10 წელი cannes lions-ზე
ქეთო ბარაბაძის გამოცდილება
Cannes Lions International Festival of Creativity შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე დიდი ყოველწლიური ფესტივალია. როგორც უკვე გითხარით, minds&marketing, არსებობიდან ერთი წლის თავზე, პირველად დაესწრება და გააშუქებს „კანის ლომებს“. წასასვლელად თქვენთან ერთად ვემზადებით, მზად ვართ თქვენს ყველა შეკითხვას მოვუსმინოთ და ჩვენი გეგმა თქვენს ცნობისმოყვარეობას მოვარგოთ (კითხვა ამ ბმულზე დამიტოვე).
მაგრამ, პარალელურად არც ჩვენც ვწყვეტთ შეკითხვების დასმას და ვეკითხებით ყველას ყველაფერს – ვინც წელს მიდის კანის ლომებზე, ვინც წარსულში ყოფილა, ვინც მონაწილეობას იღებს young lions-ზე და ა. შ.
დღეს მინდა წლევანდელ კანის ლომებთან დაკავშირებით მოლოდინებზე მოვყვეთ და ასევე, გაგიზიაროთ იმ ადამიანის გამოცდილება, რომელიც წელს მეთერთმეტედ დაესწრება ფესტივალს. Flutter CEE-ის ბრენდის სტრატეგიული დირექტორი ქეთო ბარაბაძე მოგვიყვება, რა აბრუნებს კანში ყოველ წელს, რა შთაბეჭდილებებით ბრუნდება ხოლმე და საერთოდ, რა დანიშნულება და გავლენა აქვს საერთაშორისო სცენას ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიაზე.

რა იმარჯვებს cannes lions-ზე?
ფესტივალი, რომელიც კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ანალოგიით, კინოთეატრებში ფილმების წინ საჩვენებელი სარეკლამო ვიდეორგოლების აღიარების მიზნით შეიქმნა, წელს არამხოლოდ სარეკლამო ინდუსტრიას მოიცავს, არამედ აერთიანებს მედიას, დიზაინს, გლობალურ ტექნოლოგიურ გიგანტებს, ხელოვნურ ინტერნეტს, სპორტულ მარკეტინგს და ა. შ.
წლებთან ერთად შეიცვალა გამარჯვებულთა შერჩევის კრიტერიუმები და პრიორიტეტებიც. ქეთოს დაკვირვებით, ახლა იდეის ნაცვლად გავლენა იმარჯვებს:
„ადრე ლომი ყველაზე ჭკვიანურ აზროვნებას გადაეცემოდა, ახლა კი იმ აზროვნებას ეძლევა, რომელმაც რეალურად რაღაც შეცვალა – რიცხვი, ქცევა ან კულტურა. ათი წლის წინ არ არსებობდა Creative Business Transformation Lion, არც Entertainment Lions for Sport და არც Social & Influencer Lion. ის ფაქტი, რომ ეს კატეგორიები დღეს არსებობს, ნიშნავს, რომ ინდუსტრიამ ოფიციალურად აღიარა – კრეატიულობა ტრადიციული რეკლამის ფორმატის ბევრად მიღმა ვითარდება. ყველაზე საინტერესო ცვლილება ჩემთვის ჟიურია. ჟიურის პრეზიდენტები იმ ბაზრებიდანაც არიან, რომლებიც ადრე კანში პრაქტიკულად უხილავები იყვნენ. ეს ცვლის გემოვნებას, შეფასების კრიტერიუმებს. ჯილდო ყოველთვის ასახავს იმას, თუ ვინ აფასებს და დღეს ბევრად უფრო ფართო მსოფლიო აფასებს ნამუშევრებს.
კიდევ ერთი ცვლილება – როცა პირველად დავიწყე დასწრება, მარტივად შეგეძლო გევარაუდებინა, რომელი ქვეყნები იქნებოდნენ დომინანტები. ახლა ეს უკვე შეუძლებელია. ბაზრები, რომლებიც 10 წლის წინ საერთოდ არც კი ჩანდა ჰორიზონტზე, დღეს გრან-პრის იგებენ. მხოლოდ ეს ცვლილებაც კი ბევრს ამბობს იმაზე, თუ სად ცხოვრობს დღეს კრეატიულობა. “

ამდენად, გამარჯვებული ნამუშევრები ხშირად იმაზე მეტს ამბობენ საზოგადოებაზე, ვიდრე თავად ბრენდსა თუ პროდუქტზე. ამიტომ, ჯილდოებისა და აღიარების მიღმა, Cannes Lions საბოლოო ჯამში ბევრად უფრო დიდ ფუნქციას ასრულებს: ის არის გლობალური ორიენტირი, რომელიც გვიჩვენებს, საით მიდის ინდუსტრია და მისი შემოქმედებითი მომავალი.
რა მნიშვნელობა აქვს „კანის ლომების“ დიდ სცენას საქართველოსთვის?
„კანის ლომების“ დიდ სცენას საქართველოსთვის უდიდესი სტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობა აქვს. ის არის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა, სადაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს უჩვენებს, რომ პატარა ბაზრის მიუხედავად, დიდი ინტელექტუალური და კრეატიული რესურსი გაგვაჩნია. ამას მოწმობს ქართველების ყოველწლიურად მზარდი უპირატესობა Young Lions-ის კონკურსში, რომლის წლევანდელ მონაწილეებზე შემდეგ სტატიაში მოგიყვებით.
აქვე შეგახსენებთ, რომ „კანის ლომებზე“ საქართველოს 2015 წლიდან დღემდე რამდენიმე ჯილდო აქვს მოპოვებული: გრან-პრი 2024 წელს Metro Production-ის პროექტისთვის The First Speech, ვერცხლის და ბრინჯაოს ლომები 2017 წელს Windfor's-ისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანიისთვის „მეექვსემილიონე ტურისტი საქართველოში“ (Dinner with Georgia), ორი ბრინჯაოს ლომი Leavingstone-ის 2015 (Beer 34) და 2016 (100% Real Virtual Reality – Old Irish) წლებში „ნატახტარის“ კამპანიებისთვის.
თუმცა „კანის ლომები“ მხოლოდ ნომინაციებისა და გამარჯვებების ისტორია არ არის, ეს არის ცოდნის დაგროვებისა და გადაცემის ისტორია, რასაც წლიდან წლამდე არაერთი ქართველი იზიარებს.
ქეთო ბარაბაძე, Flutter CEE-ის ბრენდის სტრატეგიის დირექტორი:
„საქართველოს ნამდვილად აქვს ძლიერი კრეატიული ტალანტი, მე ეს მინახავს და ამ ადამიანებთან ერთად გუნდებიც ამიშენებია. მაგრამ ტალანტი კონტექსტის გარეშე მხოლოდ გარკვეულ წერტილამდე მიდის. თუ გლობალური საზომი არ გაქვს, საკუთარ თავს მხოლოდ შენს თავს ადარებ. კანი კი გაჩვენებს, სად არის რეალური საზღვარი და არა იმას, სადაც შენ გგონია, რომ არის.

თუ ყველა, ვინც კანში მიდის, ამ გამოცდილებას საკუთარ თავში იტოვებს, ცოდნა პერსონალურ დონეზე რჩება. იმ მომენტში, როცა ამას სხვებს უზიარებ, ის უკვე ინფრასტრუქტურად იქცევა. სწორედ ასე შენდება ინდუსტრია პირადი კარიერის პარალელურად. ადამიანები, რომლებიც აქ ბრენდებს ქმნიან, იმსახურებენ იმავე სტანდარტზე წვდომას. ამის გაზიარება უფრო პასუხისმგებლობად მეჩვენება, ვიდრე გულუხვობად.
და არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო აკო ახალაიას და ლევან ლეფსვერიძეს, მათ, ვინც საქართველოს გზა გაუხსნეს კანის ლომებზე და ყოველწლიურად უდიდეს შრომას დებენ Young Lions Georgia-ს ჩატარებაში.“
Cannes lions 2026 – რას უნდა ველოდოთ?
როგორც ცნობილია, წელს ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტისა და კრეატივის ურთიერთობა იქნება. AI-ზე ბოლო დროს ბევრს ვისმენთ საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტებისგან და, მაქვს მოლოდინი, რომ „კანის ლომების“ სცენა ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო თვალსაზრისით დაგვანახებს ამ საკითხს – იდეების გენერირების ავტომატიზაციის პირობებში რა რჩება შემოქმედებით ინდუსტრიაში ადამიანის მხარეს?
AI-ის პარალელურად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ადამიანზე ორიენტირებული სთორითელინგი. რაც უფრო მარტივდება კონტენტის გენერირება, მით უფრო რთულდება კონტენტში რეალური სათქმელისა და მნიშვნელობის გადმოცემა. და ამ კონტექსტში კიდევ უფრო ძლიერდება მომხმარებლის, არა უბრალოდ აუდიტორიის, არამედ ქომუნითის როლი; ქომუნითის, რომელიც ბრენდისგან სარგებელსა და ინტერაქციას ელის, არამხოლოდ პროდუქტს.
კიდევ ერთი მოლოდინი ლოკალური კულტურის, როგორც გლობალური კრეატიული უპირატესობის, როლის გაძლიერებაა. აქტიური გლობალიზაციის, გეოგრაფიული საზღვრების მოშლისა და AI-ის ეპოქაში ავთენტურობა და უნიკალურობა, რომელსაც თითოეული კულტურა თავის თავში ატარებს, სტრატეგიულ უპირატესობად იქცევა.
ამ თემებზე ბევრჯერ გვიფიქრია, ბევრჯერ მოგვისმენია, ბევრჯერ გვილაპარაკია, მაგრამ 22-26 ივნისს, „კანის ლომების“ დიდ სცენაზე საშუალება გვექნება უახლესი ცოდნა, პრაქტიკა და გამოცდილებები გავიზიაროთ.

და ბოლოს,
ქეთოს ინტერვიუს დროს რომ ვკითხე, 10 წელია კანში დადიხარ, ყოველ წელს რა გაბრუნებს უკან-მეთქი, ასე მიპასუხა:
„პირველად უკან შთაგონებისთვის დავბრუნდი. შემდეგ – იმისთვის, რომ დამედასტურებინა, სად იდგა საქართველოს ნამუშევრები გლობალურ კონტექსტში. ახლა კი უკან იმიტომ ვბრუნდები, რომ კანი გაჩვენებს, საით მიდის ინდუსტრია მანამ, სანამ იქ რეალურად მივა. კანი ყოველთვის დაახლოებით ერთი წლით უსწრებს ყველაფერს.
კიდევ არიან ადამიანები – 10 წლის შემდეგ იქ ისეთი ქსელი გიყალიბდება, რომელიც მხოლოდ იმ ერთ ადგილას, იმ ერთ კვირაში არსებობს.
მაგრამ არის რაღაც, რაც უცვლელი რჩება – ყოველ წელს მგონია, რომ უკვე ყველაფერი ვნახე. და ყოველ წელს სცენაზე რაღაც მაინც ამტკიცებს, რომ ვცდებოდი.“
ასე რომ, მეც ამ მოლოდინით – ვიცი, რომ ბევრს გავიგებ – და პასუხისმგებლობით მივდივარ – თქვენი ინტერესის სფეროები მაქსიმალურად დავფარო და თქვენს შეკითხვებზე პასუხები ვიპოვო.