პერსონალური ბრენდინგი ახალ ქვეყანაში გადასვლისას
ადამიანები, სტრატეგია, გავლენა
დაფიქრდი, რა არის ის ერთი სიტყვა, რასაც შენს დასახასიათებლად იტყვიან შენი საქმიანი პარტნიორები, თანამშრომლები ან კლიენტები აი ახლა რომ ვკითხოთ.
შემდეგ კი დაფიქრდი, შენ რას იტყოდი შენი თავის საქმეში დასახასიათებლად? მხოლოდ ერთი, ან ორი სიტყვა იყოს. მეტი მიგნებებისთვის, შეგიძლია ექსპერიმენტიც ჩაატარო და მართლა დაუსვა ეს კითხვა რამდენიმე ადამიანს.
ემთხვევა შენი აღქმა და შენს გარშემო მყოფი ადამიანების აღქმები ერთმანეთს?
რამდენად გამოხატავს ეს სიტყვები იმას, რაც შენ გინდა და წარმოგიდგენია?
პერსონალური ბრენდები სხვადასხვა ფორმით, მიზნებით და აქტივობებით სულ იყო ჩვენს გარშემო - მისი ყველაზე ავთენტური ქართული სახე “კოლორიტი ადამიანი” დღემდე აქტუალურია ჩვენი მშობლების და ბებია-ბაბუების თაობაში, კითხეთ აბა მათ, პირველი ვინ გაახსენდებათ? - თუმცა, ციფრულმა მედიამ, კონტენტ კრეატორობამ თუ ფრილანსერობის ბუმმა, ჩვენს “ფიდში” უამრავი პერსონალური ბრენდი წარმოშვა და ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად გააქტიურა.
პერსონალურ ბრენდზე ფიქრის და განვითარების ნიშნები უკვე კორპორატიულ სფეროშიც შეინიშნება, განსაკუთრებით მაღალ საფეხურებზე, როცა სპეციალიზაციისა და ექსპერტობის მნიშვნელობა ნელ-ნელა მცირდება და ლიდერობასთან ერთად აქტუალური ხდება რას ფიქრობენ შენზე ადამიანები, როგორი გამოცდილებაა შენს გუნდში მუშაობა, რა ღირებულებები გაქვს და რისკენ მიისწრაფვი როგორც ლიდერი.
minds&marketing-ის როლი ამ ტენდენციაში სტრატეგიული განზომილების აღმოჩენა და პერსონალური ბრენდინგის გარშემო მსჯელობაში ქომუნითის ჩართვაა.
ამ ედიტორიალის ფორმატში ვიკვლევთ და გავაზიარებთ:
-
როდის ხდება პერსონალური ბრენდი დამატებითი ღირებულება;
-
რა როლს თამაშობს პროფესიულ წინსვლაში პერსონალური ბრენდი;
-
როგორ იქმნება მაშინ, როცა ადამიანი პროცესს ინტუიტიურად მიყვება;
-
და როგორ იქმნება, როცა წინასწარ შემუშავებული სტრატეგიით მოქმედებს;
-
რა არის ის მთავარი ელემენტები, რომელიც პერსონალურ ბრენდს გავლენიან და ძლიერ ბრენდად აქცევს.
როდის ხდება პერსონალური ბრენდი დამატებითი ღირებულება?
სიახლე არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ყველა, ვინც რამეს ვსაქმიანობთ პროფესიულად, პერსონალური ბრენდიც გვაქვს: ინვესტორისთვის, დამსაქმებლისთვის, კლიენტისთვის, პაციენტისთვის, follower-ებისთვის, თუ მოსწავლეებისთვის.
მაგრამ საინტერესო ისაა, როდის დგება ის მომენტი და ეტაპი ცხოვრებაში, როცა ადამიანი თავისი წინსვლისთვის და განვითარებისთვის აუცილებელ კომპონენტად მოიაზრებს საკუთარი პერსონალური ბრენდის გააქტიურებას:
-
ახალ ქვეყანაში გადასვლა
-
კორპორაციის მაღალი პოზიცია
-
ანტერპრენერობა
-
პროფესიის ცვლილება
-
დამოუკიდებელი პროფესიონალი / ფრილანსერობა
თითოეულ ამ სიტუაციას და ეტაპს კარიერაში განსხვავებული მიზნები და გამოწვევები აქვს, შესაბამისად, განსხვავებულია პერსონალური ბრენდის როლიც და სპეციფიკაც.
ამ ედიტორიალის რამდენიმე სტატიას სწორედ ამ სიტუაციებს მივუძღვნით - მოგიყვებით რეალურ ამბებს ადამიანებზე და ვიკვლევთ, რა საჭიროებით, როგორ ქმნიან და ააქტიურებენ საკუთარ პერსონალურ ბრენდებს, ან პირიქით, რა უშლით ხელს. მოემზადეთ, წინ ბევრი საინტერესო, შთამაგონებელი და ნამდვილი ამბავია!
რელოკაცია - ახალ ქვეყანაში გადასვლა და პროფესიული იდენტობის განახლება
“საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ” - შენი ქმედებები, პროექტები, წარმატებები და წარუმატებლობები არის ის, რაც შენზე აყალიბებს სხვების აღქმებს. როცა ერთ ინდუსტრიაში ან ქომუნითიში დიდი ხანი საქმიანობ, გინდა არ გინდა, ეს აღქმები თავისითაც ყალიბდება. სხვა საკითხია, რამდენად მოგწონს ის, რასაც შედეგად ხედავ და რამდენად არის შესაბამისობაში შენს ხედვასთან.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ამ ინდუსტრიას, ქომუნითის, ქვეყანას და საერთოდაც კონტინენტს ტოვებ და სხვაგან გადადიხარ საცხოვრებლად, იქ, სადაც შენი პროფესიული იდენტობა სუფთა ფურცელია, მაგრამ თან მთლად სუფთაც არ არის. პერსონალური ბრენდის სტრატეგიულად მართვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჭიროება სწორედ ამ ეტაპზეა - ერთი მხრივ, ანალიზი და პატერნების დაჭერა წარსული გამოცდილებიდან, მეორე მხრივ კი ახალი სიტუაციის და ბაზრის შეფასება და თანაკვეთის წერტილზე ავთენტური პროფესიული იდენტობის აშენება.
მარიტა გენებაშვილი, ინვესტორებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი | Climatic:
“საქართველოში ვიყავი ანტერპრენერი, ინოვაციური პროდუქტების შემქმნელი. ეს პოზიციონირება ამერიკაში გადმოსვლით დავკარგე.” მარიტა 4 წლის წინ ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ბოსტონში. გადასვლის მიზეზი მისი მეუღლის ახალი სამსახური იყო.

3 წარმატებული ინოვაციური სტარტაპი, მათ შორის ერთ-ერთი საქველმოქმედო პლატფორმაა ბავშვებისთვის, ტრენერობა, სპიკერობა, ძლიერი network და მკაფიო პოზიციონირება, რომელსაც საინტერესო პროექტები და შესაძლებლობები მოაქვს თავისით - ეს ყველაფერი საქართველოში. ახლა კი - ახალი ქვეყანა, თან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და კონკურენტული. სტარტაპები, რომელიც საქართველოში შექმნა, ახლაც დისტანციურად იმართება, მაგრამ როგორც კი ცხადი გახდა, რომ ამერიკა ხანგრძლივი გაჩერება იქნებოდა მისი ოჯახისთვის, მარიტამაც დაიწყო ახალ ქვეყანაში თავის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
“მალევე მივხვდი, რომ network აქ ძალიან მნიშვნელოვანი აქტივია. ჩემი network-ის შექმნა მოხალისეობით დავიწყე, შევუერთდი სტარტაპ ქომუნითის, რომლის ფარგლებშიც ბევრი პროექტი განვახორციელე და ბევრი ადამიანიც გავიცანი. ახლა სადაც ვმუშაობ, სწორედ ერთ-ერთ ასეთ ივენთზე გაცნობილი ადამიანის რეკომენდაციით მოვხვდი.”
ერთია network-ის შექმნა ციფრულ სივრცეში და ფიზიკური ინტერაქციებით, მაგრამ მეორეა, როგორ აპოზიციონირებ შენს თავს ამ სივრცეში და რა შესაძლებლობებს ეძებ.
მარიტა ამბობს, რომ რაიმე კონკრეტულ ნიშაში პოზიციონირება თავიდან მისი მიზანი არ ყოფილა, მაგრამ რაღაც მომენტში თავისით მოიტანა აქტიურობამ და შესაძლებლობებმა, რაც მას მოყვა, მერე კი გაცნობიერებულად დაიჭირა და სტრატეგიულად განავითარა, რისი ერთ-ერთი გამოხატულება, რომელიც თქვენც შეგიძლიათ ნახოთ, მისი LinkedIn-ის კონტენტი და ქომუნითია.
მარიტა გენებაშვილი, ინვესტორებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი | Climatic:
“მეგობრები ხუმრობით Swiss army knife-ს მადარებენ - ბევრ რამეს ვაკეთებ, ძალიან მრავალფეროვანი საქმიანობა მქონდა ყოველთვის, generalist ადამიანად ჩამოვყალიბდი. რამე ერთზე ფოკუსირება ყოველთვის მიჭირდა. მაგრამ ვხედავ, რომ ძლიერ პერსონალური ბრენდის მქონე ადამიანებს კონკრეტული ნიშა აქვთ აღებული და ერთი თემის გარშემო ავითარებენ საქმიანობას.
შესაბამისად, მოხალისეობრივი პროექტის შემდეგ, მუშაობა დავიწყე აქსელერატორ კომპანიაში, სადაც 200-მდე climate tech startup-თან და ინვესტორთან მქონდა შეხება. მალე კიდევ უფრო დავინტერესდი ამ ინდუსტრიით და დავინახე, რომ ჩემი პოზიციონირებისთვის შეიძლებოდა გამომეყენებინა. ახლაც სადაც ვმუშაობ, ეს სტარტაპიც ისევ ამ ინდუსტრიაშია და კიდევ უფრო ნიშურია.”
მარიტას პოზიციონირების მნიშვნელოვანი ნაწილია მისი როლი - საქართველოში თუ ანტერპრენერი იყო, ახალ გარემოში Startup-investor matchmaker-ია, რაც მისი უნარებიდან ერთ-ერთ ყველაზე ძლიერს და ავთენტურს - ურთიერთობების შენებას ეხმიანება. ასეთი დიდი ცვლილება პროფესიულ ცხოვრებაში ეჭვებით და გაურკვევლობებით არის სავსე, მაგრამ როგორც Simon Sinek ამბობს - “When in doubt, be yourself” -ო. რთულია, მაგრამ მეორე მხრივ, თუ პროცესს მართავ და შენს თავთან გულწრფელი ხარ, ისეთი უნარები შეიძლება აღმოაჩინო და აქტიურად გამოყენებაც შეძლო, რომელსაც მანამდე სათანადოდ არც კი აფასებდი.
მთავარი მიგნება
პერსონალური ბრენდინგს ადამიანები ორი მიზნით მიმართავენ:
- პირველი - ჰქონდეთ სიცხადე საკუთარ პროფესიულ იდენტობასა და ღირებულებაზე რომელსაც ქმნიან
- და მეორე - ჰქონდეთ ამაზე საჯარო, მათთვის სასურველი დოზის კომუნიკაცია (exposure)
ახალ ქვეყანაში გადასვლისას, ამ ორიდან სიცხადე ხდება პრიორიტეტული, ამიტომ, ვინც ახლა ამ გზას ადგახართ, ეს მიგნებები გამოგადგებათ:
-
პოზიციონირება: რაც უფრო დიდია ბაზარი, რომელსაც უერთდები, მით უფრო საჭირო და სასარგებლოა მკაფიო პოზიციონირება. ამ პროცესში ძალიან დაგეხმარება, თუ განსაზღვრავ:
-
- რა არის შენი ნიშა: საქართველოში საკმაოდ სარისკო და გამოწვევებით სავსეა ნიშური პოზიციონირება, დიდ ქვეყნებში კი გაცილებით უსაფრთხო და შესაძლებლობებით სავსე არჩევანია მასშტაბიდან გამომდინარე.
-
რა არის ის უნიკალური ღირებულება, რასაც ქმნი როგორც პროფესიონალი? ამის გადასააზრებლად რელოკაცია საუკეთესო გამოცდილებაა. ერთია ექსპერტიზა რაც გაქვს და მეორეა შენი
“Personality”, ამ თემას მომავალ სტატიებში მეტად გავშლით. -
რა არის შენი ამბავი, რომელიც ამ პოზიციონირებას ეხმიანება და ამყარებს. ის, რაც სანდოობას და შენს ავთენტურ სახეს ქმნის.
-
რა უნარები/პროდუქტები/სერვისები აკლია ბაზარს, რომლის შევსებაც შენ შეგიძლია?
-
რა სფეროში გაქვს პოტენციალი იყო ე.წ. Obvious choice?
-
ნიჭი: ანუ, ის, რაც “წყალივით მიდის.” - ეს ის შემთხვევაა, როცა, ერთი შეხედვით, შენი ყველაზე “მარტივი” უნარების მიმართაც კი სათანადო პატივისცემა უნდა გამოხატო. ხშირად ის, რაც მარტივად გამოგვდის, ჩვენთვის შეუმჩნეველია, რადგან ძალისხმევას არ მოითხოვს, არადა სინამდვილეში, ზუსტად ეს უნარებია, რომელიც გამოგვარჩევს და უნიკალურ ღირებულებას გვაქმნევინებს.
-
ისევე როგორც ყველაფერში, აქაც მნიშვნელოვანია ბალანსი მოქმედებასა და სტრატეგიას შორის. მარიტას ამბავში კარგად ჩანს ეს ორივე მიდგომა - ზოგჯერ ინტუიტიურად მოქმედება, ზოგჯერ კი შედეგებზე, პატერნებზე დაკვირვება, რა გამოვიდა თავისით და რას დასჭირდა დიდი ძალისხმევა, ამის შემდეგ კი სტრატეგიულად დაგეგმვა შემდეგი მოქმედებების ახალი მიზნებისთვის.
შეჯამებისთვის
რელოკაციის დროს პერსონალურ ბრენდზე მუშაობა ბევრ ექსპერიმენტზე, თვითგამორკვევასა და ახალი ურთიერთობების შექმნაზე გადის. ამ დროს ყველაზე ღირებული ინსტრუმენტი პოზიციონირებაა - ის ერთი წინადადება, რომელიც მკაფიოდ გამოხატავს რა ნიშაში, ვისთვის და რა ღირებულებას ქმნი. ეს წინადადება network-ის შენების ფუნდამენტიც არის და შესაძლებლობების მაგნიტიც.
შემდეგ სტატიაში გაგიზიარებთ ანტერპრენერების ისტორიებს და ვიკვლევთ, როდის სჭირდებათ საკუთარი პერსონალური ბრენდის გააქტიურება და როდის სტარტაპის ბრენდის. რა სარგებელი და რა საფრთხეები იმალება დამფუძნებლის პერსონალური ბრენდის დიდი დოზით აქტივაციისას და როგორია იდეალური ბალანსი - მე და ჩემი სტარტაპი - განვითარების თითოეულ ეტაპზე.