საქართველო „კანის ლომებზე“
georgia-at-cannes-lions

საქართველო „კანის ლომებზე“

11 წელი მსოფლიო რუკაზე

ავტორი: მარიამ ბებიაშვილი

12.06.2026

11 წელია, რაც საქართველო „კანის ლომების“ მსოფლიო რუკაზეა და ეს ვერ მოხდებოდა, რომ არა კონკრეტული ადამიანების უდიდესი ძალისხმევა და რწმენა – ქართული შემოქმედებითი ინდუსტრია უნდა იყოს გლობალურის ნაწილი. აკო ახალაია, ლევან ლეფსვერიძესთან ერთად, ერთ-ერთი პირველია, ვინც არამხოლოდ საფუძველი ჩაუყარა Young Lions Georgia-ს, არამედ წლებია აქტიურად ქმნის იმ ეკოსისტემას, რომელმაც ქართულ კრეატიულ ინდუსტრიას საერთაშორისო სივრცეში გასვლის რეალური შესაძლებლობა მისცა.

წინა სტატიაში მოგიყევით 2026 წლის „კანის ლომების“ მოლოდინებსა და მთავარ თემებზე, დღეს კი „კანის ლომების“ ქართულ პერსპექტივას უფრო მეტად გავშლით და მოგიყვებით, როგორ გახდა საქართველო მსოფლიო კრეატიული ინდუსტრიის ნაწილი და როგორ ემზადება 2026 წლის როგორც ფესტივალის, ისე Young Lions-ის კონკურსისთვის.

აქვე შეგახსენებთ, რომ „კანის ლომებიდან“ გვინდა ზუსტად ის ინფორმაცია, ცოდნა და გამოცდილება ჩამოვიტანოთ, რასაც ჩვენი მკითხველი ისურვებს. ამიტომ ნებისმიერი კითხვა ამ ბმულზე დაგვიტოვეთ, პასუხით კი კანიდან დაგიბრუნდებით.

 

11 წლის წინ

კონტექსტი რომ გავიაზროთ, 11 წლის წინ, ანუ 2015 წელს, ის პერიოდია, როდესაც ქართული შემოქმედებითი ინდუსტრია „ლამაზი“ რეკლამებიდან თამამ, სტრატეგიულ, კრეატიულ და სოციალურ კამპანიებზე გადადის. ადგილობრივმა ბიზნესებმა (განსაკუთრებით ბანკებმა და მსხვილმა ბრენდებმა) უფრო მეტი ნდობის გამოცხადება დაიწყეს ქართული სააგენტოების მიმართ, რამაც ინდუსტრიაში ფინანსების ზრდასა და ახალი ტალანტების მოზიდვას შეუწყო ხელი. მოკლედ, ყველა წინაპირობა იყო შექმნილი საიმისოდ, რომ საქართველო გლობალურ შემოქმედებითი ინდუსტრიის რუკაზე გამოჩენილიყო.



როგორც
აკო ახალაია იხსენებს, 2015 წელს, როცა „კანის ლომების“ ფესტივალის შემოყვანა გადაწყვიტა, აღმოჩნდა, რომ საქართველოდან ერთდროულად ორი ადამიანი მუშაობდა ამაზე – თავად აკო და ლევან ლეფსვერიძე. ძალები გააერთიანეს და კანის წარმომადგენლობა ერთად დაარწმუნეს ადგილობრივი შემოქმედებითი ინდუსტრიის პოტენციალში. ამას მოჰყვა ქართველების პირველი ლომები, ოქრო მარკეტერის კატეგორიაში და 2018 წელს მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო წარმომადგენლობად აღიარება.

 

11 წლის შემდეგ

2026 წელს დღეს ქართული კრეატიული ინდუსტრია გლობალურ კრეატიულ ინდუსტრიასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. ქართული კრეატიული სააგენტოების მიერ შექმნილი კამპანიები მსოფლიო მასშტაბით არაერთი პრიზის მფლობელი ხდება და 2025 წლიდან კი უკვე The One Club Global Creative Rankings-შიც იკავებს ადგილს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ახლა უკვე არამხოლოდ რეგიონის, არამედ გლობალური კრეატიული საზოგადოების სრულფასოვანი წევრია.


აკო ახალაია, მარკეტერი, marketer.ge-ის დამფუძნებელი:

„ყველა მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. ეს მოძრაობა ძალიან დიდი ენერგიით დაიწყო და გრძელდება დღემდე. პირდაპირ ამ 11 წლის შედარება არ გამოგვივა, რადგან აბსოლუტურად სხვა ხალხია, ვინც 11 წლის წინ გამოდიოდა კონკურსებზე და ახლა, მაგრამ კანის ლოკალურ და გლობალურ ფესტივალზე მიღებული გამოცდილება მთელ ქვეყანას ადგება. ამ პროცესით ყველა მიმართულება სარგებლობს და ხეირობს – მონაწილეები, კომპანიები, ჟიური და ქვეყანა.“


წარმატებების პარალელურად, ცხადია, ჯერ კიდევ არაერთი გამოწვევა არსებობს. როგორც აკომ გვითხრა,  დღეისათვის ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიისთვის მთავარი გამოწვევა იმ დამკვეთების სიმცირეა, რომლებიც ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანების შემოქმედებით შესაძლებლობებს მისცემდა ფართო გასაქანს. ამიტომ, ან უნდა გაჩნდეს ასეთი კომპანიები საქართველოში, ან ქართულმა სააგენტოებმა უნდა დაიწყონ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა, რადგან, აკოს თქმით, ხშირ შემთხვევაში არათუ თანატოლი, უკეთესი კომპეტენციებიცაა ჩვენთან დაგროვილი.


და კომპეტენციებზე საუბრისას ლოგიკურად გვახსენდება კიდევ ერთი ქართველი, რომელიც წელს „კანის ლომების“ გლობალური ჟიურის წევრია Brand Experience & Activation-ის კატეგორიაში – 
ეკა ყიფიანი, Supermarket agency-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.

 

ეკა ყიფიანი Cannes Lions-ის საერთაშორისო ჟიურიში

Brand Experience & Activation – ბრენდის გამოცდილება და აქტივაცია – რომლის ჟიურის წევრიც ეკა ყიფიანია, „კანის ლომების“ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კატეგორია. ჟიური ამ კატეგორიის ნამუშევრებს ოთხი მთავარი კრიტერიუმით აფასებს: იდეა, სტრატეგია, შესრულება, შედეგები. თუმცა ეკას მაინც ვკითხეთ, თავად რა კრიტერიუმებს დაეყრდნობა ნამუშევრების შეფასებებისას.




ეკა ყიფიანი, Supermarket agency-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი:

„კარგი კამპანია ნიშნავს იმას, რაც მომხმარებლისთვის არის საინტერესო და ბიზნესისთვის – სასარგებლო. ეს არის ის იდეები, რომლებსაც ესმით ადამიანების, კულტურის, დღევანდელობის, წყვეტს რამე პრობლემას და კარგი შედეგი მოაქვს.

ჩემს კატეგორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია ბრენდი რამდენად ქმნის გამორჩეულ გამოცდილებას, ხალხს რამდენად უნდა ჩაერთოს ამ გამოცდილებაში და ეს გამოცდილება რამდენად უკავშირდება ამ ბრენდს. შესაბამისად, თუკი ხედავთ ნამუშევარს და გებადებათ კითხვა – კი მაგრამ, ეს რა შუაშიაო – კარგი კრიტერიუმია, რომ შეიძლება საქმე არ გვაქვს ჯილდოს მომტან ნამუშევართან.

ისე კი, გულწრფელი რომ ვიყო – შეფასების ნამდვილი კრიტერიუმი ნაკლებად რაციონალურია –  როდესაც ნამუშევარს ხედავ და იდეა გიყვარდება, თან ცოტა გშურს, თან გინდება სხვებს მოუყვე – ესაა ჩემთვის მთავარი ნიშანი.“

წინა სტატიაში გიყვებოდით, რომ წელს ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტისა და კრეატივის ურთიერთობა იქნება. ეკას ვთხოვეთ თავისი მოსაზრება გაეზიარებინა – როგორ ცვლის AI ნამუშევრების კრეატივის, გავლენისა თუ ხარისხის შეფასების კრიტერიუმებს.

ეკა ყიფიანი, Supermarket agency-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი:


„AI-ს ჩარევა იქ, სადაც ადამიანის შემოქმედების ადგილია, ამ ეტაპზე კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოსახულებითად ხელოვნურ ინტელექტს საკმაოდ ერთმანეთთან იდენტური და არაუნიკალური სტილი დაყვება. ადამიანის მიერ და თანაც ხელით შექმნილი ნამუშევრები ძალიან ბუნებრივად გამოირჩევა და ფასობს (არ ნიშნავს, რომ მომავალში სულ ასე იქნება, უბრალოდ ახლა ასე მუშაობს). არის სხვა შემთხვევები, როდესაც ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება არა გენერაციისთვის, არამედ ინფორმაციის დასამუშავებლად, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებად, მეტი შესაძლებლობის შემოსატანად. ასეთ დროს სრულიად სხვანაირად ხდება მისი შეფასება.


ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, თუკი ხელოვნური ინტელექტი ზრდის ჩვენს შესაძლებლობას და იდეა აჰყავს იქ, სადაც მის გარეშე ასვლა შეუძლებელი იქნებოდა, მაშინ მაგარია. თუ ამას არ ემსახურება, მაშინ ნამუშევარს იაფფასიანის ელფერს აძლევს.“

Young Lions Georgia 2026

როგორც დასაწყისში გითხარით, საქართველო Young Lions Georgia-ს 2015 წლიდან ატარებს, შესაბამისად, ამავე წლიდან მონაწილეობს Young Lions-ის საერთაშორისო კონკურსში. თუკი თავიდან კონკურსი ადგილობრივი მასშტაბით მხოლოდ 2 კატეგორიაში ტარდებოდა, თანდათან რაოდენობა გაიზარდა და წელს უკვე 6 კატეგორიაში ჩატარდა – Digital, PR, Marketer, Print, Film და Design. საქართველომ ყველაზე დიდ წარმატებას რამდენჯერმე მიაღწია: 2016 წელს ოქრო Marketer-ის კატეგორიაში და 2024 წელს ბრინჯაოს მედლები Film-ისა და PR-ის კატეგორიებში.


როგორც გითხარით, წელს 6 გუნდი ემზადება
Young Lions-ზე საასპარეზოდ. სხვათა შორის, 3 გუნდი უკვე გაგაცანით და ინსტაგრამზე შეგიძლიათ ვიდეოები ნახოთ. ყველა აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელით ასპარეზობა დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ, ამავე დროს, სასიამოვნო გამოცდილებაც. ინტერვიუების დროს გვითხრეს, რომ კონკურსისთვის ძველი ბრიფების დამუშავება უკვე დაიწყეს და minds&marketing-ის სახელით კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებთ!

 

როგორ ვემზადებით?

minds&marketing-ისთვის პირველი „კანის ლომებია“, ამიტომ განსაკუთრებულად ვემზადებით, ყურადღებით ვეცნობით სპიკერებს, თემებს, ნეთვორქინგის შესაძლებლობებს. და, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების გამოცდილებით ვინტერესდებით, ვინც არაერთხელ ყოფილა „კანის ლომებზე“. ცხადია, აკოსაც ვკითხეთ, რა გავითვალისწინოთ მათ, ვინც ფესტივალს პირველად ვესწრებით:


აკო ახალაია, მარკეტერი, marketer.ge-ის დამფუძნებელი:


„კანის ლომების ფესტივალზე ნებისმიერ ადამიანს საკუთარი გამოცდილება ექმნება, რადგან ძალიან ბევრი ივენთი, მასტერკლასი, ლექცია და პანელ დისკუსია ხდება ერთმანეთის პარალელურად. მნიშვნელოვანია გადმოიწერო მათი აპლიკაცია, დასერჩო ყველა ოფიციალური და არაოფიციალური ღონისძიება და თავად განსაზღვრო დღე ინტერესის მიხედვით. ერთი კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. ისე კი, წელს როგორც დაგვპირდნენ, აქცენტს სპორტის მიმართულებაზე გააკეთებენ.“

 

ვინ გაიმარჯვებს?

და ბოლოს, დიდ კონკურსს რომ დავუბრუნდეთ, შორტლისტები ჯერ ცნობილი არ არის და შესაბამისად, არ ვიცით, ქართული კამპანიებიდან რომელს ექნება გამარჯვების შანსი, თუმცა, კონკრეტიკის გარეშე, ორივე რესპონდენტს ვკითხეთ, ვინ გაიმარჯვებს კანზე.


ეკა ყიფიანი, Supermarket agency-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი:


„როდესაც მიყოლებით ნახულობ კანში შემოტანილ ნამუშევრებს, ხვდები რომ კარგი უბრალოდ საერთოდ არ არის საკმარისი. კარგი შეიძლება შორტლისტის მიღმაც დარჩეს, საკმაოდ კარგი კი შორტლისტში ჩარჩეს. მოიგებს ის, რისი იგნორირება და დავიწყებაც შეუძლებელია; იდეა, რომელიც არის ძალიან სხარტი, გასაგები, მოულოდნელი და თან იდეალური იმ კლიენტისთვის, ვისაც ემსახურება და რაც მთავარია – ისეთი, რომელიც აქამდე არ გინახავს.


„კანის ლომების“ გამარჯვებულებს ხშირად აერთიანებთ ასეთი რამ: მარტო ის კი არ გიკვირს, როგორ მოიფიქრეს, უფრო ის, თუ როგორ დაარწმუნეს ყველა ამის ასრულებაში და შემდეგ მისი შესრულება როგორ შეძლეს. აი, ესენი იმარჯვებენ – ისინი ვინც ყველაზე მეტად გასცდებიან საზღვრებს, იდეას 110%-ით აღასრულებენ და ზემოდან კიდევ ამ ყველაფერს არაჩვეულებრივად შეკრავენ – ქეისად, ბორდად, ყველაფრად, რაც არის საჭირო.


მოკლედ რომ ვთქვათ, გაიმარჯვებს ის, ვინც მსოფლიოში აბსოლუტურ უმეტესობაზე უკეთესი იქნება.“



აკო ახალაია, მარკეტერი, marketer.ge-ის დამფუძნებელი:

„კანის ფესტივალზე ბევრი კატეგორია და ქვეკატეგორიაა, ჟიურიც ყოველწლიურად იცვლება. მე ყოველ წელს ვესწრები და ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივად, კანი ყოველწლიურად აჯილდოებს საუკეთესო შემოქმედებით ნამუშევრებს. სხვა ზოგადი კრიტერიუმი არ არსებობს და ამიტომაცაა, რომ არ არსებობს უფრო დიდი ჯილდო და აღიარება, ვიდრე „კანის ლომებია“.



სწორედ ამიტომ, წელს და ყოველ წელს ველოდები ქართველების გამარჯვებას, საქართველოს დროშის აფრიალებას მსოფლიოს მთავარ შემოქმედებით სცენაზე და, რა თქმა უნდა, მთელი წლის სამყოფ შთაგონებას.“

 

გამარჯვების იმედით,

დაგიბრუნდებით კანიდან!



 

share: