ფანების ჩართულობა, მონაცემები და Sportainment: რა გვასწავლა Sports Education Forum-მა
about-sports-education-forum

ფანების ჩართულობა, მონაცემები და Sportainment:

რა გვასწავლა Sports Education Forum-მა

ავტორი: მარიამ მაზანაშვილი

20.04.2026

სპორტული განათლება საქართველოში დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. თუ ადრე სპორტ მარკეტინგის, ათლეტ ბრენდინგისა და მსგავს მიმართულებათა მნიშვნელობა ბევრისთვის უცნობი იყო, დღეს უკვე ამ თემებზე აქტიურად იმართება ფორუმები, სადაც ინდუსტრიის ლიდერები საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ქართველ აუდიტორიას უზიარებენ.

 

განათლება ის ფუნდამენტია, რომელზეც უნდა აიგოს ქართული სპორტული კლუბებისა და ბრენდების მომავალი. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმ „ნაცრისფერ ხვრელებზე“, რომლებიც დღესაც არსებობს ქართული სპორტის ინდუსტრიაში, მათი შევსება კი შესაძლებელია მხოლოდ განათლებით, სწორი სტრატეგიული ხედვითა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სპორტისადმი სიყვარულით სავსე ახალი თაობის ჩართულობით.

 


მონაცემებზე დაფუძნებული სპორტ მარკეტინგი, ფანების ჩართულობის სტრატეგიები, ლიდერობა მოედანსა და მოედნის მიღმა, მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა სპორტში და ა.შ. - ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომელიც Sport Education Forum-ზე მოვისმინეთ, ღონისძიებაზე, რომელიც უკვე მეორედ ჩატარდა თბილისში, JBS Academy-ის და Johan Cruyff Institute-ის ორგანიზებით. ჩვენთვის, როგორც სპორტისა და მარკეტინგის ენთუზიასტებისთვის, ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, ახლოდან დაგვენახა ინდუსტრიის მიმდინარე ტენდენციები და გაგვეზიარებინა ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნებები თქვენთვის.

მონაცემები, როგორც სპორტ მარკეტინგის ერთ-ერთი მძლავრი იარაღი

ფორუმი მონაცემების მნიშვნელობაზე საუბრით გაიხსნა. ციფრულ სამყაროში არ არის გასაკვირი, რომ მარკეტინგი მონაცემებზე დაფუძნებით ცოცხლობს, მაგრამ იცოდით, რომ მონაცემების შეგროვება მხოლოდ ციფრული პლატფორმებიდან არ ხდება?

 

RC Celta de Vigo - ესპანური საფეხბურთო კლუბი, რომელიც დღეს La Liga-ში ასპარეზობს, სწორედ ამ მიდგომის საინტერესო მაგალითია. კლუბის Revenue Marketing Manager-მა, Nathan Lutches-მა, სელტას მოდელი გაგვიზიარა, თუ როგორ შეიძლება ფანების ჩართულობა გადაიქცეს რეალურ ღირებულებად.


სელტას მთავარი შენობა (Headquarters) მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც გათვლილია არა მხოლოდ ფეხბურთის გულშემატკივრებზე, არამედ ბევრად ფართო აუდიტორიაზე.

ცდებით თუ შენობაში, მხოლოდ სპორტულ მაღაზიას ან კლუბის ოფისს ელოდებით, აქ დაგხვდებათ:

  • კომერციული ზონა (მაღაზია) – პირველ სართულზე

  • სპორტული თემატიკის გასტრობარი

  • მრავალფუნქციური საკონფერენციო დარბაზი – დაახლოებით 300 ადამიანზე გათვლილი ღონისძიებებისთვის

  • აკადემიის მოთამაშეების საცხოვრებელი სივრცე

  • სამედიცინო და სპორტული სერვისების ცენტრი

  • კლუბის ოფისები და ოპერაციული ცენტრი

  • მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორანი

  • ტერასა – ქალაქის ხედებით

და რაში სჭირდება ეს ყველაფერი კლუბს?

 

ეს მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის. ეს არის სტრატეგიული ეკოსისტემა, რომელიც კლუბს საშუალებას აძლევს:

  • მოიზიდოს სხვადასხვა ტიპის აუდიტორია (არამხოლოდ ფანები)

  • გაზარდოს ფიზიკური ტრაფიკი

  • შეაგროვოს მრავალფეროვანი მონაცემები

რადგან რეალობა ასეთია: არ არის აუცილებელი იყო ფეხბურთის ან სელტას გულშემატკივარი, რომ ამ სივრცეში შეხვიდე. მაგრამ იქ განხორციელებული შენი ყოველი ქმედება - იქნება ეს გადახდა, სივრცეში გადაადგილება თუ Wi-Fi-ზე დაკავშირება - უკვე მონაცემია, რომელიც სელტას მარკეტინგის გუნდს ეხმარება უკეთ გაგიცნოს და საბოლოოდ მომხმარებლად გადაგაქციოს.

ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ გადადის სპორტული მარკეტინგი მხოლოდ „გაყიდვიდან“ სრულფასოვან გამოცდილებაზე, სადაც მთავარი რესურსი მონაცემია, ხოლო მიზანი, გრძელვადიანი ურთიერთობის შექმნა.

გულშემატკივარზე მორგებული გამოცდილება

დღეს, თუ სპორტული ბრენდი ან კლუბი ხარ, წარმატებას ვერ მიაღწევ, თუ არ გესმის რა უნდა შენს გულშემატკივარს, რადგან სწორედ ის არის ამ ეკოსისტემის ცენტრი. მის გარეშე სპორტი უბრალოდ კარგავს მნიშვნელობას.

ნებისმიერი პროდუქტის შექმნისას აუცილებელია გაითვალისწინო გულშემატკივართა სხვადასხვა სეგმენტი. მუშაობ მერჩზე? უნდა იფიქრო, რა მოეწონება გულშემატკივრის თითოეულ ტიპს ცალ-ცალკე. გეგმავ მარკეტინგულ კამპანიას? უნდა იფიქრო რისი მოსმენა უნდათ შენგან გულშემატკივრებს.

გაყიდვა აღარ არის მთავარი - მთავარი ურთიერთობაა.

დღეს სპორტულ მარკეტინგში „sell, sell, sell“ მიდგომა აღარ მუშაობს. წარმატების საფუძველი არის გულშემატკივრის ღრმა გაგება - რა მოსწონს, რას აფასებს, რაზე რეაგირებს, და ამაზე მორგებული პროდუქტებისა და კამპანიების შექმნა.

რადგან საბოლოოდ, სწორედ ისინი ქმნიან ატმოსფეროს - ისინი მოდიან მატჩებზე, ავსებენ სტადიონებს და აძლიერებენ ბრენდის ენერგიას.

თუ მათ მოუსმენ და მათ ინტერესებზე ააგებ სწორ სტრატეგიას, გულშემატკივარი აღარ იქნება უბრალოდ მომხმარებელი, ის გახდება შენი კლუბის მარკეტოლოგიც და კონტენტის უფასო შემქმნელიც.

sportainment - სპორტი, როგორც გართობის ინდუსტრია

დღეს სპორტი და გართობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრა ფორმულა 1-ის ზანდვორტის ტრასის მარკეტინგის ხელმძღვანელი, Jeroen Van Lersel.


მას შემდეგ, რაც Liberty Media-მ შეიძინა Formula One, სპორტში მკვეთრად გაიზარდა შოუს ელემენტები:

  • კონცერტები გრან-პრის ფარგლებში

  • Drive to Survive

  • სხვადასხვა მარკეტინგული აქტივაციები

  • გასართობი კონტენტი პილოტებისგან

  • Pre და Post Race გამოცდილებები

ეს ყველაფერი ერთ რამეზე მიგვანიშნებს: დღეს სპორტი მხოლოდ თამაში აღარ არის, ეს არის სრულფასოვანი გამოცდილება.

თუ გინდა, რომ გულშემატკივარი მოიყვანო თამაშზე, საკმარისი აღარ არის მხოლოდ სპორტული შედეგი. საჭიროა ისეთი გამოცდილების შექმნა, რომელიც:

  • მიიზიდავს აუდიტორიას

  • გააჩერებს მათ ბოლომდე

  • და დაუტოვებს ემოციურ კავშირს ბრენდთან


სამწუხაროდ, ეს არის ის, რაც დღეს ქართულ სპორტში გვიჭირს. ხშირ შემთხვევაში არ ჩანს არც მკაფიო სტრატეგია და არც რეალური ძალისხმევა გულშემატკივრის დასაინტერესებლად და შედეგიც ცხადია. ევროპული კლუბები ქმნიან გამოცდილებას, საქართველოში კი მატჩი ხშირად მხოლოდ თამაშად რჩება.

რას უნდა ველოდოთ?

მსგავსი ფორუმები კარგი შეხსენებაა ქართული სპორტული ეკოსისტემისთვის - შესაძლებლობა, ნათლად დავინახოთ სად ვართ დღეს და რა არის გასაუმჯობესებელი, მაგრამ რაც მთავარია - რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მიზნის მისაღწევად.

დღევანდელი შეჯამებით:

  • სპორტულმა კლუბებმა უნდა დაიწყონ მარკეტინგში სისტემური ინვესტირება

  • გაზარდონ ფანებთან კომუნიკაციის ხარისხი და სიღრმე

  • დანერგონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების კულტურა

  • იმუშაონ სპორტის გართობის სრულფასოვან ინდუსტრიად გარდაქმნაზე (sportainment)


თუმცა, ეს ცვლილებები თავისთავად არ მოხდება. ამისთვის საჭიროა:

  • განათლებაში რეალური ინვესტიცია

  • თანამედროვე ხედვის მქონე ადამიანების ჩართულობა

  • და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - გრძელვადიანი, სტრატეგიული აზროვნება

სწორედ ამ სამი კომპონენტის სინთეზია ის, რაც ქართულ სპორტს მომავალს აუშენებს და გვიხარია, რომ ამ პროცესში მონაწილეობით ჩვენც შეგვაქვს ჩვენი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი.



share: