როგორ აყალიბებს დიზაინი იდეოლოგიას და არა მხოლოდ ბრენდს
how-design-shapes-ideology

როგორ აყალიბებს დიზაინი იდეოლოგიას

და არამხოლოდ ბრენდს

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

23.04.2026

სწორად შემუშავებული დიზაინი არამხოლოდ ბრენდის ვიზუალურ იდენტობას ქმნის, არამედ საფუძველს უყრის იდეოლოგიას, რომელიც გავლენას ახდენს კონკრეტული ადამიანების ქცევაზე, დამოკიდებულებაზე, აზროვნებაზე, ღირებულებებზე.

 

როდესაც ბრენდის ვიზუალის თითოეული დეტალი არამხოლოდ მის სახელს გახსენებს, არამედ შენში ემოციას იწვევს და ამბავს გიყვება, ე. ი. მისი შექმნის უკან დიდი ისტორია დგას და ჩვენ ეტაპობრივად სწორედ ასეთ ისტორიებს გაგაცნობთ – ერთი მხრივ, როგორ ცოცხლდება ბრენდი დიზაინში და მეორე მხრივ, როგორ აყალიბებს დიზაინი იდეოლოგიას (და არამხოლოდ ბრენდს).

 

დღეს მოგიყვებით, როგორ შექმნა დიზაინის ინსტიტუტმა JBS ანუ ჯანო ბაგრატიონის სახელობის სკოლის ვიზუალური იდენტობა.

 

მოკლედ სკოლის შესახებ

სანამ ვნახავთ, როგორ გაიშალა JBS-ის კონცეფცია ვიზუალში, მანამდე გავიაზროთ, რა პროექტზეა საუბარი.

JBS – ჯანო ბაგრატიონის მემკვიდრეობით შთაგონებული პირველი საგანმანათლებლო სივრცე რეგიონში – არის პირველი სკოლა, რომელიც საქართველოში ჰოლისტური განათლების მოდელს ამკვიდრებს. ტრადიციული სასკოლო სისტემებისგან განსხვავებით, ეს მიდგომა აერთიანებს ძლიერ აკადემიურ პროგრამას, ასაკთან შესაბამის სპორტულ მომზადებას და მიმართულია ყოველდღიური კეთილდღეობისა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ღირებულებების დამკვიდრებისკენ. 

აქ ბავშვის ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური ზრდა თანაბრად მნიშვნელოვანია მისი პიროვნული განვითარებისთვის. სკოლა ეფუძნება რწმენას, რომ განათლება არ უნდა ამზადებდეს მხოლოდ გამოცდებისთვის, ის უნდა ამზადებდეს ცხოვრებისთვის.


ამოცანა

დიზაინის ინსტიტუტის წინაშე რამდენიმე ამოცანა დადგა:

1.    არამატერიალურის ვიზუალიზაცია, ანუ ისეთი კონცეფციის ვიზუალური გაშლა, რომელიც ჯერ ფიზიკურად არ არსებობს, შესაბამისად, გამოწვევა – მომხმარებელს (მშობელს, ბავშვს) სწორად დაანახო სკოლის ღირებულებები და კონკურენტული უპირატესობა;

2.     ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზი – დიზაინს უნდა გამოეხატა როგორც ჯანო ბაგრატიონის ღირებულებები, ასევე თანამედროვე მიდგომა;

3.     სამი სფეროს კავშირი – ტრადიციული გაგებით, სკოლა აკადემიურ განათლებასთან ასოცირდება, სპორტი – დამატებით წრესთან, ემოციური კეთილდღეობა კი დამატებით სარგებლად და არა აუცილებლობად. ბრენდის ვიზუალურ იდენტობაში უნდა გამოჩენილიყო, რომ სკოლის იდეოლოგია ამ სამს კი არ მიჯნავს ერთმანეთისგან, არამედ აერთიანებს, ერთ ეკოსისტემაში აქცევს;

4.     ახალი საგანმანათლებლო სტანდარტის ჩვენება – ბაზარზე, სადაც ბევრი სკოლაა, JBS-ს უნდა დაეკავებინა „პირველი ჰოლისტური სკოლის“ ნიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიზაინს მომხმარებლისთვის სრულიად ახალი მოლოდინი და დამოკიდებულება უნდა შეექმნა.

საბოლოოდ, გუნდის ამოცანა იყო სკოლის იდეოლოგია – ბავშვის ფიზიკური, ემოციური და ინტელექტუალური ზრდა – ექცია მყარ და ქმედით ბრენდად, რომელიც საგანმანათლებლო ბაზარზე სრულიად ახალ სტანდარტს დაამკვიდრებდა და ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის ოლიმპიურ ღირებულებებს თანამედროვე განათლების ეკოსისტემად ჩამოაყალიბებდა.

 

მემკვიდრეობის გააზრება და ბაზრის კვლევა

როგორც დიზაინის ინსტიტუტის შემოქმედებითი ლიდერი, ნინო ეგაძე გვიყვება, სტრატეგიული პროცესის პირველი ეტაპი სკოლის დამფუძნებლებთან – ირინა ადეიშვილთან და ლევან ახვლედიანთან – ინტერვიუები იყო, რათა გუნდს გაეაზრებინა ის ისტორიული მემკვიდრეობა, რაზეც ბრენდი უნდა დაფუძნებულიყო.

ნინო ეგაძე, დიზაინის ინსტიტუტის შემოქმედებითი ლიდერი:

„ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ჯანო ბაგრატიონის სახელი არ იყო მხოლოდ ისტორიული პატივისცემა – ეს იყო დაპირება დისციპლინაზე, მედეგობასა და „ჩემპიონურ სულზე“, რომელიც სპორტსა და აკადემიურ სწავლებას ორგანულად აერთიანებს. ჩვენი მიზანი გახდა, შეგვექმნა ბრენდი, რომელიც ამზადებს ახალგაზრდებს ლიდერობისა და ღირსეული კონკურენციისთვის – არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ცხოვრებაში.“


მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის დიზაინის ინსტიტუტს უკვე ჰქონდა გარკვეული ვარაუდები, მაინც გადაწყვიტეს ბაზრის კვლევა ჩაეტარებინათ, რისთვისაც კვლევით კომპანია „ანოვას“ მიმართეს. აღებული პაუზა და დროის კვლევისთვის დათმობა გამართლებული აღმოჩნდა, რადგან, როგორც ნინომ გვითხრა, კვლევამ მთლიანად შეცვალა მათი ფოკუსი.

„აღმოჩნდა, რომ მშობლებისთვის აკადემიურ მიღწევებზე მნიშვნელოვანი ბავშვების ემოციური უსაფრთხოება და ბალანსია. სწორედ აქ მოხდა ბრენდის არქეტიპული ტრანსფორმაცია: JBS-ის ბრენდი გახდა საზრიანი და დაბალანსებული გმირი (Mindful Achiever) – ის, ვინც სირთულეებს განვითარების შესაძლებლობად აღიქვამს და ვისთვისაც გამარჯვება საკუთარ თავზე ზრუნვა და ღირებულებების ერთგულებაა.“

 

ვიზუალური იდენტობა

ლოგოს დიზაინერის – გია ბოხუასდავალება იყო შეექმნა ვიზუალური იდენტობა, რომლის მიხედვითაც ბრენდი იქნებოდა ენერგიული, მაგრამ აკადემიური; ტრენდული, მაგრამ კონსისტენტური და, ამასთანავე, გამოხატავდა ბრენდის დაპირებას – „ჩვენ ვზრდით გამარჯვებულებს ცხოვრების მოედანზე“.

 

სტრუქტურა

ბრენდის სტრატეგიული ჩარჩო დაეფუძნა განათლების საერთაშორისო ექსპერტის, ტროი ფილმანის გამოცდილებას, რომელმაც JBS სკოლის ყოვლისმომცველი პროგრამა და განათლების მოდელი შეიმუშავა. ჩამოყალიბდა 5R სისტემა:

·      პასუხისმგებლობა (Responsibility);

·      მედეგობა (Resilience);

·      ურთიერთობები (Relationships);

·      რეფლექსია (Reflection);

·      დაუღალავი შრომა (Relentless Effort).


დიზაინერული თვალსაზრისით, ეს ნიშნავდა, რომ ვიზუალური ენა მორგებული უნდა ყოფილიყო დისციპლინაზე, განვითარებასა და ბალანსზე. ვიზუალური ელემენტები კავშირში უნდა ყოფილიყო სისტემასთან, რომელიც ადამიანს აძლიერებს ჯანსაღი ჩარჩოს დაწესებით; გონებასთან, რომელიც სხეულსა და ხასიათს განამტკიცებს; ამბიციასთან, რომელიც ავსებს სიხარულით და არა სტრესული გამოცდილებით. როგორც დიზაინერი აღნიშნავს, ერთგვარად გამოწვევა იყო შეექმნათ გამორჩეული, ენერგიული და თანამედროვე იდენტობა.

გია ბოხუა, დიზაინერი:

„JBS Academy-ის ლოგო შექმნილია თამამი და მასიური JBS ვორდმარკის საფუძველზე, რაც იდენტობას ძლიერ და თავდაჯერებულ ხასიათს აძლევს. ამავე დროს, მისი მოცულობითი ასოები საშუალებას იძლევა, შიგნით სპორტული აქტივობების გამოსახულებები მოექცეს, რაც ლოგოს უფრო დინამიკურ სისტემად აქცევს. ეს მიდგომა იდენტობას მეტ მრავალფეროვნებას სძენს, რადგან ლოგო ერთდროულად ფუნქციონირებს როგორც მკაფიო, დამოუკიდებელი ნიშანი და როგორც მოქნილი გრაფიკული ელემენტი.


ასევე, აკადემიის მულტიდისციპლინური ხასიათიდან გამომდინარე, სხვადასხვა სპორტის პიქტოგრამები, როგორიცაა კალათბურთი, ფრენბურთი, ფეხბურთი, ჩოგბურთი და სხვა, შეიძლება ინტეგრირდეს ნიშნის ნეგატიურ სივრცეში. ეს მიდგომა ლოგოს ადაპტირებადს ხდის სკოლის სხვადასხვა მიმართულებისა და ქვეკატეგორიისთვის ისე, რომ საერთო ვიზუალური სისტემა შენარჩუნდეს.“

საბოლოოდ, შეირჩა სტილი, რომელიც არამხოლოდ აცოცხლებს კონცეფციას, არამედ საკმაოდ თამამია არსებული საგანმანათლებლო სივრცისთვის: სოლიდური, თუმცა ენერგიული ფერთა პალიტრა, მუქი ტონები, რომლებიც აკადემიურ სიღრმეს ხაზს უსვამს, ხოლო მკვეთრი აქცენტები – ფიზიკურ აქტივობასა და სიცოცხლისუნარიანობას. 

შეჯამებისთვის

JBS x დიზაინის ინსტიტუტის თანამშრომლობის შედეგი უკვე ჩვენს თვალწინაა. მომავალში ვნახავთ, როგორ გაიშლება შექმნილი ვიზუალი რეალურ და ციფრულ სამყაროში.

მანამდე კი კარგი ქეისია იმის შესახსენებლად, რომ კომპლექსური კვლევისა და გამართული სტრატეგიის პირობებში დიზაინი არამხოლოდ „ლამაზი ვიზუალია“, არამედ სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბრენდის წარმატებაში.



share: