დიზაინი მოკვდა, რა ელის დიზაინერს?
design-is-dead-long-live-design

დიზაინი მოკვდა, რა ელის დიზაინერს?

Touch RGB 2026

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

6.04.2026

design is dead. long live design - ალბათ ეს არის ფრაზა, რომელიც საუკეთესოდ აჯამებს touch rgb 2026-ის ძირითად სასაუბრო თემებს. საერთაშორისო ციფრული დიზაინის ფესტივალი Touch platform-ის ორგანიზებით საქართველოში უკვე მესამედ გაიმართა და ორი დღის განმავლობაში დიზაინის და ზოგადად შემოქმედებითი ინდუსტრიის ასობით ადამიანი გააერთიანა.

ვიზუალური ხელოვნება მარკეტინგისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია, რათა შენი ყურადღება მიიპყროს, მიგიზიდოს, დაგაინტერესოს, ემოცია აღძრას და ნდობა გამოიწვიოს. ამის პარალელურად ვხედავთ, რა ტემპით, ხშირად - ქაოსურად, იპყრობს AI ყველა სფეროს, მათ შორის - შემოქმედებით ინდუსტრიას.

 

არაერთხელ გვითქვამს, რომ ხელოვნურ ინტელექტს არაერთი პროცესის გამარტივება, დაჩქარება და გაიაფება შეუძლია, მაგრამ ამ დროს სად არის ადამიანის როლი? როგორ უნდა ვიპოვოთ ბალანსი AI-ისა და ინდივიდუალურ ხედვას შორის? touch rgb 2026-ზე სწორედ ამაზე დავფიქრდით და გაგიზიარებთ იმ მთავარ მიგნებებს, რომლებიც ქართველი და უცხოელი პროფესიონალებისგან მოვისმინეთ.

სად მიდის დიზაინერის პოტენციალი?

ნიკა ბელსკაიას ჰქონდა ძალიან შთამაგონებელი გამოსვლა. თავისი ისტორია გაგვიზიარა, თუ როგორ მუშაობდა დამოუკიდებელ პროექტებზე სრულგანაკვეთიანი სამსახურის პარალელურად. მისი თქმით, შეიძლება შეგზღუდოს კლიენტმა, მენეჯერმა, უფროსმა, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია საკუთარი სურვილები, ფანტაზია, ემოცია, ვნება ჩადო საკუთარ პროექტებში, სადაც მხოლოდ შენ აწესებ საზღვრებს, ანდაც საერთოდ არ აწესებ:

„იპოვე შენი გზა, შენს პოტენციალზე და ინტერესებზე კონცენტრირდი. საბოლოოდ, სცენაზე აღმოჩნდები და ისაუბრებ საკუთარ თავში რწმენის მნიშვნელობაზე, სანამ ვინმე სხვა გააკეთებს ამას“. ვფიქრობ, დამწყებ დიზაინერებს განსაკუთრებით გამოადგებათ ნიკას გამოცდილება, როგორც საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის მაგალითი.


როგორ ჩნდება დიდებული იდეები?

Othmar Handl-ის თქმით, ორიგინალური იდეები ვერ გაჩნდება კულტურის ფესვებთან კავშირის გარეშე. თითოეული კულტურა უნიკალურია, შესაბამისად, შთაგონება შეიძლება ვიპოვოთ სწორედ ჩვენივე კულტურაში - ენაში, მხატვრობაში, მუსიკაში, ლიტერატურაში, არქიტექტურაში და ა. შ.

Pentagram-ის ლონდონის ოფისის პარტნიორმა, Marina Willer-მა თქვა, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ადამიანსა და ბუნებას, ადამიანსა და რეალურ სამყაროს შორის კავშირის ნაკლებობა. ხოლო, რაც უფრო ცნობისმოყვარე ხარ, რაც უფრო მოულოდნელ ადგილას ეძებ იდეებს, დიდი შრომა და ბევრი ფიქრი არ გჭირდება, შენი ტვინი ხდება იდეების ბიბლიოთეკა. სხვათა შორის, ამ ორი დღის განმავლობაში არცერთ სპიკერს არ უთქვამს, რომ შთაგონებას სხვების ნამუშევრების ან მუდმივი რისერჩით იღებს, მათ თქვეს, რომ მიდიან მუზეუმში, სეირნობენ ბუნებაში, ეთამაშებიან შვილებს და ა. შ. რასაც მივყავართ შემდეგ თემამდე…


ადამიანური ხედვა გადამწყვეტია

AI-ის ეპოქაში ადამიანური ხედვა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. დღეს, როცა ნებისმიერს შეუძლია შექმნას გრაფიკული ნამუშევარი, მთავარია არა ვიზუალი, არამედ სიღრმე. AI სწრაფი და ზუსტია, მაგრამ ის ვერ ცხოვრობს, ვერ აგროვებს გამოცდილებას დ არ ესმის კულტურული კონტექსტი ისე, როგორც ადამიანს. შესაბამისად, AI არის ხელსაწყო, ადამიანი - იდეების მიმწოდებელი.


დიზაინი დიზაინის შექმნაზე მეტია

სწორედ იმიტომ, რომ დღეს ნებისმიერს შეუძლია გახდეს „დიზაინერი“, დიზაინი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ვიზუალის შექმნა, რასაც, მაგალითად, AI წამებში აკეთებს. ამ დროს კი, prompt-ების წერაში, გვავიწყდება პროცესი, რომელიც რეალურად ასაზრდოებს შემოქმედებას. შესაბამისად, AI არის მხოლოდ ხელსაწყო, რომელიც აჩქარებს პროცესს, მაგრამ არ ქმნის მას. და ბოლოს, როგორც Marten Kuipers-მა თქვა: “using AI doesn’t make you a bad designer, using only AI does”.


design is dead. long live design“

 


დიზაინი - მისი ტრადიციული გაგებით - მკვდარია! მაგრამ თანამედროვე გაგებით - ასეთი ცოცხალი არასდროს ყოფილა, რადგან დღეს, AI-ის დამსახურებით, დიზაინი მისი განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადადის. როგორც Figma-ს მთავარმა პროდუქტის დიზაინერმა, Tobias Ahlin-მა თქვა, დიზაინის პროცესი - როგორც მრავალმხრივი, კრეატიული მექანიზმი - პიქსელებიდან კოდზე გადადის, რაც მთლიანად ცვლის ინდუსტრიის მუშაობის პრინციპს. მაგალითად, Meta უკვე სთხოვს თავის დიზაინერებს, რომ დიზაინი ტრადიციული ხელსაწყოების ნაცვლად კოდის მეშვეობით შექმნან.

მაგრამ AI აგენტების ეპოქა დიზაინს არ აქცევს მარტივ, ერთგვარ „საქონლად“, რომლებიც ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება და მხოლოდ მოხმარების პროდუქტია. როცა პროცესი გაცილებით სწრაფი და იაფი ხდება, მით მეტი რესურსის ჩადებაა შესაძლებელი შემოქმედებით ნაწილში, შესაბამისად, ბრენდებს თვითგამოხატვისთვის ახალი ფორმები და საშუალებები გამოუჩნდებათ.

 

შეჯამებისთვის:

touch rgb 2026-მა ბევრ რამეზე დამაფიქრა და მოკლედ რომ შევაჯამო, ამას მივხვდი:

·      ჩემ ირგვლივ ადამიანები AI-ის ძალიან არასწორად იყენებენ, რისი მიზეზიც ალბათ მისი შესაძლებლობების არასაკმარისად გაცნობიერებაა. სფეროს ექსპერტებთან ერთად ამ თემას მომავალში სიამოვნებით ჩავუღრმავდები;

·      რებრენდინგი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ლოგოს შეცვლა, ლოგოს შეცვლა კი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ახალი ფიგურა - ამ მხრივ განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო Stuart Watson-ის გამოსვლა, სადაც გვიჩვენა, რა გზა გაიარეს მან და მისმა გუნდმა premier league-ის რებრენდინგის პროცესში და შემდეგ;

·      დიზაინი არის ხელოვნება, ნამდვილ ხელოვნებას მანქანა ვერ შექმნის, ადამიანის პერსონალური გამოცდილება, კულტურა, ისტორია, ბუნებასთან კავშირი გადამწყვეტია. ასე რომ, კითხვაზე - სად ვიპოვო იდეები? - პასუხი ვიპოვე - კომპიუტერის ეკრანს მიღმა.

მადლობა touch platform-ის გუნდს, რომ უკვე მესამე წელია დიზაინის ინდუსტრიაში ქმნიან დიალოგის შესაძლებლობას!


long live design!



 

share: