გარდაქმნა, როგორც სტუმრის გამოცდილება
internet cafe
კვების ინდუსტრიაში თითქმის ყოველდღე ახალი ობიექტი ჩნდება, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ახერხებენ მათზე ყოველდღიურად გვესმოდეს: კარგია, განსხვავებულია, აუცილებლად უნდა სცადო, ის უნდა გასინჯო...
ამიტომ როგორც კი სულ ახლახან გახსნილ კაფეზე იგივე ფრაზები მოვისმინეთ, ვიცოდით, რომ რაღაც საიტერესო ხდებოდა და თქვენთვის უნდა გაგვეზიარებინა.

დღეს internet cafe-ზე გვინდა მოგიყვეთ, ადგილზე, რომლის ერთი დამფუძნებელი ცნობილი ხელოვანია, მეორე – შეფმზარეული, სამზარეულო – აზიური ფიჟენი. internet cafe ბოლომდე არც კაფეა, არც რესტორანი, Listening bar-ია, რომელიც უზნაძის 54-ში, ისტორიულ შენობაში გაიხსნა.
იყო დრო, როცა კარგი სამზარეულო საკმარისი იყო ობიექტის წარმატებისთვის. დღეს კი იდეაა მთვარი, რომლის გარშემოც გაერთიანებული კონცეფცია, მენიუ, მომსახურება, ინტერიერი, მუსიკა, სტუმრის გამოცდილება თუ ნებისმიერი დეტალი ერთიან ამბავს ჰყვება.
გვინდა სწორედ ამ პერსპექტივით დავინახოთ ეს პროექტი: როგორ გადაიქცა იდეა – კონცეფციად, კონცეფცია – გამოცდილებად, და საბოლოოდ, ეს ყველაფერი – ბრენდად. ამისათვის დამფუძნებლებს – მაქსიმე მაჩაიძესა და შეფმზარეულ ლუკა ვერულაშვილს ვესაუბრეთ.
იდეა
მაქსიმე მაჩაიძე (co-founder internet cafe):
„ბავშვობიდან მინდოდა საკუთარი კაფე ან რესტორანი მქონოდა. სამი თვის წინ დავიწყე სივრცის ძებნა და ვიპოვე ის, რამაც გონებაში ყველაფერი შეკრა. სახელი – internet cafe – ჩემი სამყაროს ნაწილივითაა, ტრეკებშიც მაქვს ნახსენები, და ჩემი მოთხრობის ერთ-ერთი მოქმედების ადგილსაც ასე ჰქვია. ეს არის ადგილი, რომელიც ერთ დროს მართლა ინტერნეტ კაფე იყო. მერე მთელი ქალაქი დაიქსელა და ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, ადგილმა თავისი ფუნქცია დაკარგა და ახალი ფუნქცია შეიძინა – მფლობელმა ნამცხვრების ცხობა ისწავლა, მისი ბიზნესი რომ არ გაკოტრებულიყო.

ზოგადად, მიზიდავს შიდა გარდაქმნები – როცა ფასადები იგივე რჩება და შიგნიდან ბევრი რამე იცვლება. ადამიანების შემთხვევაშიც ძალიან საინტერესოდ ხდება ეს ცვლილება – გარედან შეიძლება იგივენაირები ვიყოთ, მაგრამ შინაგანი სამყარო სრულიად გარდაიქმნას. ასე მოხდა internet cafe-ის შემთხვევაშიც. თან თითქოს ცოტა ხუმრობაცაა. მგონია, სადაც მცირედი ირონია და იუმორი არ სახლობს, არაფერი არ ღირს არაფრად.
ადგილი
ისტორიული შენობა, რომელიც დასაწყისში ვახსენეთ, ზუტნერების სახლია. ბერტა ფონ ზუტნერი ავსტრიელი მწერალი და პირველი ქალია, ვინც ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში. მათი წასვლის შემდეგ აქ გერმანული კლინიკა იყო, მოგვიანებით ამ ადგილმა კიდევ ბევრი სხვადასხვა ფუნქცია შეიძინა, internet cafe-მდე აქ იაპონური რესტორანი იყო. როგორც მაქსიმე გვიყვება, სწორედ არსებულ დიზაინს დააშენა თავისი დიზაინი.

კონცეფცია
internet cafe, როგორც მაქსიმე გვიყვება, listening bar-ის კონცეფციაზე დგას. Listening bar ჩვეულებრივი ბარისგან იმით განსხვავდება, რომ აქ მუსიკა მხოლოდ ფონი კი არ არის, არამედ მთავარი მოქმედი გმირია, მისი შეგნებულად მოსმენა – მთავარი აქტივობა.
Listening bar-ების კულტურა იაპონიიდან მოდის, კერძოდ jazz kissa-ებიდან, სადაც ადამიანები სპეციალურად მიდიოდნენ ალბომების მოსასმენად, რადგან სახლში მაღალი ხარისხის აუდიო ტექნიკა იშვიათობა იყო.
ბოლო დროს Listening bar-ები ძალიან პოპულარულია, რაც შემთხვევითი არ არის. მაგალითად, ვინილების კულტურა ახლა ძალიან ტრენდულია; გარდა ამისა, მუდმივი სქროლვის ეპოქაში ადგილი, რომელიც slow experience-ის მიღებას გთავაზობს, უცხო და მიმზიდველი ჩანს (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბარების უმეტესობა ძალიან ხმაურიანია).
ასე რომ, internet cafe-ში ყოველ დღეს სხვადასხვა ჟანრის მუსიკა ისმის და სტუმრისთვის საინტერესო გამოცდილებას ქმნის – გამოცდილებას, რომელიც სერვისზე მეტია და ბრენდის იდენტობის ნაწილად იქცევა.
გარდაქმნა, როგორც ბრენდის იდენტობის ნაწილი
როგორც მაქსიმე გვიყვება, internet cafe სტუმრის გამოცდილებაზე ორიენტირებული სივრცეა:
„სადღაც რომ მივდივარ, მინდა გარდავიქმნა და რაღაცის სტიმული, განწყობა მომეცეს; ადგილმა ის დღე შემიცვალოს და ისე დამმუხტოს, რომ მერე წავიდე და სამყარო შევცვალო. მინდა ასეთი გამოცდილების მიმცემი გახდეს internet cafe-ც.
ვცდილობ სამზარეულოს გარეთ ყველა ფუნქცია შევითავსო. სულ დავდივარ და შეკითხვებს ვუსვამ სტუმრებს, აზრს ვეკითხები, რომ მომავალში გავაუმჯობესო, რადგან ვიცი უკუკავშირებზე დგას ასეთი სივრცეები. ამ პროცესში მე თვითონაც ვიზრდები, სხვადასხვა მედიუმებში ბევრ რამეს ვსწავლობ და ეს ცოდნა ერთიდან მეორეში გადამაქვს.“
მენიუ
სტუმრის გამოცდილების ნაწილია გასტრონომიული გამოცდილებაც, შესაბამისად, სამზარეულო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გარემო.
internet cafe-ს მენიუზე ლუკა ვერულაშვილმა (co-founder internet cafe) იმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე აზიურ რესტორანში არ უმუშავია, საინტერესო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა გამოიყენა და აზიურ გემოებს ევროპული ტექნიკით ქმნის:

„როგორც კი მაქსი გავიცანი და სივრცე ვნახე, იმდენად საინტერესოდ მომეჩვენა, მალევე დავთანხმდი. კოლაბორაციის შესაძლებლობა ადამიანთან, რომელსაც შენი ესმის და შენ მისი გესმის, გადამწყვეტია. გარდა ამისა, მუდმივად მაქვს სიახლეების ინტერესი, სურვილი იმისა, რომ არ ვაკეთო სტანდარტული და მეინსტრიმული. ექსპერიმენტები საჭიროა განვითარებისთვის. თუნდაც კრახით დასრულდეს, ან უარს გათქმევინებს, ან პირიქით, იმის ძალას მოგცემს, რომ ახლიდან სცადო და გააუმჯობესო.“
ლუკა ამბობს, რომ კვების ობიექტში ყველაფერს ერთი კონცეფცია უნდა კრავდეს და ერთი იდეა აერთიანებდეს – ინტერიერს, მენიუს, სტაფის უნიფორმას, სოც.მედიის გვერდებს. internet cafe-ის პროექტზე მუშაობისას უნდოდა ისეთი მენიუ შეექმნა, რომელიც ერთდროულად იქნებოდა უცხოც და ნაცნობიც:
„ჩანაფიქრში გვქონდა აზიური ფიუჟენი, მაგრამ არ გვინდოდა გადაგვემეორებინა ის, რაც სხვა აზიურ რესტორნებშია, გვინდოდა ყოფილიყო მაქსიმალურად მარტივი, ცოტა ნოსტალგიაც შემოდის, ოღონდ არაქართული ნოსტალგია. კულინარიაში თითქოს ასეა მიღებული: ყველაფერი უნდა იყოს იდეალურად დაბალანსებული – მჟავიანობა, სიმლაშე, სიცხარე, ტექსტურები… მე მიყვარს ერთი კომპონენტის ან გემოს ცოტა გაზვიადება, მხიბლავს კერძში ერთი გემოს ინტენსიურობა, შესაბამისად, ამ ობიექტზეც იმას ვაკეთებ, რაც მე მომწონს და არა იმას, რაც ზოგადად მიღებულია.“
რა მუშაობს?
როგორც ვთქვით, კვების ინდუსტრიაში იდეა მუშაობს – მენიუ, ინტერიერი, კონცეფცია, მუსიკა, სტუმრის გამოცდილება, მომსახურება – ამ ყველაფრის სინთეზი განსაზღვრავს სივრცის ხარისხს.

მოცემულ სიას შეიძლება დაემატოს ამ სივრცესთან დაკავშირებული ადამიანები, პირველ რიგში, სწორედ მაქსიმე, რომელიც ცნობილი ხელოვანია და რომლის პირადი ბრენდი მისი სხვა პროექტების პოპულარობასაც განსაზღვრავს. ამის მიუხედავად, თავად ფიქრობს, რომ, მართალია მისი ქომუნითი ივლის internet cafe-ში, მაგრამ ამ ადგილს აქვს პოტენციალი, რომ საკუთარი ქომუნითიც ჰყავდეს:
„შეიძლება ვიარო ადგილას, სადაც ჩვეულებრივი, ნორმალური საჭმელია, მაგრამ ატმოსფერო მომწონდეს, ხალხის გარემოცვა მსიამოვნებდეს, მუსიკა და ა. შ. შეიძლება პირიქით, კარგი საჭმელი ჰქონდეთ, მაგრამ გარემო იყოს ისეთი, რომ იქ ყოფნა სიამოვნებას არ მანიჭებდეს. მე ვცდილობ, ჭამის გამოცდილებაც ძაან მაგარი იყოს, ასევე მუსიკის და ინტერიერის. ამ ყველაფრის სინთეზირების მერე იძენს სივრცე თავის ხარისხს. არ არის საჭირო, internet cafe-ის სტუმარი მიცნობდეს, შეიძლება აქ მუსიკას უსმენდეს, საჭმელი მოსწონდეს, ატმოსფერო და ჩემს შექმნილ სივრცეში თავის თავს პოულობდეს, ესაა მთავარი.“
ასე რომ, internet cafe არის ადგილი, სადაც არამხოლოდ სამზარეულოს გამო მიხვალ, არამედ ჩამოჯდები, მუსიკას მოუსმენ (მართლა მოუსმენ), ცხოვრების აჩქარებულ ტემპში თავს შენელების საშუალებას მისცემ. ამ დროს შეიძლება უცებ მაქსი მოვიდეს და გკითხოს, როგორ დროს ატარებ ან რამეს ხომ არ შეცვლიდი (ჩვენ რომ ვიყავით, ასე მოხდა). და საბოლოოდ, ეს ყველაფერი – იდეა, კონცეფცია, სახელი და ამ სახელის ისტორია, ინტერიერი, მენიუ, მუსიკა – ქმნის internet cafe-ს, არამხოლოდ ახალ ადგილს, არამედ ახალ გამოცდილებას თბილისში.