თამაშობანას რებრენდინგი, და მარკეტინგი ბავშვებისთვის
„ყველას უნდა თამაში“
„მოდი ცოტა მეტი ვიფიქროთ ბავშვებზე“ – ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფრაზა, რომელიც „თამაშობანას“ გუნდთან საუბრისას მთელ პროცესს რეფრენად გასდევდა და მინდოდა სტატიაც ამით დამეწყო, რადგან, ჩვეულებრივ, საბავშვო ბრენდებთან ეს არის მთავარი პრობლემაც და გამოწვევაც.
რით არის „თამაშობანას“ ბრენდი გამორჩეული, რა გზა გაიარეს სამაგიდო თამაშებიდან მრავალფეროვან კონცეპტუალურ სივრცემდე, რა ღირებულებებზე დგას ბრენდი და როგორ მოხდა რებრენდინგი. მოდი ვილაპარაკოთ...
მარკეტინგი ბავშვებისთვის – მომგებიანი ბაზარი თუ გაუაზრებელი პასუხისმგებლობა?
ბავშვი, როგორც მომხმარებელი, უდიდეს ძალას ფლობს. როდესაც ოჯახურ ხარჯებზე ვსაუბრობთ, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ბავშვია ყველაზე გავლენიანი ფიგურა. რაღაც შეიძლება შენი თავისთვის დათმო, მოიკლო, მაგრამ ბავშვს ვერ და არ მოაკლებ. ეს მათ მრავალი სექტორისთვის მიმზიდველ სამიზნედ აქცევს.
კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდან იწყებენ ბრენდებთან ემოციური კავშირის ჩამოყალიბებას და თუ კომუნიკაცია გონივრულადაა აგებული, ეს კავშირი მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. სწორედ ამიტომ, სასურველია ბრენდებმა გაითვალისწინონ ბავშვის განვითარების ეტაპები, საჭიროებები და გამოწვევები, და შესაბამისად იმოქმედონ.
რამდენადაც მომგებიანი შეიძლება იყოს საბავშვო ბიზნესი, იმდენად მაღალია მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. დღეისათვის ამ სფეროში უამრავი პრობლემაა, მაგალითად, არაერთი მშობელი წუხს ბავშვთა გასართობ ცენტრებში არაადეკვატურად ხმამაღალი მუსიკის გამო, თუმცა დღემდე არ არსებობს მკაფიო რეგულაცია აკუსტიკური ხმაურისა და ხმამაღალი მუსიკის ზღვარზე და ფაქტია, არც პასუხისმგებლობის გრძნობა ბიზნესების მხრიდან. იმავე გასართობ ცენტრებში მკვეთრად დგას კვების პრობლემა და ალბათ თითზე ჩამოსათვლელადაა ის ობიექტები, რომლებიც ISO-ს სტანდარტს აკმაყოფილებს და შესაბამის სერტიფიკატს ფლობს. ასე რომ, სადაა პასუხისმგებლობა?
ამას გარდა, ბავშვისთვის, განსაკუთრებით – თანამედროვე ბავშვისთვის – უამრავი გამოწვევა არსებობს: სკოლა, ნიშნები, თანატოლებთან ურთიერთობა, ბულინგი, ოჯახური კონფლიქტი, ონლაინთამაშები, მათთვის შეუსაბამო პლატფორმებზე წვდომა და სხვ.
ბრენდებს, რომლებიც ბავშვებისთვის ქმნიან პროდუქტსა თუ მომსახურებას, აქვთ შესაძლებლობა, დადებითი გავლენა მოახდინონ საბავშვო კულტურაზე და რეალურად გააუმჯობესონ ბავშვების ყოველდღიურობა.
ბრენდი არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს არის სტრატეგია, საჭიროებებისა და ღირებულებების დაკმაყოფილება
თამაში თამაშზე მეტია?
„თამაშობანაში“ თამაში განიხილება, როგორც ფილოსოფია – კვლევების თანახმად, ტვინში რომ ახალი ნეირონული კავშირი შედგეს, საჭიროა 400 გამეორება, მაგრამ, თუკი ამას თამაშით აკეთებ, 20 გყოფნის. ამიტომ „თამაშობანას“ ახალ სივრცეში ყველა ნაწილში გათვალისწინებულია თამაშის ელემენტები, თუნდაც კაფეს მენიუში.
რამდენადაც მშობელი ბავშვისთვის ფინანსებს არ იშურებს, მისთვის იმდენადვე მნიშვნელოვანია ხარისხი და უსაფრთხოება, რაც საბოლოოდ გრძელვადიან ნდობას აყალიბებს, ასე ჩნდება ლოიალური მომხმარებელი და ბრენდი მხოლოდ word of mouth-ის საშუალებითაც კი იზრდება.
თამაშობანაში ამბობენ, რომ თავდაპირველად დიდი დრო და რესურსი დაუთმეს ბრენდის სტრატეგიის შემუშავებას, რამაც შესაძლებელი გახადა ახალი სივრცე მაქსიმალურად მცირე დროში გაეხსნათ:
„დაახლოებით 2 წლის წინ წამოვედით სამსახურებიდან, მოვიწვიეთ დარგის სპეციალისტები, გვქონდა ბიზნესვორქშოფები, სადაც, მართალია, ძალიან დაგვპრესეს, უამრავი კითხვა დაგვისვეს და ფრთებიც გვიკვეცეს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ ყველაფერმა მეტად დაგვარწმუნა, რამდენად დიდი იყო ჩვენი სურვილი. ვოქშოპები ძალიან დაგვეხმარა:
- ბიზნესგეგმა სრულყოფილად დავამუშავეთ და გავმართეთ;
- დავრწმუნდით, რომ ინვესტორი აღარ გვინდა, რადგან ჩვენი კონცეფციის გვჯერა;
- ვნახეთ ბევრი სივრცე, ვნახეთ იდეალური სივრცეც და მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით დიდი სესხი დაგვჭირდებოდა, ჩვენს იდეაში იმდენად დარწმუნებულები ვიყავით, რომ რთული ფინანსური გადაწყვეტილებაც თამამად მივიღეთ.
სწორ ადამიანებს დავუკავშირდით, სწორი ადამიანები დავიხმარეთ და სწორი გუნდი შევკარით. ახალი სივრცის გახსნიდან ორ კვირაში უკვე 70 ივენთი გვქონდა. ეს ყველაფერი ორი წლის განმავლობაში რომ არ გაგვეწერა, ასეთ მოკლე დროში ვერ დავისტარტებოდით“ – ნაუ სონღულაშვილი, თანადამფუძნებელი.
რებრენდინგი
გაფართოებასთან ერთად ლოგიკურად დადგა რებრენდინგის საკითხი, რომლის ვიზუალურ მხარეზეც მატასი სულაკაურმა იმუშავა, ისევე როგორც სულ თავიდან, ბრენდის შექმნის დასაწყისში.
„თამაშიც, ცნობისმოყვარეობაც და ზეიმიც, სანდოობასთან, მოქნილობასთან და დისციპლინასთან ერთად, სულ იყო თამაშობანას ფუნდამენტური ღირებულებები, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა უფრო ცხადი და მარტივად დანახვადი გახდა დიდ მასშტაბში.
ახალი იდენტობა კიდევ უფრო ანცი, მოქნილი, Cool და ჰარმონიულია. ჰარმონიულობაში ვგულისხმობ ბრენდთან ინტერაქციის ყველა წერტილის კავშირს ჩვენს მისწრაფებასთან – შევქმნათ ლაღი ბავშვობა თამაშ-თამაშით,“ – ეკო ჩუბინიძე, მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი.
ბრენდის ვიზუალური იდენტობა
მატასი სულაკაური, არტ დირექტორი:თამაშობანას ვიზუალური კონცეფცია 2015 წელს შეიკრა – ლოკომოტივი, რომელიც უზომო მხიარულებაში მიგამგზავრებს. მაშინ ამაზე მე და ბეგომ ვიმუშავეთ.
გრაფიკული ნაწილის გარდა, კონცეფცია გავრცელდა პერსონალის ჩაცმულობაზეც, და ამგვარად უფრო ვრცლად გაიშალა იდენტობა.
სასიამოვნოა, რომ ის დღესაც, 10 წლის თავზეც ინარჩუნებს იმავე კონცეფციას, თუმცა სრულიად ახალი და გამრავალფეროვნებული ვიზუალური თხრობით.
იშვიათი გამოცდილებაა დიზაინერისთვის, ასე ახლოდან უყურებდე შენს შექმნილ ბრენდს დაბადებიდან 10 წლის მანძილზე, და გქონდეს შანსი, რომ თანაბრად ჩართული იყო სივრცის კონცეფციის შემუშავებაშიც, ექსტერიერის დიზაინშიც, ინვენტარის ბრენდირებასა თუ იმ ათას პაწაწინა დეტალში, რასაც მთლიანობაში ეს, უკვე დიდი, ბრენდი ქმნის.
გრაფიკული ამოცანა იყო როგორც ბრენდის განახლება, ისე დიზაინსისტემის შემუშავება, რომელიც კომპანიის ზრდიდან გამომდინარე, მუდმივად განახლებად, სპონტანურ გამოწვევებს გაუმკლავდებოდა და თანაბრად კარგად მოერგებოდა ყველა საჭიროებას. „თამაშობანას“ გრძელი სახელწოდება კარგი ბაზა გამოდგა იმისთვის, რომ კონცეფციის დომინანტ სიმბოლოსთან – ლოკომოტივთან გაერთიანებულიყო და ასე მივიღე დეკორატიული, მხიარული წარწერა, რაც, თავის მხრივ, კარგად გაიშალა როგორც ძირითად ლოგოდ, ისე ქვებრენდებში, შიდა ნავიგაციასა თუ სხვა ელემენტებში.
ლოგო-წარწერა თავისთავადაც მხიარული რამე გამოვიდა, რადგან ყველა ასო-ნიშანს თავისი მინიშნება და ხასიათი მოყვება. თითოეული მათგანისგან შეგიძლია შენი ინტერპრეტაციით პერსონაჟი შექმნა, რომელსაც თამაშობანას სივრცეში სტუმრობისას კიდევ არაერთხელ გადაეყრები.
თამაშობანას ახალმა სივრცემ ბავშვებისთვის შექმნილი ბრენდული გამოცდილება სრულიად ახალ დონეზე აიყვანა. თითოეული ელემენტი – კაფედან თეატრამდე – ერთი დიდი მოგზაურობის ნაწილია, რომლის ვიზუალური და კონცეპტუალური არქიტექტურა ლოკომოტივის სიმბოლოს ერგება.
სივრცის დიზაინი სრულად მიჰყვება ბრენდის სპეციფიკასა და ღირებულებებს. დიზაინი საბავშვო სივრცეებში სპეციალიზებულ არქიტექტურულ კომპანიას ეკუთვნის შანხაიდან, ხოლო წარმოება და მათთან შუამავლობა სრულად ქართულმა კომპანია „სიმპექს სოლუშენსმა“ უზრუნველყო.
საბოლოოდ მიიღეს ფერადი და ლამაზი სივრცე, სადაც დაგხვდებათ საბავშვო კაფე, მაღაზია წიგნებითა და უნიკალური სათამაშოებით, თემატური ოთახები დაბადების დღეებისა თუ სკოლებისთვის, თავისუფალი თამაშის სივრცე, ცნობისმოყვარე მშობლების კლუბი, საშაბათო-საკვირაო სკოლა, სეზონური ბანაკები და რაც მთავარია, თეატრი — საბავშვო კონცერტებითა და ინტერაქციული სპექტაკლებით. მალე გაიხსნება ეზოც, სადაც ბავშვებს თამაში ბუნებაში, მებაღეობა და ლანდშაფტური ვორქშოპები ელით.
რა გვასწავლის თამაშობანა სხვა საბავშვო ბრენდებისთვის?
- ბავშვებისა და მშობლებისადმი პასუხისმგებლობა
როგორც ზევით აღვნიშნე, საბავშვო ბრენდს აქვს პასუხისმგებლობა როგორც ბავშვის, ისე მშობლის წინაშე. „თამაშობანაში“ სჯერათ, რომ დისციპლინა წარმატებისა და ბედნიერების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია:
„არასოდეს გადავდივართ ზღვარს. ვფიქრობთ, რომ შეიძლება იყო ლაღი, მაგრამ არ უნდა იყო თავზე ხელაღებული. აქედან გამომდინარე, ზუსტად ვიცით, რა არის წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადავკვეთოთ. მაგალითად, ყველაზე მთავარია უსაფრთხოება, რასაც კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დავაყენებთ. ასევე, ვცდილობთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ თავისუფალი თამაშის ელემენტები – ბავშვს არავინ დაადგეს თავზე, არ მოახვიოს თამაშის წესები, ითამაშოს ისე, როგორც გაუხარდება.
რომ დაუკვირდეთ, საბავშვო ბიზნესი დგას შფოთვაზე. ბრენდების უმეტესობა მშობელში აღვიძებს დანაშაულისა და შფოთვის შეგრძნებებს. ეს ჩვენთვის ისეთი წითელი ხაზია, რომელსაც არასოდეს გადაკვეთავთ,“ – ნინი ჩიქოვანი, თანადამფუძნებელი.
- კულტურული ღირებულებების წახალისება
ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი ელემენტი კულტურული ღირებულებების არსებობა და გაზიარებაა. „თამაშობანაში“ ამბობენ, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ ეს არის – თითოეული თანამშრომლისთვის შენი კომპანიის ღირებულებების სრულყოფილად გაცნობა და საბოლოოდ, დანერგვა:
„ამ ბიზნესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კულტურა – ვის ვანდობ ბავშვს – მისი მიდგომა, ღირებულებები – დამფუძნებლით დაწყებული, მზარეულით დამთავრებული. ვფიქრობ, სხვა საბავშვო ბრენდებს არ აქვთ ან აკლიათ ის ღირებულებები, რომლებსაც ბიზნესი ემყარება; აკლიათ სულიერება და კულტურა, რომელიც KPI-ებზე მაღლა დგას და ბრენდის იდენტობასთან ერთად განსაზღვრავს წარმატებას როგორც გარეთ, ის შიგნით, თანამშრომლებს შორის. სადაც მივდივართ, სულ ვცდილობთ ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ამ სივრცის ერთ-ერთი მიზანიც ისაა, რომ სხვა სივრცეებიც გახადოს მაქსიმალურად უსაფრთხო და მორგებული ბავშვების საჭიროებებზე,“ – ნაუ სონღულაშვილი, თანადამფუძნებელი.
- განვითარების, არამხოლოდ გაყიდვების, წახალისება
ბრენდი მაშინ არის ძლიერი, როცა ვითარდება. „თამაშობანამ“ განვითარების 10 წლის განმავლობაში ბევრი რამ სცადა. რაღაც გამოვიდა, რაღაც – არა, მაგრამ სურვილი და ენთუზიაზმი – შექმნა დიდისა და პატარისთვის სასიამოვნო გამოცდილება – მუდმივად ახალ იდეებს ბადებს.
მიღწევების პარალელურად, მარცხიც გარდაუვალია, მაგალითად, შეიძლება შენი იდეა იმდენად გიყვარდეს და გაყიდვების წარმატებაში იმდენად დარწმუნებული იყო, რომ არარეალური მოლოდინები შეგექმნას და იმედი გაგიცრუვდეს:
„ისთ ფოინთში“ მიგვიწვიეს, სადაც პირველი ივნისისთვის გამოფენა-გაყიდვა ეწყობოდა. 10 სახეობის 500-500 ცალი სამაგიდო თამაში დავბეჭდეთ, დავურეკეთ ახლობლებს, დიდი მანქანა ვითხოვეთ, რომ ყველაფერი ჩაგვეტია. პარალელურად იმაზე ვფიქრობთ, ყველა რომ ერთ დღეში გაიყიდოს, რა ვქნათ... ორი ცალი გაგვეყიდა. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი „ფეილია“. კიდევ ბევრი რამე მახსენდება, მაგრამ, როცა დამწყები ხარ, შენს თავს შეცდომების დაშვების უფლებაც უნდა მისცე და ჩათვალო, რომ, სანამ სატესტო რეჟიმი გაქვს, ბევრი რამე შეგეშლება, მაგრამ ბევრსაც ისწავლი,“ – ნინი ჩიქოვანი, თანადამფუძნებელი.
- ბრენდული ღირებულება – კომერციული vs მორალური გავლენა
ინტერვიუს დროს არაერთხელ აღინიშნა, რომ აქვთ პროექტები, რომელთა ფინანსური ინტერესი ნაკლებია, მაგრამ დიდია ღირებულება, ამიტომ კომერციულად გამართლებული პროექტების გვერდით ყოველთვის აქვთ ნაკლებად მომგებიანი, თუმცა ღირებული პროექტები.
„თამაშობანა არის თამაშისა და ცნობისმოყვარეობის ზეიმი. ეს სამი სიტყვა არის მთავარი და ძალიან გვინდა, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში – როგორც ბავშვების, ისე დიდების შემთხვევაში – იყოს თამაშიც, ცნობისმოყვარეობაც და ზეიმიც, როგორც აუცილებელი კომპონენტები სასიცოცხლო ენერგიისთვის. საბოლოოდ, ყველაფერს, რასაც „თამაშობანაში“ ვაკეთებთ, ვაკეთებთ ბავშვის გულით და მშობლის გონებით და ალბათ სწორედ ამის ბალანსია საბავშვო ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ელემენტი,“ – ეკო ჩუბინიძე, მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი.
რა არის ბრენდის now & next – თამაშობანა დღეს და ხვალ
„თამაშობანა" ახლა ჩვენი ფანტაზიების, ნააზრევის, რწმენების რეალობაში გადმოტანისა და გატესტვის რეჟიმშია, სადაც აქტიურად ვაკვირდებით, თუ როგორ ერგება ბრენდი მომხმარებლის საჭიროებებს და პირიქით – როგორ უმეგობრდებიან სტუმრები ჩვენს პროექტს. უკუკავშირების დახმარებით ყოველდღიურად ვაუმჯობესებთ ბიზნესპროცესებს. უფრო და უფრო გვიყვარდება ის საქმე, რასაც ვაკეთებთ და ის იდეები, რომლებმაც აგვანთო. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, თამაშის ტრანსფორმაციული ძალის დახმარებით გვინდა, რომ როგორც პატარების, ასევე დიდების ცხოვრებაში შევიტანოთ ცნობისმოყვარეობა და სილაღე, იქნება ეს საინტერესო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებით თუ რეგიონული მასშტაბით განვითარებით,“ – თათია რევაზიშვილი, CEO.
დასკვნისათვის:
"თამაშობანას“ მაგალითი გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ჰქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ბრენდის სტრატეგია და გრძელვადიანი ხედვა. სწორი ღირებულებების გარშემო აწყობილი ბრენდი არა მხოლოდ წარმატებული კომერციული პროდუქტია, არამედ საშუალებაა – დააკვირდეს საკუთარ მომხმარებელს, უპასუხოს მის საჭიროებებს და ამ საჭიროებებზე უკეთესიც შესთავაზოს. როცა ეს მიდგომა ბავშვებს ეხება, პასუხისმგებლობა ორმაგდება. სწორედ ამიტომ, თამაშით დაწყებული მოგზაურობა შეიძლება იქცეს კულტურული ძვრების საწყის წერტილად – სივრცედ, სადაც ბიზნესი სწავლობს, როგორ გააუმჯობესოს ბავშვების ყოველდღიურობა თამაშით, სიხარულით და სიფრთხილით; და ამ გზით აყალიბებს იმ საზოგადოებას, რომელშიც თვითონაც უნდა გაიზარდოს.
ვიზუალებში გამოყენებული ფოტო მასალა ეკუთვნის ბრენდს და წარმოადგენს მათ ინტელექტუალურ საკუთრებას.