არველაძეები ლონდონის ბირჟაზე, iPhone 18 და back to school კამპანიები
სექტემბრის ფოკუსი
სექტემბერი, ჩვეულებრივ, back to school კამპანიებით არის დატვირთული. ამ დროს ბრენდების კამპანიები ახალი დასაწყისის, საქმესა თუ სწავლასთან დაბრუნების შინაარსით იტვირთება. გამონაკლისი არც წლევანდელი სექტემბერია, თუმცა დღევანდელ სტატიაში ისეთ ქეისებზეც მოგიყვებით, რომლებიც back to school-ს საერთოდ არ უკავშირდება.
zoommer x supermarket - მასწავლებლებს ერთი სული აქვთ
ზუმერი თავის ბრენდპლატფორმას - „როცა ერთი სული გაქვს“ - კამპანიების ფარგლებში ხშირად აცოცხლებს. სექტემბრის კამპანიაც ამ სულსწრაფობაზე იყო აგებული, ამჯერად მასწავლებლის პერსპექტივიდან - „მასწავლებლებს ერთი სული აქვთ“.
ესეც სუპერმარკეტის ხელწერაა, რომელიც ამ წელს რამდენიმე კამპანიაში გამოიკვეთა - თემა ყველასთვის ნაცნობი რჩება, თუმცა ამბავს სხვა ადამიანის თვალით ვხედავთ: back to school კამპანია მასწავლებლის პერსპექტივიდან, 3 და 8 მარტი - არა დედის, არამედ ბებიის („ყველა ბებია მსოფლიოში საუკეთესოა“), 26 მაისი - არა წარსულის გმირების, არამედ მომავალი თაობის („მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის“).
ახალ კამპანიას დავუბრუნდეთ - ვიდეორგოლში მასწავლებელი, იგივე „1000 ბავშვის მშობელი“, როგორც ცნობილ გამონათქვამშია, მოუთმენლად დგება საწოლიდან და ჯანსუღ კახიძის „მარშის“ ფონზე ბავშვებთან შესახვედრად ემზადება, შემდეგ კი მათთან ერთად ცეკვავს და სკოლისაკენ მიემართება.
ზუმერმა და სუპერმარკეტმა ამ ვიდეორგოლით მასწავლებლის პერსონაჟი ასე დაგვანახეს - ადამიანი, რომელიც მოუთმენლად ელის სწავლის დაწყებას და თავის მოსწავლეებთან შეხვედრას; და მაშინაც მოსწავლეებზე ფიქრობს, როცა სახლშია (ამას მიუთითებს ბავშვების გარემოცვაში სახლის საქმეების კეთება). ვიდეოს კომენტარებს გადავხედე და როგორც მივხვდი, უმეტესობა საკმაოდ დადებითია, თუმცა მეორე ხაზიც გამოიკვეთა - მარშის მელოდია და მოსწავლეების ერთნაირი მოქმედებები, მწყობრად სიარული და სხვა, რაღაც ნაწილისთვის „საბჭოთა წესრიგის“ ასოციაციას აჩენს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ჩანაფიქრი არ იქნებოდა. სხვათა შორის, ბევრმა მასწავლებელმაც გააზიარა და ემოციური ტექსტი დაურთო, რაც იმას მიუთითებს, რომ სამიზნე აუდიტორიამდე სათქმელი სწორად მივიდა.
კამპანია მხოლოდ ამ ვიდეორგოლით არ დასრულებულა და ზუმერის გვერდზე რამდენიმე მასწავლებლის ვიდეოც ვნახეთ, რომლებიც გულწრფელად გვიზიარებდნენ, რას ნიშნავს მათთვის სკოლა და ბავშვებთან დაბრუნება.
ალტა - აჩუქე შენს თავს
ალტა მთელი სექტემბერი გვეუბნებოდა, რომ „სექტემბერი შენი ახალი წელია!“ აქედან მოდის კამპანიის სახელიც (და მოწოდებაც) – „აჩუქე შენს თავს“. იდეა ძირითადად გრაფიკულ პოსტებსა და რილებში გაიშალა, მთავარი აქცენტი ამა თუ იმ ტექნიკაზე ფასდაკლებაზე ჰქონდათ.
თავად მიგნება, რომ სექტემბერი ბევრისთვის ახალი წელია, საკმაოდ კარგია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კომუნიკაციაში იდეა ისე კარგად არ გაიშალა, როგორც შეიძლებოდა გაშლილიყო. სექტემბერი ბევრისთვის ნამდვილად ასოცირდება ახალ დასაწყისთან, ამ კონტექსტში „აჩუქე შენს თავს“ შეიძლებოდა ყოფილიყო მოწოდება, რომ საკუთარ განვითარებაზე გვეზრუნა, ტექნიკა კი სწორედ ამ ცვლილებების ხელშემწყობად წარმოჩენილიყო. მაგალითად, ლეპტოპი - ახალი რამის სასწავლად, კამერა - ახალი ჰობის ან პროფესიის შესაძენად და სხვ.
კამპანიაში მკაფიო კავშირი არ ჩანდა ახალ დასაწყისსა და კონკრეტულ პროდუქტს შორის - რას აჩუქებ საკუთარ თავს ამ ნივთით - მეტ დროს, ახალ შესაძლებლობას, ახალ ცოდნას, ახალი საქმის დაწყების მოტივაციას? ეს კავშირი კამპანიას მეტ სიღრმეს მისცემდა და აუდიტორიაც მეტად დააკავშირებდა თავის ცხოვრებასთან.
როცა მთავარი აქცენტი ფასდაკლებაზეა, ეს ემოციური საფუძველი ნაკლებად ჩანს და „სექტემბერი შენი ახალი წელია“ მხოლოდ ლამაზ სლოგანად რჩება.
თიბისი x holy motors x კაცები x არველაძეები - ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება
ლეგენდარული შერლოკ ჰოლმსი, ბრიტანული იუმორი ქართული რეფერენსებით - თიბისიმ და holy motors-მა კაცების სცენარითა და არველაძეების მონაწილეობით, მოკლე ფილმების სერიით გაგვაგებინეს, რომ „ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია“.
როგორც წიგნში, აქაც თითოეულ სერიას თავისი თემა აქვს: „შერლოკ ჰოლმსი და ლონდონის საფონდო ბირჟა“, „შერლოკ ჰოლმსი და იდეალური საჩუქარი“, „შერლოკ ჰოლმსი და კროსვორდის საიდუმლო“ და „შერლოკ ჰოლმსი და მოულოდნელი სტუმარი“. შერლოკ ჰოლმსისა და დოქტორი უოტსონის როლები შოთი და აჩი არველაძეებმა მოირგეს, ბოლო სერიაში კი თემურ ქეცბაიაც გამოჩნდა.
კამპანიის მთავარი მიგნება პროდუქტისა და პერსონაჟის ერთმანეთთან დაკავშირებაა. ლონდონის საფონდო ბირჟა არტურ კონან დოილის სამყაროში ბუნებრივად თავსდება, სიტყვა „ელემენტარული“ კი ერთდროულად პერსონაჟის ცნობილ ფრაზასაც გვახსენებს და ინვესტირების სიმარტივეზეც მიგვანიშნებს.
ინვესტირება ბევრისთვის რთულ და სპეციფიკურ პროცესთან ასოცირდება. მის შესახებ იუმორის საშუალებით მოყოლა კი აუდიტორიისთვის უფრო ამარტივებს საკითხს. მაყურებელი ჯერ ნაცნობ და საყვარელ ძმებს ხედავს, რომლებიც ასევე ბევრისთვის საყვარელ პერსონაჟებს განასახიერებენ. პოზიტიური განწყობა იუმორით გრძელდება, პროდუქტის შესახებ ინფორმაცია ხუმრობებით ივსება. საბოლოოდ, ეს ფსიქოლოგიური ბარიერი - „ინვესტიციები რთულია, ვერ გავიგებ, არ ვიცი“ - იუმორის გზით იხსნება.
ბრიტანულ გარემოში ქართული რეფერენსებისა და არველაძეების გამოჩენა ამბავს ადგილობრივ აუდიტორიასთან აახლოებს. „10 ფუნტი და კიდო შილინგი“, „ფარადაიზ“, ძაფით დამაგრებული მონეტა სატელეფონო ჯიხურისთვის... - ეს ყველაფერი ბრიტანული გარემოსთვის მოულოდნელია და სწორედ ეს კონტრასტი ხდება იუმორის საფუძველი.
თუკი მიზანი ის იყო, რაც მე დავინახე, მაშინ მიღწეულია - გავიგეთ, რომ თიბისის მობაილბანკში ლონდონის საფონდო ბირჟა დაემატა და ისიც გავიგეთ, რომ ინვესტირება „ელემენტარულია“.
zoommer x supermarket - სად იყო აიფონი!
ზუმერს მასწავლებლის კამპანია ჩახურული არ ჰქონდა, როცა ახალი აიფონის კამპანია დაიწყო - „სად იყო აიფონი“. იუმორისტული ვიდეორგოლი ჩვენს რეალობაში არსებულ ტოქსიკურ ქცევას აშარჟებს - როცა ადამიანები თავიანთ აზრს ახვევენ და აკრიტიკებენ მას, ვინც აიფონს ყიდულობს: „სად იყო აიფონი, ტელეფონებს ჯიბეებში რომ ვიკეცავდით“, „სად იყო აიფონი, როცა ტელეფონები კაბელების გარეშე იტენებოდა“… ასე გამოაცხადა კომპანიამ, რომ, „სად იყო და სად არა“, iPhone 18 უკვე ზუმერშია.
კრეატივის საფუძვლად არსებული სოციალური ქცევის აღება supermarket-ის კარგად გამოცდილი პრაქტიკაა. ზუმერის ბრენდის ახალგაზრდა, ხალისიანი და თანამედროვე ხასიათი კი მსგავსი შარჟისთვის ბუნებრივ სივრცეს ქმნის, სადაც ბრენდს შეუძლია აუდიტორიას მისივე ყოველდღიურობის ენით ელაპარაკოს.
მართლაც, აიფონის შეძენა ხშირად სცდება ტექნიკის არჩევას და სხვისი შეფასების საგანი ხდება: რატომ იყიდე, რაში გჭირდება, სხვა არ ჯობდა? ვიდეო სწორედ ამ დაუკითხავ რჩევებსა და საკუთარი გამოცდილებით სხვისი არჩევანის განსჯას აქცევს იუმორის წყაროდ. ზუმერი კი მომხმარებლის მხარეს დგება და მის არჩევანს თავისუფალ სივრცეს უტოვებს.
შეჯამებისთვის
ჩამოთვლილ კამპანიებში ყველაზე საინტერესო ისაა, თუ როგორ დაუკავშირეს ბრენდებმა თავიანთი სათქმელი აუდიტორიისთვის ნაცნობ განცდებსა და ქცევებს: მასწავლებლის მოლოდინს, ახალი დასაწყისის სურვილს, ინვესტირების სირთულის შიშსა თუ სხვის არჩევანში ჩარევის ჩვევას. ზოგან ეს კავშირი ბრენდპლატფორმას აძლიერებს, ზოგან - პროდუქტთან სიახლოვეს.
ამ ქეისების საერთო გაკვეთილიც ესაა: კარგი მიგნება კამპანიის მხოლოდ დასაწყისია. შემდეგ ის კომუნიკაციაში უნდა გაიშალოს და ბრენდისა თუ პროდუქტის სათქმელს დაუკავშირდეს. მხოლოდ ასე იქცევა ნაცნობი ემოცია ან ქცევა ამბად, რომელშიც აუდიტორია საკუთარ თავსაც დაინახავს და ბრენდის გზავნილსაც უკეთ გაიგებს.