შეფის პერსონალური ბრენდის რეცეპტი
როგორ იქმნება შეფის პერსონალური ბრენდი
რამდენჯერ გდომებიათ ცხოვრებაში რთული მიზნების მისაღწევად ან გამოწვევების გასამკლავებლად გამზადებული რეცეპტი გქონოდეთ?
ეს ედიტორიალი პერსონალურ ბრენდებზეა, ამიტომ ჩვენც მოვინდომეთ შეფის პერსონალური ბრენდის რეცეპტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი რეცეპტების ავტორის და კულინარიული სცენის გამორჩეული შეფისგან, თეკუნასგან მიგვეღო.
მაგრამ…
აღმოჩნდა, რომ ეს რეცეპტი სრულად ექსპრომტია.
თეკუნა გაჩეჩილაძე, შეფ-მზარეული, რესტორატორი: “არასდროს მდომებია პერსონალური ბრენდი შემექმნა. მე როცა დავიწყე, ბრენდი კი არა, ცნება არ იყო შეფის, სამზარეულოდან გამოსვლა არავინ იცოდა, არავინ იცოდა საჭმელს ვინ აკეთებდა, მზარეულები იყვნენ ხელოსნები. მეპატრონე იყო ფიგურა და არა შეფი.”
კერძს რომ სინჯავ და გემოებით იცნობ ინგრედიენტებს და რეცეპტს, აი ზუსტად ამ გზას გავუყევით თეკუნასთან ერთად და აი ასე, ამ სტატიაში გიზიარებთ თეკუნა გაჩეჩილაძის “შეფის პერსონალური ბრენდის რეცეპტს.”
ინგრედიენტები:
-
შეფის ამბავი
რესტორანში შეფი მუდმივად ფიდბექის პროცესშია. პიკის საათში კერძი ყოველ წუთას გადის ათობით სტუმართან, რომლებიც განსხვავებული გემოვნების და მადის არიან. კერძი კი ერთია. წარმოიდგინეთ, რამდენნაირი შეფასება შეიძლება მოისმინოს შეფმა მის მომზადებულ კერძზე, თან იქვე, ცოცხლად. ამ პროცესში ძალიან მარტივია გაუაზრებლად გადაერთოს “people pleasing”-ში და კერძი დაკარგოს სადღაც თავის იდეასა და სტუმრის გემოვნებას შორის.
კულინარია შემოქმედებაა, შემოქმედება კი ადამიანის თვითგამოხატვის პროცესია, თეკუნა ამბობს, რომ კულინარიაში საკუთარი თავის პოვნის საუკეთესო საშუალება მოგზაურობაა - რეალური გამოცდილებები და გემოები, დაუვიწყარი ემოციები და შთაბეჭდილებები, რომელსაც სადღაც პატარა სოფელში მომზადებულ უმარტივეს კერძში შეიძლება გადააწყდე. ეს ძიების პროცესი კი თავისით გაქმნევინებს ამბავს, რომელიც არამხოლოდ კერძში, არამედ რესტორნის სრულ გამოცდილებაში, სახელში, კონცეფციაში, მომსახურებაშიც იჩენს თავს.

-
ცვლილება
რამდენადაც კრიტიკულად აღიქვამს საზოგადოება ცვლილებას, იმდენადვე დასამახსოვრებელია ადამიანი, რომელიც ამ ცვლილების ავტორია.
უნიკალური ქართული სამზარეულოს ფონზე, ოჯახების ყოველდღიურ მენიუში საბჭოთა კავშირის კერძები რომ ჭარბობს - პიურე, კატლეტი, სუპხარჩო - რესტორნებში რომ, არა თუ ერთიდაიგივე მენიუ, კერძების თანმიმდევრობაც კი მსგავსია, საკმარისი მიზეზია საქართველოში ახლადდაბრუნებული თეკუნასთვის, რომ თავისი რევოლუცია დაიწყოს. ასე შეიქმნა ხინკლის სუპი და ელარჯის ბურთულები, რომელიც მალევე გამოჩნდა სხვადასხვა რესტორნების მენიუშიც, თან ისე, უკითხავად, მაგრამ ამას თეკუნა კომპლიმენტს ეძახის - “მთავარია ცვლილება მოხდეს, რა მნიშვნელობა აქვს ჩემი სახელი ერქმევა თუ არა.”
-
თვითგამოხატვა
შეფის ხელწერის ამოცნობა მხოლოდ კერძის გასინჯვით არ ხდება. ზოგჯერ საკმარისია დაინახო, როგორ შემოდის ოთახში, როგორ ხვდება სტუმარს, როგორ საუბრობს საკუთარ საქმეზე ან რა აცვია.
თეკუნას შემთხვევაში ეს წითელი კილტი, წითელი პომადა და დასამახსოვრებელი სახელია, რომელიც ქართულ კულინარიულ სცენაზე უკვე დამოუკიდებელ იდენტობად იქცა. პერსონალური ბრენდინგის ენაზე ამას distinctive brand assets - ბრენდის განმასხვავებელ ნიშნებს ვუწოდებთ - ფერები, ფორმები, სტილი, ქცევა თუ საუბრის მანერა დროთა განმავლობაში კონკრეტულ ადამიანთან ასოცირდება და სხვებისგან გამორჩევას ამარტივებს..
მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: განსხვავებულობა მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ის ადამიანის ბუნებრივი გაგრძელებაა. თეკუნას შემთხვევაშიც ეს დეტალები იმ თავისუფლებისა და სითამამის ბუნებრივი გამოხატულებაა, რომელიც მის შემოქმედებაშიც ჩანს.
-
გავლენა
შეიძლება შესანიშნავი შეფი იყო, მაგრამ შენი გავლენა მხოლოდ იმ ადამიანებით შემოიფარგლებოდეს, რომლებიც შენს კერძებს სინჯავენ.
თეკუნას შემთხვევაში კულინარია რესტორნის ფარგლებს გასცდა: ტელევიზია, კულინარიული კურსები და ცოდნის გაზიარება ათასობით ადამიანთან მისი პროფესიული საქმიანობის გაგრძელებად იქცა.
სწორედ აქ ჩნდება განსხვავება ცნობადობასა და გავლენას შორის. ცნობადობა ნიშნავს, რომ ადამიანებმა იციან, ვინ ხარ. გავლენა კი იმას, რომ შენი საქმიანობის შედეგად ისინი რაღაცას სხვაგვარად აკეთებენ. ცნობილ ადამიანსა და ძლიერ პერსონალურ ბრენდს შორის განსხვავებაც დიდწილად სწორედ ამ ზღვარზე გადის - უბრალოდ გიცნობენ, თუ შენი ცოდნა, ხედვა და ენთუზიაზმი ცვლის მათ გამოცდილებას ცხოვრების ნებისმიერ ნაწილში.

-
ჯადოსნური ინგრედიენტი
ეს ინგრედიენტი არცერთ რეცეპტში არ წერია, მაგრამ ყველა ბრენდ შეფი თავისებურად ამატებს.
გამასპინძლება, თეფშის გამოცვლა, სტუმრებთან საუბარი - თეკუნას პერსონალური ბრენდის ჯადოსნური ინგრედიენტი ადამიანებთან ურთიერთობაა. მართლაც, ძალიან მარტივია ამ ადამიანით მოიხიბლო, მასთან ურთიერთობა მოგინდეს, დაინტერესდე რას აკეთებს და რატომ აკეთებს. მერე კი ბუნებრივად გიჩნდება მასთან კავშირი, მეტად მოგწონს მისი კერძები, რესტორანი და გინდა კიდევ ესტუმრო, სხვებიც მოიყვანო. მეგობრებთანაც აუცილებლად მოყვები როგორ გაგიმასპინძლდა რესტორნის შეფი, ამას შენ გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანი გააკეთებს და voila! ასე იქმნება უნიკალური brand experience.
როგორც თეკუნა ამბობს, მისი ასეთი ჩართულობა ბიზნესისთვის ზოგჯერ გამოწვევაც არის.
თეკუნა: “რამდენჯერ დაურეკავთ ჩემთვის და უკითხავთ, დღეს რესტორანში იქნები? მოსვლა გვინდა. თუ უარი მითქვამს, აღარ მოსულან და გადაუდიათ.” ერთი მხრივ ბიზნესის ამხელა პერსონალიზება სარისკოა, მაგრამ მეორე მხრივ, ჯოკერია, რომელსაც სწორ დროს და სწორად გამოყენება სჭირდება.
მიგნება: მომზადების წესი
აქ კი რეცეპტი ნამდვილად აღარ მუშაობს. ზემოთ ჩამოთვლილ ინგრედიენტებს რა პროპორციით და რა თანმიმდევრობით გამოიყენებთ, slow cooking-ის მეთოდს არჩევთ, თუ deep frying-ს, აბსოლუტურად თქვენზეა. თუმცა, შეფისგან რამდენიმე რჩევა მაინც გვაქვს:
- ფოკუსი სულ საქმეზე - ეს არ ნიშნავს, რომ არ ფიქრობდე რითი გინდა ადამიანებს თავი დაამახსოვრო, რა გინდა შენზე ილაპარაკონ. მაგრამ თუ ენერგიის უმეტესი ნაწილი იმაზე იხარჯება, როგორ გამოჩნდე, შეიძლება დაგავიწყდეს, რისთვის გინდა, რომ გხედავდნენ. თეკუნა ამის კლასიკური მაგალითია. ჯერ იყო კულინარია, საკუთარი გემოების ძიება, ექსპერიმენტები და ახალი იდეები. ცნობადობა, მერე კი გავლენა ამ ყველაფერს ბუნებრივად მოჰყვა.
- მზაობა - თეკუნა გაჩეჩილაძე: “არ მჯერა, რომ ბევრი წარუმატებლობა წარმატების გზაზე კარგია. რაღაც მომენტში წარუმატებლობამ შეიძლება ისე გადაგტეხოს, რომ ვეღარ გასწორდე. ამიტომ, არ უნდა იჩქარო შენი რესტორნის გაკეთება, ჯერ იმოგზაურე, ისწავლე სხვის რესტორანში, იპოვე შენი ინდივიდუალურობა და შენი სათქმელი.” - ეს ბრენდის ენაზეც მარტივად ითარგმნება, საკმარისი არ არის მხოლოდ იდეა და ენთუზიაზმი, საჭიროა ოსტატობა და გამოცდილება, რომელიც პროფესიულ თავდაჯერებას გაძლევს.
- “სულ გახსოვდეს, რომ ჯერ ისევ დასაწყისში ხარ, სასწავლი და სანახავი კიდევ ბევრია. ცოტა ხნის წინ mixology ვისწავლე, მერე სოფლის მეურნეობა. ვიაზრებ, რომ არა თუ სხვამ შეიძლება მაჯობოს, არამედ საკუთარ თავსაც კი შეიძლება ზოგჯერ ვერ ვაჯობო.” - თეკუნა გაჩეჩილაძე.
შეჯამება:
დღესდღეობით შეფის პერსონალური ბრენდი რესტორნის ერთიანი გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია. საკუთარი ამბისა და ინდივიდუალიზმის ჩვენებით, შეფი ძლიერ ემოციურ კავშირს ქმნის ადამიანებთან. სწორედ ამიტომ, შეფის პერსონალური ბრენდი თვითონ არის ის უნიკალური ინგრედიენტი, რომელიც რესტორანს საკუთარ ხასიათს, ისტორიას და დაუვიწყარ გემოს სძენს.