როგორ ყალიბდება ახალი სპორტული კულტურა საქართველოში
პადელის ბუმი
„სპორტი, რომელმაც მსოფლიოს წამყვანი სპორტსმენები მოხიბლა’’ – დიახ, ეს პადელია. მას ხშირად ‘სპორტსმენების პოპულარიზებულ სპორტის სახეობასაც უწოდებენ, რადგან მისი ცნობადობის სწრაფ ზრდაში უდიდესი როლი სწორედ მათ, საერთაშორისო ათლეტებს მიუძღვით. ახლა კი ეს დინამიური და სოციალური თამაში საქართველოშიც აქტიურად იკიდებს ფეხს.
პადელი ახალ სპორტადაა მონათლული, თუმცა თუ ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სპორტის ეს სახეობა 1969 წელს, მექსიკაში დაარსდა, სწრაფად გავრცელდა ესპანეთსა და არგენტინაში, დღეს კი მსოფლიოს მასშტაბით 30 მილიონზე მეტი მოთამაშე ყავს.
მათ შორის, როგორც უკვე ვახსენეთ, არიან სხვადასხვა სპორტის სუპერვარსკვლავები - ლეო მესი, ზინედინ ზიდანი, ნეიმარი, რაფაელ ნადალი, ლანდო ნორისი, შარლ ლეკლერი, კარლოს საინსი და სხვები. ეს ფაქტორი პადელის მარკეტინგისთვის იდეალურ შეფუთვად იქცა - გულშემატკივრები ბუნებრივად ინტერესდებიან იმ აქტივობებით, რომლითაც მათი საყვარელი სპორტსმენები არიან დაკავებულები.
ჩვენ დაგვაინტერესა:
– როგორ და როდის გაჩნდა პადელი საქართველოში;
– რა ნაბიჯებია გადადგმული, რომ სპორტის ეს ახალი კულტურა ცნობადობიდან აქტიურ პრაქტიკამდე მისულიყო;
– როგორია პადელის პოპულარობის ზრდის ტემპი და რა სურათს ხატავს ეს ქართული სპორტული ბაზრისთვის;
– და რამდენად შეუძლია ადგილობრივ ინიციატივას გახდეს ხიდი, რომელიც საქართველოს გლობალურ სპორტულ ტენდენციებთან და ბრენდებთან დააკავშირებს.
უფრო სიღრმისეული ცნობების შეკრებისთვის, minds&marketing-ის გუნდი საქართველოს პადელის ფედერაციის პრეზიდენტს (GNPF), ქეთევან ყიფიანს და GymBreeze-ის საოპერაციო მენეჯერს, დათი ყიფიანს, გაესაუბრა.
პადელი საქართველოში
პადელი პირველად საქართველოს ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა, როდესაც საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაცია (GNPF) დაარსდა, ხოლო 2022 წელს უკვე სერიოზული სახე მიიღო და საერთაშორისო პადელის ფედერაციას (FIP) შეუერთდა. პირველი კორტი 2022 წლის 15 მაისს, მთაწმინდაზე გაიხსნა. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი.
პადელის მოედნების რაოდენობა საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალოდ წლიურად 192%-ით იზრდება, რაც სპორტის განვითარების უსწრაფეს ტემპს უსვამს ხაზს. 2022 წელს არსებული ერთი მოედნიდან, დღეს უკვე 25-ზე მეტი გვაქვს და ეს რიცხვი ყოველწლიურად საგრძნობლად მატულობს.
ამას განაპირობებს აქტიურ მოთამაშეთა რიცხვის ზრდაც, ადგილობრივი პადელის კლუბების ინფორმაციით, საქართველოში უკვე 1000-ზე მეტი აქტიური მოთამაშეა.
ქეთევან ყიფიანი - GNPF პრეზიდენტი
“პადელის პირველივე ტურნირი, რომელიც 2023 წლის სექტემბერში ჩატარდა, საკმაოდ წარმატებული გამოვიდა. რეგისტრაციის პირველივე დღეს ყველა ადგილი შეივსო. ეს იყო არა უბრალოდ სპორტული ტურნირი, არამედ საინტერესო გამოცდილება, ყველა იმ კომპონენტით, რაც კომუნის შესაკვრელადაა საჭირო: სპორტი, შეჯიბრი, გულშემატკივრობა, მუსიკა, გართობა.
ტურნირის წარმატებულად ჩატარების შემდეგ სერიოზულად მივუდექით ფედერაციის განვითარების საკითხს, დავიწყეთ მისი სტრუქტურირებული განვითარება, შევიმუშავეთ ბრენდ სტრატეგია, ბრენდინგი, დავიწყეთ სპონსორებთან მოლაპარაკება.. დღეს, როცა სპორტული ორგანიზაცია ხარ და მარკეტინგის გავლენას არ აღიარებ უკვე ძალიან უკან ხარ.’’
რამ განაპირობა პადელის პოპულარობის ზრდა?
რატომ პადელი? საიდან წამოვიდა ეს ბუმი? ეს კითხვები ჩვენს რესპოდენტებსაც დავუსვით და პასუხი იყო - სიმარტივე. ჩავთვალოთ პადელი, როგორც ჩოგბურთის გამარტივებული ვარიანტი, სპორტი, რომელსაც პირველივე თამაშიდანვე მარტივად აუღებ ალღოს და რაც მთავარია იქ დაბრუნებას კიდევ მოგანდომებს. სამიზნე აუდიტორიაც ფართო აქვს - შეიძლება ითქვას, რომ პადელი ყველასთვისაა.
დათი ყიფიანი - GymBreeze საოპერაციო მენეჯერი
“ცხოვრებამ მოიტანა, რომ ქაოსური რეჟიმიდან გამომდინარე ვესწრაფვით სიმარტივეს, ჩოგბურთზე ბევრად ნაკლები რესურსის ჩადება გიწევს პადელის თამაშისას, სწორედ ეს ტენდენცია ასახავს სწრაფვას რაღაცეების გამარტივებისკენ..’’
პადელი თანდათან იქცა არა მხოლოდ სპორტად, არამედ ცხოვრების სტილადაც - ხშირად მას Cool Lifestyle-ის ნაწილს უწოდებენ. სწორედ ეს გამოცდილება და იდენტობა გახდა ძლიერი მარკეტინგული იარაღი, რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა ინტერესიც და ჩართულობაც.
ასევე უნდა ვახსენოთ ის ფაქტიც, რომ პადელი გახდა სოციალური თამაში, რომელიც კომუნას აყალიბებს. უკვე მრავალმა კომპანიამ დანერგა შიდა კორპორატიული ჩემპიონატები, შეიქმნა ჯგუფები სოციალურ მედიაში, სადაც მეწყვილეს პოულობენ და გუნდებს კრავენ.
დათი ყიფიანი - GymBreeze საოპერაციო მენეჯერი
“არ არსებობს დასახლებული პუნქტი, სადაც პადელის მოედანი გაკეთდეს და იქ კორტები არ გაივსოს. Gybreeze-ის აპლიკაციაში ყოველკვირეულად საშუალოდ 200 ახალი მომხმარებელი რეგისტრირდება, რაც კიდევ ერთი ინდიკატორია სპორტით დაინტერესების ზრდის.”
წმინდად მარკეტინგული თვალსაზრისით, რომ შევხედოთ, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა განსახორციელებელი ამ კუთხით.
საჭიროა უფრო მეტი ბრენდი და კომპანია ჩაერთოს პადელის პოპულარიზაციის პროცესში და მკაფიო, სტრატეგიული ნაბიჯები გადაიდგას, მაგრამ როგორც რესპოდენტებმა აღნიშნეს კომპანიებს ჯერჯერობით არ აქვთ ნდობა ამ სპორტის მიმართ.
შეიძლება იმიტომ, რომ ახალია? ბაზარი ჯერ კიდევ ასათვისებელია? მოდი განვიხილოთ:
რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ?
ზრდის მაღალი პროცენტული მაჩვენებლის მიუხედავად, ინფრასტრუქტურა კვლავ პრობლემად რჩება. პადელის კორტების რაოდენობა ჯერ ისევ ლიმიტირებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, განსავითარებელია რეგიონებიც. მსურველი ბევრია, კორტების რაოდენობა კი ნაკლები. ასევე აღსანიშნავია ამინდის ფაქტორიც, ქალაქში უფრო მეტი ღია კორტი გვაქვს, ვიდრე დახურული, რაც უფრო მეტად ართულებს საქმეს ზამთრის პერიოდში.
დაბალი ცნობადობა კვლავ აქტუალურია, ვისაუბრეთ პადელის ბუმზე, მაგრამ ფართო მასებისთვის, სპორტის ეს სახეობა ჯერ კიდევ უცხოა. სწორედ აქ უნდა ჩაერთოს აქტიურად ფედერაციის და კლუბების მხრიდან მარკეტინგული სტრატეგია და გეგმა ცნობადობის და ჩართულობის გასაზრდელად.
სამომავლო რეკომენდაციები
- ინფრასტრუქტურის გაფართოება - ახალი კორტების გახსნა დედაქალაქსა და რეგიონებში;
- ბრენდების მხრიდან მეტი დაინტერესება და ინვესტიციის ჩადება - სპორტი მზარდია, დაინტერესება დიდია, პოტენციალი უზარმაზარია, მაგრამ რატომღაც ქართული კომპანიების და ბრენდების მხრიდან ჩართულობა ძალიან დაბალია
- ტურნირების დაორგანიზება და სპონსორების მოზიდვაზე მუშაობა, მეტი კომპანიის ჩართულობა - მეტი spotlight;
- ახალგაზრდული განვითარების პროგრამები - მჭიდრო პარტნიორობის ჩამოყალიბება სკოლებთან და უნივერსიტეტებთან;
- ცნობადობის ზრდა და ფართო მასებზე გასვლა სწორი მარკეტინგული კამპანიებით.
პადელის, როგორც სპორტის, ყველაზე დიდი ღირებულებაა, რომ ის ყველასთვისაა – ასაკის, სქესის თუ გამოცდილების მიუხედავად. სწორედ ეს სოციალური და ინკლუზიური ბუნება აქცევს მას მომავალის სპორტად, განვითარების დიდი პერსპექტივით.
გლობალური ტენდენციების ფონზე, სადაც პადელი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სპორტია, საქართველოს სწრაფი ჩართვა აჩვენებს, რომ ადგილობრივ სპორტულ კულტურას აქვს არა მხოლოდ ადაპტაციის, არამედ ლიდერობის პოტენციალიც რეგიონში.
პადელი საქართველოში უკვე აღარ არის უბრალოდ უცხო სპორტი – ის სწრაფად ყალიბდება როგორც ახალი სოციალური და სპორტული კულტურა.
თუ ტემპი შენარჩუნდა, სულ რამდენიმე წელიწადში პადელი შეიძლება იქცეს არა მხოლოდ გართობის, არამედ ეკონომიკური და მარკეტინგული შესაძლებლობების საგნადაც, სადაც ერთიანდებიან მოთამაშეები, ბრენდები და გულშემატკივრები. და ეს მხოლოდ დასაწყისია…