და ესეც ასე, minds&marketing დაიბადა
როგორ? რატომ? და რისთვის

წლიდან წლამდე, ათობით ქართული ბრენდი თუ პროდუქტი იბადება და უმეტესობა, მალე, ისევ ქრება. როცა იბადება, ამაზე ძირითადად ვსაუბრობთ. ხოლო რატომ ქრება – ამაზე არა.
ამ დროს ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო. ყოველდღიურად. რაც ვიცით და რაც არ ვიცით. რაც გამოგვდის და უფრო მეტი – რა არ გამოგვდის..
ზუსტად ეს საჭიროება გახდა ჩემი მამოძრავებელი, 6 თვის წინ, როდესაც დამებადა საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნის იდეა. ონლაინ პლათფორმის, რომელიც ყოველდღიურად, სტრატეგიულად განიხილავს და აანალიზებს მარკეტინგის ქართულ ეკოსისტემას. ქართული წარმატებული და წარუმატებელი მაგალითების ობიექტური განხილვა, ანალიზი, ერთმანეთთან შედარება, შეჯამება. რა მუშაობს ან რამ არ იმუშავა? რატომ? რისთვის? ვისთვის გაკეთდა? ან რა არ გაკეთდა?
მეტი ფოკუსი. მეტი კვლევა. მეტი ანალიზი.
მუდმივი ფიქრი, ძიება, სიღრმეებში ჩასვლა და მიგნების ზედაპირზე ამოტანა – ეს ჩემი გონების ყოველდღიური საქმიანობაა, რაც საბოლოოდ, პლატფორმად ვაქციე.
და აი, ახლა მოგესალმებით. ეს ჩვენ ვართ – minds&marketing.
საგანმანათლებლო, კვლევა და ანალიზზე დაფუძნებული პლატფორმა მარკეტინგზე. ფოკუსით:
-
ქართულ ბაზარზე, ბრენდებსა და პროდუქტებზე;
-
კვლევა და სტრატეგიულ ანალიზზე;
-
მონაცემებზე დაფუძნებული ცოდნის გაზიარებაზე;
რატომ საგანმანათლებლო? რადგან ცოდნის სივრცის შექმნა და გაზიარება ჩვენი უსასრულო მისიაა, რომელსაც ჩვენ ჩვენებურად ვემსახურებით - მონაცემებზე დაფუძნებული ცოდნისა და გამოცდილების ყოველდღიური გაზიარებით ხელს ვუწყობთ მარკეტინგული ექსპერტიზის განვითარებას საქართველოში.
ბრენდის არსიც ყოველდღიური, მარტივი ცოდნის მიღება და მუდმივი განვითარებაა.
ვისწავლოთ რეალური, ქართული პრაქტიკებიდან და მონაცემებზე დაფუძნებული შეგრძნებებიდან, რაც უფრო გაგვზრდის და განგვავითარებს.

რატომ minds&marketing – ანუ გონება და მარკეტინგი?
რადგან გონება – ჩვენი მთავარი ინტელექტუალური კაპიტალია. ხოლო მარკეტინგული გონების მქონე ადამიანები - პლატფორმის მთავარი მამოძრავებელი ძალა.
მარკეტინგი – მეცნიერებაა, რომელიც თითქოს ყველამ ვიცით, თუმცა ქართულ რეალობაში როგორ მუშაობს, ამის ყოველდღიური გაზიარება გვაკლია.
& – კი სიმბოლოა თანამშრომლობის და კავშირის, ასახავს სინერგიას კვლევასა და სტრატეგიულ მოქმედებას შორის – გონების & მარკეტინგის, როგორც ადამიანის და მეცნიერების დაკავშირებით.
როგორ ვმუშაობთ? ჩვენი სამუშაო მეთოდოლოგია
რადგან სიღრმეებში ჩასვლა გადავწყვიტეთ, მასალებზე მუშაობის შესაბამისი, რამდენიმესაფეხურიანი მეთოდი შევიმუშავეთ.
- სტრატეგია – ეს ჩვენი ხერხემალია, შესაბამისად ვუდგებით ყველა თემას, რაც ჩვენი ფოკუსია და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ინდუსტრიის განვითარებისთვის;
- კვლევა – თითოეული თემის თვისობრივი თუ რაოდენობრივი კვლევის ტექნიკების გამოყენებით გამოკვლევა;
- ანალიზი – თემის ირგვლივ შეგრძნებებისა და მიგნებების მიხედვით რეპორტი – ეს შეიძლება იყოს სტატია, ბლოგი ან ინტერვიუ;
- კონტენტი – მიგნებების კონტენტად გაშლა და გაზიარება - ისე, რომ მარტივად შემოვაღწიოთ თქვენს გონებაში.
ამ ოთხი შრის გავლით, შედეგად მივიღებთ პასუხებს კითხვებზე: როგორ? რატომ? რისთვის? და დაგვრჩება სივრცე გონებაში დასაფიქრებლად, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს მიგნება ყოველდღიურობაში.
ეს არის მარკეტინგული ცოდნის შექმნა – არა შთაბეჭდილებებით, არამედ სიღრმით და ანალიზით.

რას უნდა ელოდე minds&marketing-ისგან?
მოკლედ რომ ვთქვათ – გონების ყოველდღიურ საკვებს. უფრო ზუსტად კი, მარკეტინგის ქართული ეკოსისტემის გარშემო:
- სტრატეგიულ განხილვებს და ანალიზს: კვლევებს, ფაქტებს და მონაცემებს;
- ლოკალურ მაგალითებს, პრაქტიკებს და გამოცდილებას;
- სიახლეებს, ტრენდებს და ტენდენციებს;
- რჩევებს, რეკომენდაციებს და კონკრეტულ სწავლებებს;
- შეგრძნებებს, მიგნებებს და key takeaway-ებს;
- და ბოლოს, შთაგონებას და მოტივაციას – იმისთვის, რომ შენი მარკეტინგული გონების განვითრება არასოდეს გაჩერდეს.
რა გველის წინ – ანუ ცოტა რამ სამომავლო გეგმების შესახებ
როგორც მიხვდით, minds&marketing-ის მიზანია შეიქმნას მარკეტინგული აზროვნების, დიალოგის, კვლევის და პრაქტიკის სივრცე საქართველოში.
გვინდა ბრენდების ანალიზი გახდეს პროფესიული საქმიანობა – მკაფიო მეთოდოლოგიით, კონტექსტითა და არსით.
გრძელვადიანი მისიის ასრულების გზაზე ბევრი გეგმა გვაქვს, რომლიდანაც რამდენიმეს აქვე გაგიზიარებთ:
- კვლევა – შევქმნათ და განვავითაროთ პლატფორმის ქვეშ არსებული კვლევის ერთეული, რათა რაც შეიძლება მეტი, ქართულ ეკოსისტემას მორგებული თემა გამოვიკვლიოთ, გავაზიაროთ და გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი.
- გაერთიანება – პლატფორმის გარშემო რაც შეიძლება მეტი ნათელი გონება გავაერთიანოთ და მათი კონტრიბუციით უფრო ჩქარა ვიაროთ მისიის აღსრულების გზაზე.
- კონტენტი – ავითვისოთ ყველა მედიუმი, და ჩვენს გამომწერებს შეგეძლოთ ყველა თემის, სხვადასხვა ფორმატით კითხვა, მოსმენა თუ ყურება.

დადგა დრო, დავიწყოთ – შემოგვიერთდით
ჩვენი გუნდი ცნობისმოყვარე მარკეტინგის ენთუზიასტებისგან შედგება, რომლებსაც გვინდა დავინახოთ და დაგანახოთ, რამდენი რამე აქვს მოსაყოლი მარკეტინგის ქართულ ეკოსისტემას.
დამწყები ან პროფესიონალი ხარ? მარკეტერი თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე გონება? minds&marketing-ის კარი ღიაა ყველასთვის! თუ თვლი, რომ შენი გონებაც ასე მუშაობს და ღირებულებებსაც იზიარებ, შეგვეხმიანე, ვილაპარაკოთ.
და ბოლოს, რადგან წილად მხვდა, ამ პლატფორმის შექმნის იდეა ჩემს გონებაში დაბადებულიყო, დავიწყე! და მჯერა, ადამიანის და მეცნიერების დაკავშირებით ძალიან ფასეულ და სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ.
გეგმა ბევრი გვაქვს, გამოგვყევით.
მარიამ ბებიაშვილი
founder / life & marketing enthusiast