სპორტული კომენტატორების მარკეტინგული ძალა
მიკროფონს მიღმა:
„მიდის სანახავად, მიდის სანახავად“ - ალბათ ყველას გვახსოვს გიგა გვენცაძის ეს უკვე ისტორად ქცეული ფრაზა. ან კოტე მახარაძის ხმა, რომელიც 1981 წელს დინამო თბილისის გამარჯვებას ასე აღწერდა: „შემიძლია წარმოვიდგინო, რა ხდება ახლა თბილისში - დედაქალაქი ზეიმობს! ზეიმობს მთელი ქვეყანა!“.
სპორტში მთავარი პროდუქტი ემოციაა, და სწორედ კომენტატორები ხდებიან ამ ემოციის პირველი კომუნიკატორები. მათი ხმა განსაზღვრავს, როგორ „გაიხსენებს“ გულშემატკივარი მომენტს, თამაშს და თავად სპორტს.
ამ სტატიაში მიკროფონს მიღმა მყოფ ადამიანებზე მოგიყვებით - მათზე, ვინც, სპორტულ გამოცდილებას ქმნის, აყალიბებს და გულშემატკივრის მეხსიერებაში სამუდამოდ ამკვიდრებს, ამავდროულად კი ქმნის ძლიერ ემოციურ კავშირს, რომელიც სპორტ მარკეტინგში ერთ-ერთი ყველაზე ფასეული კომპონენტია.
ჩვენ გავესაუბრეთ ორი სხვადასხვა სპორტის კომენტატორებს, რათა განსხვავებული სპეციფიკიდან გამომდინარე, მათი როლი სხვადასხვა რაკურსით დაგვენახა. ფეხბურთის მიმართულებით - ალექსანდრე გაბრიჩიძესა და ნიკოლოზ ტაბატაძეს, ხოლო ფორმულა 1-დან, ლევან მიმინოშვილსა და პაატა პაპიაშვილს.
რატომ აქვთ კომენტატორებს მნიშვნელოვანი როლი თანამედროვე სპორტში
ციფრული სამყაროს ეპოქაში სპორტთან ერთად კომენტატორების როლიც მნიშვნელოვნად შეიცვალა. ისინი კულისებიდან გამოვიდნენ და აქტიურად ჩაერთვნენ სხვადასხვა შოუში, გადაცემასა და ციფრულ კონტენტში.
დღეს ბევრი კომენტატორი აუდიტორიას დამოუკიდებლად აგროვებს და აყალიბებს ძლიერ პერსონალურ ბრენდს - სოციალურ ქსელებში, YouTube-სა თუ სხვა პლატფორმებზე. შედეგად, მათი პროფესია სცდება მხოლოდ ეკრანზე, მიკროფონს მიღმა გახმოვანებას.
ნიკოლოზ ტაბატაძე (ფეხბურთის კომენტატორი, სპორტული ჟურნალისტი, Setanta Sports):
„მე მგონია, რომ კომენტატორი ძალიან მნიშვნელოვანი მედიუმია - ერთგვარი ხიდი მაყურებელსა და იმ ღონისძიებას შორის, რომელსაც გულშემატკივარი უყურებს.’’

ხშირად სწორედ კომენტატორის სტილი, ტონი და ხედვა ხდება ის ფაქტორი, რომელიც მაყურებელს კონკრეტული არხის არჩევისკენ უბიძგებს.
ალექსანდრე გაბრიჩიძე (ფეხბურთის კომენტატორი, Setanta Sports):
„საქართველოში კომენტატორის როლები ხშირად გადახლართულია და გვიწევს სხვადასხვა ფუნქციის შეთავსება - რაც უფრო განვითარებულ ბაზრებზე ნაკლებად გვხვდება. მაგალითად, ინგლისში კომენტატორი ძირითადად მხოლოდ კომენტირებაზეა კონცენტრირებული - მისი სახე მინიმალურად ჩანს და დამატებითი როლების შესრულება არ უწევს.
ეს ერთის მხრივ გამოწვეულია ქართულ ბაზარზე კადრების დეფიციტით, ხოლო მეორეს მხრივ იმით, რომ კომენტატორობა მოითხოვს ძალიან დიდ შრომას და ფეხბურთის ღრმა ცოდნას.’’
კომენტატორების როლი განსაკუთრებით იზრდება ისეთ ტექნიკურ სპორტში, როგორიც ფორმულა 1-ია, სადაც მათი მთავარი მიზანი მხოლოდ ემოციის მაყურებლამდე მიტანა არ არის. მათ უწევთ კომპლექსური სპორტული და ტექნიკური დეტალების მარტივად და გასაგებად ახსნა, რათა გულშემატკივარი სრულად ჩართული დატოვონ და გამოცდილება მაქსიმალურად გასაგები და საინტერესოც გახადონ.
პაატა პაპიაშვილი (ფორმულა 1-ის კომენტატორი, Setanta Sports):

„ფორმულა 1-ის კომენტატორებს ამ შემთხვევაში პილოტებს შევადარებდი. მაგალითად, ლუის ჰამილტონი - რომელიც ტრასის გარეთაც ძალიან აქტიურია და დიდ გავლენას ახდენს სპორტის პოპულარიზაციაზე. ზუსტად ასე უნდა იყოს კომენტატორიც - მხოლოდ გახმოვანებით არ უნდა შემოიფარგლოს. მისი როლია, საკუთარი საყვარელი სპორტი „გაყიდოს“, დააინტერესოს გულშემატკივარი და მასთან მუდმივი კავშირი შეინარჩუნოს.
ვფიქრობ, კარგი კომენტატორი სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობაა - მისი სამუშაო არ უნდა მთავრდებოდეს რბოლის დასრულებით. პირიქით, ამის შემდეგაც უნდა აგრძელებდეს აქტიურ კომუნიკაციასა და გულშემატკივართან ურთიერთობას.’’
ემოციის გულშემატკივრამდე მიტანის ხელოვნება
ხშირად, წლების შემდეგ, კონკრეტული გოლი, ან სპორტული მოვლენა, როგორც ვიზუალურად, ისე კომენტატორის ხმით გვახსენდება. კომენტატორის ხმა იქცევა იმ ელემენტად, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს მომენტის მნიშვნელობას და ისტორიად აქცევს მას. მაგრამ რა ხდის ამ მოვლენას განსაკუთრებულს, ხმა, მომენტი, თუ ორივე ერთად?
ნიკოლოზ ტაბატაძე (ფეხბურთის კომენტატორი, სპორტული ჟურნალისტი, Setanta Sports):
‘’გამართლების ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ შესაბამისი მომენტი ჩაგივარდა, შენი ხმა ავტომატურად არის მაგ ისტორიის საკუთრება. მგონია რომ საკულტო შეიძლება გახდეს რომელიმე ფრაზა, მაგრამ მესამეხარისხოვანია ჩვენი როლი აქ, რადგან თუ მომენტმა, მოვლენამ, ამბავმა ან ფეხბურთელმა ამას ხელი არ შეუწყო, რამდენადაც დიდებული აღნიშვნა არ უნდა გქონდეს მოფიქრებული შეიძლება საერთოდ ვერც გამოიყენო,ამიტომ ეს დროში თანხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი.’’
ფორმულა 1-ში კომენტირებაც განსხვავებულია, რადგან აქ მხოლოდ ემოციის გადმოცემა საკმარისი არ არის.კომენტატორს უწევს მაყურებლამდე ცოდნის მიტანაც - რბოლის მიმდინარეობისას კი ერთდროულად უნდა დააბალანსოს ადრენალინი, ემოცია და ტექნიკური დეტალები, რათა გამოცდილება იყოს როგორც საინტერესოც, ისე გასაგებიც.
ლევან მიმინოშვილი (ფორმულა 1-ის კომენტატორი, Setanta Sports):

„მგონია, რომ ფორმულა 1-ის კომენტატორი პილოტებთან ერთად უნდა იჯდეს ბოლიდში და მაყურებელს გადმოსცეს ის ემოცია, რასაც თავად პილოტი გრძნობს იმ მომენტში. ჩვენც სწორედ ასეთი მიდგომა გვაქვს, ფაქტობრივად, მე და პაატა წელს „მე-12 გუნდი“ ვართ. ჩათვალეთ, რომ მათთან ერთად დავდივართ და მათი ემოცია უნდა მივიტანოთ მაყურებლამდე. წარმოიდგინეთ - 300 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობ, და უკან მაქს ვერსტაპენი გიტევს. რა ემოცია გექნება? ზუსტად ეს უნდა გადმოსცე - სწორად, ავთენტურად და არა გადამეტებით.“
ფორმულა 1 ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ცვალებადი სპორტია, სადაც მოვლენები მუდმივად ვითარდება და დეტალების გამორჩენა მარტივად შეიძლება. სწორედ ამიტომ, კომენტატორი მუდმივად ინფორმაციის ბალანსში უნდა იყოს ისე, რომ მაყურებელს რბოლის ყურებისას არცერთი კითხვა არ დარჩეს.
ამ ყველაფერს უნდა დაემატოს ობიექტურობის ფაქტორიც, რომელიც კომენტატორმა მუდმივად უნდა აკონტროლოს. ხშირად შეიძლება ისეთ თამაშს გაუძღვეს, სადაც მისი საყვარელი გუნდი თამაშობს - ასეთ დროს კი ორმაგად მნიშვნელოვანია ემოციების შეკავება და პროფესიული ბალანსის შენარჩუნება.
რა ხდება მაშინ როცა თამაში უინტერესო და მოსაწყენია?
დღეს სპორტი აღარ არის მხოლოდ თამაში, მას მოიაზრებენ, როგორც გართობის ინდუსტრიად და ცდილობენ შეფუთონ, როგორც შოუ. თუმცა, დამეთანხმებით, რომ ყველა მატჩი ერთნაირად სანახაობრივი არ გამოდის. ამ დროს დიდი როლი კომენტატორს ენიჭება, რამდენადაც ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც ფიგურა, რომელიც ‘ფუთავს’ პროდუქტს და ქმნის დამატებით ღირებულებას.
ალექსანდრე გაბრიჩიძე (ფეხბურთის კომენტატორი, Setanta Sports):

„კომენტატორი ვალდებულია, თითოეულ თამაშზე თავისი პერფორმანსის მაქსიმუმი დადოს. უნდა იყოს გულწრფელიც - თუ თამაში მოსაწყენია, ეს აღიაროს, მაგრამ ამავე დროს მაქსიმალურად ეცადოს, მაყურებელი თამაშში დატოვოს. ცუდ კომენტირებას შეუძლია ასობით ადამიანის თავში ფეხბურთი ნაკლებად საყვარელ სპორტად დაარეგისტრიროს, მაშინ როცა ხარისხიან კომენტირებას - პირიქით, შეუძლია დააინტერესოს, ჩართოს და ახალი გულშემატკივრებიც კი შესძინოს სპორტს.“
პაატა პაპიაშვილი (ფორმულა 1-ის კომენტატორი, Setanta Sports):
‘’ჩვენ გვაქვს ის ფუფუნება რაც არ აქვთ პილოტებს რბოლის დროს, იმ მხრივ რომ ჩვენ მეტი ინფორმაცია შეგვიძლია დავინახოთ და ა.შ. და ამის მაყურებლამდე მიტანას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება იყოს ისეთი რბოლა, სადაც არაფერი საინტერესო არ ხდებოდეს, მაგრამ კომენტატორი ცუდი რბოლების დროს უფრო დიდ როლს თამაშობს, რამდენად დატოვებს ტელევიზორთან მაყურებელს, აქედან გამომდინარე ძალიან დიდი როლი აქვს კომენტატორს ასეთ დროს’’.
კომენტატორების პერსონალური ბრენდი - რა ხდება მიკროფონს მიღმა?
ბლოგები, პოდკასტები, ინტერვიუები, YouTube კონტენტი - დღეს კომენტატორი ყველგან ჩანს. მაგრამ ეს ტრანსფორმაცია ინდუსტრიის მოთხოვნამ მოიტანა, თუ თავად კომენტატორების მხრიდან პერსონალური ბრენდის მიზანმიმართული სტრატეგიის ნაწილია? ეს კითხვა კომენტატორებსაც დავუსვით.
ნიკოლოზ ტაბატაძე (ფეხბურთის კომენტატორი, სპორტული ჟურნალისტი, Setanta Sports):
„მგონია, რომ საქართველოში სპორტული პუბლიცისტიკის დეფიციტია. მინდოდა, ეს მიმართულება ქართულ რეალობაშიც გამემყარებინა და ფეხბურთისადმი ჩემი სიყვარული სიტყვებით გადმომეცა.
რაც შეეხება ვიდეო კონტენტს, ეს ნაწილობრივ თავად ინდუსტრიის, მათ შორის სეტანტა სპორტის სტრატეგიის შედეგიცაა. მნიშვნელოვანია, რომ კომენტატორი იყოს არა მხოლოდ ხმა, არამედ ვიზუალურადაც ცნობადი ფიგურა - ადამიანი, რომელსაც გულშემატკივარი ხედავს სხვადასხვა გარემოში: სტადიონზე, ეთერამდე ჩართვებში და სხვა ფორმატებში.’’
ალექსანდრე გაბრიჩიძე (ფეხბურთის კომენტატორი, Setanta Sports):
„მირჩევნია, რაც შეიძლება ნაკლებად ვჩანდე და ჩემი საქმიანობა მხოლოდ კომენტატორობით შემოიფარგლოს. თუმცა მესმის, რომ არსებობს დეფიციტი ადამიანების, რომლებსაც ფეხბურთზე საუბარი შეუძლიათ, სურთ, გამოსდით და ამ ყველაფრის ერთ ადამიანში თავმოყრა საკმაოდ რთულია. ამიტომ ვხვდები, რომ ჩემი როლიც ნაწილობრივ ის არის, რომ ჩემი რეპორტაჟითა თუ სხვა ფორმატებში ჩართვით იმდენად დავაინტერესო მაყურებელი, რომ მომავალში ასეთი ადამიანები გაიზარდონ და როლები უფრო მკაფიოდ გაიმიჯნოს.
ჩემი სურვილია, რომ კომენტატორი იყოს კომენტატორი, ხოლო შოუებში მონაწილე ადამიანები - წამყვანები, რადგან ეს აბსოლუტურად განსხვავებული სპეციფიკაა. ის, რომ კომენტატორი ხარ, ავტომატურად არ უნდა ნიშნავდეს, რომ ეკრანზე გამოჩენაც აუცილებელია.“
როგორც ვხედავთ, კომენტატორის როლზე განსხვავებული ხედვები თავად ამ პროფესიის წარმომადგენლებს შორისაც არსებობს და სწორედ ეს გახდა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიგნება.
ლევან მიმინოშვილი (ფორმულა 1-ის კომენტატორი, Setanta Sports):
‘’ჩვენ ჯერ დავიწყეთ Facebook ჯგუფით და მერე დავიწყეთ კომენტატორობა. ვაქტიურობდით ჯგუფში, ვატარებდით კონკურსებს, ვცდილობდით ხალხამდე ხმა მიგვეწვდინა, რომ არსებობს ესეთი სპორტი.’’
კომენტატორის პროფესიის ევოლუცია - რა იქნება შემდეგი?
ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ალბათ ყველგან ისმის კითხვა ვის და როდის ჩაანაცვლებს AI, მაგრამ ეხება თუ არა ეს სპორტულ კომენტატორებს?
მიუხედავად იმისა, რომ AI უკვე ბევრ პროფესიულ სფეროში გამოიყენება, კომენტატორების შემთხვევაში მის მიმართ დამოკიდებულება ჯერ კიდევ ფრთხილია. როგორც ინტერვიუდან გამოიკვეთა, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტი იყოს, მაგალითად, ინფორმაციის ერთიან სურათში დასანახად, თუმცა საკომენტატორო საქმიანობაში მის სრულ სანდოობაზე დაყრდნობა ჯერ ისევ რთულია.
სწორედ ამიტომ, კომენტატორები ამ ეტაპზე უპირატესობას კვლავ პირველწყაროებთან უშუალო მუშაობას ანიჭებენ, კონკრეტული ვებსაიტების, სტატისტიკისა და მასალების დამოუკიდებლად გადამოწმებას.
ნიკოლოზ ტაბატაძე (ფეხბურთის კომენტატორი, სპორტული ჟურნალისტი, Setanta Sports):
„ვფიქრობ, რომ ამ პროცესის სრულად „გახელოვნურება“ კარგ შედეგს ვერ მოიტანს. თუ ემოციურ კავშირზე ვსაუბრობთ - რაც ფეხბურთის ფუნდამენტია მაყურებელსა და მოვლენას შორის - ხელოვნური, სტრუქტურირებული ხმა ვერ შექმნის იმ შეგრძნებას, რასაც ცოცხალი კომენტირება იძლევა. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ AI-ის რეალურ ინტეგრაციას წმინდად საკომენტატორო სივრცეში.“
სპორტი ციფრულ ეპოქაში მუდმივად იცვლება, მაგრამ ერთი რამ უცვლელი რჩება - ემოცია, რომელიც გულშემატკივარს ეკრანთან აკავშირებს.
ამ ემოციის მედიუმი კი ხმაა - ის, რომელიც მომენტს აზრს აძლევს, ინტენსივობას მატებს და საბოლოოდ ისტორიად აქცევს.
კომენტატორის როლი ბევრად ფართოა, ვიდრე მხოლოდ თამაშის გახმოვანება, ის ერთდროულად არის მთხრობელი, ანალიტიკოსი, კონტენტის შემქმნელი და ბრენდის ნაწილი.
სწორედ ამაში იკვეთება მათი მნიშვნელობა სპორტ მარკეტინგშიც - კომენტატორი ქმნის იმ ემოციურ კავშირს, რომელიც ზრდის ჩართულობას, აძლიერებს ბრენდს და აყალიბებს გულშემატკივრის ლოიალობას.
შესაძლოა, ტექნოლოგიამ ბევრი რამ შეცვალოს, მაგრამ სანამ სპორტი ემოციაზე დგას, კომენტატორის როლი მის ცენტრში დარჩება.