როგორ უღიტინებს ავალა სამყაროს
how-avala-tickles-the-world

როგორ უღიტინებს ავალა სამყაროს

პირადი პროექტების როლი პერსონალურ ბრენდინგში

ავტორი: ეკო ჩუბინიძე

02.10.2026

წარმოიდგინე შეხვედრაზე ხარ და დამკვეთის როლში ხვდები სააგენტოს. შეხვედრის დაწყების დროს გადაცდა, სააგენტოს გუნდი კი ჯერ კიდევ არ ჩანს. რამდენიმე წუთში იღება კარი და გუნდთან ერთად შემოდის ვარდისფერ ჩოხაში და უჭრელეს ბოტასებში გამოწყობილი მხიარული ადამიანი, ბოდიშის ნიშნად გჩუქნის ჭაჭის პატარა ბოთლს, რომელსაც მართლა ბოდიში აწერია და დახვეწილი დიზაინით ყველა შეფუთვისგან გამოარჩევ. ეს ავალაა - გიორგი ავალიანი, კრეატიული დირექტორი, ჰოლი მოტორსის თანადამფუძნებელი.

 

„რა არის ის, რისი გაკეთებაც ისე ძალიან გინდა, რომ არ შეგიძლია არ გააკეთო?“ 

 

ერთი შეხედვით ეს ფრაზა შეიძლება ზედმეტად ზოგადად მოგეჩვენოთ, მაგრამ პერსონალური ბრენდის კონტექსტს თუ დავამატებთ, აუცილებლად დაგაფიქრებთ, რა არის ის, რაც თქვენს იდენტობას ყველაზე მეტად ეხმიანება და რაშიც თქვენი წვლილის შეტანა გინდათ, რაც თავის მხრივ, პერსონალური ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური და ძლიერი გამოხატულებაა.

 

სოციალურმა მედიამ და ხელოვნურმა ინტელექტმა რამდენადაც გაამარტივა პერსონალური ბრენდის შექმნის პროცესი, სინამდვილეში, იმდენადვე გაართულა. სირთულე ძირითადად ავთენტურობას და შესაბამისად, ადამიანებთან რეალური კავშირების დამყარებას ეხება.

 

ერთ-ერთ სტატიაზე მუშაობისას რესპოდენტების მოსაკვლევად ლინკდინზე დავპოსტეთ, რომ ძლიერ პერსონალურ ბრენდებს ვეძებდით. სულ ცოტა ხანში ჩვენს ინბოქსში რამდენიმე რელევანტური და საინტერესო ბექგრაუნდის ადამიანი გამოგვეხმაურა, გამართული და საკმაოდ დახვეწილი პროფილებით და ვებსაიტებით, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, მათი უმეტესობა სულაც არ იყო რეალური ადამიანი.

 

ამ ე.წ. clutter-ში უკვე რთულია მხოლოდ საკომუნიკაციო თემით, ინსაითით, მოსაზრებით ან პოზიციით გამოხატო შენი თავი. რაღაც უფრო მეტია საჭირო.

 

ეს სტატია იმ რაღაც მეტზეა, რამაც საქართველოს, და არა მარტო, ავალა გააცნო, შემოქმედებით ინდუსტრიაში კი უნიკალური და ყველაზე დასამახსოვრებელი ადგილი დაუმკვიდრა. 

 

იდენტობა პატერნების მიღმა

„სამყაროს მინდა მოვუღიტინო.“ - და უცბად ძალიან გასაგები ხდება ყველა ის გაუგებარი რამ, რაც ავალასგან გსმენია ან დაგინახავს. მის ჩანაფიქრში სულაც არ ყოფილა პერსონალური ბრენდის შექმნა, თუმცა




 

  • ყოველდღიური ჩაცმულობა და აქსესუარები: დეზერტირების ბაზრის ჩანთა, თბილისელი მეეზოვის უნიფორმით შეკერილი ფრაკი, შთამბეჭდავი ბეჭდები, აურაცხელი რაოდენობა სათვალეები და ზოგჯერ კომბალიც;
  • კლიენტთან შეხვედრაზე დაგვიანებით მისვლისას საჩუქრად ჭაჭა „ბოდიში,“ რომელიც აფთიაქში ჯერ ისევ არ იყიდება;

  • მეილი, რომელსაც, რაც არ უნდა სერიოზულ თემას ეხებოდეს, ერთი გაღიმების გარეშე მაინც ვერ ჩაიკითხავ - მინიმუმ მისალმება იქნება პომპეზური, ან დამშვიდობება ექსტრავაგანტული.

  • Special edition კოსტუმები სპიკერობის ან წამყვანობის დროს: ვარდისფერი ჩოხა, უზარმაზარი ხინკალი, გასაბერი კამერა - ოღონდ ეს ყველაფერი კოსტუმად და არა უბრალოდ აქსესუარად.


 გიორგი ავალიანი, კრეატიული დირექტორი, ჰოლი მოტორსის თანადამფუძნებელი.

„რაღაც მომენტში გავიაზრე, რომ ყველა ის ადამიანი ვისი შემოქმედებაც მომწონდა და შთამაგონებდა, ცდილობდნენ თავისი თავი ყოფილიყვნენ. მერე მეც ჩავიხედე ჩემს თავში და ხინკალი და ჭაჭა დავინახე.”




ერთია რას დაინახავ, მაგრამ მთავარია მერე ამისგან რას გამოიყვან და როგორ აქცევ შენი პერსონალური ბრენდის ღერძად.

კულტურა - ყველაზე ცოცხალი და უწყვეტი შთაგონების წყარო

ავალას შემთხვევაში ძალიან მარტივად შესამჩნევია რამხელა გავლენა აქვს კულტურას მის იდენტობაზე და შესაბამისად პერსონალურ ბრენდზე. ამის მთავარი მიზეზი ალბათ მისი საქმიანობაა. კულტურა თავის მხრივ, შემოქმედებითი ადამიანის შთაგონების უმთავრესი წყაროა - მიმოიხედე რა არის გარშემო, რა არ მუშაობს, აიღე და გარდაქმენი, რომ უკეთესი გახდეს ან შენებური აზრი შესძინო.

 „
პატარა ელემენტებს საშენოდ რომ გადააქცევ, შენც უფრო გიხარია.“ ასე გაჩნდა ხინკლის დაბადების დღე, ვარდისფერი ჩოხა, რომელმაც მსოფლიოს შემოქმედებითი ინდუსტრიის სცენები მოიარა, შუმბალენდში შუბების dress code-ით ავალას დაბადების დღე, ჩოხოსანი ბეტმენი და კიდევ ათასი საღიტინო რამ.

პერსონალურ ბრენდებში ორი ტენდენცია იკვეთება ხოლმე: პერსონები, რომლებიც იმდენად ფოკუსირდებიან თავის უნიკალურობაზე, რომ ჭირს მათი რეალურ კონტექსტთან დაკავშირება, ან პირიქით, იმდენად ითქვიფებიან კონტექსტში რომ თავის უნიკალურობას კარგავენ. ავალას ამბავი ამ მხრივაც საინტერესოა - აიღო კულტურა, ის, რაც ყველასია და და თავის “სოუსში მოამზადა” - მოუღიტინა.

მიგნება


პერსონალური ბრენდის ღერძის გასაღები ხშირად იმის კეთებაშია, რაც არ გასვენებს. მიმოიხედე გარშემო, დააკვირდი რა გაწუხებს, რის ცვლილებაზე გეფხანება ხელის გულები, ადექი და გააკეთე. ასე მანამ, სანამ ეს ყველაფერი თვითონვე არ გეტყვის ვინ ხარ და რა გინდა რომ შექმნა ხვალ.

 

“პერსონალური ბრენდის შექმნის გზა შემოქმედისთვის არის პერსონალური პროექტები. სულ მაგას ვეუბნებით და ვასწავლით ჩვენს სტუდენტებს, რომ აკეთონ პერსონალური პროექტები, ჩადონ რესურსი და იდეები იმაში, რისი გაკეთებაც მართლა უნდათ. პირადი პროექტების კეთება არის საკუთარი იდენტობის აღმოჩენის გზა.“

 

პერსონალური ბრენდის პარადოქსი - ქმნი იმისთვის, რომ აღარ დაგჭირდეს?

 
ყველა პერსონალური ბრენდის სასიცოცხლო ციკლი ინდივიდუალურია. ისევე როგორც კორპორატიული ბრენდების შემთხვევაშიც, ადამიანსაც განსხვავებული მიზნები და პრიორიტეტები აქვს პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე. ბოლო პერიოდში შესამჩნევი გახდა ავალას პერსონალური პროექტების და სოციალურ მედიაში აქტიურობის შემცირება, რაც დიდწილად, მისი სააგენტოს, ჰოლი მოტორსის შექმნით აიხსნება. 

პერსონალური პროექტების კეთებას დრო და რესურსი სჭირდება. მაგრამ ამასთან ერთად, „ახლა უფრო დაახლოვდა ის საქმე, რასაც ვაკეთებ იმასთან, რასაც მინდა რომ ვაკეთებდე, ამიტომ ისეთი დიდი დოზით აღარ ვაკეთებ ექსკლუზიურად საჩემო რაღაცეებს. ჰოლი მოტორსში ჩვენთვის ყველა პროექტი ჩვენი პირადი პროექტია და  ახლა ამ ნამუშევრებში უფრო მეტი სიხარულით ვდებ სრულ რესურსს.“ - ეს წინადადება ალბათ ყველაზე კარგად გამოხატავს პერსონალური ბრენდის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს - შენი იდენტობა ჰარმონიაში იყოს იმასთან რასაც ყოველდღიურად აკეთებ.

ეს ერთგვარი პარადოქსიცაა, პერსონალურ ბრენდს ქმნი იმისთვის, რომ რაღაც მომენტში აღარ დაგჭირდეს - შენი იდენტობა და ხედვა შენს შემოქმედებაში, საქმიანობაში და კომპანიაში ტრანსფორმირდეს.
 

საინტერესოა, რა ხდება ამის შემდეგ? რა გავლენა აქვს დამფუძნებლის პერსონალურ ბრენდს და ისტორიას კომპანიის ბრენდზე?

„სააგენტოში ისეთი ბრიფები არც კი მოდის, რომელიც საჩვენო არაა. ვინც ჩვენი კარის ზღურბლს გადმოაბიჯებს, უკვე მოლოდინი აქვს რა ჟანრის ამბავი შეიძლება დახვდეს წინ თავისი ბრენდისთვის.“
 

ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, ზედმეტად ხომ არ ზღუდავს ეს სააგენტოს კლიენტების სიას, მაგრამ მეორე მხრივ, ბრენდების კულტურასთან რელევანტურობა უფრო და უფრო დიდი გამოწვევა ხდება, ამიტომ სურვილიც, რომ გყავდეს შემოქმედებითი გუნდი, რომელიც შენს ბრენდს ყოველდღიურ კონტექსტთან ავთენტურად დააკავშირებს - იზრდება, ავტომატურად იზრდება კლიენტების სიაც წლიდან წლამდე.

 

 


ავალას პერსონალური ბრენდი თავიდან პერსონალურ ბრენდად არ ჩაფიქრებულა. ის უბრალოდ აკეთებდა იმას, რაც არ ასვენებდა, თამაშობდა კულტურით და სამყაროს თავისებურად „უღიტინებდა.“
 

დროთა განმავლობაში ხინკალი, ჭაჭა, ჩოხა, იუმორი, ჩაცმის სტილი თუ პერსონალური პროექტები განმეორებად პატერნად, პატერნი კი დასამახსოვრებელ იდენტობად იქცა. სწორედ აქ ჩანს პერსონალური პროექტების მთავარი როლი: ისინი არა მხოლოდ სხვებს აჩვენებს, ვინ ხარ, არამედ თავადაც გეხმარება ამის აღმოჩენაში. 

ავალას შემთხვევაში ეს პროცესი იქამდე მივიდა, რომ პირადი და პროფესიული შემოქმედების საზღვარი თანდათან გაქრა - დღეს ის ხედვა, რომლის გამოსახატადაც ადრე პერსონალური პროექტები სჭირდებოდა, უკვე მის ყოველდღიურ საქმიანობაში და ჰოლი მოტორსის ბრენდშიც ცხოვრობს. შესაძლოა, სწორედ ეს არის ძლიერი პერსონალური ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პარადოქსი: 

ქმნი და ცდი მანამ, სანამ ერთ დღეს პერსონალური ბრენდის საჭიროება აღარც კი გაქვს.



 

share: