როგორ შეიქმნა ბრენდი „ცისკარი“
the-story-behind-building-tsiskari-brand

შეუძლებელი მისიიდან აღმოჩენების პლატფორმამდე

როგორ შეიქმნა ბრენდი „ცისკარი“

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

22.10.2026

3 ადამიანი, 3 თვე, ამბიციური გეგმა და გიჟური იდეა, რომელიც შეუძლებელი ჩანს - ასე დაიწყო ისტორია, რომელიც ერთი ექსპედიციიდან გრძელვადიან პლატფორმად იქცა.

დღეს მოგიყვებით, როგორ შეიქმნა „ცისკარი“ - აღმოჩენებისა და შემეცნების ქართული პლატფორმა, რა სტრატეგია დაედო მას საფუძვლად და როგორ აპირებს ბრენდი საზოგადოების ყურადღების მიმართვას თემისკენ, რომელიც ნაკლებად პოპულარული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია - გარემოს ცვლილება და ადაპტაცია. მოდი ვილაპარაკოთ.

 

იდეა

„ანტარქტიკა არის პლანეტის მთავარი კლიმატკონტროლი, იქ მიმდინარე ცვლილებები ჩვენზეც აისახება. ამ ცვლილებების შეჩერება შეუძლებელია, ამიტომ უნდა ვისწავლოთ მათთან ადაპტაცია“ - ყველაფერი გიორგი გოცირიძის იდეით დაიწყო, რომელიც გეოგრაფი და გლაციოლოგია. იგი თავისი კომპანიის „გეოგრაფიკი“ ფარგლებში უკვე 28 წელია ბუნებრივ გარემოს იკვლევს, აფასებს გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებულ რისკებს და მიღებულ ცოდნას კურორტების დაგეგმვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სხვადასხვა პროექტისთვის პრაქტიკული გადაწყვეტილებების შემუშავებაში იყენებს.

შესაბამისად, ანტარქტიკა შემთხვევით არ არჩეულა. მსოფლიოს იმ ადგილებს შორის, რომელთა საფრთხეები საქართველოზეც ახდენს გავლენას, პირველ მისიად შეირჩა ყველაზე ექსტრემალური და რთულად მისაწვდომი კონტინენტი და ამ კონტინენტზე - ყველაზე რთული მარშრუტი - ანტარქტიკის უმაღლეს მწვერვალზე, მთა ვინსონზე ასვლა და 111 კმ-ის ფეხით გავლა სამხრეთ პოლუსამდე (ბოლო გრადუსი).

იდეას ორი განსხვავებული გამოცდილების ადამიანი შეუერთდა: ქართული ალპინიზმის ლეგენდა ბიძინა გუჯაბიძე და დოკუმენტალისტი, ექსტრემალური რეკორდების ვიდეოგრაფი ნიკა ლებანიძე. ასე გაერთიანდა სამი პერსპექტივა: მეცნიერის ცნობისმოყვარეობა, მთამსვლელის შეუპოვრობა და მთხრობლის ხედვა.

 

გამოწვევა

ექსტრემალური ექსპედიციის ექსტრემალურობა გამგზავრებამდეც აშკარა იყო - საკმაოდ დიდი თანხის შესაგროვებლად მხოლოდ რამდენიმე თვე.

სამი ადამიანი, როგორი შთამბეჭდავიც უნდა ყოფილიყო მათი გამოცდილება, ასეთი მასშტაბის რესურსის მობილიზებას მხოლოდ პირადი კონტაქტებითა და ინდივიდუალური ისტორიებით რთულად შეძლებდა.


საჭირო იყო ბიზნესებისა და საზოგადოების გაერთიანება, მაგრამ რატომ უნდა დაინტერესებულიყო ქართული ბიზნესი ანტარქტიკაზე სამი ადამიანის გამგზავრებით? რა ღირებულებას დაინახავდა პარტნიორი? ან საზოგადოებას როგორ უნდა ეგრძნო, რომ ეს ამბავი მასაც ეხებოდა? და რაც მთავარია - რა დარჩებოდა მაშინ, როცა ექსპედიცია დასრულდებოდა?


სწორედ აქ გაჩნდა სტრატეგიული ამოცანა: როგორ იქცეს სამი ადამიანის მოგზაურობა გამოცდილებად, რომელსაც სხვებიც გაიზიარებენ?

 

სტრატეგია

მარკეტინგში, ჩვეულებრივ, ჯერ პროდუქტი ან სერვისი იქმნება, შემდეგ კი მისი კომუნიკაცია იწყება. „ცისკრის“ შემთხვევაში ბევრი რამ გასცდა ბრენდის დაბადების სტანდარტულ ჩარჩოს. ბრენდის სტრატეგიაზე მარიამ ბებიაშვილმა იმუშავა.


მარიამ ბებიაშვილი, ბრენდის სტრატეგი, minds&marketing-ის დამფუძნებელი:

„თავიდანვე ვიცოდით, რომ ექსპედიციისთვის სახელის, ლოგოსა და სპონსორების მოსაზიდი პრეზენტაციის შექმნა საკმარისი არ იქნებოდა. გვჭირდებოდა ბრენდი, რომელსაც საკუთარი მისია, ღირებულებები და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა ექნებოდა. ამიტომ სტრატეგიის ცენტრში არა კონკრეტული მარშრუტი, არამედ უფრო დიდი იდეა მოვაქციეთ - ანტარქტიკა უნდა ყოფილიყო არა საბოლოო დანიშნულების ადგილი, არამედ დასაწყისი - თავი პირველი.

ამ მიდგომით ექსპედიცია გასცდებოდა სპორტული მიღწევის ფარგლებს, შეიძენდა საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო მნიშვნელობას, პარტნიორებს კი შესაძლებლობას მისცემდა მონაწილეობა მიეღოთ არა მხოლოდ ექსპედიციის დაფინანსებაში, არამედ გარემოს ცვლილებასა და ადაპტაციაზე ღირებული ცოდნის შექმნასა და გავრცელებაში. საბოლოოდ, გვინდოდა შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც ერთი ექსპედიციით არ დასრულდებოდა და მომავალშიც შეძლებდა ადამიანების, იდეებისა და რესურსების გაერთიანებას.“


საბოლოო სახის მიღებამდე ბრენდს რამდენიმე შეკითხვაზე უნდა ჰქონოდა მკაფიო პასუხი: რატომ? რისთვის? და ვისთვის?

 

რატომ?

სოციალური ქსელების ეპოქაში, როცა ინფორმაციის მიღებას პირველი რამდენიმე წამი წყვეტს, სერიოზული თემით ადამიანის დაინტერესება, მისი ყურადღების მიპყრობა რთულია. რაც უფრო სერიოზულია თემა, მით უფრო დიდი ძალისხმევაა საჭირო. გარემოს ცვლილება კი ნამდვილად არ არის ის თემა, რომელზე წაკითხულმა ლექციამაც შეიძლება ასი ათასობით ადამიანამდე მიაღწიოს. და კიდევ უფრო მცირე იქნება იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც ამაზე რეალურად დაფიქრდება.

ამიტომ „ცისკარმა“ ის ფორმატი შეარჩია, რომელსაც მაყურებელი ყოველთვის ჰყავს - ექსპედიცია, თავგადასავალი, ადამიანური სთორითელინგი.

სწორედ აქედან დაიბადა სტრატეგიული გადაწყვეტაც - 3 ადამიანის მოგზაურობა იქცეს კოლექტიურ გამოცდილებად.

ადამიანებს აინტერესებთ ისტორიები, რომლებშიც გამოწვევაც არის, რისკიც, გაურკვევლობაც და მიზანიც, რომლის მიღწევა თითქმის შეუძლებელი ჩანს. შეძლებს სამი ქართველი ანტარქტიკის ყველაზე ექსტრემალური ექსპედიციის შესრულებას, რომელიც მსოფლიოში სულ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოახერხა? რას შეჭამენ იმ სიცივეში? 66 წლის ასაკში ბიძინა გუჯაბიძე ასეთ გამოწვევას არ უშინდება? -55 გრადუსში როგორ გადაიღებს ნიკა?

გიორგი გოცირიძე, გეოგრაფი, გლაციოლოგი, „ცისკრის“ თანადამფუძნებელი:

„ადამიანი შეიძლება თავდაპირველად ჩვენმა ამბიციურმა მიზანმა დააინტერესოს, მაგრამ გზად გაიგოს, რა ხდება ანტარქტიკაზე, როგორ უკავშირდება იქ მიმდინარე გარემოს ცვლილებები საქართველოს და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ცვლილებებთან ადაპტაცია ვისწავლოთ. ასე რომ, ექსპედიცია ყურადღების მიპყრობის საშუალებაა, რომელიც შემდეგ ამ ყურადღებას ცოდნისა და შემეცნებისკენ მიმართავს. სწორედ ამიტომ არის „ცისკარი“ აღმოჩენებისა და შემეცნების პლატფორმა.“



ასე ჩამოყალიბდა ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიის მთავარი იდეა - რთულ ნაკლებად პოპულარულ თემაზე საუბარი ისეთი ფორმით, რომელსაც ადამიანები თავად აირჩევენ, უყურებენ და სხვებსაც გაუზიარებენ.

ბრენდის საკომუნიკაციო/კონტენტ სტრატეგიასა და პროექტის მარკეტინგულ გეგმაზე minds&marketing-ის გუნდმა ვიმუშავეთ.

 

ვისთვის?

„ცისკრის“ აუდიტორიის განსაზღვრისას მხოლოდ ასაკი, პროფესია ან შემოსავალი საკმარისი არ იქნებოდა. ბრენდისთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ადამიანების მოტივაცია: რა აღელვებთ, რისი სჯერათ და რატომ შეიძლება მათთვის ანტარქტიკული ექსპედიცია მნიშვნელოვანი გახდეს.

გამოიკვეთა სამი ძირითადი ფსიქოგრაფიული მიმართულება.

ვისაც აღმოჩენების სურვილი ამოძრავებს

ადამიანები, რომლებსაც იზიდავთ მოგზაურობა, უცნობი გარემო, თავგადასავლები და ადამიანის შესაძლებლობების საზღვრები. მათ აინტერესებთ არა მხოლოდ საბოლოო შედეგი, არამედ გზა - როგორ ემზადებიან მონაწილეები, რას განიცდიან, რა სირთულეებს აწყდებიან და როგორ უმკლავდებიან მათ. მათთვის „ცისკარი“ შესაძლებლობაა, რომ შორეულ ექსპედიციას ახლოდან ადევნონ თვალი.

ვისაც ხვალინდელი დღე ადარდებს

ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ გარემოს ცვლილებებზე, მდგრად განვითარებაზე, განათლებასა და ცხოვრების ხარისხზე. მათთვის მნიშვნელოვანია, რა შეიძლება ვისწავლოთ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე პროცესებიდან და როგორ გამოვიყენოთ ეს ცოდნა საქართველოში. მათთვის „ცისკარი“ აღმოჩენებისა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარების პლატფორმაა.

ვისაც ქვეყნის გამარჯვება მოენატრა

ერთიანობის შეგრძნება ყველაზე მეტად ისეთ მძაფრ ემოციას მოაქვს, როგორიც ქვეყნის სახელით გამარჯვებას ახლავს. მაგალითად, გახსოვთ ის შეგრძნება, საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რომ გავიდა? შესაბამისად, ამ მიმართულებაში არიან ადამიანები, რომლებსაც გამარჯვების ემოცია მაშინ ეუფლებათ, როცა ქართული დროშა ახალ ადგილას ჩნდება და ქართველები რთულ მიზნებს აღწევენ. მათთვის „ცისკარი“ საერთო სიამაყისა და თანამონაწილეობის განცდასთან ასოცირდება.



ბიძინა გუჯაბიძე, მთამსვლელი, საერთაშორისო სამთო გიდი:

„მონატრებული ვართ გამარჯვებას, წარმატებას, დადებით ემოციას. ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანის ვალია, ქვეყანას ეს სიხარული მისცეს.

ფიზიკურად კი სამი კაცი ვიქნებით, მაგრამ ეს გამარჯვება ყველასთვის გვინდა.

ეს ჩემი პერსონალური სიხარულიცაა. მეგონა მეტისმეტად დიდი ასაკი მქონდა ასეთი მასშტაბის ოცნებებისთვის. ამ მნიშვნელოვანმა გამოწვევამ სიცოცხლე გამიხანგრძლივა.“

ეს სამი ჯგუფი ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის. ადამიანს შეიძლება ერთდროულად უყვარდეს თავისი ქვეყანა, იზიდავდეს თავგადასავალი და აღელვებდეს მომავალი. სწორედ ამ საერთო ინტერესების გადაკვეთაზე უნდა შეექმნა კომუნიკაცია „ცისკარს“.

 

 

რატომ „ცისკარი“?

სახელი ბევრჯერ ვახსენე, მაგრამ, რადგან იდეა უკვე ვიცით, მისი ახსნა ახლა გაცილებით მარტივი იქნება.

ბრენდს სჭირდებოდა სახელი, რომელიც მხოლოდ ანტარქტიკას, მთამსვლელობას ან კონკრეტულ ექსპედიციას არ დაუკავშირდებოდა. სახელი უნდა ყოფილიყო ქართული, მარტივად დასამახსოვრებელი და, რაც მთავარია, უნდა გამოეხატა ბრენდის მთავარი იდეა - აღმოჩენის, შემეცნებისა და ახალი შესაძლებლობების ძიების სურვილი.

დიზაინ ინსტიტუტში სახელის შემუშავების ვორქშოფზე ვერსია „ცისკარი“ ნინო ეგაძემ გააჟღერა. მსჯელობას გავყევით და აღმოჩნდა, რომ ცისკრის სიმბოლური დატვირთვა სწორედ ის იყო, რაც გვჭირდებოდა:

  • ცისკარი გათენებაა, სიბნელიდან სინათლეში გადასვლის მომენტი, როცა თანდათან ხილული ხდება ის, რაც აქამდე არ ჩანდა. სწორედ ასე იწყება შემეცნებაც - კითხვებითა და დაკვირვებით;

  • ცისკრის ვარსკვლავი ახალი დღის მოახლოების მაუწყებელია. ამავე დროს, იმედის, მიმართულებისა და ახალი დასაწყისის სიმბოლო, ერთგვარი გზამკვლევი - ზუსტად ისე, როგორც „ცისკარს“ სურს, შორეულ ადგილებში მიღებული ცოდნით ახალი პერსპექტივები დაგვანახოს;

  • „ცის კარი“, როგორც გასასვლელი ნაცნობი სამყაროდან უცნობისკენ. „ცისკარიც“ ერთგვარი კარიბჭეა ახალი აღმოჩენებისკენ, რათა გასცდეს ჩვეულ საზღვრებს და სამყარო განსხვავებული პერსპექტივიდან დაგვანახოს.


რატომ
S90?

როგორც აღვნიშნე, პლატფორმას მომავალში სხვა მისიებიც ექნება, თითოეულ მათგანს - საკუთარი სახელი და ნომერი, რომელიც კონკრეტულ დანიშნულების ადგილს დაუკავშირდება.


პირველ მისიას S90 ეწოდა. სახელწოდება სამხრეთ პოლუსის გეოგრაფიული განედიდან - 90°S-დან - მოდის: S აღნიშნავს სამხრეთს (South), 90 კი განედის გრადუსს. გეოგრაფიული აღნიშვნა ბრენდულ სახელწოდებად გარდაიქმნა და ასე გაჩნდა S90 - მოკლე კოდი, რომელიც მისიის საბოლოო დანიშნულების ადგილს გამოხატავს.

 

ბრენდის ხმა

„ცისკრის“ მთავარი რესურსი თავიდანვე ადამიანები იყვნენ. ბიძინა გუჯაბიძეს, გიორგი გოცირიძესა და ნიკა ლებანიძეს განსხვავებული გამოცდილება, პროფესიული ინტერესები და მოტივაციები აქვთ. სწორედ განსხვავებულობა იქცა ბრენდის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად.

მთამსვლელისთვის გზა ფიზიკური და მენტალური გამძლეობის გამოცდაა, მეცნიერისთვის - დაკვირვებისა და შემეცნების შესაძლებლობა, დოკუმენტალისტისთვის კი - გამოცდილება, რომელიც ამბად უნდა იქცეს. ეს სამი ხედვა ერთმანეთს ავსებს.

ბრენდის არქეტიპად განისაზღვრა Explorer - აღმომჩენი, მაძიებელი. მისი მამოძრავებელი ძალაა ცნობისმოყვარეობა, თავისუფლება, ახალი გამოცდილების ძიება და ნაცნობი საზღვრების გადალახვა. თუმცა „ცისკარი“ მხოლოდ საკუთარი თავგადასავლისთვის არ მოგზაურობს. მას სურს, ნანახი და ნასწავლი სხვებსაც გაუზიაროს. ამ იდეიდან დაიბადა ბრენდის მთავარი ამბავიც:

„მივდივართ, არა მხოლოდ იმისთვის, რომ მივაღწიოთ, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი თვალით ვნახოთ, გავიგოთ და სხვებსაც დავანახოთ ის, რაც უკვე დღეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას ცვლის. გვინდა, ნანახი ამბად იქცეს. ამბავი - ფიქრად. ფიქრი - საუბრად. საუბარი კი - მოქმედებად.“

აქ ჩანს ბრენდის კომუნიკაციის ლოგიკაც - მას სურს ადამიანებში ინტერესი გააჩინოს, კითხვები დასვას, საუბარი წამოიწყოს და მიღებული ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებას დაუკავშიროს. ამიტომაც ბრენდის ხმა ადამიანური, ცნობისმოყვარე და გულწრფელია, ზედმეტი ჰეროიზმისა და პათეტიკის გარეშე.

 

ვიზუალური იდენტობა

სტრატეგიის შემდეგი ნაბიჯი ბრენდის ვიზუალური იდენტობის შექმნა იყო. ამოცანა მხოლოდ პირველი ანტარქტიკული ექსპედიციის ვიზუალურად წარმოჩენა არ ყოფილა. „ცისკარი“ უნდა ჩამოყალიბებულიყო მასტერბრენდად, რომლის ქვეშაც მომავალში განსხვავებული გეოგრაფიული მიმართულებებისა და მისიების გაერთიანება იქნებოდა შესაძლებელი. შესაბამისად, ვიზუალური სისტემა უნდა ყოფილიყო მოქნილი - შეენარჩუნებინა ბრენდის ერთიანი იდენტობა და, ამავდროულად, თითოეულ მისიას თავისი ინდივიდუალური ხასიათი ჰქონოდა. ამას გარდა, ვიზუალურ ენას ერთდროულად უნდა გადმოეცა აღმომჩენისა და მთხრობლის ხასიათი - შემეცნების სურვილი, შეუპოვრობა და ახალი ცოდნისა თუ ისტორიების გაზიარების იდეა.


ამ ამოცანაზე ციფრულმა მარკეტინგულმა სააგენტო Sunday Studio-მ იმუშავა. როგორ გადაითარგმნა სტრატეგია ვიზუალურ იდენტობად და როგორ გაცოცხლდა „ცისკარი“ ვიზუალურად, უფრო დეტალურად ცალკე სტატიაში მოგიყვებით.

 

კონტენტის სტრატეგია

ბრენდის შექმნის პროცესში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა გაჩნდა: რას მიიღებს ადამიანი, რომელიც „ცისკრის“ მოგზაურობას თვალს ადევნებს? რა უნდა ვაჩვენოთ მას ექსპედიციამდე, ექსპედიციის მიმდინარეობისას და დაბრუნების შემდეგ? ასე გამოიკვეთა საკომუნიკაციო გეგმა და 3 ფაზად ჩაიშალა.

ექსპედიციამდე - პრეკომუნიკაციის 2 ეტაპი - ცნობისმოყვარეობის გაღვივება, გუნდისა და ბრენდის გაცნობა


პრეკომუნიკაცია 2 ეტაპად გაიშალა - ბრენდის დაბადებამდე და დაბადების შემდეგ. ბრენდის დაბადებამდე „ცისკრის“ შესახებ თავად ექსპედიციის წევრები საუბრობდნენ.  

პარალელურად აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა ბიზნესებთან.

ერთი მისიის გარშემო განსხვავებული სფეროს კომპანიები გაერთიანდნენ: გეოგრაფიკი, თეგეტა ჰოლდინგი, აჭარა ჯგუფი, ზუმერი, ალდაგი, Cellfie, LSG Solutions, დიზაინის ინსტიტუტი, Vitality Blueprint, NozNutrition, მეგალაბი, ელიავა ბიოპრეპარატები, საქართველოს უნივერსიტეტი.  

ბრენდის გარშემო მნიშვნელოვანი მედიამხარდაჭერაც ჩამოყალიბდა. minds&marketing-ის გარდა პროექტი სხვადასხვა კუთხით გააშუქეს მედიებმა: BMG, Palitra holding, Entrepreneur.

პრეკომუნიკაციის მეორე ეტაპზე თავად ბრენდი წარადგენს თავის თავს, მისიას, მიზნებსა და ღირებულებებს. პარალელურად, უფრო ახლოს გაგვაცნობს გუნდს, გვაჩვენებს, როგორ ემზადებიან, რა მნიშვნელობა აქვს ანტარქტიკას ჩვენთვის და ა. შ.

ექსპედიციის დროს - „შენც აქ ხარ“

დღიურები, ვიდეოები, ხმოვანი ჩანაწერები, ყოველდღიური გამოწვევები, გუნდის წევრების პირადი დაკვირვებები და ექსპედიციის მარშრუტის თვალყურის დევნება - ეს ყველაფერი ექსპედიციის გულშემატკივრებს ექსპედიციის მონაწილეებად აგრძნობინებს თავს.

დაბრუნების შემდეგ - გაზიარება

„ცისკრის“ ისტორია ანტარქტიკიდან დაბრუნებით არ სრულდება. მიღებული გამოცდილება სხვადასხვა ფორმატში გაიშლება, როგორიცაა: ინტერვიუები, საგანმანათლებლო შეხვედრები, სამეცნიერო და პრაქტიკული განხილვები, გამოფენები, დოკუმენტური ფილმი და სხვ.

სამივე ფაზაში ვიდეოკონტენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. პროექტის ფოტო-ვიდეოპროდაქშენზე Gorillas' Production მუშაობს, რომლის ამოცანაა გუნდის მომზადების, ექსპედიციის მიმდინარეობისა და მონაწილეების პირადი ისტორიების აუდიოვიზუალური ფორმით გადმოცემა.



ნიკა ლებანიძე, დოკუმენტალისტი, Gorillas' Production-ის დამფუძნებელი:

„საბოლოოდ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა მასალას ჩამოვიტანთ ანტარქტიკიდან და როგორ მოვყვებით ამ ამბავს. იქ გადაღების მეორე შანსი არ გვექნება. მთავარი გამოწვევა -55 გრადუსში გადაღება არაა, არამედ ისე გადაღება და გადმოცემა, რომ მაყურებელმა მხოლოდ ამბავი კი არ ნახოს, არამედ ის ემოციები და სირთულეები იგრძნოს, რასაც ჩვენ გამოვცდით. ასე იქცევა სამი ადამიანის ექსპედიცია გაცილებით მეტი ადამიანის საერთო გამოცდილებად.“

 

შეუძლებლიდან შესაძლებლამდე

საბოლოოდ, ის, რაც თავიდან გიჟურ იდეად ჩანდა, იქცა ბრენდად, რომელმაც თავის გარშემო კომუნა ჩამოაყალიბა. მარკეტინგისა და ბრენდინგის თვალსაზრისით „ცისკარმა“ უკვე შექმნა პრეცედენტი - დაგვანახა, რომ ძლიერ ბრენდს შეუძლია საერთო იდეის გარშემო გააერთიანოს ბიზნესები, საგანმანათლებლო ინსტიტუტები, არასამთავრობო სექტორი, კონტენტ კრეატორები და რიგითი ადამიანები. და ამით შესაძლებელი გახადოს ის, რაც ცალკეული ადამიანებისთვის შეუძლებელი ჩანდა.

წინ ანტარქტიკაა - გზა, რომელიც ფიზიკურ გამძლეობას, ცოდნასა და გამბედაობას მოითხოვს.

მაგრამ „ცისკრის“ მთავარი დაპირება მხოლოდ ამ გზის გავლა არ არის.

„ცისკარი“ გვეუბნება, რომ ანტარქტიკა მხოლოდ დასაწყისია.




share: