თბილისი გლობალური ტექნოლოგიური ეკოსისტემის რუკაზე
Global Tech Weekend Tbilisi 2026
19-21 ივნისს თბილისი ტექნოლოგიების, ინოვაციების, ბიზნესისა და კრეატიული ინდუსტრიების ცენტრად გადაიქცევა. Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის ფარგლებში დედაქალაქი 20 000-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო სტუმარს უმასპინძლებს და სამი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ტექნოლოგიური ეკოსისტემის წარმომადგენლებს გააერთიანებს.
- 200+ სპიკერი
- 150+ კომპანია
- 300+ ინვესტორი
- 80+ ღონისძიება
დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, რა გელოდებათ Global Tech Weekend-ზე, რომელ საერთაშორისო სპიკერებს ვიხილავთ და საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს ამ მასშტაბის ღონისძიებას სხვადასხვა ეკოსისტემისთვის.
რა არის Global Tech Weekend Tbilisi?
Global Tech Weekend 2024 წელს ლოს-ანჯელესში დაარსდა, 2025 წელს კი თბილისში პირველად ჩატარდა და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტექნოლოგიურ და ინოვაციურ შეკრებად იქცა. გასულ წელს GTWT-მა 10,000-ზე მეტ სტუმარს, 120-ზე მეტ სპიკერს და 70-ზე მეტ გლობალურ ინვესტორს უმასპინძლა.

წელს GTW მსოფლიოს 4 სხვადასხვა წერტილში ტარდება, ესენია: სან-ფრანცისკო, ტაშკენტი, თბილისი და ბაქო. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მასშტაბის გაზრდა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ჩვენს რეგიონს მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე აქტიურად პოზიციონირების შესაძლებლობა აქვს.
3 დღე, ათობით თემა და სპიკერი
ღონისძიება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და სხვადასხვა აქტივობას გააერთიანებს.

პირველ დღეს 80-ზე მეტი ღონისძიება 8 ლოკაციაზე გაიმართება. მთავარი ივენთი მეორე დღეს Factory Tbilisi-ში შედგება და თემების მიხედვით 5 სცენაზე გადანაწილდება. წელს ივენთის მთავარი თემებია:
- ხელოვნური ინტელექტი და Deep Tech;
- ფინტექი და ბანკინგი;
- ინოვაციები, Web3 და ბლოკჩეინი;
- ურბანული ინოვაციები და არქიტექტურა;
- ვიდეოთამაშები და eSports;
- კრეატიული და მოდის ტექნოლოგიები;
- ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა;
- ჯანმრთელობის ტექნოლოგიები.
რატომ არის ჩვენთვის საინტერესო?
გარდა იმისა, რომ ღონისძიებების გაშუქება ჩვენი პერსპექტივიდან, ბრენდული და მარკეტინგული კუთხით, ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა, Global Tech Weekend სპიკერების თვალსაზრისითაც იქცევს ყურადღებას. ამ ბლოკში გაგიზიარებთ იმ 5 საერთაშორისო სპიკერს, რომლებიც თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, თუკი კრეატივი, მარკეტინგი, ბრენდი და დიზაინი გაინტერესებთ.
ტიმოთი გუდმანი არის ცნობილი ამერიკელი არტისტი, ილუსტრატორი, მურალისტი (კედლის მხატვარი), დიზაინერი და მწერალი, რომელიც ნიუ-იორკში მოღვაწეობს. ისეთი გიგანტებისთვის ქმნის ნამუშევრებს, როგორიცაა: Apple, Nike, Google, Netflix, Samsung, Tiffany & Co. მთელი მსოფლიოს მასშტაბით შექმნილი აქვს 250-ზე მეტი მურალი, ჩატარებული აქვს არაერთი სოციალური ექსპერიმენტი (ერთ-ერთი წიგნადაც კი გამოიცა), ასევე, შექმნა ტანსაცმლის ხაზი Uniqlo-ისთვის (რომლის 1 მილიონი ერთეული გაიყიდა 6 თვეში) და კევინ დურანტის საფირმო კედები „Timothy Goodman KD15“. მოკლედ, მისი მოსმენა ნამდვილად ძალიან საინტერესო იქნება, განსაკუთრებით, დიზაინერებისთვის.
Fuckup Nights ხომ იცით? სწორედ პეპე ვილიატოროა მისი თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ღონისძიებების სერია, რომელიც პეპემ და მისმა მეგობრებმა მექსიკაში დაიწყეს, გლობალურ ბრენდად იქცა. აქ წარმატებული მეწარმეები, ხელოვანები და ლიდერები სცენიდან ღიად, იუმორითა და გულწრფელობით ჰყვებიან თავიანთი ყველაზე დიდი ბიზნეს და პროფესიული მარცხის შესახებ.
ემი ნორდრუმი ამერიკელი ტექნოლოგიური ჟურნალისტი და პრესტიჟული სამეცნიერო-ტექნოლოგიური გამოცემის, MIT Technology Review-ის აღმასრულებელი რედაქტორია. მისი ძირითადი მიმართულებებია გლობალური ტექნოლოგიური ტრენდები, ხელოვნური ინტელექტი და კლიმატის ცვლილებები. ფაქტობრივად, ემი არის ადამიანი, რომელიც ტექნოლოგიურ სამყაროში წყვეტს, თუ რომელი ახალი გამოგონება, AI ტრენდი ან სტარტაპი იმსახურებს მსოფლიო ყურადღებას.
მონიკა ბიელსკიტე მსოფლიო დონის ფუტურისტი, სტრატეგი და speculative designer-ია (დიზაინის მიმართულება, რომელიც ქმნის არა დღევანდელ, გასაყიდ პროდუქტებს, არამედ ჰიპოთეზურ სცენარებს, ნივთებსა და ალტერნატიულ რეალობებს მომავლისთვის). ამჟამად იკავებს Nike-ის პირველი ოფიციალური რეზიდენტი ფუტურისტის პოზიციას (Futurist in Residence). როგორც სტრატეგს, მას მიმართავენ ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Google, Microsoft, BBC, McKinsey, რათა გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავებაში დაეხმაროს ხელოვნური ინტელექტის (AI), მეტავერსისა და შერეული რეალობის (XR) ეპოქაში.
დოტ ლანგი ერთ-ერთი პირველია, ვინც ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო სოციალური მედიის მართვა, სანამ ეს პროფესია გაჩნდებოდა. ლანგი სოციალური მედიის გლობალური სტრატეგია და მსოფლიოში ცნობილია ფსევდონიმით Mother of Social Dragons. მან შეიმუშავა უნიკალური, კვლევებზე დაფუძნებული სტრატეგიული ჩარჩო – Dragon Strategy, რომელიც ორიენტირებულია არა უბრალოდ გამომწერების რაოდენობის ზრდაზე, არამედ სოციალურ ქსელებში ავთენტური და ვირუსული კონტენტის შექმნაზე. მისი გამოცდილების გაზიარება მარკეტინგში ჩართული ნებისმიერი ადამიანისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება.
საერთაშორისო და ადგილობრივი სპიკერების სრულ სიას შეგიძლიათ ბმულზე გაეცნოთ.
საბოლოოდ, თემებისა და სპიკერების მრავალფეროვნება გვიჩვენებს, რომ ღონისძიება ბევრი პროფესიის ადამიანისთვის იქნება საინტერესო და არამხოლოდ ტექნოლოგიების მიმართულებებისთვის. ასე რომ, Global Tech Weekend-ზე შევხვდებით!