რა დაგვამახსოვრდა ივლისის თვიდან?
what-stood-out-in-july

4 კამპანია ივლისიდან

ივლისის ფოკუსი

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

05.08.2026

ივლისი ახალი კამპანიების თვალსაზრისით პასიურია ხოლმე, მაგრამ ამჯერად საკმაოდ ბევრი რამ მოხდა და მათგან ოთხის არჩევა გამიჭირდა კიდეც. საბოლოოდ, ერთმანეთისგან განსხვავებული ინდუსტრიები და ქეისები შევარჩიე და, იმედი მაქვს, თქვენთვისაც საინტერესო იქნება.

 

Meraki-ს პირველი საერთაშორისო brand trip

ერთია, როცა სახელმწიფო სტრუქტურას ვინმე გლობალური ინფლუენსერი ჩამოჰყავს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისთვის, მაგრამ საერთოდ სხვა შემთხვევაა, როცა კერძო ბრენდი საერთაშორისო ინფლუენსერებს არამხოლოდ მასპინძლობს, არამედ ბრენდის გამოცდილების ნაწილად აქცევს.



Rita Montezuma, Laura Maree, Carminho და Linnea Maria - ის ინფლუენსერები არიან, რომლებიც მერაკის მოწვევით საქართველოში ჩამოვიდნენ. ისინი ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობენ, როგორებიცაა: Dior Beauty, YSL Beauty, L'Oréal, Mango, H&M და სხვ.

გლობალური ინფლუენსერების ქართული ბრენდით დაინტერესება და brand trip-ში ჩართვა უკვე დიდი ამბავია, მაგრამ მე ეს კონკრეტული ქეისი კიდევ რამდენიმე მიზეზის გამო გამოვარჩიე:

1. ბრენდის გამოცდილება

როგორც თავში ვთქვი, მერაკმა ინფლუენსერებს უბრალოდ კი არ უმასპინძლა, ბრენდის გამოცდილებაში ჩართო - ფიზიკური მაღაზია დაათვალიერებინა, კედების ვორქშოპი მოუწყო, აუზის წვეულებაზე საცურაო სამოსის ახალი კოლექცია წარადგინა… ბრენდის ცხოვრებით აცხოვრა სამი დღის განმავლობაში.

2. კულტურული გამოცდილება

საქართველოში ჩამოსვლა ადგილობრივი კულტურის გაცნობის გარეშე წარმოუდგენელია. მეორე და მესამე დღეს ინფლუენსერებს ვაზისუბნის მამულში უმასპინძლეს, სადაც ქართული სტუმარმასპინძლობის ელემენტებს გაეცნენ - ღვინის დეგუსტაციით დაწყებული თონეში პურის ჩაკვრით დასრულებული. და ეს ყველაფერი სრულად მერაკის სამოსით - ათობით სთორისა და პოსტში.

3. ერთი ინვესტიცია, ბევრი კონტენტი

ერთი ინვესტიციით ბრენდმა მიიღო 4 განსხვავებული ავტორი, კონტენტის არაერთი განსხვავებული ფორმატი და დიდი აუდიტორია. თითოეულმა ინფლუენსერმა მერაკი საკუთარ სტილში აჩვენა, რითაც კამპანია უფრო მრავალფეროვანი და ავთენტური გახდა. ხოლო კოლექცია, რომელიც brand trip-ის განმავლობაში კრეატორებს ეცვათ, უკვე საიტზეც ხელმისაწვდომია.

დიდი ალბათობით, ბრენდი ამ და სხვა ინფლუენსერებთან მომავალშიც გადაიკვეთება, მაგრამ ახლა მერაკმა ქართული ბაზრისთვის ნამდვილად გამორჩეული პრეცედენტი შექმნა და საინტერესოა, რა გაგრძელება მოჰყვება.

 

TBC-ის საგანძურის მარათონი

ზაფხულში, როცა ყველა პასიურ რეჟიმში გადადის, თიბისიმ საგანძურის მარათონი წამოიწყო. სრულყოფილად გაწერილი სცენარი, აქტიური სთორითელინგი და მოგების ყოველდღიური შანსი - მე პირადად ყველაზე მეტად საგვარეულოს შერჩევის ტესტმა გამართო (მე ბარათიშვილებში აღმოვჩნდი).

ოთხივე საგვარეულოს თავისი მედროშე ჰყავს - 4 ადამიანი, თავად თიბისის პარტნიორი ინფლუენსერებიდან: რუსკა მაყაშვილი, იოანე რომანაძე, ნიკა ვასაძე, გიგი ქათამაძე.



ჩემთვის მარათონი რამდენიმე კომპონენტის გამო არის საინტერესო:

1. გეიმიფიკაცია - თამაში, ქვიზები, მისიები, ლიდერბორდი, ქულების დაგროვების სხვადასხვა გზა. თიბისის არამხოლოდ ყოველდღე შევყავართ მობაილ ბანკში, არამედ თავისი სერვისების გააქტიურებისკენ გვიბიძგებს და ინფორმაციასაც გვაცნობს და ეს ყველაფერი სწორედ თამაშის ელემენტების დახმარებით;

2. კომუნა - ოთხი საგვარეულო ადამიანის ოთხ ტიპს აღწერს - ბარათიშვილი, დოვლათია, ხარჯიანი, ანაბარიძე. ქვიზის საფუძველზე რომელიმე მათგანში მოხვედრა ქმნის მიკუთვნებულობის განცდას და თამაშში არამხოლოდ ინდივიდუალური შედეგია შენი მიზანი, არამედ შენი საგვარეულოს დაწინაურებაზეც ფიქრობ;

3. სთორითელინგი - როგორც თავში ვთქვი, მთელი სცენარი თავისი ლოგოებით, საგვარეულოების დახასიათებითა და ამბით (სადაც ავატარის გავლენა აშკარაა), მარათონს შინაარსობრივად ავსებს და მეტ სიღრმეს სძენს.

ამ ყველაფრის დამსახურებით, ხალისით ერთვები მარათონში და საბანკო პროდუქტებიც ისე შემოგესწავლება (და შემოგეყიდება), შეიძლება ვერც გაიაზრო.

 

ამბოლი x T-RECS - ამბავი სოფელში მარტო დარჩენილ ძროხაზე

ამბოლის ახალი რეკლამით დავიწყებ, რომელსაც ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი განიხილავდა, სხვათა შორის, ბევრი - დადებითად. ჯერ მოკლე შინაარსს მოგიყვებით, შემდეგ კი გეტყვით, ვისაც მოეწონა, რატომ მოეწონა და იმასაც გეტყვით, ვისაც არ მოეწონა, რატომ არ მოეწონა.

ვიდეორგოლი სოფელში მარტო დარჩენილ ძროხაზე გვიყვება, მთხრობელი თავად ძროხაა, რომელიც თავისი ოჯახის წევრებს სათითაოდ ჩამოთვლის და აღმოჩნდება, რომ ყველა მათგანი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ვიდეოს ბოლო კადრში უსწრაფესად მოძრავ სპორტულ ავტომანქანას ვხედავთ, რომელიც კინაღამ დაეჯახება ძროხას, მაგრამ დამუხრუჭებას მოასწრებს და მთავარი გმირი გადარჩება.



რეალურად, ვიდეო ხუნდების რეკლამაა, ორი რამის შეხსენება - 1. ხუნდების განახლება აუცილებელია და 2. ხარისხიანი ხუნდები უნდა დააყენო, რადგან, ძროხის თქმით, „პრობლემა ხუნდებშია, არ ცვლიან, რა.“

რატომ მოეწონათ ეს რეკლამა? პირველ რიგში, სთორითელინგის გამო, სადაც იუმორის დამსახურებით საკმაოდ მძიმე თემა საკმაოდ მსუბუქადაა წარმოდგენილი.

რატომ არ მოეწონათ? მიზეზი იგივეა, ოღონდ სხვანაირად გასააზრებელი: „გიჟებივით დადიან“ - ამბობს ძროხა დასაწყისში. ანუ მთავარი პრობლემა ხუნდები კი არა, დასაშვებზე სწრაფად სიარულია.

აქვე უცებ სტატისტიკას შევხედოთ: 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 14 839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, 92 ადამიანი დაიღუპა, 989 კი დაშავდა. ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზად სიჩქარის გადაჭარბება სახელდება. ივლისი ავარიების მხრივაც იყო გამორჩეული, არაერთი ფატალურად დასრულებული ავარიის შესახებ გავიგეთ. ამ დროს კი ამბოლი ძროხის პირით გვეუბნება, რომ „პრობლემა ხუნდებშია“.

ისევ იმ პრობლემასთან მივდივართ, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია - კონტექსტის გააზრება. ამბოლის შემთხვევაში გადაწყვეტა სავსებით გასაგებია - ცხოველის ამეტყველება და იუმორნარევი მელანქოლია კრეატივში არაერთხელ გამოცდილი მეთოდია, მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემის იდენტიფიკაციაა მთავარი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის მგრძნობიარე და ქვეყნისთვის უდიდეს გამოწვევას ეხება საქმე.

თუმცა, როგორც აღვნიშნე, რეკლამა ბევრს მოეწონა და მილიონობით ნახვა აქვს, რაც მაფიქრებინებს, რომ იუმორისტული სთორითელინგი და მძიმე რეალობის შედარებით მსუბუქი პერსპექტივით ჩვენება ზოგჯერ არანაკლებ კარგი გამოსავალია.

 

სინათლე მედია x Windfor's Tbilisi - სიმართლე მხოლოდ სინათლეში ჩანს!

სოციალურ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობდი და ლოგიკურად გადავალ სოციალურ კამპანიაზე, რომელიც Windfor's-მა „სინათლე მედიისთვის“ შექმნა დამოუკიდებელი ონლაინ მედიების მხარდაჭერის მიზნით.

„ამ კედელზე კითხვაა, პასუხგაუცემელი კითხვა. ამ კედელზე რიტორიკული კითხვაა. ამ კედელზე სახელია, ადამიანის, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაიღუპა...“ - და ჩანს ფრაზები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა კედელზე პროტესტის ნიშნად დაწერეს; ის ფრაზები, რომლებიც საშიშად მიიჩნიეს და გადაღებეს. მაგრამ „სიმართლის წაშლა შეუძლებელია; სიმართლის, რომელიც მხოლოდ სინათლეში ჩანს“.

ვიდეო ვიზუალურად ძალიან ეფექტურია - გადაშლილი ფრაზები მხოლოდ სინათლის მინათების შემდეგ ჩნდება. სწორედ აქ შემოდის სიმბოლიზმი და ძლიერდება ემოციური ეფექტი - გადაღებილი კედლები მხოლოდ კედლები აღარ არის; ისინი მეხსიერების, პროტესტისა და თავისუფალი სიტყვის სიმბოლოდ იქცევა.



ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქართული სააგენტო თავის კრეატიულ რესურსს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიაში დებს. გავიხსენოთ თუნდაც  „ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა“ (ბათუმელები x ნეტგაზეთი x Supermarket Agency), ასევე იმავე თანამშრომლობის შარშანდელი ნამუშევრები - Mzia - 12 Citizens და Accused of Truth, რომლებმაც საერთაშორისო ფესტივალებზეც არაერთი ჯილდო აიღეს. ასე რომ, დასაფასებელია ყოველი ქმედება, როცა კრეატივი და კრეატიული სააგენტო საზოგადოების და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის სამსახურში დგება.

 

შეჯამებისთვის

ივლისში ბევრი რამე ვნახეთ - ციფრული პროდუქტიც და ფიზიკურიც, კარგი სთორითელინგიც, სოციალური პასუხისმგებლობაც და ამ პასუხისმგებლობის ნაკლებობაც, მაგრამ მე მაინც ერთ შეკითხვას დავტოვებდი:

რას ემსახურება კრეატივი - მხოლოდ ყურადღების მიპყრობას თუ იმ პასუხისმგებლობასაც, რომელიც ამ ყურადღებას მოჰყვება?

მომავალ თვემდე!



 

share: