განახლება მემკვიდრეობის შენარჩუნებით
irao-rebranding-renewing-legacy

განახლება მემკვიდრეობის შენარჩუნებით

ირაოს რებრენდინგი

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

01.07.2026

როდესაც ბრენდი არსებობის ათობით წელს ითვლის, განახლება ერთდროულად არის რისკიც და საჭიროებაც. ამ დროს რებრენდინგის მთავარი გამოწვევა ბალანსის დაცვაა – შეინარჩუნო ის, რითაც ადამიანები გიცნობენ და, ამავე დროს, განახორციელო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ცვლილებები. რაც უფრო დიდი ისტორია აქვს ბრენდს, მით უფრო რთულია ამ ბალანსის დაცვა, თუმცა არა შეუძლებელი. დღეს სწორედ მსგავსი მაგალითის შესახებ მოგიყვებით და გაგიზიარებთ, როგორ შექმნა დიზაინის ინსტიტუტმა სადაზღვევო კომპანია ირაოს ახალი იდენტობა.

კომპანიის შესახებ

სადაზღვევო კომპანია ირაო 22 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. ამ წლების განმავლობაში კომპანია არამხოლოდ სერვისებს, არამედ მომხმარებელთა ნდობას აშენებდა. შედეგად, საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებისა და კმაყოფილების ინდექსის (NPS) მიხედვით, კომპანია 2025 წელს საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ლიდერია ჯანმრთელობისა და ავტოდაზღვევის მიმართულებით.




ირაო „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრია, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს გაიზიაროს ევროპული გამოცდილება და საქართველოში სადაზღვევო სფეროს უახლესი მიღწევები დანერგოს.

წელს კი კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და რებრენდინგიც ამ ტრანსფორმაციის ნაწილია – რათა მკაფიოდ წარმოაჩინონ ის ღირებულებები, რომლებიც ირაოს საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს: ნდობა, ექსპერტიზა, ადამიანური მიდგომა და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა.


ვახტანგ დეკანოსიძე, ირაოს გენერალური დირექტორი:

რებრენდინგი ჩვენთვის მხოლოდ ესთეტიკური ცვლილება არ არის, ეს არის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა. რაღაც მომენტში მივხვდით, რომ ძველი ვიზუალური იდენტობა ვეღარ ასახავდა იმ კულტურასა და ენერგიას, რაც კომპანიის შიგნით არსებობდა, ამიტომ განახლებაზე ფიქრი დავიწყეთ.

 

ამოცანა

ირაოს რებრენდინგის მთავარი ამოცანა იყო ბრენდის არსის ზუსტად გადმოცემა, როგორც სანდო, ხარისხიანი და ადამიანზე ორიენტირებული სადაზღვევო კომპანიის.

ელენე მარგიშვილი, ირაოს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი:

„წლების განმავლობაში კომპანია გაიზარდა და მის ვიზუალურ და სტრატეგიულ იერსახეს განახლება დასჭირდა. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ამ პროცესში ბიზნესის მხარე და კომპანიის მმართველი გუნდი სრულყოფილად ჩაერთო, რის შედეგადაც მივიღეთ გუნდური მუშაობის შედეგი, რომელიც სრულად არის მორგებული ჩვენს მიზნებსა და სამომავლო ხედვას. დიდი ცვლილების მზაობა გვქონდა, თუმცა დიზაინის ინსტიტუტთან ერთად კარგად გავიარეთ გზა – კვლევიდან პოზიციონირებამდე და შემდეგ უკვე დიზაინის ნაწილს შევუდექით.“


დიზაინ ინსტიტუტისთვის მთავარი გამოწვევა იყო, ირაოს შეენარჩუნებინა ცნობადობა და მემკვიდრეობა, მაგრამ ამავდროულად სტრატეგიულად და ვიზუალურად განვითარების ახალ ეტაპზე გადასულიყო. ბრენდი უნდა ყოფილიყო სოლიდური, ხარისხთან ასოცირებული, ამავე დროს მინიმალისტური, სანდო და ადამიანური, სიცოცხლით სავსე. დამატებითი გამოწვევა იყო ვენის სადაზღვევო ჯგუფის საერთაშორისო გაიდლაინები.


ნინო ეგაძე, დიზაინის ინსტიტუტის შემოქმედებითი ლიდერი:

„როცა სტრატეგიული ბრენდინგის ამოცანას შევუდგებით ხოლმე, უპირველესად გუნდის და ორგანიზაციული კულტურის კარგად გაცნობას ვცდილობთ, შემდეგ კი დეტალურად ვსწავლობთ ბრენდის არსებულ არქიტექტურას და ვცდილობთ ყველა ის დეტალი შევუნარჩუნოთ, რომელიც ბიზნესს ღირებულებას უქმნის. ადვილია ყველაფრის ნულიდან დაწყება, თუმცა ჩვენი მიზანი ამბიციური სტრატეგიისთვის შესაბამისი ხელსაწყოების შექმნაა.

ირაოს არაჩვეულებრივი ჟღერადობა და ლათინურ-ქართული თანაბარი დამწერლობა აქვს, ეს ძალიან იშვიათია საერთაშორისო და ქართულ სახელდებებში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ სექტორში მოთამაშე ბრენდების ფერის ანალიზის შემდეგ შევინარჩუნეთ და გავაუმჯობესეთ არსებული ფერი, რთული გაიდლაინები გვქონდა საერთაშორისო ჯგუფისგან, თუმცა აქაც მცირედი კორექტირებები შევიდა ვენის სადაზღვევო ჯგუფის ქართულ წარწერაში. მთლიანობაში, გუნდს ძალიან ძლიერი შიდა კულტურა აქვს და მკაფიოდ გამოხატული ხედვა და მახასიათებლები და ჩვენი ამოცანაც ვიზუალური და სტრატეგიული მასალის ამ ფორმატში მოქცევა და მისიის გაძლიერება გახდა.“

 

კვლევა

დიზაინის ინსტიტუტის გუნდმა მუშაობა კვლევით დაიწყო. კვლევითი კომპანია ანოვას ჩართულობით, გაანალიზდა ირაოს სოციალური მედიის არხები, კომუნიკაციის არსებული სტილი, მომხმარებლისთვის ხილული შეხების წერტილები და ბრენდის აღქმა. ჩატარდა ინტერვიუები სხვადასხვა სტეიკჰოლდერთან, გაიმართა ფიზიკური სესიები, სადაც დიზაინის ინსტიტუტისა და ირაოს გუნდებმა ერთად იმუშავეს ბრენდის სტრატეგიაზე, პოზიციონირებასა და სამომავლო მიმართულებებზე.

ტექნოლოგიების, ციფრული სერვისების, ავტომატიზაციის ეპოქაში ირაოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, არ დაეკარგა ადამიანური დამოკიდებულება, რათა მომხმარებელს ჰქონოდა განცდა, რომ კრიტიკულ მომენტში მხოლოდ გამართულ სისტემასთან კი არა, რეალურ ადამიანთან პირადად და ინდივიდუალურად ურთიერთობს.

ბრენდის პლატფორმაში ირაოს არქეტიპად განისაზღვრა ბრძენი. ეს არის ბრენდის ტიპი, რომელიც ნდობას ცოდნითა და გამოცდილებით იმსახურებს.

ბრძენი/ექსპერტი არ გამოირჩევა ზედმეტი დაპირებებით, ის უხსნის, ასწავლის, აანალიზებს და მომხმარებელს და ეხმარება უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში. ირაოსთვის ასეთი მიდგომა ბუნებრივია, რადგან კომპანია ვენის სადაზღვევო ჯგუფის გამოცდილებას ეყრდნობა, მონაცემებს, კვლევას და ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეულ გააზრებას.

 

ვიზუალური იდენტობა

ბრენდის ვიზუალურ განახლებაზე დიზაინერმა ერეკლე ინაშვილმა იმუშავა, რომელმაც ლოგოსთვის შექმნა სპეციალური შრიფტი, სადაც ქართულ და ინგლისურ ვერსიებს შორის სრული ვიზუალური შესაბამისობაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ბრენდისთვის, რომელსაც ერთდროულად სჭირდება ადგილობრივი იდენტობისა და საერთაშორისო სტანდარტის გამოხატვა.




ახალი ლოგო
სოლიდური და მინიმალისტურია, მაგრამ ამავე დროს თბილი და ადამიანური. ის ეფექტურია როგორც საცალო მომხმარებელთან, ისე ბიზნეს სეგმენტთან, ინარჩუნებს პროფესიონალურობას კორპორაციულ კონტექსტში და ხელმისაწვდომობას – ინდივიდუალური მომხმარებლისთვის. ეს ხედვა დიზაინშიც ითარგმნა.

ერეკლე ინაშვილი, დიზაინერი:

„თანამედროვე ბრენდები გამოირჩევიან სიმარტივით, ამავე დროს თავდაჯერებული და თამამი გადაწყვეტილებებით. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი ვიზუალური იდენტობა, რომელიც „შენობით“ ელაპარაკება მომხმარებელს. მისთვის გასაგებ ენაზე, მარტივად და მეგობრულად. დიახ, სადაზღვევო და ერთ დროს კონსერვატიული ბრენდები დღეს სწორედ ასე კომუნიცირებენ – სხარტად და გასაგებად.

მნიშვნელოვანია ბრენდის ვიზუალურმა პლატფორმამ მისცეს ბიძგი ხანგრძლივი და უნივერსალური კომუნიკაციისთვის სხვადასხვა არხებში, არ შემოიფარგლოს მხოლოდ გაწერილი აკრძალვებით და რეკომენდაციებით. მან უნდა შექმნას მრავალფეროვნება მის ხელთარსებული ინსტრუმენტებით, მაგალითად, ფერის ფართო პალიტრით და მისი კომბინაციური პრინციპებით. დაადგინოს მოქნილი საკომუნიკაციო ენა, მისცეს გასაქანი ბრენდის განვითარებას და კომფორტული იყოს მისი მართვა; ამავდროულად, გააჩნდეს ავთენტური ხელწერა და დაიმკვიდროს თავი ბაზარზე.“

 

შეჯამებისთვის

ირაოს რებრენდინგი კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება ბრენდი თანამედროვეობის შესაბამისად გარდაიქმნას და, ამავე დროს, მემკვიდრეობა შეინარჩუნოს. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიზაინის როლი, ის მხოლოდ ვიზუალური ინსტრუმენტი კი არ არის, არამედ სტრატეგიის, კულტურისა და მომხმარებლის გამოცდილების გაგრძელება. ირაოს შემთხვევაში ახალი იდენტობა სწორედ ამ მიდგომის შედეგია: ბრენდი დარჩა ცნობადი, მაგრამ გახდა უფრო მკაფიო, თანამედროვე და შესაბამისი იმ ეტაპისთვის, სადაც კომპანია დღეს იმყოფება.



share: