რა შემოგვრჩა გონებაში 2025 წლიდან?
the-2025-focus

რა შემოგვრჩა გონებაში 2025 წლიდან?

2025 წლის ფოკუსი

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

8.01.2026

როდესაც წლის შეჯამებაზე ვფიქრობდით, ბევრი იდეა გვქონდა: იქნებ საინტერესო ქეისები? ან კარგი გაკვეთილები? იქნებ შეცდომები? ან მიღწევები? მაგრამ ბოლოს ამ აზრამდე მივედით: minds&marketing-ის არსებობის 7 თვის განმავლობაში ვაჯამებდით  კამპანიებს, პროექტებს, ვაანალიზებდით სხვადასხვა აქტუალურ თემას, ანუ გიყვებოდით, რას ვფიქრობდით და რას ფიქრობდნენ, მაგრამ დღეს გვინდა ისიც გითხრათ, რას ვგრძნობთ.

 

მადლიერები ვართ თითოეული კომპანიის, სააგენტოს, მარკეტერის, კრეატორის, ჩვენი თითოეული რესპონდენტის, რომლებიც ქმნიან ქართულ კრეატიულ ინდუსტრიას. 7 თვის განმავლობაში ვაკვირდებოდით კამპანიებს, ვკითხულობდით გამოხმაურებებს, ვადარებდით გზავნილებს და სულ უფრო ხშირად ვსვამდით ერთ კითხვას: ეს კამპანია უბრალოდ არსებობს თუ რაღაცას ამბობს?

 

დღეს კი ახალ შეკითხვას დავსვამთ: რა შემოგვრჩა გონებაში 2025 წლიდან?

 

რა ვნახეთ 2025 წელს?

ვნახეთ კამპანიები, რომლებიც გასცდნენ ეკრანს, გასცდნენ ქვეყნის საზღვრებს და მსოფლიო კრეატიული ინდუსტრიის ყურადღება მიიპყრეს;

ვნახეთ იდეები, რომლებმაც არა რაიმეს ყიდვისკენ, არამედ ფიქრისკენ გვიბიძგეს;

ვნახეთ, როგორ იქცა კრეატიული ინდუსტრიის ნაწილი საზოგადოების ხმად  და ისიც ვნახეთ, რა ხდება წინააღმდეგ შემთხვევაში;

ვნახეთ, რომ კამპანიის დაგეგმვისას კონტექსტის გააზრება აღარ არის სასურველი, არამედ აუცილებელია;

ვნახეთ, რომ სოციალური ფონი, შენი აუდიტორიის ტკივილი, შიში თუ იმედი „ბრენდისთვის შეუფერებელი“ თემები აღარაა;

და რომ როცა ბრენდი სწორ დროს სწორ ტონს ირჩევს, მისი გზავნილი ბევრად დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე ნებისმიერი ფასდაკლება თუ შეთავაზება.

 

რამ აღგვაფრთოვანა?

აღგვაფრთოვანა კამპანიებმა, რომლებმაც გვითხრეს, რომ:

 

ქალებს გაძლიერება არ სჭირდებათ, გაძლიერება გარემოს სჭირდება;

თავისუფლება მხოლოდ ლამაზი სიტყვა არ არის, პასუხისმგებლობაა;

დამოუკიდებელი მედია და საკუთარი ხმა არჩევანი არ არის, მონაპოვარია;

შესაძლებლობები უსაზღვროა, მთავარია არ გავჩერდეთ და... მთავარია გვჯეროდეს.

და, წლის მთავარი ფრაზა: „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“.

 

რას ნიშნავდა ეს წელი ჩვენთვის?

minds&marketing-ისთვის 2025 იყო დაბადების წელი. ჩვენი მიზანი იყო (და არის) არამხოლოდ აღგვეწერა კამპანიები, არამედ გაგვეგო, რა იდგა მათ უკან, რატომ მუშაობდა ერთი იდეა და რატომ ვერა – მეორე.

 

7 თვის განმავლობაში:

 

გამოვაქვეყნეთ 35 სტატია;

ჩავატარეთ 27 ინტერვიუ;

დავესწარით და გავაშუქეთ 5 ღონისძიება;

გავიცანით და დავუმეგობრდით ასობით ადამიანს;

გავაძლიერეთ არსებული კავშირები და საფუძველი ჩავუყარეთ ახალ თანამშრომლობებს!

 

მადლობა!

2026 წელს მადლიერებით ვიწყებთ.

 

მადლობა კრეატორებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ხმა შეინარჩუნონ დამკვეთების მეტისმეტად კონკრეტული მითითებების დროსაც კი;

მადლობა სააგენტოებს, რომლებიც გვაგრძნობინებენ, რომ გვისმენენ და მზად არიან დიალოგისთვის;

მადლობა მარკეტერებს, რომლებიც ცდილობენ დიდ კონკურენციაშიც დარჩნენ ღირებულებების ერთგულნი;

მადლობა ბრენდებს, რომლებმაც გაბედეს და გვითხრეს: აქ ვარ, გხედავ და გეპალარაკები;

მადლობა ყველას, ვინც გვაჩვენა, რომ კრეატიულობა მხოლოდ ძვირადღირებული ვიდეო არ არის, არამედ იდეა, ღირებულება და პოზიციაა.

 

რა არის წინ?

2025 წელმა გვიჩვენა, რომ კრეატიული ინდუსტრიის ხარისხი აღარ იზომება მხოლოდ მასზე დახარჯული ფინანსებით, არამედ იმ გავლენით, ემოციით და მნიშვნელობით, რასაც თუნდაც ერთ ადამიანზე მოახდენს.

 

და თუ 2025 წელი რამეს გვასწავლის, ეს არის ის, რომ:

 

თუკი იდეას აქვს საფუძველი,

სტრატეგიას – მნიშვნელობა,

გზავნილს – გულწრფელობა,

შემოქმედებითობა გზას ყოველთვის იპოვის!

 

რა არის წინ? ერთად ვნახავთ,

 

სიყვარულით,

minds&marketing

 

 

 

 

 

 

share: