საქართველოდან მადრიდში – Miami Ad School
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია
დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის არც ისე ბევრი პროგრამაა, რომელიც საზღვრებს გარეთ განათლების მიღების შესაძლებლობას იძლევა. დღეს სწორედ ამ შესაძლებლობაზე მოგიყვებით – საქართველოს ბანკი განაგრძობს განათლების მხარდაჭერას და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში უკვე მეშვიდე წელია კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს სრული დაფინანსებით ისწავლონ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სკოლაში.
სტატიაში ვრცლად მოგიყვებით ამ შესაძლებლობის მნიშვნელობაზე, დასაწყისში კი გეტყვით, რომ პროგრამაზე განაცხადების მიღება 8 ივნისამდე გაგრძელდება, გამარჯვებულის ვინაობა კი 15 ივნისს გამოცხადდება.

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია
საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად უჭერს მხარს განათლებას, შესაბამისად, ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. განათლების პროექტებიდან ერთ-ერთია ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია, რომელიც 2019 წლიდან Miami Ad School-თან ერთად დაარსდა და ყოველ წელს ერთ ახალგაზრდას აძლევს შესაძლებლობას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ და აღიარებულ კრეატიულ სასწავლებელში სრული დაფინანსებით ისწავლოს.
ნიკა გუჯეჯიანი Miami Ad School-ის კურსდამთავრებული, საქართველოს ბანკის კრეატიული დირექტორი, არაერთი წარმატებული პროექტისა და კამპანიის ავტორი იყო, რომელიც 2019 წელს ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. მისი ხსოვნისა და კრეატიული ინდუსტრიის განვითარების მხარდასაჭერად დააფუძნა საქართველოს ბანკმა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია.
რას ფარავს სტიპენდია და რა არის საჭირო მონაწილეობისთვის
საქართველოს ბანკის სტიპენდია 100%-ით ფარავს როგორც 9-თვიანი პროგრამის სწავლის სრულ საფასურს, ასევე სარეგისტრაციო/სავიზო მოსაკრებელს (Reservation Fee – €900). სტიპენდიის გარეშე პროგრამის ღირებულება €8,000-დან €10,500-მდე მერყეობს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა აპლიკაციის შევსება, რომელიც მოიცავს CV-ის, სამოტივაციო წერილს, პორტფოლიოსა და დიპლომის ასლს. მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ რეზიდენტს 30 წლის ჩათვლით, ვისაც ჩამოთვლილი მიმართულებებიდან ერთ-ერთი აინტერესებს:
რას ნიშნავს Miami Ad School-ში სწავლა სტუდენტის პერსპექტივით
როგორც აღვნიშნე, Miami Ad School მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კრეატიული სასწავლებელია, რომელიც სარეკლამო ინდუსტრიის, დიზაინისა და ციფრული მარკეტინგის მომავალ ლიდერებს ამზადებს. იგი იდეალურ პლატფორმად მიიჩნევა მათთვის, ვისაც სურს თეორიული ჩარჩოებისგან გათავისუფლება და რეალურ, გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანი პორტფოლიოს შექმნა.
Miami Ad School-ის კურსდამთავრებულები დღეს მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური გიგანტებისა და წამყვანი სარეკლამო სააგენტოების შემოქმედებით პროცესებს მართავენ. მათი ნაწილი გლობალური კრეატიული დირექტორია, რომელთა კამპანიებსაც მილიონობით ადამიანი ნახულობს.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად კონკურსის გამარჯვებული არა ბერლინის, არამედ Miami Ad School-ის მადრიდის კამპუსში ისწავლის, საიდანაც უამრავი წამყვანი ევროპელი და საერთაშორისო დონის კრეატორი აღმოცენდა. ბევრი მათგანი დღეს გლობალურ ბრენდებსა და სააგენტოებს ხელმძღვანელობს, მაგალითად: Jorge Manzaneque – ცნობილი დამოუკიდებელი კრეატიული დირექტორი, რომელმაც პირველი პრესტიჟული Cannes Lion სწორედ მადრიდის კამპუსში სწავლისას მოიგო და თავისი კარიერული ტრამპლინი სწორედ ამ ფილიალს დაუკავშირა. ასევე Carolina Soto – On-ის უფროსი კოპირაიტერი, Victoria Leiva – წამყვანი კრეატიული არტ დირექტორი და დიზაინერი, რომელიც ტექნოლოგიურ გიგანტ Google (xWF)-ში მუშაობს ვიზუალური კონცეფციების შექმნაზე.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, Miami Ad School-ში სწავლა სტუდენტისთვის ნიშნავს:
· 100% პრაქტიკის მიღების შესაძლებლობას, რადგან აქ თეორიას არა წიგნებიდან, არამედ პრაქტიკული მაგალითებიდან იღებ;
· მუდმივ უკუკავშირს, რადგან სტუდენტების ნამუშევრებს ყოველდღიურად აფასებენ ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები;
· კრეატიული აზროვნების განვითარებას, რადგან კონკრეტულ პროექტებზე მუშაობისას ბუნებრივად გამოდიხარ ჩარჩოებიდან;
· ინდუსტრიის წამყვან ადამიანებთან მუშაობას, რადგან ლექტორები მსოფლიოს ტოპ კომპანიების თანამშრომლები არიან;
· დასრულებულ პორტფოლიოს, რადგან კურსის დასრულების შემდეგ არაერთი პროექტი გექნება, რომელთაც ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებს თამამად გაუზიარებ;
· დასაქმების არაერთ შესაძლებლობას, რადგან სტატისტიკის მიხედვით, კურსდამთავრებულთა 99% სკოლის დამთავრებიდან პირველივე წელს ისეთ წამყვან კომპანიებში საქმდება, როგორებიცაა: Google, TikTok, Ogilvy, McCann, Lola MullenLowe, GUT, DAVID, Facebook, Disney, Coca-Cola, Nike და Starbucks.
· ნეთვორქინგს, რადგან კურსის განმავლობაში პროექტებზე მუშაობის პარალელურად, არაერთი ღონისძიება იქნება.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

შეჯამებისთვის
ქართული კრეატიული ინდუსტრია ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამას საერთაშორისო კონკურსებში წარმატებაც მოწმობს, თუმცა, ამ განვითარების პარალელურად, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მაინც უცვლელი რჩება: საერთაშორისო გამოცდილებაზე და თანამედროვე კრეატიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა.
ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც მსგავსი შესაძლებლობების შექმნაში ბიზნესიც ერთვება. საქართველოს ბანკის მიერ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის დაფუძნება და ყოველ წელს მისი წარმატებით განხორციელება, ერთი მხრივ, არის საგანმანათლებლო მხარდაჭერა, მაგრამ, მეორე მხრივ, ინვესტიცია ინდუსტრიის მომავალში. ამდენად, არის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება ბრენდი გახდეს შემოქმედებითი ეკოსისტემის განვითარების მონაწილე და არამხოლოდ მისი მომხმარებელი.