ოქტაგონს მიღმა: როგორ შეიქმნა ღონისძიება, რომელმაც დარბაზი 72 საათში გაავსო
rkena2-beyond-the-octagon

ოქტაგონს მიღმა: როგორ შეიქმნა ღონისძიება, რომელმაც დარბაზი 72 საათში გაავსო

RKENA 2

ავტორი: მარიამ მაზანაშვილი

16.03.2026

გადავსებული დარბაზი, 3 დღეში გაყიდული 8000 ბილეთი, 20-ზე მეტი სპონსორი და გულმხურვალე გულშემატკივართა ემოციები - ეს რკენა 2-ის ეფექტია, ბრენდის, რომელმაც დაბადებიდან მხოლოდ 3 თვეში ქართული სპორტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა (დარბაზების, სტადიონების გადავსება) საკუთარ ძლიერ მხარედ აქცია.

 

რკენამ სპორტის სასახლე 72 საათში გაავსო. ჩვენ ვისაუბრეთ და განვიხილეთ რკენა 1-ის წარმატება, მაგრამ რკენა 2-მა კიდევ სხვა პერსპექტივები დაგვანახა. ჩვენ მოგიყვებით როგორ იქმნებოდა რკენა 2 და როგორ იქცა ის ქალაქის მთავარ სპორტულ ღონისძიებად.


გულშემატკივართან კომუნიკაცია

რკენა 2 სწორედ რკენა 1-ის წარმატებამ დაბადა. 

პირველი ღონისძიების დასრულებისთანავე გაჩნდა მთავარი კითხვა - როდის იქნება შემდეგი?

თამასა იმდენად მაღლა იყო აწეული, რომ მომდევნო ღონისძიებაზე გულშემატკივრების მოლოდინი კიდევ უფრო გაიზარდა.

გულშემატკივართან კომუნიკაცია რკენამ მთავარ ღონისძიებამდე დაახლოებით 2 თვით ადრე დაიწყო, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა ამზადებდნენ მაყურებელს და აშენებდნენ მოლოდინის რეჟიმს. არც ანონსი, არც თარიღი, უბრალოდ უკვე ისტორიად ქცეული კადრები რკენა 1-დან, გამარჯვების აღმნიშვნელი ფრაზებით შემკობილი:

‘’ადგილი, რომელიც იყო სავსე.’’

‘’ამ სცენაზე გამარჯვებას სხვა გემო აქვს.’’

‘’ამ გალიაში შიშის ადგილი არ არის.’’

‘’გამარჯვების სურვილი არსად გამქრალა.’’

‘’საბრძოლო განწყობა არსად წასულა.’’

სწორად წამართული სთორითელინგი, რომელიც ჯერ ადგილის, ხოლო შემდეგ კი მომენტის მნიშვნელობას ემოციურად აღწერს. გულშემატკივარი ნელ-ნელა იხსენებს იმ ემოციებს და შემდეგის მოლოდინშია…

შემდეგ იყო ინტერაქციული კამპანია - რა იქნებოდა შენი WALKOUT SONG? რამაც გულშემატკივრები ცოტახანს მებრძოლის ამპლუაში წარმოაჩინა, თითქოს ოქტაგონზე გამოდიან, თავიანთი შთამაგონებელი მუსიკის ფონზე. აქტიურად აზიარებდნენ სთორებში შაბლონს და თან საყვარელ სიმღერას ურთავდნენ. ესეც გახურების მეორე ფაზა.

მოვედით თარიღის ანონსამდეც - ‘’რკენა 2 აქ არის’’, ‘’დღეების ათვლა დაიწყო’’, კომენტარების ველი ივსებოდა ბილეთების გაყიდვაზე კითხვებით.

3 კვირით ადრე - ქარდის წარდგენა, რკენა 2 ახლოვდება…

ბილეთების გაყიდვა დაიწყო: 24 საათი, 36 საათი, 72 საათი… - ყველა ბილეთი გაყიდულია! მგონი ამაზე მეტის დაწერა აღარ არის საჭირო.

 

შემდეგ იყო აქტიური კონტენტი უშუალოდ მებრძოლებზე, ის რაც ასე ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივართან ემოციური კავშირის ჩამოსაყალიბებლად და ის რასაც ქართული სპორტული კლუბები უგულვებელყოფენ, ალბათ სწორედ ამიტომაცაა რომ ჩვენს ქვეყანაში სპორტული კომენტატორი უფრო ცნობილი ფიგურაა, ვიდრე ეროვნული ლიგის ფეხბურთელები (დაელოდეთ ჩვენს მომდევნო სტატიას). 

გაგვაცნეს და სხვა მხრიდან დაგვანახეს მებრძოლები, მოგვიყვეს მათი ისტორიები, ის გზა, რაც აქამდე მოსასვლელად გაიარეს, დღეს ეს ბიჭები უკვე არაერთი გულშემატკივრისთვის მისაბაძი და ბრძოლის სამაგალითო გმირები გახდნენ. გულშემატკივარი მიდის არა მხოლოდ შოუს, არამედ მათ სანახავად.

დღეების ათვლა გრძელდებოდა და ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით რკენის დღეს…


გმირის როლი

ყველა სპორტს ჰყავს თავისი გმირი, რომელიც ამ მოვლენას კიდევ უფრო ემოციურსა და ისტორიულს ხდის, სწორედ ამიტომაა რომ სპორტს ასეთს განსაკუთრებულს ჯერ ადამიანები, ხოლო შემდეგ სანახაობა ქმნის.

რკენა 1-ის გმირი მერაბ შარიქაძე იყო, თავისი ისტორიით, თავისი საქმით, თავისი სულისკვეთებით. მაყურებელი ბუკას ტრიუმფს ელოდა, რომელიც შედგა. ამ ღონისძიებაზე კი ბუკამ ინტერვიუერის როლი მოირგო და აქტიურად იყო ჩართული სოციალური მედიის კონტენტში.

 

რკენა 2-ზე გმირის როლი ლომმა მოირგო, დავით ლორთქიფანიძე ივენთის მთავარი ქარდი იყო, ლომის გალიაში კი ბრაზილიელი კოვბოი აღმოჩნდა…თუმცა ოლივეირას ბევრი არ დასცალდა და ლომმა გალია 41 წამში დაატოვებინა კოვბოის.

სპონსორები

სელფი, ალმა, ბორჯომი, არქი, გალფი….რკენა 2-ს უპრეცედენტო რაოდენობის სპონსორები ყავდა, ის რაც ასე ძალიან ჭირს ქართულ სპორტში. და ეს მოახერხა სულ რაღაც 5 თვის დაბადებულმა ბრენდმა.

და რა არის ეს თუ არა მძლავრი სიგნალი კომპანიებისთვის, რომ თუ ბრენდი სწორადაა აშენებული, ღირს ქართულ სპორტში ინვესტიცია და სიგნალი ქართული სპორტული კლუბებისთვის, რომ თუ ძალისხმევას გაწევ, სწორი სტრატეგიით წახვალ და გულშემატკივარს მოერგები, კომპანიები თავად მივლენ მათთან.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქართულ სპორტში პრობლემა ინტერესის ნაკლებობა კი არა, სწორად შეფუთული პროდუქტის ნაკლებობაა.

ივენთის სივრცეში ბრენდებსაც ჰქონდათ წარმოდგენილი საკუთარი მარკეტინგული აქტივაციები. 360 გრადუსიანი Faceoff რინგი სელფისგან, ხოლო არქიმ სტუმრებს ინტერაქციული ფოტოზონა შესთავაზა - კრივის ტომრითა და საჩემპიონო ქამრის ინსტალაციით, რაც მაყურებლებს საშუალებას აძლევდა ჩემპიონების სიმბოლიკაში ჩართულიყვნენ და ღონისძიებიდან დასამახსოვრებელი ფოტოები გაეტანათ.


ერთ-ერთი მთავარი სპონსორი ბორჯომის ახალი ენერგეტიკული სასმელი ‘’ენერგია’’ იყო, რომელიც product placement-ად არაერთხელ ვიხილეთ ოქტაგონზე, მებრძოლების ხელში.

halftime show

Halftime Show სპორტული ღონისძიებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოპ-კულტურული ელემენტია, რომელიც ივენთის მარკეტინგსა და საერთო გამოცდილების შექმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

 

ბოლო წუთამდე უცნობი იყო, თუ ვინ შეასრულებდა RKENA-ს Halftime Show-ს, რაც მოლოდინისა და ინტრიგის კიდევ უფრო გაძლიერებას ემსახურებოდა. საბოლოოდ სცენაზე ქართული ბენდი SKAZZ გამოჩნდა, რომელმაც მაყურებელს ორიგინალური შესრულებითა და ენერგიული გამოსვლით განსაკუთრებული ატმოსფერო შესთავაზა.


კულმინაცია

რკენა 2-იც ისეთივე ტრიუმფით დასრულდა, როგორც რკენა 1.

რთულია პირველივე ასეთი წარმატებული ღონისძიების შემდეგ იგივენაირად კმაყოფილი გაუშვა გულშემატკივარი სახლში, თუმცა რკენას გუნდმა ეს მოახერხა.

როცა დასრულებიდან წუთების შემდეგ ისმის კითხვა როდის იქნება შემდეგი, ესეიგი რაღაცას სწორად აკეთებ.

რკენა 3 - გელოდებით!


 

share: