ათლეტ მარკეტინგის ქართული ფორმულა, betsson × შოთა არველაძე
Betsson X Shota Arveladze

ათლეტ მარკეტინგის ქართული ფორმულა

betsson × შოთა არველაძე

ავტორი: მარიამ მაზანაშვილი

21.10.2025

თანამედროვე ათლეტ მარკეტინგი სცილდება მხოლოდ ცნობადი სახეების ძიებას - ბრენდები ეძებენ იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია სპორტის გლობალური ნარატივი ადგილობრივ კულტურად აქციოს.


იტალიაში ტოტი, ბრაზილიაში ზე რობერტო, საქართველოში კი შოთა - betsson-ის ხედვა მარტივია: გლობალური ბრენდი მაშინ ძლიერდება, როცა ადგილობრივ სპორტულ გმირებთან ერთიანდება. ბეთსონისთვის ეს ადამიანი შოთა არველაძე აღმოჩნდა.


Youtube and Sponsors

ცოტა ხნის წინ ჩვენს სტატიაში მიმოვიხილეთ ათლეტ მარკეტინგის გლობალური და ადგილობრივი ტენდენციები და შევეხეთ რამდენიმე ქეისსაც, თუმცა ჯერ არ ჩაგვიხედავს იმ სიღრმეებში, სადაც ათლეტისა და ბრენდის თანამშრომლობა ჩანს როგორც სპორტსმენის, ისე თავად ბრენდის პერსპექტივიდან.


სწორედ ამიტომ დაგვაინტერესა betsson × შოთა არველაძის პროექტმა, რომელსაც წელიწადზე მეტია ვაკვირდებით და რამდენიმე გამორჩეული პროექტის გახსენებაც შეგვიძლია, როგორიცაა: გასვლითი შეხვედრები, სპორტი სცენაზე და ..


minds&marketing-ის გუნდი გავესაუბრეთ bettson-ის მარკეტინგის ხელმძღვანელს, დიმიტრი ვაჩნაძესა, და თავად შოთა არველაძეს. ინტერვიუებმა მოგვცა შესაძლებლობა, ეს ქეისი დაგვენახა როგორც ბრენდის, ისე სპორტსმენის პრიზმიდან.


ბრენდის პერსპექტივა

2025 წელს europebet-მა ოფიციალურად დაიწყო ოპერირება Betsson Georgia-ს სახელით. betsson ერთ-ერთი წამყვანი შვედური კომპანიაა, რომლის მიზანია გართობისა და სპორტული გამოცდილების გლობალური სტანდარტების დანერგვა. 


თანამედროვე ეპოქაში ყველა ბრენდი იბრძვის ყურადღებისთვის, სპორტსმენები კი ის ადამიანები არიან, რომლებსაც უდიდესი ნდობა და ემოციური კავშირი აქვთ დამყარებული აუდიტორიასთან - ზუსტად ის კომპონენტები, რისკენაც ყველა ბრენდი ისწრაფვის. betsson-ის მიზანი იყო ისეთი ათლეტის პოვნა, რომელსაც ბრენდთან საერთო ღირებულებები და ინტერესები ექნებოდა.


დიმიტრი ვაჩნაძე, მარკეტინგის ხელმძღვანელი (Betsson Georgia):


Betsson x Shota Arveladze

“ძიებისას ორი გზა არსებობდა - ახალგაზრდა ათლეტთან პარტნიორობა, რისი გამოცდილებაც გვქონდა, და მეორე - უკვე ჩამოყალიბებულ, გამოცდილ სპორტსმენთან თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს ფილოსოფიას იზიარებდა. შოთი კი იდეალურად მოერგო ჩვენს პროექტს.”


ჩვენს კითხვაზე, რატომ თანამშრომლობს betsson მხოლოდ ერთ ათლეტთან გრძელვადიანად და არა პარალელურად რამდენიმე სპორტსმენთან, პასუხი ასეთი იყო:


“ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად საჭიროა როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსი. გვირჩევნია ვითანამშრომლოთ ერთ ათლეტთან, ჩავდოთ მის პროექტებში სრული ინვესტიცია და მივიღოთ შედეგი, რომელიც შეესაბამება ბრენდის სტანდარტებს, ვიდრე გვყავდეს ათი სახე ზედაპირული კამპანიებით და ვერ მივაღწიოთ საჭირო ხარისხს.”

როცა betsson-ის და შოთას ერთობლივი პროექტების სია მივიღეთ, ნათლად გამოჩნდა ამ თანამშრომლობის მასშტაბურობა და მრავალფეროვნება. ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა იყო სპორტი სცენაზე - ნახევრად თეატრალური წარმოდგენა სპორტის თემაზე, სადაც მთავარი როლი შოთა არველაძემ მოირგო. ადამიანი, რომელსაც იმდენი ისტორია და გამოცდილება აქვს, რომ მათი მოყოლა დაუსრულებლად შეიძლება.


დღევანდელ ინფლუენსერ მარკეტინგის ტრენდებს თუ შევხედავთ ხშირია მოკლევადიანი თანამშრომლობები, მაგრამ ბეთსონმა სხვა სტრატეგია აირჩია. betsson × shota პროექტი 2 წელზე მეტია მიმდინარეობს, და ჩვენ რესპოდენტს ამ საკითხზეც ვთხოვეთ მეტი დეტალების გაზიარება.


“გრძელვადიანი თანამშრომლობის დროს ადამიანს ისეთ სიღრმეებში ეცნობი, რომ აღმოაჩენ ისტორიებს, რომლებიც შემდეგ საინტერესო კონტენტად იქცევა. განსხვავებით მოკლევადიანი პარტნიორობისგან, სადაც ვერ ასწრებ ათლეტის პოტენციალის სრულად დანახვას.”


საერთო ჯამში, betsson-ისა და შოთა არველაძის პარტნიორობა მთლიანად მიმართული იყო სანახაობაზე, სპორტზე, განათლებასა და ინოვაციური გამოცდილებების შექმნაზე. მათი თანამშრომლობა სცილდებოდა ბიზნესურ მიზნებს, KPI-ებსა და ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებულ საზომებს. ეს იყო თანამშრომლობა, რომელიც ემსახურებოდა უფრო დიდ მიზანს - სპორტის, კულტურისა და საზოგადოების ერთმანეთთან დაკავშირებას.


ათლეტის პერსპექტივა - სცენაზე შოთა არველაძე

შოთასთან ინტერვიუს დროს ბევრი საინტერესო მიგნება დავაგროვეთ, რაც არ არის გასაკვირი ადამიანისგან, რომელიც ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ქართული ფეხბურთის ლეგენდაა უდიდესი ისტორიით და გამოცდილებებით. სანამ უშუალოდ ბეთსონთან თანამშრომლობას შევეხებოდით, შოთიმ ათლეტ მარკეტინგის თავისი პირველი გამოცდილებების შესახებ მოგვიყვა:


Betsson X Shota Arveladze

„ჩემი პირველი გამოცდილება ამ კუთხით თურქეთში თამაშის პერიოდში მივიღე, ჯერ კიდევ 31 წლის წინ, როდესაც ისეთ დიდ ბრენდებთან მიწევდა თანამშრომლობა, როგორებიც Nike და Adidas იყვნენ - რაზეც მაშინ, ალბათ, ვერც კი ვიოცნებებდი. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ახალი და უცხო გამოცდილება იყო.“


მისი ფილოსოფია ბრენდებთან თანამშრომლობისას მარტივია: ხელმძღვანელობს საკუთარი პრინციპებით და ყოველთვის იცავს საზღვრებს, რომლებსაც არ სცდება.

„შეიძლება პროექტი კარგად გამოიყურებოდეს სხვებისთვის, მაგრამ თუ ის ჩემს ღირებულებებსა და ხედვას არ შეესაბამება, მონაწილეობას არ მივიღებ. ჩემთვის მთავარია, პროექტი ემსახურებოდეს განათლებას, გამოცდილების გაზიარებას და ახალი თაობების შთაგონებას.“


Betsson X Shota Arveladze

შოთამ ისიც გაიხსენა, როგორ დადიოდა სხვადასხვა კომპანიებთან მოლაპარაკებებზე ჯერ კიდევ საქართველოს ნაკრების წარმატებამდე - იმ პერიოდში, როცა სპორტში ინვესტირება არავის მიაჩნდა მიზნობრივად. ის ცდილობდა კომპანიებისთვის დაენახვებინა, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის - ეს არის ემოცია, რომელიც ქართველის გენშია - ეს არის კულტურული ფენომენი, რომელიც ჩვენს ემოციებს, იდენტობასა და საზოგადოებრივ ენერგიას აერთიანებს. და მაინც, წლების განმავლობაში ბევრ ბრენდს არ შესწევდა ძალა ან ხედვა, ამ ფენომენში ემოციური და მარკეტინგული პოტენციალი დაენახა. შოთის თქმით:


„სპორტის ინდუსტრია მუდმივად ცვალებადია - აქ არაფრის გამოგონება არ გჭირდება, უბრალოდ უნდა მიჰყვე დინებას და სწორად გამოიყენო ის მძლავრი ინსტრუმენტი, რაც ხალხს ფეხბურთთან აკავშირებს - ემოცია.“


Betsson X Shota Arveladze

შოთას შეფასებით, სწორედ betsson იყო ის ბრენდი, რომელმაც ზუსტად დაინახა მისი ფილოსოფია და იდეები. სწორედ ამ ღირებულებათა თანხვედრამ განაპირობა მათი თანამშრომლობის სიძლიერე. betsson შოთას ხედავს როგორც მენტორს, ამბის მთხრობელს, ახალი თაობის შთაგონების წყაროსა და მოტივაციის სიმბოლოს - სპორტსმენს, რომელმაც საკუთარი ისტორია გლობალურ ნარატივად აქცია.


სწორედ ამან განაპირობა ისეთი წარმატებული პროექტები, როგორიცაა: გასვლითი შეხვედრები გლაზგოსა და ამსტერდამში; ჯერ ევროპოპის, შემდეგ ბეთსონის ფორუმი, რომლების სცენაზეც, ყველა ჰედლაინერის მასპინძელი თავად შოთი იყო; სხვადასხვა ქალაქებში ლეგენდების მატჩებში მონაწილეობა და ამის შესახებ ბექსტეიჯიდან მოყოლა; ლეგენდების სერიების ორი შეხვედრა უკვე ბათუმსა და თბილისში; მურალი ხილიანზე, აიაქსის იკონური მაისურით; პროექტი სპორტი სცენაზე და კიდევ რამდენიმე საინტერესო ივენთი…


Betsson X Shota Arveladze

ყველა ამ პროექტში შოთას ჩართულობა იდეურ თუ პრაქტიკის დონეზე დიდია, ამიტომ ის არ არის მხოლოდ ბრენდის სახე, არამედ თანაავტორი, რომელიც ბრენდის კონტენტს რეალური ისტორიებით შთააგონებს.


ეს მაგალითი აჩვენებს, რომ პატარა ბაზრებშიც შესაძლებელია ძლიერი სპორტული კამპანიების განხორციელება, თუ აქცენტი კეთდება ადამიანურ ისტორიაზე და არა მხოლოდ რეკლამაზე, სადაც შედეგი იზომება არა ფინანსურ, არამედ ემოციურ საზომში - ნდობა და ერთგულება.


რომ შევაჯამოთ…

საქართველოში უკვე აქტიურად იწყება სპორტული მარკეტინგის, განსაკუთრებით კი ათლეტ მარკეტინგის ტალღა, როგორც ჩვენს ერთ-ერთ სტატიაში ავღნიშნეთ. დღეს, როცა ათლეტ მარკეტინგზე საუბრისას უკვე შეგვიძლია კონკრეტული ქეისების ჩამოთვლა, ეს ნიშნავს, რომ დიდი ნაბიჯით წავიწიეთ წინ - განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ, რომ სულ რამდენიმე წლის წინ ამ ტერმინის მნიშვნელობაც კი უცნობი იყო ჩვენთვის.


betsson-ისა და შოთა არველაძის თანამშრომლობა, რომელიც უკვე არაერთ წარმატებულ პროექტს ითვლის, შეიძლება ჩაითვალოს ათლეტ მარკეტინგის ერთ-ერთ სანიმუშო ქეისად საქართველოში. მაყურებელი ხედავს კონტენტს, განიცდის ემოციას, მაგრამ იშვიათად ფიქრობს იმაზე, რა ხდება კულისებს მიღმა - სწორედ ამ პროცესების აღმოჩენასა და გააზრებას ვცდილობთ ჩვენც.


სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს ამ მიმართულებებით, მაგრამ ყველა ხომ ოდესღაც ნულიდან იწყებს, ეს საფუძველი ჩვენ უკვე ძლიერი გვაქვს, მთავარია არ გავჩერდეთ და ჩვენ ყველამ ერთად, კომპანიებმა, ბრენდებმა, გულშემატკივრებმა და სპორტსმენებმა, ვიზრუნოთ იმაზე რაც ყველა ჩვენგანის გენშია და ის რაც ყველას ასე ძალიან გვიყვარს და გვაერთიანებს - სპორტზე, რომელიც მხოლოდ თამაში არ არის, ის ჩვენი ისტორია, ემოცია და გამარჯვების სურვილია.




share: