხაზი. დღემდე ყოველ სეზონზე ამ პრინციპს ვინარჩუნებთ.’’

კლუბი რომ ვიზუალურ ელემენტებს დიდ ყურადღებას აქცევს, ამაზე მათი მოწყობილი ფოტოსესიებიც მეტყველებს.

Jorg Skorobogatov (Creative Director, Kvartali FC):



‘’ვფიქრობ, ყველაფერი ნდობასა და რეალურ ისტორიებზეა დამოკიდებული. ადამიანებს სურთ მოისმინონ ნამდვილი ამბები - სწორედ ეს ადამიანური ურთიერთობა არის მთავარი მამოძრავებელი ძალა.

ქალთა ფეხბურთი განსხვავებული სპორტი არ არის. საბოლოოდ, ეს არის ფეხბურთი - თავისი ენითა და ემოციებით. ფოტოგრაფიის დროს მნიშვნელოვანია, რომ არ გადავაჭარბოთ და არ გავაზვიადოთ. მთავარი არის ავთენტურობის დაფიქსირება და არა მისი ხელოვნურად შექმნა.

პირადად მე, მინდა, რომ ეს კლუბი გახდეს მდგრადი და საკუთარი ძალებით განვითარდეს. მოხალისეობა ძალიან ღირებული და სასიამოვნოა, თუმცა გრძელვადიანი განვითარებისთვის ფინანსური დამოუკიდებლობა აუცილებელია.’’

კვარტალის დამფუძნებელს სამომავლო გეგმებზეც ვკითხეთ, როგორ აპირებდა კლუბი სამომავლოდ ზრდასა და განვითარებას.

ნიკოლოზ ჯღარკავა ( Co-founder, Kvartali FC; General Manager, FC Dinamo Batumi):

‘’რაც შეეხება გეგმებს, ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით გვაქვს მიზნები და სურვილები. მთავარი ამოცანაა აკადემიის მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერება - მეტი გოგონას ჩართვა, მათი განვითარება და შემდეგ პირველ გუნდში დაწინაურება, რათა მეტი შევსება მივცეთ ჩვენი წიაღიდან ქართულ ქალთა ფეხბურთს.’’

შეჯამება - რა მომავალი აქვს ქალთა ფეხბურთს?

ქალთა ფეხბურთი დღეს იმ ეტაპზეა, სადაც ზრდა უკვე ინტენსიური ტემპით მიდის, მაგრამ კომერციული პოტენციალი ბოლომდე არაა ათვისებული. აუდიტორია სწრაფად ფართოვდება, ინტერესიც იზრდება და ბაზარი ნელ-ნელა იძენს სტრუქტურას, თუმცა ფინანსური ინვესტიციები ჯერ კიდევ ვერ ეწევა ამ ტემპს.

გლობალურად, ქალთა ფეხბურთი უახლოვდება იმ ნიშნულს, სადაც ის სრულფასოვან ბიზნეს ინდუსტრიად ჩამოყალიბდება. FIFA-ისა და UEFA-ის მხრიდან მზარდი ინვესტიციები, მედია უფლებების გაძლიერება და სპონსორობის ზრდა მიანიშნებს, რომ მომდევნო წლები იქნება პროფესიონალიზაციისა და კომერციალიზაციის გადამწყვეტი ეტაპი.

საქართველოში კი, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, უკვე იკვეთება განვითარების საფუძვლები - იზრდება ინტერესიც, ფორმირდება ინფრასტრუქტურა და ჩნდება ახალი ინიციატივები, რომლებიც ბაზარს ეტაპობრივად აძლიერებს.

ბრენდებისთვის კი განვითარების ეს ადრეული ეტაპი არის ფანჯარა, სადაც ყველაზე დიდი ღირებულება იქმნება და საბოლოოდ მოგებული ის დარჩება, ვინც პირველ ნაბიჯს გადადგამს.


photo: Jorg Skorobogatov

 

share: