სურნელი, როგორც დაპირება
Avau x Aromateque
„სურნელი ინტიმურია. ის ჩვენს შინაგან სამყაროსთან დაკავშირების საშუალებაა“ - ამ აღქმას ეფუძნება იტალიური ნიშპარფიუმერიის ბრენდის Avau-ს ფილოსოფია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში არომატეკამ შემოიტანა და ბრენდის კონცეფციის სრულად გათვალისწინებით წარადგინა - „სამზარეულოში“ - იქ, სადაც ყველაზე ახლობელი ადამიანები იყრიან თავს. Avau გეუბნება - მე შენ სახლში გიღებ, საკუთარ სამზარეულოში - ეს უშუალობა და გულწრფელობა მთელი პრეზენტაციის განმავლობაში იგრძნობოდა თავად ბრენდის დამფუძნებლებისგან.
დღეს მოგიყვებით, რით იქცევს ყურადღებას ახალგაზრდა პარფიუმერული ბრენდი, როგორ აქცევს ოჯახურ ისტორიას საკუთარ იდენტობად და რა როლი აქვს ამ ამბავს მომხმარებელთან პირველ შეხვედრაში - სუნამოებით სავსე ლანგრიდან ბებიის რეცეპტით გამომცხვარ ღვეზელამდე.
Avau - ბრენდის ისტორია
Avau ორი დისა და ერთი ძმის - კაროლინა, კატერინა და ლეონარდო კატალანების - შექმნილი ბრენდია. 80-იან წლებში ბებია-ბაბუას ვატიკანში პარფიუმერიის მაღაზია ჰქონდათ, 1998 წელს კი მშობლებმა ნიშ პარფიუმერიისა და კოსმეტიკის სადისტრიბუციო კომპანია დააარსეს. შესაბამისად, სუნამოები ბავშვობიდან იყო სამივეს ყოველდღიურობის ნაწილი.

ოჯახის მესამე თაობამ საკუთარი გამოცდილება ახალ ბრენდში გააერთიანა და 2025 წელს Avau შექმნა. პასუხისმგებლობები ინტერესების მიხედვით გაინაწილეს: ლეონარდო შემოქმედებით მიმართულებასა და ვიზუალურ იდენტობაზე მუშაობს, კაროლინა ბიზნესსა და სტრატეგიას მართავს, სუნამოებს კი კატერინა ქმნის.
ბრენდის სახელიც მის მთავარ იდეას გამოხატავს: Avau ჟღერადობით ინგლისურ „a vow“-ს - დაპირებას - უკავშირდება. ეს, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის მიცემული დაპირებაა: ენდო შენს შეგრძნებებს და თავად აირჩიო, რომელი ემოცია გინდა გაჰყვეს შენს დღეს.
ამიტომ Avau-ს კომუნიკაციის ცენტრში ადამიანისა და სურნელის ურთიერთობაა. ბრენდის ხედვით, სუნამო მიმართულებას არ უნდა გკარნახობდეს; მან საკუთარი თავის გამოხატვისა და ინტერპრეტაციის სივრცე უნდა დაგიტოვოს. ბრენდის კონცეფცია ცოცხლდება სურნელში, ბუტიკებში, ღონისძიებებში. და გაცოცხლდა თბილისშიც.
ღონისძიების კონცეფცია = ბრენდის კონცეფცია
ახალი ბრენდის წარდგენა შეიძლება მარტივად მოხდეს - სტანდარტული ღონისძიებით, სადაც რამდენიმე ადამიანი წარადგენს ბრენდს, იქნება სასიამოვნო მუსიკა და სასმელი, მაგრამ, არომატეკამ სხვა გზა აირჩია. მათ ღონისძიება ბრენდის კონცეფციის მიხედვით დაგეგმეს ისე, რომ ყოველ დეტალში Avau-ს სურნელი იგრძნობოდა (ამ შემთხვევაში, პირდაპირი მნიშვნელობითაც).
ღონისძიების ჩატარების ადგილად FARM Tbilisi შეირჩა. ღია სამზარეულო ზუსტად პასუხობდა Avau-ს ოჯახურ ისტორიას. ბრენდისთვის სამზარეულო ის ადგილია, სადაც ადამიანები იკრიბებიან, საუბრობენ, ამზადებენ და ერთმანეთს უმასპინძლდებიან. სამზარეულო ბრენდის მილანის ბუტიკის ცენტრალური ნაწილიცაა.
როგორც აღვნიშნე, ყველა დეტალში ბრენდის ისტორია იგრძნობოდა. ლანგარზე დალაგებული სუნამოებიც ამ ისტორიის ნაწილი იყო. ბავშვობაში და-ძმის სახლის შესასვლელში სუნამოებით სავსე „ჯადოსნური ლანგარი“ იდგა. სახლიდან გასვლამდე დედა ეკითხებოდათ, დღის სურნელი უკვე შეარჩიეს თუ არა. ჩვენც სწორედ ლანგრიდან შევარჩიეთ სუნამოები - 6 განსხვავებული სურნელი, 6 განსხვავებული განწყობა და ხასიათი.
პრეზენტაციის გამორჩეული ნაწილი იყო ფეხბურთის ბურთებიც ბოლოდროინდელი გამოფენიდან, რომელშიც Avau მონაწილეობდა - “Home of Football: Home & Away” გამოფენაზე ფეხბურთი წარმოდგენილი იყო, როგორც საერთო მოგონებების, იდენტობისა და ადამიანური კავშირების ენა, რასაც Avau სურნელით ამბობს.

ოჯახური ამბავი დესერტით დაგვირგვინდა. დამფუძნებლებმა ბებიის რეცეპტით გამომცხვარი ღვეზელი დაგვახვედრეს, მათივე თქმით, იტალიის პატარა ნაწილი. იტალიური განწყობა სასმელშიც იგრძნობოდა, სტუმრებს აპეროლ სპრიცით გაუმასპინძლდნენ.
ამ და სხვა დეტალებით ის, რაც ბრენდის შესახებ მანამდე მხოლოდ წაკითხული მქონდა, უშუალო გამოცდილებად იქცა.
ახალი ბრენდი - ახალი არჩევანი
როდესაც პარფიუმერიის ინდუსტრიაში ამდენი გიგანტი ბრენდია, ნიშ პარფიუმერიის ბრენდის შემჩნევა და შერჩევა განსაკუთრებით რთულია, რადგან კონკურენცია აქაც საკმაოდ მაღალია. არომატეკამ Avau ევროპის პარფიუმერულ გამოფენაზე აღმოაჩინა - როგორც გამორჩეული კონცეფციისა და ისტორიის ბრენდი. თუმცა როგორ გეგმავენ ბრენდის ქართველი მომხმარებლისთვის გაცნობას?
არომატეკამ Avau-ს გაცნობა მისი ხასიათის ჩვენებით დაიწყო. საღამოს დეტალები ბრენდის ამბავს ჰყვებოდა, რომელიც სტუმრებმა გამოვცადეთ, შევიგრძენით და დავიმახსოვრეთ კიდეც. კონცეპტუალური ბრენდის წარდგენისას სწორედ ეს თანმიმდევრულობაა მნიშვნელოვანი: როცა ოჯახურ გარემოზე, ემოციებსა და პირად ურთიერთობაზე საუბრობ, შეხვედრის ფორმაც ამავე განცდას უნდა ტოვებდეს.
შეჯამებისთვის
პირველმა შეხვედრამ Avau კონკრეტულ ადამიანებსა და მოგონებებს დაუკავშირა. ახლა მთავარი ამ ემოციის უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაზიარებაა: ციფრულად - ისტორიებით, ფოტოებითა და ვიდეოებით; ფიზიკურ მაღაზიებში კი ისეთივე განწყობით, როგორიც ბრენდის წარდგენაზე ვიგრძენით.
P. S. მე ვიპოვე Avau-ს კოლექციაში ჩემი სურნელი, ახლა თქვენი ჯერია.