სადაზღვევო კომპანიების რებრენდინგი და RKENA
ოქტომბრის ფოკუსი
ოქტომბერი მასკულტურაში დარიჩინთან, ცხელ სასმელებსა და ჰელოუინთან ასოცირდება, მაგრამ ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში დარიჩინზე კამპანიას ვერ ააწყობ და ვერც ჰელოუინმა მოიკიდა დიდად ფეხი, ამ თვის ფოკუსი სიახლეებისკენ მივმართეთ.
ამ თვეში ჩვენს ანგარიშზეა ერთი ახალი ქართული MMA ორგანიზაცია და სამი მსხვილი სადაზღვევო კომპანიის რებრენდინგი – საინტერესო თვე იყო.
სადაზღვევო კომპანიების რებრენდინგი
ალბათ იშვიათია, როდესაც ერთი და იმავე ინდუსტრიის სამი ბრენდის განახლებას ვუყურებთ ერთდროულად, ესენია: იმედი L, არდი და PSP დაზღვევა, უკვე ცნობილი, როგორც ვაიზერი. არ ვიცი, სამივე კომპანიაში ერთდროულად დაიწყო თუ არა რებრენდინგის პროცესი, რამ განაპირობა, ანდაც ერთმანეთს მისცეს თუ არა ბიძგი, მაგრამ ფაქტია, სამივე კომპანიამ ჩათვალა, რომ თანამედროვე დროს თანამედროვე სერვისები სჭირდება, ამიტომ ინოვაციურობასა და სიმარტივეს გვპირდებიან. მოდი თემა გავშალოთ და ცალ-ცალკე ვნახოთ, რას გვეუბნება თითოეული მათგანი.
ვაიზერი (wizer) – „ჩვენ ვაზღვევთ ყველაფერს, მაგრამ შენ ყველაფერს ნუ დააზღვევ!“
არსებობის 15 წლის თავზე PSP დაზღვევამ სრული რებრენდინგი განიცადა – სახელისა და ლოგოს ჩათვლით. „ჩვენ ვაზღვევთ ყველაფერს, მაგრამ შენ ყველაფერს ნუ დააზღვევ!“ – გვითხრეს სარეკლამო კამპანიით, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ვიდეორგოლი ვნახეთ.
როგორც ამბობენ, მათი მიზანია მომხმარებელს შესთავაზონ თანამედროვე, მათზე მაქსიმალურად მორგებული მომსახურება. კამპანიაზე კრეატიულმა სააგენტო playmakers‑მა იმუშავა. თუ გავიხსენეთ PSP-სა და playmakers-ის თანამშრომლობით შექმნილი კამპანიების ტრიუმფს წლევანდელ Ad Black Sea ფესტივალზე, გასაკვირი არ არის, რომ ახალი კამპანიაც კვლავ playmakers-ს ანდეს

ცოტა რამ ვიდეორგოლებზეც ვთქვათ: ძალიან კარგი მიგნებაა აქცენტის გაკეთება კულტურულ ფენომენებზე, ამ შემთხვევაში ესენია: მადონას სერვიზი, საკოლექციო მანქანა და ბარბის თოჯინაა. მათი პერსონიფიკაციით, უსულო საგნების გასულიერებით ემოციური ნარატივი შეიქმნა: ნივთების დანიშნულება მათი გამოყენებაა, ადამიანები კი ზედმეტი სიფრთხილით არც მათ აძლევენ თავიანთი მოვალეობის შესრულების (ცხოვრების) უფლებას და საკუთარ ცხოვრებასაც რაღაცას აკლებენ.
მიუხედავად იმისა, რომ კამპანიის სლოგანი ცოტა შეუსაბამოდ ჟღერს (მართლაც, რომელი სადაზღვევო კომპანია გეტყვის: ნუ დააზღვევ), თავად აზრი, რომ ზოგჯერ ზედმეტი დაზღვევით ცხოვრებას ვკარგავთ და ანაზღაურებაზე ვაიზერი იზრუნებს, საკმაოდ ეფექტურია.
თუმცა მხოლოდ ჩვენ დაგვრჩა ისეთი შეგრძნება, რომ ეს უკვე სადღაც გვინახავს? მეტიც – არა სადღაც, არამედ ზუსტად აქ:
დამკვეთი: პსპ
შემსრულებელი: playmakers
კამპანია: „გოგოა“
„მაგრამ მე ქალთა დღეს ვერ მომილოცავთ, რადგან მე არ დავბადებულვარ“.
შევადაროთ:
„ეს არის ჩემი ცხოვრება, რომელიც არ მიცხოვრია.“
„ამიტომ დავრჩი ამ ყუთში 20 წელი, რომელიც თითქოს არც მიცხოვრია.“
ეს მაგალითები მელოდიით, გახმოვანებითა და კულმინაციით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. შეიძლება დამთხვევაა ან უბრალოდ გამოცდილება – ერთხელ თუ გაამართლა, ისევ გაამართლებს(?)
იმედი L – „დაზღვევა, რომელსაც ირგებ“
იმედი L უკვე 30 წელია ბაზარზეა. განახლებული ბრენდითა და სტრატეგიით მათ გვითხრეს, რომ მომხმარებელს უკვე არამხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ქონების დაზღვევასაც სთავაზობენ. მიუხედავად იმისა, რომ რებრენდინგი ჯერ კიდევ ზაფხულში გამოცხადდა, სარეკლამო კამპანია მიმდინარეა, ამიტომ დაგვიანებული არ არის ამაზე საუბარი.

განახლებული სლოგანით – დაზღვევა, რომელსაც ირგებ – გვეუბნებიან, რომ დაზღვევა შენ მოგერგება, შემოგთავაზებს სასურველ არჩევანსა და პირობებს. ამავეზე მეტყველებს რებრენდინგის გამხსნელი ვიდეორგოლი, რომელზეც სააგენტო ლივინგსტონმა იმუშავა.
ახლახან კი კიდევ ერთი ვიდეორგოლი შემოგვთავაზეს ავტოდაზღვევის შესახებ, სადაც გვითხრეს, რომ იმედი L-ის დაზღვევით ყველა ხარჯი იფარება, მათ შორის მესამე პირის პასუხისმგებლობაც. ახლა იმედი L-ის მიზანია ბევრ ადამიანამდე მიიტანოს ახალი პაკეტები და ასევე AI ასისტენტის შესაძლებლობები, რომელიც რებრენდინგის ფარგლებში დაინერგა და ამბობენ, რომ მომხმარებელს სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობენ.
არდი – „ცხოვრების ჯერია“
არდი 15 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. რებრენდინგის შესახებ მანაც ზაფხულში გვითხრა, მაგრამ მთავარი სიახლე მაინც განახლებული აპლიკაციაა, რომელსაც, როგორც ამბობენ, დროთა განმავლობაში ახალი პროდუქტები დაემატება. თუკი პოსტებს გადავხედავთ, მივხვდებით, რომ მთავარი აქცენტი სწორედ აპლიკაციაზეა გაკეთებული და ნაკლებად – ახალ იდენტობაზე.

ბრენდი პარალელურად სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს, რათა დაზღვეულებს დამატებითი ბენეფიტები შესთავაზოს, მაგალითად, სამოგზაურო დაზღვევასთან ერთად ინტერნეტი საჩუქრად, სხვადასხვა სასტუმროში დასვენებაზე ფასდაკლება და სხვ.
საბოლოოდ, სამივე ბრენდი გვეუბნება, რომ რებრენდინგის შედეგად მომხმარებელს სთავაზობენ თანამედროვე, მათზე მორგებულ მომსახურებას და ყოველდღიურ მხარდაჭერას. არაერთი მაგალითი გვინახავს, როცა ბრენდინგი და რეკლამა წინ უსწრებს მომსახურებას. იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში ასე არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ახლა მათი მიზანია ერთი მხრივ, შეასრულონ ის, რასაც გვპირდებიან, მეორე მხრივ, შეასრულონ ისე, რომ კონკურენტული უპირატესობა შეინარჩუნონ.
რკენა – ახალი ქართული MMA ორგანიზაცია სეტანტასგან
Setanta Sports-მა ახალი ქართული MMA ორგანიზაცია წარადგინა – RKENA. ორგანიზაციის შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ შეგვიძლია სახელსა და გამხსნელ ვიდეორგოლზე ვისაუბროთ.

რკენა ძველქართული სიტყვაა და შეჭიდებას, შებმას, ჭიდაობას ნიშნავს. ვინაიდან ბრენდი დააპოზიციონირეს, როგორც ახალი ქართული MMA ორგანიზაცია, მის სახელად ქართული სიტყვის შერჩევა ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა.
იგივე შეიძლება ითქვას ვიდეორგოლში გამოყენებულ კომპოზიციაზე, რევაზ ლაღიძის „საჭიდაოს“ ახლებურ, ელექტრონული მუსიკის ელემენტებით შექმნილ ვერსიაზე, რომელიც ცალსახად საუკეთესო არჩევანი იყო. სხვადასხვა ასაკისა და ორივე სქესის სპორტსმენების ბრძოლისა და ვარჯიშის კადრები ტექსტთან ერთად ქმნის საბრძოლო განწყობას, ენერგიას, ემოციას, რომელიც მობილურის ეკრანიდანაც გადამდებია. მოკლედ, თუკი ყურების დროს ჟრუანტელმა დაგიარათ, მარტო ნამდვილად არ ხართ. ასეთი მძაფრი ემოცია ახლა განსაკუთრებით გვჭირდება.
საბოლოოდ, ჩვენს თვალწინ ახალი, თანამედროვე ბრენდი იბადება. დასაწყისი იმდენად კარგია, იმედია, გაგრძელებაც ასეთი იქნება და ყოველთვის შეგვახსენებს: „გამარჯვებას რა უნდა? – შენ!“
შევაჯამოთ ოქტომბერი
შემოდგომა სადაზღვევო კომპანიებისთვის განახლებული ბრენდების ფართოდ გაცნობის სეზონი აღმოჩნდა. უპირატესობას მოიპოვებს ის, ვინც მომხმარებელს ინოვაციურ, მარტივ და კომფორტულ მომსახურებას, მისაღებ პირობებს შესთავაზებს. მეორე მხრივ, არანაკლებად მნიშვნელოვანია ბრენდის იდენტობა, რომლის კარგად გაცნობას და ცნობიერებაში დანერგვას დიდი დრო და რესურსი სჭირდება. ვნახოთ, ვინ შეძლებს ამას საუკეთესოდ.
საინტერესოა ისიც, რომ სამი ბრენდიდან სახელი მხოლოდ PSP დაზღვევამ შეიცვალა. დროის საკითხია იმის გაგება, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო სახელის – იდენტობის მთავარი ელემენტის – შეცვლა. არ ვიცი, შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ, როდესაც „ვაიზერის“ კამპანია დაიწყეს, ფეისბუქგვერდს ჯერ კიდევ PSP დაზღვევა ერქვა. გათვლა იყო ასეთი? თუ უბრალოდ მეტამ სახელის ცვლილება დაგვიანებით დაადასტურა? რაც უნდა იყოს, ახლა მათი მიზანია ახალი იდენტობა სანდო და სტაბილური ბრენდის ნაწილად წამოაჩინონ.
ხოლო ახალი ქართული MMA ორგანიზაციის დაფუძნება Setanta Sports-ისგან არის ამბიციური და ამავე დროს, პასუხისმგებლობიანი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება ქართული MMA-ის განვითარებაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს. სახელი და გამხსნელი ვიდეორგოლი ზუსტად ის არის, რაც უნდა იყოს, ახლა ამ მიღწეული ნიშნულის შენარჩუნება და ამაღლებაა მთავარი. არ გამოვრიცხავ, სწორედ RKENA გახდეს ბრენდი, რომელიც ბრძოლისა და გამარჯვების სიტყვებს / ემოციებს თავის ბრენდთან დაიკავშირებს.
ეს იყო ჩვენი ოქტომბრის ფოკუსი, თქვენ რას დაამატებდით?
ვიზუალებში გამოყენებული ფოტო მასალა ეკუთვნის წარმოდგენილ ბრენდს და წარმოადგენს მათ ინტელექტუალურ საკუთრებას.