ვის ეშინია AI-ის?
touch-summit-2025

ვის ეშინია AI-ის?

touch summit 25

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

08.12.2025

Spark the Change - გვითხრა წელს Touch Summit-მა და მართლაც, ამ ორი დღის განმავლობაში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ჩემში ნამდვილად მოხდა - მივხვდი, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების 1%-საც კი ვერ/არ ვიყენებ და ათობით საქმის გამარტივება შემიძლია, თუკი AI ხელსაწყოებს დავუმეგობრდები.

 

თუკი თქვენც მსგავსი შეგრძნება გაგიჩნდათ, მაშინ სტატიის ბოლომდე წაკითხვას გირჩევთ, რადგან დღეს Touch Summit 25-ს ვაჯამებთ და გიყვებით იმ მთავარი იდეების შესახებ, რომლებიც ჩვენი ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

 

AI ჩაგვანაცვლებს?

ხელოვნური ინტელექტის გამოჩენასთან ერთად სასოწარკვეთილი შეკითხვებიც დაიწყო: AI ჩაგვანაცვლებს? სამსახურს დავკარგავთ? ბევრი პროფესია გაქრება? ეს შეკითხვები touch summit-ის განმავლობაშიც ხშირად მესმოდა. მართლაც, ირგვლივ ხომ AI-ის ბუმია და ყველა ცდილობს „განვითარებას არ ჩამორჩეს“.

 

სპიკერების გამოსვლები რომ შევაჯამოთ, რამდენიმე იდეას გაგიზიარებთ, რომელთა მიზანი არც დაშინებაა, არც დამშვიდება, არამედ - სიმართლისთვის თვალის გასწორება.

 

ადამიანისა და Al-ის რესურსები არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელია:

 

ადამიანის კრეატიულობა და თანაგრძნობა 

+

ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა დამუშავება და ნიმუშების ამოცნობა

=

მილიონობით გადაწყვეტილ ამოცანას.

 

მაგალითად, სპიკერებმა გვაჩვენეს არაერთი მაგალითი, თუ რამდენად ამარტივებს და აჩქარებს AI ანიმაციური ვიდეორგოლებისა თუ თამაშების დიზაინის შექმნას. ხელოვნური ინტელექტი აქტიურად ჩნდება რეკლამის ინდუსტრიაშიც, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იგი გამოვიყენოთ, როგორც ხელსაწყო და არა როგორც კრეატიული გადაწყვეტის, იდეის გენერირების საშუალება.

 

მე პირადად ყველაზე მეტად Google-ის Creative Lead-ის Anastasia Kim-ის შეფასება მომეწონა: „AI არის ძრავა, ადამიანი არის მძღოლი“, შესაბამისად, ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიყენებთ და საით მივმართავთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ პროცესში გარკვეული პოზიციები ნამდვილად გაქრება და ახლებიც შეიქმნება, მაგრამ, როგორც Alex Brunori-მ თქვა, ეს AI-ის გამო არ ხდება, ეს კაცობრიობის ისტორიის ნაწილია, ამიტომ პანიკაში ჩავარდნა არ ღირს.

 

 

სწორად ვიყენებთ AI-ის?

ყველას უნდა დაეწიოს და არ ჩამორჩეს ტექნოლოგიურ პროგრესს, დანერგოს AI სიახლეები, მაგრამ, ჩვეულებრივ, ინერგება სიახლე სიახლისთვის და არა საჭიროებისა და პრაქტიკულობის მიხედვით. ერთ-ერთმა სპიკერმა მოჰყვა, რომ მოდიან ხოლმე ჩემთან და მეუბნებიან: მოდი რამე AI ჩამიშენეო - არანაირი მიზანი, არანაირი გეგმა. ასე ხდება ხოლმე, როდესაც კომპანიები ტექნოლოგიურ სიახლეებს ისე აღიქვამენ, როგორც უბრალოდ ტრენდს და არა განახლების საშუალებას. მაგრამ AI ტრენდი არ არის, ეს AI რევოლუციაა, რომელსაც სერიოზულად აღქმა, შესწავლა და გამოყენება სჭირდება. ასე რომ, თუკი ფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ რიგითი აჟიოტაჟია, რომელიც გადაივლის და ამიტომ არ ცდილობთ მის გამოყენებას, არა, არ გადაივლის, უფრო მეტად გაძლიერდება.

 

რეკლამა სტრატეგიის გარეშე უბრალოდ ქმედებაა

რამდენი მაგალითი გახსენდებათ, როდესაც ძალიან კარგ ვიდეორგოლს ნახავთ, მაგრამ ვერ ხვდებით, რა შუაშია ბრენდთან ან საერთოდ რისი თქმა უნდოდათ ამით. ლამაზი კადრი, კარგი მუსიკა და ტექსტი საკმარისი არ არის.

 

გამახსენდა, ჩვენი ახალი რუბრიკის #marketingminds-ის ფარგლებში playmakers-ის მმართველმა პარტნიორმა ნუკა შევარდნაძემ რომ მსგავსი ისტორია გაგვიზიარა: „კლიენტის მხარეს ყოფნის დროს გავუშვით კამპანია, რომელიც საერთოდ არ პასუხობდა თავდაპირველ ბრიფს, მთავარ სათქმელს და ბრენდის პლატფორმას, თუმცა სააგენტოს მიერ მოტანილმა შემოქმედებითმა იდეამ და მისმა გამბედაობამ მომხიბლა. შედეგი იყო მოკლევადიანი და არაეფექტური.“

 

ასე რომ, როგორც Mauro Mazzei-მ თქვა: „კრეატიულობა სტრატეგიის გარეშე - ხელოვნებაა, მაგრამ კრეატიულობა სტრატეგიით - რეკლამა.“ 

 

 

 

Brand is KING

სამყაროში, სადაც ხელოვნური ინტელექტი სინთეზირებს ინფორმაციას და პირდაპირ პასუხებს გვთავაზობს, ხილვადობისა და ცნობადობის მოპოვების ერთადერთი საიმედო გზა ძლიერი ბრენდის შექმნაა.

 

პარალელურად, ძიების ტრადიციული სისტემები სუსტდება, მაგალითად, google search-ის 69% კლიკის გარეშე რჩება. სამაგიეროდ, სოციალურ მედიასა და ხელოვნური ინტელექტის მოდელებში ძებნის სიხშირე იზრდება. ასე რომ, თუკი გინდა აქტუალური დარჩე, უნდა განვითარდე და უნდა იძებნებოდე ყველგან, სადაც შენი მომხმარებელია.

 

 

AI agents არის ხვალინდელი დღე

AI აგენტები დამოუკიდებლად მოქმედი AI ერთეულებია, რომლებიც იღებენ დავალებას, თავად საზღვრავენ სამოქმედო გეგმას და ასრულებენ პროცესს ადამიანის მინიმალური ჩარევით ანდაც საერთოდ მის გარეშე. მაგალითად, შეგიძლიათ AI აგენტებს დაავალოთ ყოველკვირეულად შეამოწმოს ციფრული მედიის სიახლეები და ამის შესახებ ლინკდინის პოსტი მოგიმზადოთ. AI აგენტები ამას თქვენს ნაცვლად გააკეთებენ. ასე რომ, ეს არის ხვალინდელი დღე, რომლისთვის მზადებაც დღესვე უნდა დაიწყოთ.

 

შევაჯამოთ:

ორი დღის განმავლობაში ჩვენს წინაშე წარსდგა ათობით ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი ათზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის Google-ისა და Meta-ს ლიდები და სტრატეგები. მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენი მსგავსი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა Touch Summit-ის გუნდს გაწეული შრომისთვის!

 

და ბოლოს, ეს სტატია არ არის AI-ის დაწერილი, მაგრამ რომ ყოფილიყო... მიხვდებოდით?

 

 

share: