AI summit by Flutter x apeople
ai-summit-by-flutter-x-apeople

ღონისძიება, როგორც ბრენდის პოზიციონირების ინსტრუმენტი

AI summit by Flutter Central & Eastern Europe & apeople

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

18.05.2026

წარმოიდგინეთ: შეხვედრა უნდა ჩანიშნოთ 5 თანამშრომელთან ისე, რომ მათი კალენდარი და თავისუფალი დროები არ იცით. დაახლოებით, რა დრო დაგჭირდებათ ამ, ერთი შეხედვით, მარტივი ამოცანის შესასრულებლად? თუ Flutter CEE-სა და apeople-ში მუშაობთ, ოცდაათ წამზე ნაკლები, რადგან ამას თქვენი მითითებით AI ასისტენტი – Cody – გააკეთებს. მაგრამ ამაზე უფრო ვრცლად ქვევით წაიკითხავთ.

დღეს Flutter Central & Eastern Europe-ის მიერ ორგანიზებულ AI summit-ზე მოგიყვებით, რომელიც apeople-ის ოფისში გაიმართა და ტექ. მიმართულებების 300-მდე წარმომადგენელი გააერთიანა: ინჟინრები, პროდუქტის ლიდერები, დამფუძნებლები და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები. ცხადია, ხელოვნური ინტელექტის გავლენებზეც მოგიყვებით და იმ ცნობებზე, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან მივიღეთ, მაგრამ ასევე ვეცდებით ჩვენი კუთხით გიჩვენოთ მთლიანი ღონისძიება, როგორც ერთ-ერთი გზა ბრენდის პოზიციონირებისა და Employee Branding-ის მიმართულებით.

 

ღონისძიება, როგორც ბრენდის პოზიციონირების საშუალება

ღონისძიება ბრენდის პოზიციონირებისთვის ერთ-ერთი ძლიერი სტრატეგიული ინსტრუმენტია, რადგან, მაგალითად, ციფრული რეკლამისგან განსხვავებით, ის ქმნის ძლიერ ემოციურ კავშირს, ადამიანს შესაძლებლობას აძლევს ფიზიკურად შეეხოს და შეიგრძნოს ბრენდის ღირებულებები. როგორც ზევით ვთქვი, ღონისძიება apeople-ის ოფისში გაიმართა, კომპანიის მარკეტინგის დირექტორი, ზუკა მაღალაშვილიც ხაზს უსვამს ღონისძიებების მნიშვნელობას ბრენდის სასურველი პოზიციონირების მიზნით:

„ჩვენზე, ჩვეულებრივ, ამბობენ, რომ „მხიარული ბრენდია“, აქ „კარგი ადამიანები მუშაობენ“, რაც ასეც არის, მაგრამ ეს არ არის ბრენდის მთავარი სათქმელი. საკმაოდ დიდი წინსვლა გვაქვს ტექ. და უკვე AI მიმართულებით და გვინდა ეს თვალსაჩინო იყოს როგორც ინდუსტრიისთვის, ისე მომავალი თანამშრომლებისთვის.“

თემას რომ გავყვეთ, როგორც ზევით აღვნიშნე, მსგავს ღონისძიებებს დამსაქმებლის ბრენდინგის თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან კომპანიას საშუალება აქვს თავისი მიღწევები, კორპორაციული კულტურა და სიახლეები გააცნოს პოტენციურ თანამშრომელს, დააინტერესოს და მიიზიდოს იგი, განსაკუთრებით ტექ. სფეროში, სადაც კვალიფიციური თანამშრომელი ძალიან დიდი რესურსია. ღონისძიების დასაწყისში Flutter CEE-ის CEO-მ, ირაკლი ასანიშვილმა თქვა:


„ნაკლებად ვხედავ ტრანსფორმაციას ამ ტექნოლოგიების მეშვეობით ორგანიზაციების სხვა სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, მარკეტინგი და ფინანსები, ამიტომ ჩემი მიმართვა იქნება: თუკი გაქვთ იდეა, პროდუქტი თუ მომსახურება, რომლის განხორციელებაშიც თქვენი ამჟამინდელი სამუშაო ადგილი ვერ გეხმარებათ, ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, უბრალოდ მოდით და გვესაუბრეთ.“

სხვათა შორის, Flutter Central & Eastern Europe-ის სტენდთან ბევრი ადამიანი შევნიშნე და დიახ, ალბათ ბევრი დიალოგი შედგა.

ბრენდის პოზიციონირებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ღონისძიების ვიზუალური იდენტობა. ეს არის ერთგვარი „ვიზუალური ენა“, რომელიც სტუმარს უსიტყვოდ გადასცემს ღონისძიების მთავარ სათქმელს, ხარისხს და განწყობას. სწორად შემუშავებული ვიზუალური იდენტობა განსაზღვრავს, როგორ აღიქვამს აუდიტორია ივენთს პირველივე წამიდან. როგორც დიზაინერი თინა გორდელაძე (Titikshka) აღნიშნავს ღონისძიების ვიზუალური მხარე ივენთის შინაარსმა განსაზღვრა:

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო ხალხისთვის გვეჩვენებინა Flutter Central & Eastern Europe-ის განვითარება; ბრენდის ისეთი გაიდლაინი შეგვექმნა, რომელიც კავშირში იქნებოდა ტექნოლოგიასთან, გვაჩვენებდა დინამიკას, თანამედროვეობას და წინსვლას. მერჩენდაიზინგით კი ვეცადეთ AI summit, როგორც ღონისძიება, სტუმრებისთვის ფიზიკურ სივრცეში გაცოცხლებულიყო.“

ღონისძიებაზე რამდენიმე სივრცე იყო: მთავარი სცენა, სტარტაპერების სივრცე, სადაც ქართული ინოვაციური სტარტაპები თავიანთ სერვისებს გვაცნობდნენ, აქვე იყო Flutter-ის სტენდი, სადაც დასაქმების შესაძლებლობებზე აზიარებდნენ ინფორმაციას. ეზოში იყო UFC-ის სივრცე, სადაც პოსტერებს ბეჭდავდნენ. მოკლედ, ნეთვორქინგის, გართობისა და შემეცნების არაერთი შესაძლებლობა.

სასაჩუქრე ჩანთები, ბეიჯები, სხვადასხვა სივრცე, სპიკერები, კომფორტული გარემო, აფთერ ფართი – საბოლოოდ, ყველაფერი ახდენს გავლენას სტუმარზე და ჩვენს შემთხვევაში, შთაბეჭდილებაც მოახდინა. ყველა ნაწილში ჩანდა ბევრი ფიქრი, სტრატეგია და მაღალი ხარისხი.

 

ღონისძიების შინაარსი და სპიკერები –  difining what’s next in AI

რაც უნდა ბევრი იყოს ნაფიქრი ნაწილი გარეგან ნაწილზე – ფერებზე, საჩუქრებზე, აქტივობებზე – შინაარსობრივი ნაწილი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია. მსგავს ღონისძიებებზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სპიკერებს, მათს გამოცდილებას და ექსპერტიზას. AI summit-ის სპიკერები და პანელური დისკუსიის მონაწილეები იყვნენ არამხოლოდ Flutter-დან, არამედ Amazon Web Services (AWS), IBM-დან და სხვ.

როგორც Flutter CEE-ის CIO-მ ანრი ჯიქიამ გვითხრა, სამიტის მიზანი იყო არამხოლოდ გამოცდილების გაზიარება, არამედ სასაუბრო სივრცის შექმნა:

„სამიტის დაგეგმვის დროს ჩვენი მთავარი იდეა იყო, არა მხოლოდ გვესაუბრა ხელოვნური ინტელექტის შესახებ, არამედ შეგვექმნა სივრცე, სადაც ხალხი ერთმანეთს გაუზიარებდა თავის პრაქტიკულ გამოცდილებას, კონკრეტულ მაგალითებს – როგორ დაინერგა ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურობაში, ჩვენს საოპერაციო მოდელში.“

სპიკერებმა ისაუბრეს არამხოლოდ ტექნიკურ ნაწილზე, არამედ თვალსაჩინო გახადეს, რა გავლენას ახდენს (და მოახდენს) AI ადამიანის აზროვნებაზე, ბიზნესის გადაწყვეტილებებზე, მონაცემთა დამუშავებაზე, კორპორაციული კულტურის განვითარებაზე. გიზიარებთ რამდენიმე მიგნებას, რომლებიც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა:

·      რჩევა ადამიანებს: ხელოვნური ინტელექტი არ ჩაგანაცვლებთ, მაგრამ ნამდვილად ჩაგანაცვლებთ ის ადამიანი, ვინც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. ამიტომ გამოყენება და გამოცდა დაიწყეთ დღესვე;

·      რჩევა მენეჯერებს: გუნდებს უნდა მისცეთ დრო AI-ისთან ადაპტაციისთვის და საშუალება შეცდომების დაშვებისთვის. თავდაპირველად შეცდომები აუცილებლად იქნება, მაგრამ ესეც სწავლის ნაწილია;

·      რჩევა ბიზნესებს: არ დასვათ შეკითხვა „სად შემიძლია გამოვიყენო ხელოვნური ინტელექტი?“ სწორი გზა იქნება დააკვირდეთ, თქვენს სამუშაო პროცესებში რა არის ის, რასაც ჯერ კიდევ ხელით აკეთებთ და რისი დაჩქარება თუ გაუმჯობესება არის შესაძლებელი AI-ის დახმარებით.

ეს კითხვა Flutter Central & Eastern Europe-შიც დაისვა და ერთ-ერთ პასუხად შეიქმნა Cody – AI ასისტენტი, რომელიც თანამშრომლების სამუშაო პროცესს ამარტივებს და ყველა საჭირო ფუნქციას თუ ხელსაწყოს ერთ სივრცეში აერთიანებს.

 


Cody – AI
ასისტენტი

შეხვედრის ჩანიშვნის მაგალითით დავიწყე სტატია, მაგრამ Cody-ის კიდევ ბევრი შესაძლებლობა აქვს. როგორც Flutter CEE-ის AI და ინოვაციების ხელმძღვანელმა, ლაშა ჯოჯუამ გვითხრა, AI-ის ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით კომპანიაში გუნდი შეიკრა, რომლის ერთ-ერთი პროდუქტიც არის AI ასისტენტი:

Cody-ზე აქტიურად მუშაობა 4 თვის წინ დავიწყეთ და დღეს ოფიციალურად გაეშვა. სანამ მუშაობას დავიწყებდით, ვკითხეთ თანამშრომლებს, რაში ხედავდნენ AI-ის გამოყენების უპირატესობებს. შესაბამისად გამოიკვეთა პრიორიტეტები, ვნახეთ, რომ თანამშრომლებს ყოველდღიურად ბევრ „ფანჯარაში“ უწევთ მუშაობა, Cody კი ამ ყველაფერს ერთ ინტერფეისში აქცევს, ყოველდღიური საქმეების კეთებას ამარტივებს და პროცესებს აჩქარებს.“

 

შეჯამებისთვის

ღონისძიების ბოლო სპიკერი, ციფრული ანთროპოლოგი და ავტორი რაჰაფ ჰარფუში იყო, რომელიც ტექნოლოგიებთან ადამიანების ურთიერთობის სოციოლოგიურ და ეთიკურ შედეგებს იკვლევს. ეს გამოსვლა ბევრი მხრივ იყო დასამახსოვრებელი, მაგრამ აქ მხოლოდ ერთ ციტატას მოვიყვან:


ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სკეპტიციზმი გადარჩენის უნარი ხდება. ზოგადად, ადამიანური უნარები ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ცოდნის ეკონომიკა ადგილს უთმობს ინოვაციების ეკონომიკას. ისეთი უნარები, როგორიცაა თანამშრომლობა, კრეატიულობა, კომუნიკაცია და კრიტიკული აზროვნება, გადამწყვეტ უპირატესობად იქცევა.“

და თვითრეფლექსიისთვის შეკითხვასაც დავტოვებ:


რისთვის იყენებთ AI-
ის და რისთვის გრჩებათ მეტი დრო? და თუ მეტი დრო კრეატივისთვის, კომუნიკაციისა და სხვა ადამიანური უნარებისთვის არ გრჩებათ, მაშინ ნამდვილად სწორად იყენებთ?


share: