RKENA-ს მუხტი, BOG-ის მხარდაჭერა და ზუმერის სულსწრაფობა
rkenamomentum-bogsupport-zoommerimpatience

RKENA-ს მუხტი, Bank of Georgia-ს მხარდაჭერა და ზუმერის სულსწრაფობა

ოქტომბრის ფოკუსი

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

26.11.2026

ერთი წელია „გამარჯვებას რა უნდა“-ს ვღიღინებთ, ამ დროში „რკენამ“ 3 ივენთი ჩაატრა, გასულ თვეში კი ამერიკულ გიგანტ PFL-ს უმასპინძლა;

საქართველოს ბანკის ინიციატივით ბოლო თვეებში არაერთმა ბრენდმა დაამტკიცა, რომ „იმსახურებს ჩემპიონს“.

ამასობაში „ზუმერი“ 17 წლის იუბილეს აღნიშნავს და ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ სულსწრაფობა ძალიანაც დადებითი თვისებაა. 

დღეს იმ კამპანიების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც ბოლო დროს ჩვენს ფოკუსში მოხვდა, განსაკუთრებით ერთი მარტივი მიზეზის გამო - ისინი ერთ თვეში არ დასრულებულა, გრძელდება. სტატიაში გავიგებთ: როგორ ინარჩუნებს RKENA მუხტს ყოველი ახალი ივენთისთვის, როგორ უბიძგა საქართველოს ბანკმა ბრენდებს პარაოლიმპიელების მხარდაჭერისკენ და როგორ ავითარებს თავის ბრენდპლატფორმას ზუმერი.

 

როგორ ინარჩუნებს RKENA მუხტს ივენთიდან ივენთამდე

გახსოვთ „რკენას“ პირველ ივენთს რამხელა გამოხმაურება მოჰყვა? ახალი ქართული MMA ორგანიზაცია, მასტერ ვიდეო დაუვიწყარი „საჭიდაოთი“, მერაბ შარიქაძის გენიალური ისტორია, ვის ბრძოლასაც მთელი ქვეყანა ელოდა, ორიგინალური მოსაწვევები და ინფლუენსერების დიდი დაფარვა. რკენა 1-ის შემდეგ ერთი შეკითხვა გვქონდა - მოახერხებს თუ არა RKENA მუხტის შენარჩუნებას? იგივე დარჩება თუ არა დაინტერესება? ისევ გაივსება თუ არა სპორტის სასახლე? ამ შეკითხვებზე „რკენას“ პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

რკენა 1, რკენა 2, რკენა 3, რკენა x PFL - ყოველი ახალი ღონისძიება გუნდის წინაშე ახალ საკომუნიკაციო ამოცანას აჩენს: როგორ დააბრუნო მაყურებელი სპორტის სასახლეში და თან შეუნარჩუნო განცდა, რომ წინ რაღაც განსხვავებული ელოდება?

Setanta Sports-ის მარკეტინგის დირექტორის, ბეკი ფანცხავას თქმით, გუნდი მუდმივად ახალ იდეებს ამუშავებს. მაგალითად, ბოლოს აწონვები ღია სივრცეში ჩაატარეს. მოსაწვევებიც ყოველ ჯერზე იცვლება, მაგალითად, ბოლოს კაპები გაუგზავნეს კონტენტ კრეატორებს, რაც არაერთი UGC-ის წყარო გახდა. ილია თოფურიაც ბოლო ღონისძიებაზე გამოჩნდა, რასაც არავინ ელოდა და „რკენას“ გუნდს ნამდვილად დიდი სიურპრიზი გამოუვიდა.

ღონისძიების ახალი თარიღის დადასტურებისთანავე მზადებაში AdVan, შიდა კრეატიული, ქომუნითი და სპორტის გუნდები ერთვებიან. კონტენტის ნაწილი თვეებით ადრე იქმნება, ნაწილი კი უშუალოდ მოვლენებს მიჰყვება. ამიტომ არის, რომ „რკენას“ მუხტს მხოლოდ ერთ ვიდეოზე, კონკრეტულ სპორტსმენზე ან მოულოდნელ სტუმარზე არ არის დამოკიდებული, მის უკან სხვადასხვა ფორმატის, გუნდისა და ეტაპის ერთობლივი მუშაობაა.

ბეკი ფანცხავა, Setanta Holding-ის მარკეტინგის დირექტორი:

„გვინდა, ყოველ ჯერზე რაღაც ახალი გავაკეთოთ და მაყურებელს შემდეგი ღონისძიების მოლოდინი გავუჩინოთ. „ვაირალობაც“, ვფიქრობ, აქედან მოდის: იდეიდან, რომელსაც ვუფრთხილდებით და აღსრულებამდე მივყვებით. არ გვეშინია ექსპერიმენტების, თამამი იდეების და იმის, რომ რაღაც შეიძლება არ გამოვიდეს. და ბოლოს, როგორ შეიძლება ასეთმა ანთებულმა ადამიანებმა თავიანთი შემართება, თავისუფლება და საქმის სიყვარული სხვებსაც არ გადასდონ?“



სწორედ გუნდის მუშაობის დამსახურებაა, რომ 1 წელზე ნაკლებ დროში, 3 ღონისძიების შემდეგ, „რკენამ“ ამერიკულ გიგანტს, PFL-ს უმასპინძლა. მოლაპარაკებები რამდენიმე თვე მიმდინარეობდა. როგორც RKENA-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი გიორგი დოდელია გვიყვება, ინტერესი თავიდანვე ორმხრივი იყო, რამაც შეთანხმება გაამარტივა.


გიორგი დოდელია, RKENA-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი:

„ჩვენთვის მთავარი მიზანი იყო გვეჩვენებინა, რომ RKENA მზად არის საერთაშორისო მასშტაბით მუშაობისთვის. გვინდა, სხვადასხვა ქვეყანაში ჩავატაროთ ღონისძიებები, აღმოვაჩინოთ ნიჭიერი მებრძოლები და მათ მეტი შესაძლებლობა მივცეთ. ამავდროულად, გვინდა, საქართველოში შექმნილი ბრენდი, რომელზეც ამდენია ნაფიქრი და ნამუშევარი, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს და შეიყვაროს. PFL-თან თანამშრომლობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. რაც შეეხება სხვა სამომავლო გეგმებს, ამას ახლო მომავალში გაგიზიარებთ.“


RKENA-მ დაამტკიცა, რომ საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიების ორგანიზება შეუძლია და ახლა შეგვიძლია იმაზეც ვიფიქროთ, შემდეგში რომელ საერთაშორისო ორგანიზაციას უმასპინძლებს.

 

საქართველოს ბანკი x Q&A - რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?

ათლეტ მარკეტინგზე არაერთხელ გვისაუბრია. 2026 წლის კანის ლომების ანგარიშშიც მკაფიოდ გვქონდა აღნიშნული, რომ სპორტის მხარდაჭერა მარკეტინგულ კომუნიკაციას უნდა გასცდეს და სპორტსმენებისთვის რეალურ ღირებულებას ქმნიდეს. საქართველოს ბანკის ინიციატივაც ამ კონტექსტშია საინტერესო - კამპანია ბრენდებისა და პარასპორტსმენების დასაკავშირებლად გამოიყენეს. თავიდან დავიწყოთ.


პარალიმპიური თამაშები მთავრდება, სპორტსმენები ვარჯიშს აგრძელებენ, საზოგადოების ყურადღება კი თანდათან იკლებს. საქართველოს ბანკში, რომელიც უკვე შვიდი წელია პარალიმპიური ფედერაციის მთავარი მხარდამჭერია, სწორედ ეს შეამჩნიეს. აქედან ჩამოყალიბდა გამოწვევა - როგორ დარჩნენ პარასპორტსმენები ყურადღების ცენტრში შეჯიბრებებს შორისაც?



კრეატიულ დუო Q&A-სთან ერთად მივიდნენ მთავარ იდეამდე: პარასპორტსმენებს სიბრალული არ სჭირდებათ, მათ ხილვადობა სჭირდებათ. გამოსავალი კი ბრენდებთან თანამშრომლობაში დაინახეს. სპორტსმენების ცნობადობას მიღწევებთან ერთად სარეკლამო კამპანიებიც ზრდის, ამიტომ პარასპორტსმენები ფოტოსერიაში მოდელების ამპლუაში წარადგინეს და კითხვა კომპანიებს დაუსვეს: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ ამ ფორმულირებით აქცენტიც შეიცვალა - ჩემპიონებს საკუთარი შესაძლებლობები უკვე დამტკიცებული აქვთ, ახლა ბრენდების ჯერია.


პირველ ეტაპზე ბანკი პარტნიორ კომპანიებს თავად დაუკავშირდა, კამპანიის გავრცელების შემდეგ კი სხვა ბრენდებმაც გამოთქვეს ჩართვის სურვილი. ბანკი დაინტერესებულ კომპანიებს სპორტსმენებთან აკავშირებს, თანამშრომლობის პირობებზე კი მხარეები თავად თანხმდებიან.


ამ ეტაპზე კამპანიას 20-მდე ბრენდი შემოუერთდა, ფოტოგადაღებაში კი 13 პარასპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ბანკის თქმით, გამოხმაურებამ თავდაპირველ მოლოდინს გადააჭარბა და კამპანიის გაგრძელების ამბიციაც გაზარდა. ახლა გუნდში ახალ პარტნიორობებთან ერთად უფრო მასშტაბურ ინიციატივებზეც მუშაობენ.


მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდ მარკეტინგის ხელმძღვანელი:

„თანამშრომლობის ფორმატი თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია და საბოლოო გადაწყვეტილებას ბრენდები და სპორტსმენები ერთად იღებენ. ზოგიერთ ბრენდთან სპორტსმენები ერთჯერად ხელშეკრულებებს აფორმებენ და მათი კონკრეტული კამპანიების სახეები ხდებიან, ზოგ შემთხვევაში კი რამდენიმეთვიანი პარტნიორობა გაფორმდა. კომპანიების ნაწილი იმასაც განიხილავს, რომ 2028 წლის პარალიმპიურ თამაშებზე აქტიურად დაუჭიროს მხარი ჩვენს სპორტსმენებს, და ეს ამ კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება.“


ახლა მთავარი კითხვაა, რამდენად გრძელვადიანი იქნება ბრენდებისა და პარასპორტსმენების კავშირი და საერთოდ, როგორ განვითარდება მათი თანამშრომლობის კულტურა. მანამდე კი კონკრეტულად ამ ქეისს ახლო მომავალში უფრო ფართოდ გავშლით.

 

ზუმერი - სულსწრაფობა საამაყოა

„სულსწრაფობა ცუდი თვისებააო ბავშვობიდან გვიჩიჩინებდნენ. როგორც ჩანს, დამჯერი ბავშვები არ გამოვდექით. კიდევ კარგი“ - ამბობს ირაკლი კაკაბაძე ზუმერის საიუბილეო ვიდეოში. კამპანიის ლოგიკით, სიახლეების გამოცდისა და შედეგის უფრო სწრაფად მიღების სურვილი ცვლილებებისკენ გვიბიძგებს, ცვლილებები კი პროგრესის აუცილებელი პირობაა.
ზუმერს სულსწრაფობაზე ლაპარაკი ახლა არ დაუწყია, ბრენდი ამ იდეამდე 2023 წელს სტრატეგიული პლატფორმის განახლებისას მივიდა.


თუთიკო მუჯირი, ზუმერის მარკეტინგისა და ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი:

„განახლებული ბრენდის პოლიტიკითა და სულისკვეთებით ყველაზე ადამიანურ თვისებას - სულსწრაფობას - მივადექით. სტრატეგიული სესიებისას ფიქრთა ამგვარ მსვლელობამდე დღეს ყველაზე სწრაფად განვითარებადი და პროგრესირებადი ტექნოლოგიური ლანდშაფტის გათვალისწინებამ მიგვიყვანა. შესაბამისად, როგორც ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა გადავწყვიტეთ, ამ ხმამაღალ და კონტროვერსიულ განცხადებას არათუ არ მოვრიდებოდით, არამედ მისი ქომაგები გავმხდარიყავით. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ზუმერის ბრენდს ადამიანებისთვის არაფერი მოეწოდებინა და მით უმეტეს, ჭკუა არ ესწავლებინა. სწორედ ამიტომ გამოვდივართ ზოგადი განცხადებით და ვამბობთ, რომ სულსწრაფობა საამაყოა.“



შესაბამისად, საიუბილეო კამპანია სულსწრაფობის იდეას პროგრესის მამოძრავებელ ძალად განიხილავს; ამავე დროს აძლიერებს აზრს, რომ ის, რასაც ბავშვობაში გვიშლიდნენ, უარყოფით თვისებად განიხილავდნენ, სინამდვილეში ყველაზე გულწრფელი და ყველაზე ნამდვილია. ზუმერი კი სწორედ ასეთი ბრენდის შენებას აგრძელებს -
ადამიანის და მისთვის დამახასიათებელი განცდების მსგავსი უკომპრომისო ბრენდის.

 

შეჯამებისთვის

ზევით განხილული სამივე შემთხვევა განსხვავებულია, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი რამ აერთიანებთ - იდეა, რომელსაც გაგრძელება აქვს. მუდმივად ვსაუბრობთ გრძელვადიანი იდეებისა და გავლენების საჭიროებებზე. RKENA ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ ქართულ MMA-ს მზარდი მაყურებელი ჰყავს, საქართველოს ბანკის კამპანია გვანახებს, რომ ერთ ბრენდს შეუძლია ბევრი ბრენდის ყურადღება საერთო საქმისკენ მიმართოს, ზუმერი კი ერთი ადამიანური თვისების გარშემო ბრენდის თანმიმდევრულ კომუნიკაციას აშენებს.

როგორც დასაწყისში ვთქვი, ეს ამბები ერთ თვეში არ დამთავრებულა, გრძელდება. და სწორედ ეგ გაგრძელებაა ყველაზე საინტერესო.


 

 

share: