ტრიბუნების შევსების ფორმულა
ბაქოს გრან-პრის მარკეტინგული გაკვეთილი
დაფიქრებულხარ, რა არის მთავარი ფაქტორი, როდესაც სპორტული ღონისძიების ბილეთს ყიდულობ? თვითონ ღონისძიება? გამოცდილება? გულშემატკივრები? ატმოსფერო? გართობა? თუ ყველაფერი ერთად?
სპორტი ემოციებზე აგებული ფენომენია, მაგრამ ტრიბუნების შესავსებად ხშირად მხოლოდ ემოცია არ კმარა. აქ საქმე უფრო რთულადაა - უნდა იპოვო ის სწორი კომბინაცია, რომელიც გულშემატკივარს ღონისძიებაზე მოიყვანს, იქ დარჩენის მიზეზს მისცემს და შემდეგ ღონისძიებაზეც ისევ უკან დააბრუნებს.
ქართულ სპორტში ფანების მოზიდვა და დასწრების გაზრდა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. პრობლემა ვიცით, გამოსავალზეც არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა თეორიასა და პრაქტიკას შორის არსებული უფსკრული ჯერ კიდევ დიდია.
ამიტომ, მოდი, რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპორტული ივენთის მაგალითზე დავაკვირდეთ, რა ხდება მაშინ, როდესაც გულშემატკივარი ღონისძიების ცენტრში დგას - არა მხოლოდ როგორც მაყურებელი, არამედ როგორც გამოცდილების მთავარი ნაწილი.
ფორმულა 1-ის აზერბაიჯანის გრან-პრი ჩვენთვის სწორედ ამ კითხვაზე პასუხის ძიების შესაძლებლობაა: რა აქცევს მაყურებელს გულშემატკივრად და როგორ შეიძლება ფანების გამოცდილება და ივენთ-მარკეტინგი იქცეს იმ მექანიზმად, რომელიც ტრიბუნებს ავსებს?
რეგიონის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება
Formula 1 სპეციფიკური სპორტია ცოცხლად საყურებლად. სიმართლე რომ ვთქვათ, ბოლიდებს ტრასაზე მხოლოდ რამდენიმე წამით ვხედავთ, მაგრამ რბოლის ბილეთები ხშირად კვირებითა და თვეებით ადრე იყიდება. მაშინ რისთვის რჩებიან გულშემატკივრები სამი დღის განმავლობაში და, რაც მთავარია, რა აბრუნებთ მათ ისევ უკან?
ამ კითხვას ბაქოს გრან-პრის მაგალითზე გავყვეთ.
24–26 სექტემბერს, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, აზერბაიჯანში, Formula 1-ის გრან-პრი ჩატარდა - ღონისძიება, რომელიც ბოლო წლებში რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ მოვლენად ჩამოყალიბდა. minds&marketing ბაქოს გრან-პრის გულშემატკივრის პოზიციიდან დააკვირდა - რა ხდებოდა ტრასის მიღმა, როგორ იქმნებოდა ფანების გამოცდილება და რა მექანიზმები მუშაობდა ღონისძიების გარშემო.
16,000+ უცხოელი ვიზიტორი, 120+ ქვეყანა, 90,000+ მაყურებელი და 170%-ით გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების dining spending - ბაქოს გრან-პრის მასშტაბის აღსაწერად ეს რამდენიმე რიცხვიც საკმარისია.
2026 წლის ბაქოს გრან-პრიმ 16,000-ზე მეტი უცხოელი ვიზიტორი მიიზიდა, რაც ბაქოსთვის F1-ის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. 2025 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 14,000 იყო, რაც ერთ წელიწადში დაახლოებით 14%-იან ზრდას ნიშნავს. ბილეთები კი 120-ზე მეტი ქვეყნიდან შეიძინეს.
თუმცა ღონისძიების მასშტაბი მხოლოდ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობით არ იზომება. 2024 წლის გრან-პრის სამდღიან პერიოდში ბაქოს ტრასას 76,000 მაყურებელი დაესწრო, იმ დროისთვის ბოლო რვა წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მოთხოვნის ზრდას ინფრასტრუქტურის გაფართოებაც მოჰყვა: ბოლო სამ წელიწადში Baku City Circuit-ს ოთხი ახალი გრანდსტენდი დაემატა და საერთო ტევადობა 6,000-ზე მეტი ადგილით გაიზარდა. 2026 წელს გრანდსტენდების ჯამურმა ტევადობამ 21,000 ადგილს გადააჭარბა.
და ეს ყველაფერი მხოლოდ ტრასაზე არ რჩება.
Mastercard-ის 2025 წლის მონაცემებით, ბაქოს გრან-პრის გარშემო ხუთდღიან პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების dining spending დაახლოებით 170%-ით, ხოლო retail spending 94%-ით გაიზარდა იმ დონესთან შედარებით, რაც ღონისძიების გარეშე იყო მოსალოდნელი. თავად რბოლის დღეს dining spending მოდელირებულ მაჩვენებელზე 231%-ით მაღალი იყო.
ეს უკვე მხოლოდ სპორტული ღონისძიების სტატისტიკა აღარ არის. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სწორად შექმნილმა სპორტულმა ივენთმა ფანის გამოცდილება, ქალაქი, ტურიზმი და ადგილობრივი ბიზნესი ერთ ეკოსისტემად აქციოს.
საბოლოოდ, ადამიანი ბილეთით მხოლოდ რბოლის ხედს არ ყიდულობს. ის ყიდულობს იქ ყოფნის გამოცდილებას. და სწორედ აქ იწყება სპორტული ივენთის ყველაზე საინტერესო მარკეტინგული ნაწილი.
სპორტული ივენთი, როგორც გამოცდილება
ბაქოში ჩასული გულშემატკივრის გამოცდილება აეროპორტიდანვე იწყება.
საყვარელი გუნდისა და პილოტების ბანერები უკვე ჩამოსვლისთანავე გხვდება, გასასვლელში კი Formula 1-ის ბოლიდის მოდელთან ფოტოს გადაღებაც შეგიძლია. კონტენტი ჯერ კიდევ აეროპორტიდანვე ხვდება სოციალურ ქსელებში, მოლოდინი იქმნება და ამ ყველაფრის ეპიცენტრში თავად გულშემატკივარია.
ტაქსით სასტუმროში მივდივართ. ქუჩაში ყველგან Formula 1-ის კვალია - ბანერები, ეკრანები, კედლები, პოსტერები. ქალაქი ნელ-ნელა გეუბნება, რომ უბრალოდ სტუმარი აღარ ხარ - შენ უკვე ამ გამოცდილების ნაწილი ხარ და ერთი სული გაქ როდის გათენდება, რომ ტრასაზე მიხვიდე…
გათენდა.
ტრასისკენ მიმავალ გზაზე სხვადასხვა გუნდის მერჩებში გამოწყობილ გულშემატკივრებს ხვდები. შორიდან უკვე გესმის ძრავების გამაყრუებელი გუგუნი და გულისცემა ავტომატურად იმატებს. შესასვლელამდე კი გზად მოხალისე მარშალები ღიმილით გხვდებიან და კიდევ ერთხელ გახსენებენ - აქ ნამდვილად გელოდებიან.
ტრასაზე ვართ.
სხვადასხვა გუნდის ფანები ერთმანეთში ირევიან, ყველა სიამაყით ატარებს თავისი გუნდის კეპს ან მაისურს. ბოლიდების აგუგუნებამდე ცოტა დრო გვაქვს.
მოდი, ჯერ Fan Zone-ში გავისეირნოთ და ვნახოთ, რისთვის არის აქ მოსული გულშემატკივარი, როცა რბოლა ჯერ არც დაწყებულა.
აქტივაციები - რა ტოვებს გულშემატკივარს
ფორმულა 1-ის გრან პრი 4 დღისგან შედგება: მედია დღე, ვარჯიშების დღე, კვალიფიკაციის დღე და რბოლის დღე.
გაგაკვირვებთ თუ გეტყვით, რომ გულშემატკივრები ოთხივე დღეს აქტიურად ესწრებიან, არა მარტო რბოლის დღეს.
რატომ, როცა მხოლოდ 1 წამი ხედავენ ბოლიდებს?
რა ხდებოდა ბაქოს ფან ზონაში?
● Fan Stage - აქტივაცია, რომელსაც გულშემატკივრები ყველაზე მეტად ელოდებიან, რადგან აქ მათ პილოტების ახლოდან ნახვისა და მათთან პირდაპირი ინტერაქციის შესაძლებლობა აქვთ. ბაქოს გრან-პრის Fan Stage-ზე ათივე გუნდის პილოტები რიგრიგობით, დაახლოებით 10 წუთით გამოდიან სცენაზე და ფანების მიერ დასმულ რამდენიმე ბლიც-შეკითხვას პასუხობენ. თუმცა ყველაზე საინტერესო თავად ფორმატი კი არა, ინტერაქციის ხარისხია, მაგალითად, მერსედესის პილოტმა ჯორჯ რასელმა ერთ-ერთი გულშემატკივრის მიერ ხელნაკეთი ჩაფხუტი მოირგო, შემდეგ მასზე საკუთარი ხელმოწერა დატოვა და ფანს დაუბრუნა. ერთი შეხედვით, ეს პატარა ჟესტია, თუმცა სწორედ ასეთი მომენტები ქმნის იმ ემოციას, რომლის გამოც გულშემატკივარი რბოლიდან პირადი გამოცდილებითა და ისტორიით ბრუნდება, რომლის გაზიარებაც შემდეგ სოციალურ ქსელებში თავადაც შეუძლია.
● გასართობი სივრცეები - ფან ზონაში აქტიურად ნახავდით სიმულატორებს და სხვა სათამაშო აქტივობებს, ფანებს თავად შეუძლიათ გამოცადონ და ვირტუალურად ირბოლონ ბაქოს ქუჩებში, სესიებს შორის კი DJ-ის ზონებში გაერთონ. მათ ასევე დახვდებათ ზიპლაინი, ჩაფხუტის ფორმის სასრიალო, სხვადასხვა ატრაქციონი, ხოლო Beauty ზონაში ახალი ვარცხნილობისა თუ მაკიაჟის გამოცდის შესაძლებლობა. მოკლედ, აქ ფანს ყოველთვის აქვს რაღაც გასაკეთებელი, სწორედ ამიტომ, სესიებს შორის დრო „ლოდინის“ პერიოდად კი არა, თავად გამოცდილების ნაწილად იქცევა.
● UGC კონტენტის ზონები - გასართობ სივრცეებთან ერთად, ფან ზონაში უამრავი აქტივაცია იყო შექმნილი სპეციალურად User Generated Content-ისთვის. მაგალითად, სხვადასხვა გუნდის პილოტების სარბოლო ფორმების ინსტალაციებთან შეგეძლო ფოტოს გადაღება ისე, თითქოს თავად გეცვა მათი ფორმა; პილოტების პოსტერებთან - სელფის გადაღება; ადგილზე იყო მსოფლიო ჩემპიონის თასიც, ხოლო ზღვის პირას - F1-ის უზარმაზარი ლოგო, რომელიც ფოტოს გადასაღებ კიდევ ერთ ბუნებრივ წერტილად იქცა. ეს ყველაფერი გულშემატკივარს აძლევს მიზეზს, გააზიაროს გამოცდილება სოციალურ ქსელში და თავად გახდეს ღონისძიების მედია-არხი.
ამას გარდა, იყო უამრავი კვების ობიექტი, ოფიციალური მერჩის დახლები, სპონსორების აქტივაციები და სხვა სივრცეები. ყველაფერი ისე იყო ორგანიზებული, რომ გულშემატკივარს ტრასაზე ყოფნის განმავლობაში მუდმივად ჰქონოდა რაღაც სანახავი, გასაკეთებელი, გამოსაცდელი ან გასაზიარებელი - ანუ დრო, რომელსაც რბოლის დაწყებამდე ან სესიებს შორის უბრალოდ „ელოდები“, თავად იქცა გამოცდილების ნაწილად.
დასკვნა: რისი სწავლა შეუძლიათ ქართულ სპორტულ ბრენდებს?
გადავიდეთ ყველაზე მთავარზე, რა შეგვიძლია ვისწავლოთ ჩვენ?
მართალია, ფინანსურ შესაძლებლობებს, ინფრასტრუქტურასა და სპონსორების მასშტაბში უდიდესი განსხვავებაა ქართულ სპორტულ კლუბებსა და Formula 1-ს შორის, მაგრამ აქ მთავარი არც იმის მცდელობაა, რომ ბაქოს მოდელი 1:1 გადმოვიტანოთ. მთავარი არის გავიგოთ, როგორ მუშაობს Fan Engagement-ის მექანიზმები, როგორ დავადგინოთ, რა სურს გულშემატკივარს და როგორ შევქმნათ მასზე მორგებული გამოცდილება.
იმისთვის, რომ ქართულ სპორტში დასწრება მხოლოდ გუნდის შედეგზე, მეტოქის სახელზე ან კონკრეტული მატჩის მნიშვნელობაზე არ იყოს დამოკიდებული, გულშემატკივარს უნდა მივცეთ მოსვლის, დარჩენის და დაბრუნების მიზეზი.
მთავარი მიგნებები მოკლედ:
● იმუშავე ბრენდზე სწორი აქცენტებითა და სტრატეგიით - Formula 1-ის მაგალითი გვაჩვენებს, რომ პირველ რიგში საქმე გვაქვს ძლიერ სპორტულ ბრენდთან, რომლის ცენტრშიც გულშემატკივარია. სანამ კონკრეტული ღონისძიების დაგეგმვას და ტრიბუნების შევსებაზე ფიქრს დაიწყებ, უნდა შექმნა ბრენდი, რომელთანაც ადამიანს იდენტიფიცირება, კავშირის დამყარება და მის გარშემო გაერთიანება მოუნდება. ძლიერი ბრენდის გარეშე ფანის მოზიდვა ერთჯერად ღონისძიებაზე შეიძლება, მაგრამ მისი დაბრუნება და ერთგულ გულშემატკივრად ქცევა ბევრად რთულია.
● ივენთის აქტივაცია ღონისძიებამდე დიდი ხნით ადრე იწყება. არა წინა დღეს, არამედ კვირებითა და თვეებით ადრე - და ეს მოლოდინი მთელ ქალაქში უნდა იგრძნობოდეს. ქალაქის ბრენდინგი, სოციალური კონტენტი, ბილეთების გაყიდვა, პარტნიორების აქტივაციები - ყველაფერი ქმნის ჰაიპს. Matchday უნდა იქცეს Matchweek-ად.
● ნუ გაყიდი მხოლოდ სპორტს - გაყიდე ემოცია. ატმოსფერო, კუთვნილების განცდა, ადრენალინი, იდენტობა, წვდომა და გართობა. მატჩი ან რბოლა გამოცდილების მთავარი ნაწილია, მაგრამ არა მთელი პროდუქტი.
● გადააქციე პასიური მაყურებელი მონაწილედ. გამოიცანი → ითამაშე → მიიღე მონაწილეობა → გააზიარე → უყურე → მოიგე → დაბრუნდი. რაც უფრო მეტ მოქმედებას სთავაზობ ფანს, მით უფრო ღრმა ხდება მისი კავშირი ღონისძიებასთან.
● სპონსორმა გამოცდილებას ღირებულება უნდა შემატოს. მხოლოდ ლოგოს ხილვადობიდან - ისეთი აქტივაციებისა და სარგებლის შექმნამდე, რომელიც ფანს რეალურ გამოცდილებას აძლევს და ბრენდს მის მეხსიერებაში ტოვებს.
● შექმენი UGC-სთვის. თანამედროვე ფანი მხოლოდ აუდიტორია აღარ არის - ის თავად ხდება დისტრიბუციის არხი. შექმენი ისეთი მომენტები, რომელთა გადაღება, გაზიარება და სხვებისთვის ჩვენება ადამიანს ბუნებრივად მოუნდება. ერთი ფანის გამოცდილება მაშინვე შეიძლება ათასობით ადამიანის კონტენტად იქცეს.
საბოლოოდ, ფანის მოზიდვა მხოლოდ კარგი თამაშის ან რბოლის ჩატარებით არ მთავრდება. სპორტულ ბრენდს უნდა შეეძლოს უპასუხოს სამ მარტივ კითხვას: რატომ უნდა მოვიდეს ფანი? რატომ უნდა დარჩეს? და რატომ უნდა დაბრუნდეს?
თუ ამ სამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ მოედანზე მიმდინარე შეჯიბრებაა, მაშინ სპორტული პროდუქტის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გამოუყენებელი რჩება.